Facebook Twitter

საქმე № 330210016001368886

საქმე №ას-742-694-2017 8 სექტემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს „ს.-ი“ (შემდგომში – მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. გ.-ა (შემდგომში – მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა, დაევალოს მოპასუხეს, საკუთარი ხარჯით გადაიტანოს მოსარჩელის საცხოვრებელ სახლზე გამავალი ელექტროხაზები.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, მის საკუთრებაშია უძრავი ნივთი, რომელზეც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი. მას გააჩნია ნებართვა მშენებლობის წარმოების თაობაზე, რასაც ხელს უშლის მოპასუხის კუთვნილი ელექტროხაზები. მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა მოპასუხეს მათი გადატანის მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ მისი ნებართვის გარეშე ააშენა კუთვნილი სახლი იმგვარად, რომ შენობაში მოაქცია მოპასუხის სახაზო მეურნეობა. მოსარჩელემ დაარღვია „ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის №134 დადგენილების მოთხოვნები.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის საკუთრებად ირიცხება შენობა-ნაგებობა და, საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, არ დგინდება საკუთრებაზე რაიმე უფლებრივი შეზღუდვის არსებობა.

7. ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 27 ოქტომბერის №------- ბრძანებით შეთანხმდა მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს კორექტირებული არქიტექტურული პროექტი, გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2014 წლის 27 ოქტომბრიდან 2015 წლის 27 ივნისის ჩათვლით.

8. მოპასუხის საკუთრებად რეგისტრირებულია 220556 მეტრი სატელეფონო ხაზი დაფარვის ზონა გლდანი-ნაძალადევი, დიდუბე-ჩუღურეთი და ისანი-სამგორის რაიონები.

9. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ობიექტზე უფლების რეგისტრაციის თარიღად მითითებულია 2010 წლის 22 მარტი.

10. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად დგინდება, რომ 2010 წლის 8 ივლისს, მოპასუხე შპს გარდაიქმნა სს-ად. ამდენად, 220556 მეტრი სატელეფონო ხაზი დაფარვის ზონა გლდანი-ნაძალადევი, დიდუბე-ჩუღურეთი და ისანი-სამგორის რაიონები, წამოადგენს მოპასუხე სს-ის საკუთრებას.

11. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ხაზობრივი ნაგებობა გლდანი-ნაძალადევში, დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის რაიონებში განთავსებული იყო 1999 წლამდე, კერძოდ, მითითებულ პერიოდში საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ხაზობრივი ნაგებობა წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საზოგადოების საკუთრებას.

12. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წლის 7 ოქტომბერს შედგენილი №000677 მითითებით მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მოპასუხის მიერ, შესაბამისი სამშენებლო სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, განთავსებული ხაზოვანი ნაგებობის გამო, სამართალდარმღვევს განესაზღვრა 10 დღის ვადა სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად ან უნებართვო ხაზოვანი ნაგებობის დემონტჟისათვის.

13. ქალაქ თბილისის მინიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 18 დეკემბრის №000677 დადგენილებით მოპასუხე დაჯარიმდა 4000 ლარით სამშენებლო სამართალდარღვევისთვისა და დაევალა ხაზობრივი ნაგებობის დემონტაჟი.

14. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 30 სექტემბრის №1-1770 ბრძანებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 18 დეკემბრის №000677 დადგენილება და მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის შემდგომ ახალი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

15. ამჟამინდელმა მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს ხაზების გადატანის მოთხოვნით, მოპასუხემ 2015 წლის 1 ივნისის წერილით აცნობა მოსარჩელეს, რომ აუცილებელი იყო, კომპანიას განეხორციელებინა სამუშაოების სათანადო პროექტის მომზადება, რომლის შემდგომ სამუშაოების ღირებულების გადახდის შემთხვევაში კომპანია უზრუნველყოფდა გადატანას სამუშაოების ჩატარების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

16. მოპასუხის კუთვნილი საკაბელო ხაზები გადის მოსარჩელის თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სადაც საკაბელო ხაზები დადებულია ამავე ნაკვეთზე არსებულ ხაზზე. ასევე, ხაზები დადებულია მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის სახურავზე, ამჟამად საკაბელო ხაზები მოქცეულია მოსარჩელის მიერ განხორციელებული მშენებლობის შიგნით.

17. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად. მოპასუხეს დაევალა თავისივე ხარჯებით განეხორციელებინა მიწის ნაკვეთზე მდებარე მოსარჩელის საცხოვრებელ სახლზე გამავალი საკაბელო ხაზების დემონტაჟი და საკაბელო ხაზების გადატანა საცხოვრებელი სახლიდან სხვა მიმართულებით.

18. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტმა სადავოდ არ გახადა და დაეთანხმა გასაჩივრებული გასაწყვეტილების იმ ნაწილს, რომელიც შეეხებოდა სადავო მიწის ნაკვეთზე მდებარე მოსარჩელის საცხოვრებელ სახლზე გამავალი საკაბელო ხაზების დემონტაჟს და საკაბელო ხაზების გადატანას საცხოვრებელი სახლიდან სხვა მიმართულებით, თუმცა აპელანტი არ დაეთანხმა გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომელიც ითვალისწინებდა ამ ქმედების განხორციელებას მისი ხარჯებით.

19. ამ კუთხით აპელანტმა მიუთითა „ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის №134 დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტზე.

20. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მხარის აპელირება, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე მდებარე მოსარჩელის საცხოვრებელ სახლზე გამავალი საკაბელო ხაზების დემონტაჟი და საკაბელო ხაზების გადატანა საცხოვრებელი სახლიდან სხვა მიმართულებით, უნდა განხორციელებულიყო მოსარჩელის ხარჯებით.

21. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მესაკუთრეს ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა და, ამასთან, ამის რაიმე საფუძველი ხელშემშლელს არ გააჩნია. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას, არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. აღნიშნული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით. ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მესაკუთრეს ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა და ამასთან, ამის რაიმე საფუძველი ხელშემშლელს არ გააჩნია. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა. ფაქტის არსებობა კი დადასტურებული უნდა იქნეს სათანადო მტკიცებულებებით.

22. მოცემულ შემთხვევაში იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ სადავო არ არის მოპასუხის მიერ მოსარჩელის, როგორც უძრავი ქონების მესაკუთრის უფლების ხელყოფის ფაქტი, ამასთან, საჯარო რეესტრის ამონაწერით არ დგინდება მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირებულ შენობა-ნაგებობაზე (№6 და №1-დან საერთო ფართი 71.82 კვ.მ. შენობა №12 – ფართი 25.44 კვ.მ და შენობა №8 ფართით – 10.08 კვ.მ) მოპასუხისა და მისი წინამორბედების მიერ რაიმე უფლებრივი შეზღუდვის არსებობის გარემოება, სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია ქმედების განხორციელებისათვის გასაღები ხარჯების მოსარჩელისათვის დაკისრება. ამასთან, პალატამ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მშენებლობა მოსარჩელის მიერ განხორციელებულია კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე, კერძოდ, დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 27 ოქტომბერის №1560808 ბრძანებით შეთანხმდა მიწის ნაკვეთზე სასტუმროს კორექტირებული არქიტექტურული პროექტი, გაიცა მშენებლობის ნებართვა.

23. სააპელაციო სასამართლომ ყურადრება გაამახვილა ასევე იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეს მშენებლობის ნებართვის კანონიერება სადავოდ არ გაუხდია ისევე, როგორც შედავება ქმედების განხორციელებისათვის გასაღები ხარჯების მოსარჩელისათვის დაკისრების კუთხით არ განუხორციელებია. შესაბამისად, ამ გარემოებაზე აპელირება უსაფუძვლოა.

24. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის განმარტებით, მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული საკაბელო ხაზების არსებობა ხელს უშლიდა მიწის ნაკვეთის მიზნობრივ გამოყენებას. აღნიშნული მოქმედებებისგან თავდაცვის მოთხოვნა არ შეიძლება შეფასდეს მესაკუთრის მიერ უფლების ბოროტად გამოყენებად, ვინაიდან არ არსებობს კანონისმიერი ან გარიგებითი საფუძველი, რამაც შეიძლება შეზღუდოს მოსარჩელის საკუთრების უფლება. რაიმე ფორმით მისთვის მიწის ნაკვეთით სარგებლობის ან გამოყენების აკრძალვა, თმენის ვალდებულების დაკისრება ან საკუთრების უფლების ხელშეშლის აღკვეთისთვის ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება არ შეესაბამება საკუთრების უფლების დაცვის პრინციპს.

25. რაც შეეხება აპელირებას „ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის №134 დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტზე (აკრძალულია ნებისმიერი მოქმედება, რომელსაც შეუძლია დაარღვიოს ხაზების ნორმალური ფუნქციონირება, კერძოდ: ა) ხაზების დაცვის ზონაში შენობების, ხიდების, კოლექტორების, გვირაბების, საავტომობილო გზებისა და რკინიგზების რეკონსტრუქცია ან/და მშენებლობა ხაზების მფლობელი ორგანიზაციის მიერ გაცემული ტექნიკური პირობების დაცვით მშენებლობის დამკვეთის ხარჯზე ხაზების გადატანის გარეშე), პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული დადგენილება არ არეგულირებს მიწის ნაკვეთის მესაკუთრესა და ქსელის მფლობელ პირს შორის მესაკუთრის ნაკვეთზე ქსელის განთავსების საკითხთან დაკავშირებულ ურთიერთობას. მფლობელის მიერ სხვისი ნაკვეთის გამოყენება რეგულირდებოდა საერთო წესით, მფლობელსა და მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ აპელანტის მიერ მოსარჩელის საკუთრებაში მესაკუთრის თანხმობის გარეშე განთავსებულია საკაბელო ხაზები. ასეთი თანხმობა უძრავი ქონების მესაკუთრეს არ გაუცია. ამასთან, მხარეებს შორის არ დადებულა რაიმე სახის ხელშეკრულება მისი საკუთრებით სარგებლობის შესახებ.

26. ამდენად, ვინაიდან მოპასუხე ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სარგებლობს მოსარჩელის მიწის ნაკვეთით და მესაკუთრეს, სხვისი უკანონო მოქმედების გამო, ხელი ეშლება თავისი საკუთრების გამოყენებაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ, უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მიზნით, მოპასუხეს უნდა დავალებოდა მოსარჩელის საცხოვრებელ სახლზე გამავალი საკაბელო ხაზების დემონტაჟი და საკაბელო ხაზების გადატანა საცხოვრებელი სახლიდან სხვა მიმართულებით მოსარჩელისათვის ხარჯების დაკისრების გარეშე, თავისივე ხარჯებით.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

27. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

28. კასატორმა მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტების შესაბამისად.

29. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და საქმე გადაწყვიტა ზოგად ნორმებზე დაყრდნობით მაშინ, როდესაც არსებობს სპეციალური ნორმა, რომელიც არეგულირებს არსებულ სამართალურთიერთობას.

30. განსახილველ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენდა მოსარჩელის უძრავ ქონებაზე გამავალი საჰაერო ხაზობრივი ნაგებობის საკუთარი ხარჯით გადატანის დავალდებულება. მოპასუხეს ხაზობრივი ნაგებობის გადატანაზე უარი მოსარჩელე მხარისთვის არ განუცხადებია, ამდენად, მხარეთა შორის სადავო იყო მხოლოდ ის საკითხი, თუ ვისი ხარჯით უნდა მომხდარიყო ხაზობრივი ნაგებობის გადატანა. აღსანიშნავია, რომ მსგავს შემთხვევაში ხაზობრივი ნაგებობის გადატანის ხარჯის დაკისრების საკითხს არეგულირებს საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის №134 დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ხაზობრივი ნაგებობის გადატანა უნდა განხორციელდეს მშენებლობის დამკვეთის (განსახილველ შემთხვევაში – მოსარჩელის) ხარჯით, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაევალა მის საკუთრებაში არსებული ხაზობრივი ნაგებობის საკუთარი ხარჯით გადატანა ისე, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრების საკითხზე არ უმსჯელია, არც შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები ყოფილა განსაზღვრული.

31. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასების ნაწილში, კერძოდ 6.3. პუნქტში სასამართლო უთითებს „ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის №134 დადგენილების მე-3 მუხლზე და განმარტავს, რომ მიწისქვეშა საკაბელო და საჰაერო ხაზებისათვის აღნიშნულიდ ადგენილების შესაბამისად მოქმედებს დაცული ზონები, კერძოდ, დასახლებული პუნქტების გარეთ მონაკვეთებზე მათი ტრასის გასწვრივ, ხაზის ღერძიდან ტრასის ორივე მხარეს არა უმეტეს ორ-ორი მეტრის სიგანის მიწის ზოლი, ხოლო დასახლებულ პუნქტებში: მიწისქვეშა საკაბელო ხაზებისათვის – მათი ტრასის გასწვრივ, ხაზის ღერძიდან ტრასის ორივე მხარეს არა უმეტეს 0,5-0,5 მეტრის სიგანის მიწის ზოლი; საჰაერო ხაზებისათვის – მათი ტრასის გასწვრივ, ხაზის განაპირა ფიზიკური წრედებიდან მათი ტრასის ორივე მხარეს არა უმეტეს 0,5-0,5 მეტრის სიგანის მიწის ზოლი; აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მხარეთა შორის არსებული სამართალურთიერთობა მოაქცია „ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის №134 დადგენილების რეგულირების ქვეშ და გაავრცელა მისი მოქმედება განსახილველ დავის საგანზეც, თუმცა სასამართლომ არ გამოიყენა ამავე დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დანაწესი, რომელიც ადგენს, რომ, აკრძალულია ნებისმიერი მოქმედება, რომელსაც შეუძლია დაარღვიოს ხაზების ნორმალური ფუნქციონირება, კერძოდ, ხაზების დაცვის ზონაში შენობების, ხიდების, კოლექტორების, გვირაბების, საავტომობილო გზებისა და რკინიგზების რეკონსტრუქცია ან/და მშენებლობა ხაზების მფლობელი ორგანიზაციის მიერ გაცემული ტექნიკური პირობების დაცვით მშენებლობის დამკვეთის ხარჯზე ხაზების გადატანის გარეშე

32. აღნიშნული ნორმის როგორც შინაარსობრივი, ისე სისტემური ანალიზის შედეგად კასატორმა განმარტა, რომ ხაზობრივი ნაგებობის გადატანა შესაძლებელია მხოლოდ ხაზების მფლობელი ორგანიზაციის მიერ გაცემული ტექნიკური პირობების დაცვით და მშენებლობის დამკვეთის ხარჯზე. მითითებული ჩანაწერი პირდაპირ არეგულირებს სადავო სამართალურთიერთობას და ხაზობრივი ნაგებობის გადატანის ხარჯს ცალსახად აკისრებს მშენებლობის დამკვეთს. წინამდებარე დავის ფარგლებში მშენებლობას ახორციელებს და, შესაბამისად, მშენებლობის დამკვეთი პირი არის ქ-ნი მოსარჩელე. სააპელაციო პალატამ ისევე, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, არ დააკმაყოფილა მოპასუხის მოთხოვნა თანაც იმგვარად, რომ 2017 წლის 21 მარტის განჩინების სამოტივაციო ნაწილში დასაბუთებისას გვერდი აუარა ხარჯების დაკისრების სამართლებრივ საფუძვლებზე მსჯელობასა და შეფასებას.

33. სააპელაციო სასამართლომ დავის განხილვისას იხელმძღვანელა კანონის ზოგადი დანაწესით საკუთრების უფლების დაცვის შესახებ, კერძოდ, სსკ-ის 170-ე მუხლით და არ გამოიყენა ნორმა, რომლითაც უნდა ეხელმძღვანელა, რაც ადასტურებს გასაჩივრებული განჩინების არასრულ და არასაკმარის დასაბუთებულობას. სააპელაციო სასამართლოს არ განუმარტავს, თუ რატომ არ უნდა იქნეს გამოყენებული, რატომ არ ვრცელდება მთავრობის №134 დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დანაწესი სადავო სამართალურთიერთობაზე და რა შემთხვევაში გავრცელდებოდა მისი რეგულაცია განსახილველ შემთხვევაზე.

34. კასატორმა მიუთითა მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველ პუნქტზე და მიიჩნია, რომ „ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის №134 დადგენილება წარმოადგენს სპეციალურ ნორმას, რომელიც ავსებს საკანონმდებლო ჩანაწერს და არეგულირებს ხაზობრივი ნაგებობის მფლობელ პირსა და მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შორის წარმოშობილ სამართალურთიერთობას, მათ შორის ხაზობრივი ნაგებობის გადატანის და შესაბამისი ხარჯების ანაზღაურების საკითხს. გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობის აღნიშნული დადგენილება დღეის მდგომარეობით არ გაუქმებულა, ვალიდური და იურიდიული ძალის მქონეა, იგულისხმება, რომ უნდა წარმოშობდეს შესაბამის სამართლებრივ შედეგს.

35. ამდენად, აღნიშნული ნორმა, როგორც ქცევის სავალდებულო წესი, თანაბრად ვრცელდება როგორც ნებისმიერ პირზე, ისე სამართალურთიერთობაზე (იგულისხმება როგორც სამოქალაქო, ისე ადმინისტრაციული) ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე. არცერთი საკანონმდებლო ნორმიდან და არცერთი სამართლის პრინციპიდან არ გამომდინარეობს, რომ სამოქალაქო საქმის განმხილველი მოსამართლე უნდა ხელძღვანელობდეს მხოლოდ სამოქალაქო კოდექსით და უგულებელყოფდეს სპეციალურ ნორმებს ან ხელმძღვანელობდეს მხოლოდ საკანონმდებლო აქტებით და უგულებელყოფდეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დანაწესს.

36. კასატორმა მიიჩნია, რომ თუკი სასამართლო „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის №134 დადგენილების რეგულაციების უგულებელყოფის გზით დაამკვიდრებს არასწორ მიდგომას ხაზობრივი ნაგებობის გადატანის ხარჯების კომპანიისთვის დაკისრების შესახებ, შესაძლებელი გახდება, ნებისმიერმა პირმა, ვის მიწის ნაკვეთზეც გადის ხაზობრივი ნაგებობა, ნებისმიერ დროს და არაერთჯერადად მოითხოვოს კომუნიკაციის მოპასუხის ხარჯით გადატანა, რაც კომპანიისთვის შეუსაბამოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და, შესაძლოა, შეუქცევადი შედეგები გამოიწვიოს, აგრეთვე, საფრთხე შეუქმნას მისი, როგორც სამეწარმეო სუბიექტის მიერ საქმიანობის განხორციელებას. ამასთან, კომპანიას არ ექნება არანარი ბერკეტი, რათა თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი შინაარსის ხელოვნურად განპირობებული მოთხოვნები, როდესაც არ არსებობს კომუნიკაციის გადატანის რეალური საჭიროება. აღსანიშნავია ისიც, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ მოპასუხესთან შეთანხმებისა და მისი წინასწარი თანხმობის გარეშე „ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის №134 დადგენილების მოთხოვნების უგულებელყოფის გზით არამართლზომიერად აწარმოა სამშენებლო სამუშაოები და კასატორის საკუთრებაში არსებული სახაზო ნაგებობა მოაქცია შენობის შიგნით იმგვარად, რომ მესაკუთრეს (მოპასუხეს) მოუსპო საკუთრებით შეუზღუდავად სარგებლობის უფლება, რაც წარმოადგენს ჩარევას საკუთრების უფლებით დაცულ სფეროში. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკუთრების უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის. შესაბამისად, იმისათვის, რომ მოხდეს ჩარევა საკუთრების უფლებით დაცულ სფეროში, აუცილებელია, რომ არსებობდეს: 1) კანონი, რომელიც გაითვალისწინებს უფლების ამგვარ შეზღუდვას და დაადგენს შეზღუდვის წესს და 2) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მიზანი. იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო საფუძველი, რომელიც მოსარჩელეს ამგვარი შეზღუდვის დაწესების უფლებამოსილებას მიანიჭებდა, აღნიშნული ჩარევა არის არამართლზომიერი და წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 21-ე მუხლთან, რაც ასევე არ იქნა შეფასებული და გათვალისწინებული არც საქმის პირველ ინსტანციაში და არც შემდგომ სააპელაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე.

37. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 21 მარტის განჩინებიდან გამომდინარე, ერთი მხრივ, დაცვის მიღმა რჩება მოპასუხის, როგორც ხაზობრივი ნაგებობის მესაკუთრის სამართლებრივი ინტერესები და, მეორე მხრივ, კვლავ გაურკვეველი რჩება, თუ რა შემთხვევაში უნდა მოხდეს კომუნიკაციის გადატანა მშენებლობის დამკვეთის ხარჯზე და რატომ არ ვრცელდება საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის №134 დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი „ა“ ქვეპუნქტის რეგულაცია განსახილველ შემთხვევაზე.

38. კასატორმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დასაშვებია სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, რადგან არსებობს სპეციალური ნორმა, რომელიც არეგულირებს ხაზობრივი ნაგებობის გადატანის ხარჯის დაკისრების საკითხს და პირდაპირ განსაზღვრავს, რომ ამგვარი ხარჯი ეკისრება მშენებლობის დამკვეთს, ამასთან, სასამართლო პრაქტიკა სრულიად აცდენილია აღნიშნული ნორმის შინაარსს და არათუ შეესაბამება 2007 წლის 4 ივლისის №134 დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს „ა“ ქვეპუნქტის რეგულაციას, უგულებელყოფს რა მის დანაწესს, სსკ-ის ზოგადი ნორმის – 170-ე მუხლის საფუძველზე ამგვარი ხარჯის გაღების ვალდებულებას დააკისრა ხაზობრივი ნაგებობის მფლობელ სუბიექტს.

39. აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავის 2006 წლის 7 მარტის გადაწყვეტილების 35-ე აბზაცში საქმეზე „დონაძე საქართველოს წინააღმდეგ“ (განაცხადის ნომერი 74644/01) მიუთითა შემდეგზე: „იმ შემთხვევაში თუკი სასამართლოებს არა აქვთ შესაძლებლობა დაასაბუთონ მხარის თითოეული არგუმენტზე უარის თქმის მოტივაცია, ისინი არ თავისუფლდებიან ვალდებულებისაგან ჯეროვნად განიხილონ და პასუხი გასცენ მათ მიერ წამოყენებულ ძირითად მოთხოვნებს“. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ როგორც ზეპირსიტყვიერად სხდომის მიმდინარეობის პროცესში, ისე წერილობით მოითხოვა, რომ სასამართლოს შეეფასებინა და თავის განჩინებაში/გადაწყვეტილებაში განემარტა, თუ რატომ არ ვრცელდება საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის №134 დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის რეგულაცია განსახილველ დავაზე და რა შემთხვევაში უნდა დაეკისროს მშენებლობის დამკვეთს კომუნიკაციის გადატანის ხარჯი. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული მოთხოვნა არ შეუსრულებია და არც მას მოპასუხის მოსაზრებები და სამართლებრივი არგუმენტები შეუფასებია.

40. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

41. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

42. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის საკუთრებად ირიცხება შენობა-ნაგებობა და, საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, არ დგინდება საკუთრებაზე რაიმე უფლებრივი შეზღუდვის არსებობა.

43. ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 27 ოქტომბერის №1560808 ბრძანებით შეთანხმდა მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს კორექტირებული არქიტექტურული პროექტი, გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2014 წლის 27 ოქტომბრიდან 2015 წლის 27 ივნისის ჩათვლით.

44. მოპასუხის საკუთრებად რეგისტრირებულია 220556 მეტრი სატელეფონო ხაზი დაფარვის ზონა გლდანი-ნაძალადევი, დიდუბე-ჩუღურეთი და ისანი-სამგორის რაიონები.

45. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ობიექტზე უფლების რეგისტრაციის თარიღად მითითებულია 2010 წლის 22 მარტი.

46. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად დგინდება, რომ 2010 წლის 8 ივლისს, მოპასუხე შპს გარდაიქმნა სს-ად. ამდენად, 220556 მეტრი სატელეფონო ხაზი დაფარვის ზონა გლდანი-ნაძალადევი, დიდუბე-ჩუღურეთი და ისანი-სამგორის რაიონები, წამოადგენს მოპასუხე სს-ის საკუთრებას.

47. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 30 სექტემბრის №1-1770 ბრძანებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 18 დეკემბრის №000677 დადგენილება და მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დაევალა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის შემდგომ ახალი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

48. ამჟამინდელმა მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს ხაზების გადატანის მოთხოვნით, მოპასუხემ 2015 წლის 1 ივნისის წერილით აცნობა მოსარჩელეს, რომ აუცილებელი იყო, კომპანიას განეხორციელებინა სამუშაოების სათანადო პროექტის მომზადება, რომლის შემდგომ სამუშაოების ღირებულების გადახდის შემთხვევაში კომპანია უზრუნველყოფდა გადატანას სამუშაოების ჩატარების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

49. მოპასუხის კუთვნილი საკაბელო ხაზები გადის მოსარჩელის თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სადაც საკაბელო ხაზები დადებულია ამავე ნაკვეთზე არსებულ ხაზზე. ასევე, ხაზები დადებულია მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის სახურავზე, ამჟამად საკაბელო ხაზები მოქცეულია მოსარჩელის მიერ განხორციელებული მშენებლობის შიგნით.

50. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარე მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დავის განხილვისას იხელმძღვანელა კანონის ზოგადი დანაწესით საკუთრების უფლების დაცვის შესახებ, კერძოდ, სსკ-ის 170-ე მუხლით და არ გამოიყენა ნორმა, რომლითაც უნდა ეხელმძღვანელა, რაც ადასტურებს გასაჩივრებული განჩინების არასრულ და არასაკმარის დასაბუთებულობას. ამავდროულად, სააპელაციო სასამართლოს არ განუმარტავს, თუ რატომ არ უნდა იქნეს გამოყენებული, რატომ არ ვრცელდება მთავრობის №134 დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დანაწესი სადავო სამართალურთიერთობაზე და რა შემთხვევაში გავრცელდებოდა მისი რეგულაცია განსახილველ შემთხვევაზე.

51. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

52. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

53. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.

54. საკასაციო სასამართლო დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ მიიჩნევს მოპასუხის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ, ევროსასამართლოს პრაქტიკის გვერდის ავლით, არ იმსჯელა მის არგუმენტებზე და არ დაასაბუთა, თუ რატომ არ იზიარებს აპელირებას „ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 4 ივლისის №134 დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტზე, ვინაიდან სავსებით დასაბუთებულია სააპელაციო პალატის განმარტება, რომ აღნიშნული დადგენილება არ არეგულირებს მიწის ნაკვეთის მესაკუთრესა და ქსელის მფლობელ პირს შორის მესაკუთრის ნაკვეთზე ქსელის განთავსების საკითხთან დაკავშირებულ ურთიერთობას. მფლობელის მიერ სხვისი ნაკვეთის გამოყენებასთან დაკავშირებული დავა უნდა მოწესრიგდეს საერთო წესით, მფლობელსა და მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე.

55. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარდგენილი სარჩელი ეხება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების ხელყოფის აღკვეთის მოთხოვნას.

56. აღნიშნული მოთხოვნა გამომდინარეობს მესაკუთრის უფლებიდან – კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს ან სარგებლობდეს ქონებით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 170).

57. სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. აღნიშნული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით (სუსგ 12.02.2016 საქმე №ას-1041-998-2016 გადაწყვეტილება).

58. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია ნეგატორული სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი გარემოებები, რომ მოსარჩელე სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეა და იგი, მოპასუხის მხრიდან ხელშეშლის გამო, ვერ სარგებლობს უძრავი ნივთით, შესაბამისად, არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი ფაქტობრივ-სამართლებრივი წანამძღვრები, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ აპელანტის მიერ მოსარჩელის საკუთრებაში მესაკუთრის თანხმობის გარეშე განთავსებულია საკაბელო ხაზები. ასეთი თანხმობა უძრავი ქონების მესაკუთრეს არ გაუცია. ამასთან, მხარეებს შორის არ დადებულა რაიმე სახის ხელშეკრულება მისი საკუთრებით სარგებლობის შესახებ.

59. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

60. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

61. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

62. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება ნეგატორულ სარჩელებზე საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

63. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

64. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2017 წლის 10 მაისის №.. საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ს.-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ სს „ს.-ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2017 წლის 10 მაისის №.. საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური