Facebook Twitter

საქმე №330210014687426

საქმე №ას-782-731-2017 15 სექტემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ. გ.-ი (შემდგომში – მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ყ.-ა (შემდგომში – მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – მესაკუთრედ ცნობა და ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა, ასევე, აღნიშნული ქონების რეალიზაციის გზით 5300 აშშ დოლარის გადახდევინება.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელემ განმარტა, რომ 2005 წლის 12 ნოემბერს ი. ა.-ესთან (შემდგომში – მსესხებელი, მამკვიდრებელი) დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ამ უკანასკნელს სესხის სახით 3 თვის ვადით – 2006 წლის 12 თებერვლის ჩათვლით საკუთრებაში გადაეცა 5300 აშშ დოლარი. სესხისათვის გათვალისწინებულ იქნა თვეში 3%. ამასთან, მოსარჩელის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის უძრავი ქონება.

3. მსესხებელმა დათქმულ ვადაში თანხა არ დააბრუნა, მისი ოჯახის წევრისა და წარმომადგენლის (შემდგომში – მსესხებლის წარმომადგენელი) მეშვეობით პერიოდულად, სავარაუდოდ 2011 წლამდე, ნაწილ-ნაწილ იხდიდა პროცენტს. სულ გადაიხადა 500 აშშ დოლარი.

4. მოსარჩელის განმარტებით, 2010 წელს შეიტყო, რომ 2008 წლის 19 იანვარს მსესხებელი გარდაიცვალა. მისი წარმომადგენელი არწმუნებდა, რომ თავად იფორმებდა ნივთზე საკუთრების უფლებას, ხოლო აღნიშნულის შემდგომ თანხას დაუბრუნებდა. ბოლო პერიოდში, კი, განუმარტა რომ მემკვიდრეობას ის ვერ მიიღებდა.

5. სანოტარო პალატის მიერ ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან გაცემული ინფორმაციით გარდაცვლილი მსესხებლის სამკვიდროზე 2013 წლის 29 მარტს გაიცა სამკვიდრო მოწმობა. ამასთან, მოსარჩელემ, მემკვიდრის ვინაობის დადგენის მიზნით, მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა მემკვიდრის მოძებნა და მასთან გასაუბრება. პოლიციაში მსესხებლის წარმომადგენელთან გასაუბრებისას გაირკვა, რომ მსესხებლის მემკვიდრე არის გარდაცვლილის შვილიშვილი და წარმომადგენლის შვილი – მოპასუხე.

6. მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ მოპასუხემ, მის მიმართ არსებული ვალდებულებისაგან თავის არიდების მიზნით, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მიიღო სამკვიდრო მასაში შემავალი ქონების მხოლოდ ნაწილი. იპოთეკით დატვირთული ნივთზე, კი, საკუთრების უფლება არ დაარეგისტრირა.

მოპასუხის პოზიცია:

7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ, მართალია, მიიღო სადავო სამკვიდრო, თუმცა ქონებაზე მისი საკუთრების უფლების რეგისტრაციას მოახდენდა თავისი შეხედულებისამებრ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2005 წლის 12 ნოემბერს მოსარჩელეს, როგორც გამსესხებელსა და მამკვიდრებელს, როგორც მსესხებელს (მსესხებლის წარმომადგენლის სახით) შორის დაიდო 5300 აშშ დოლარის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 3 თვის ვადით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის უძრავი ქონება.

11. სააპელაციო პალატის მითითებით, უდავოა, რომ ი. აბზიანიძემ სესხის თანხა სრულად მიიღო, ხოლო სესხის დაფარვის ბოლო ვადა იყო 2006 წლის 12 თებერვალი.

12. სასესხო ვალდებულების შესრულების ხანდაზმულობის ვადის ამოწურვამდე, კერძოდ, 2008 წლის 19 იანვარს მსესხებელი გარდაიცვალა. მის სამკვიდროს მასაში, სხვა ქონებასთან ერთად, შევიდა მოსარჩელის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება.

13. საქმეში წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობით დადგენილია, რომ მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრე (შვილიშვილი, წარმომადგენლობითი უფლებით) არის მოპასუხე. მან სამკვიდროს მიღების მოთხოვნით სანოტარო ბიუროს ჯერ კიდევ 2008 წლის 5 ივნისს მიმართა, თუმცა სამკვიდრო მოწმობა 2013 წლის 29 მარტს აიღო, რომელიც სამკვიდრო მასიდან მხოლოდ 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთის მიღებას ადასტურებს.

14. 2015 წლის 23 ივნისის საჯარო რეესტრის ამონაწერის საფუძველზე სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ უძრავი ქონება საკუთრების უფლებით კვლავ მამკვიდრებლის სახელზე ირიცხება. მოპასუხის განმარტებით, მან ნამდვილად მიიღო მამკვიდრებლის დანაშთი ქონება, თუმცა მთლიანი ქონების მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციას მაშინ განახორციელებდა, როდესაც ამის ნება ექნება. შესაგებლით სადავოდ არ არის გამხდარი ის გარემოება, რომ 2005 წლის 12 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მამკვიდრებელს არ შეუსრულებია.

15. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ წარმოდგენილი სარჩელი არსებითად ემყარება იმ გარემოებას, რომ მოპასუხემ, იმ მიზნით, რომ თავიდან აერიდებინა მოსარჩელის წინაშე არსებული ვალდებულების შესრულება, სამკვიდრო მოწმობა აიღო და საკუთრების უფლება სამკვიდრო მასაში შემავალი ქონების მხოლოდ იმ ნაწილზე დაირეგისტრირა, რომელიც იპოთეკით დატვირთული არ იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს, რომ მოპასუხე ცნობილი იქნეს სამკვიდრო მასაში შემავალი სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ, მასვე დაეკისროს სესხის ძირითადი თანხა და ვალდებულების დაფარვის მიზნით, იპოთეკით დატვირთული ქონება სარეალიზაციოდ მიექცეს.

16. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, სარჩელს დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 1488-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, მოთხოვნის ხანდაზმულობის მოტივით, რასაც აპელანტი არ ეთანხმება.

17. სააპელაციო პალატამ გაიზიარა სააპელაციო პრეტენზია და მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული არ არის.

18. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ექვსთვიანი ვადა არის მამკვიდრებლის კრედიტორთა მიერ უშუალოდ მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენის და არა სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ, თუ მამკვიდრებლის კრედიტორებმა ზემოაღნიშნული ვადის დაცვით არ წარუდგინეს მოთხოვნა მემკვიდრეებს, ისინი კარგავენ მოთხოვნის უფლებას, რაც, შემდგომში, სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება გახდეს.

19. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მითითებული ნორმით დადგენილია პრეტენზიის მოთხოვნის წარდგენის ვადა და არა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც სასამართლოსათვის მიმართვის გზით კრედიტორს შეუძლია, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა. ამ ვადის გასვლის შემდეგ მოვალეს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაზე მითითებით. მოთხოვნა კი, როგორც წესი, წარედგინება უშუალოდ მხარეს. საპრეტენზიო ვადაში მოთხოვნის წარუდგენლობა სასამართლოში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. საპრეტენზიო ვადაში წარდგენილი მოთხოვნა კი, შეიძლება არ დააკმაყოფილოს სასამართლომ, თუ გავიდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და მოვალე მიუთითებს ამის თაობაზე.

20. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პრაქტიკული მნიშვნელობისაა იმ საკითხის გარკვევა, თუ როდიდან იწყება სსკ-ის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ექვსთვიანი ვადის ათვლა.

21. მითითებული ნორმა ადგენს, რომ ამ ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, რაც მამკვიდრებლის კრედიტორებმა შეიტყეს სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუმცა, ამავე ნორმის მიხედვით, კრედიტორებმა მოთხოვნა უნდა წარუდგინონ იმ მემკვიდრეებს, რომლებმაც სამკვიდრო მიიღეს. ამდენად, მოთხოვნის წარდგენის ექვსთვიანი ვადის ათვლისათვის მხოლოდ იმის ცოდნა, რომ სამკვიდრო გაიხსნა, საკმარისი არ არის. მამკვიდრებლის კრედიტორებმა ასევე, უნდა იცოდნენ იმ მემკვიდრეთა ვინაობა, რომლებმაც სამკვიდრო მიიღეს, რათა მათ წარუდგინონ მოთხოვნა. კანონი მემკვიდრეების მიერ სამკვიდროს მიღების ორგზას ადგენს, კერძოდ, სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით და ნოტარიუსისათვის განცხადების წარდგენით (სსკ-ის 1421-ე მუხლი). იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორებისათვის ცნობილია, როგორც სამკვიდროს გახსნის, ასევე, იმ მემკვიდრეთა შესახებ, რომლებმაც სამკვიდრო მიიღეს, მაშინ კრედიტორებმა მემკვიდრეებს მოთხოვნა სამკვიდროს გახსნის შესახებ ცნობის მიღებიდან ექვს თვეში უნდა წარუდგინონ. ამასთან, შესაძლებელია, კრედიტორებმა იცოდნენ სამკვიდროს გახსნის თაობაზე მამკვიდრებლის გარდაცვალების დღესვე, მაგრამ სამკვიდროს მიმღებ მემკვიდრეთა შესახებ მათ ვერ შეიტყონ სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვს თვეში, მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ მემკვიდრე ნოტარიუსს განცხადებით მიმართავს სსკ-ის 1424-ე მუხლით დადგენილი ექვსთვიანი ვადის ბოლო დღეს, ან კრედიტორისათვის არაა ცნობილი იმ ფაქტების თაობაზე, რომლებიც მემკვიდრის მიერ ამავე ვადაში სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღებას ადასტურებს. ასეთ შემთხვევებში, როგორც წესი, სამკვიდროს მიღების თაობაზე კრედიტორებისათვის ცნობილი ხდება მემკვიდრეთა მიერ სამკვიდრო მოწმობის აღების შემდეგ ან მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისას. ასეთ შემთხვევაში, მამკვიდრებლის კრედიტორებმა მემკვიდრეებს მოთხოვნა უნდა წარუდგინონ გონივრულ ვადაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა მემკვიდრეთა მიერ სამკვიდროს მიღების თაობაზე.

22. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის იმ ფაქტის დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულება, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი იყო მოპასუხის მიერ სამკვიდროს მიღების შესახებ.

23. მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს, რომ მან კრედიტორის გარდაცვალების თაობაზე 2010 წელს შეიტყო, თუმცა მისთვის უცნობი იყო სამკვიდროს მიმღები პირის/მემკვიდრის შესახებ, ვინაიდან მსესხებლის წარმომადგენელი, რომელთანაც მოსარჩელეს ჰქონდა ურთიერთობა, მოპასუხის დედაა და იგი ვალდებულების თავიდან არიდების მიზნით, მემკვიდრის ვინაობას მიზანმიმართულად არ ამხელდა. მას მემკვიდრის – მოპასუხის შესახებ მოსარჩელისათვის არაფერი უთქვამს. მოპასუხემ მემკვიდრის ვინაობის შესახებ პოლიციის მეშვეობით შეიტყო.

24. სარჩელში მითითებული ზემოაღნიშნული გარემოებების დადასტურების მიზნით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2014 წლის 14 ნოემბრის წერილი, რომლითაც დგინდება, რომ მოპასუხის წარმომადგენელმა მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონების თაობაზე ინფორმაციის გაცემის შესახებ მოთხოვნით საქართველოს ნოტარიუსთა პალატას მიმართა. ნოტარიუსთა პალატისაგან მიღებული წერილით მან შეიტყო, რომ მოვალის სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა 2013 წლის 29 მარტს არის გაცემული, თუმცა მითითებული წერილი მემკვიდრის შესახებ მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს არ შეიცავდა.

25. საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 24 დეკემბრის დადგენილებით ირკვევა, რომ სამკვიდრო მოწმობის გამცემმა ნოტარიუსმა მოსარჩელეს უარი უთხრა 2008 წლის 19 იანვარს გარდაცვლილის მემკვიდრეების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე.

26. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 25 ოქტომბერს მოპასუხემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-5 განყოფილებას მიმართა განცხადებით და მემკვიდრის ვინაობის დადგენა ითხოვა.

27. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-5 განყოფილების 2014 წლის დეკემბრის თვის წერილით მოსარჩელეს კვლავ უარი ეთქვა სადავო ინფორმაციის გაცემაზე.

28. ამდენად, მოხმობილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელე მოკლებული იყო შესაძლებლობას, მემკვიდრის ვინაობა ზემოთ მითითებული უწყებების მეშვეობით დაედგინა. საგულისხმოა გარემოება, რომ სსკ-ის 1487-ე მუხლის თანახმად, სადავო სამკვიდრო უძრავი ქონების მიმღებს/მემკვიდრეს გააჩნდა პირდაპირი ვალდებულება, რომ მოპასუხისთვის მოვალის გარდაცვალებისა და მის მიერ სამკვიდროს მიღების შესახებ შეეტყობინებინა, თუმცა, ასეთი შეტყობინება მოსარჩელეს მემკვიდრისაგან არ მიუღია.

29. ზემოაღნიშნული გარემოებებისა და, ასევე, იმ გარემოების ერთობლიობაში ანალიზით, რომ მოპასუხემ არც სამკვიდროს მიღებისთანავე და არც შემდგომ არ აღრიცხა სადავო უძრავი ქონება საჯარო რეესტრში, სააპელაციო პალატამ სარწმუნოდ მიიჩნია მოსარჩელის მტკიცება იმის თაობაზე, რომ მოპასუხე მიზანმიმართულად ფარავდა მის მიერ მემკვიდრეობის მიღების საკითხს და აღნიშნულის თაობაზე მოსარჩელემ მხოლოდ პოლიციის საშუალებით მსესხებლის წარმომადგენელთან 2014 წლის 6 ნოემბრის ზეპირი გასაუბრების ოქმის გაცნობის საფუძველზე შეიტყო.

30. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დასახელებული გარემოებების გამაბათილებელი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, პალატას დადგენილად მიაჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელემ მემკვიდრის – მოპასუხის შესახებ პოლიციაში მსესხებლის წარმომადგენელთან 2014 წლის 6 ნოემბრის ზეპირი გასაუბრების ოქმის გაცნობის საფუძველზე შეიტყო. სარჩელი კი, 2014 წლის 29 დეკემბერსაა აღძრული, რაც მოთხოვნის ხანდაზმულობას გამორიცხავს.

31. სსკ-ის 623-ე მუხლის, 316-ე მუხლის პირველი ნაწილის, 1484-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოპასუხე მხარეს არც შესაგებლით და არც სასამართლო განხილვის რომელიმე ეტაპზე სადავოდ არ გაუხდია მსესხებლის მიერ 5300 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულების არსებობა, ასევე, ის ფაქტი, რომ მამკვიდრებლის მთელი სამკვიდრო ქონება მოპასუხემ მიიღო.

32. სსკ-ის 1336-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოპასუხე არის მოვალის პირველი რიგის მემკვიდრე (შვილიშვილი, წარმომადგენლობითი უფლებით).

33. სსკ-ის 1421-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.

34. თავისი სამართლებრივი ბუნებით სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა. იგი გამოხატავს სამკვიდროს მიღების სურვილს, მემკვიდრის ნებას. შესაბამისად, მისი სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის საკმარისია მხოლოდ ერთი პირის – მემკვიდრის მიერ გამოვლენილი ნება მემკვიდრეობის მიღების თაობაზე.

35. განსახილველ შემთხვევაში, უდავო გარემოებაა, რომ მოპასუხემ სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადებით ნოტარიუსს 2008 წლის 5 ივნისს მიმართა, ხოლო სამკვიდრო მოწმობა 2013 წლის 29 მარტს აიღო. მოპასუხე მხარეს სადავო უძრავი ქონების მიმართ სხვა მემკვიდრის არსებობის ფაქტზე არ მიუთითებია. ამდენად, მოპასუხემ 2008 წლის 5 ივნისს მიმართა რა ნოტარიუსს სამკვიდრო ქონების მიღების შესახებ განცხადებით, სსკ-ის 1421-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების დანაწესის თანახმად, მიიჩნევა, რომ მან სამკვიდრო ქონება მამკვიდრებლის მთლიან ქონებაზე მიიღო და, შესაბამისად, საკუთრების უფლება წარმოეშვა სადავო უძრავ ქონებაზეც.

36. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

37. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

38. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მამკვიდრებლის მიერ აღებული სესხის თანხა უშუალოდ მის მიერ სესხის აღების ფაქტთან დაკავშირებით უნდა დაბრუნებულიყო 2006 წლის 12 თებერვალს, მამკვიდრებელი გარდაიცვალა 2008 წლის 19 იანვარს – სასესხო ვალდებულების შესრულების ხანდაზმულობის ვადის ამოწურვამდე. სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადა სესხისა და იპოთეკით დატვირთული ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციაზე იწყება არა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, არსებული ვადების დაცვით, არამედ სსკ-ის 1488-ე მუხლის დანაწესის საფუძველზე. სააპელაციო სასამართლომ მითითებული ნორმა არასწორად განმარტა და გამოიყენა.

39. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა, რამდენად დიდი დრო, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა იყო გასული არა სესხის ხელშეკრულების მოთხოვნიდან, არამედ იპოთეკით დატვირთული ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაციის მოთხოვნიდან გამომდინარე.

40. კასატორის განმარტებით, საქმის მასალებში წარმოდგენილი იყო მტკიცებულება (მოსარჩელის მიერ მიცემული განმარტება პოლიციაში), სადაც მხარე აღიარებს, რომ მისთვის ცნობილი იყო როგორც იპოთეკით დატვირთული ქონების მესაკუთრის გარდაცვალების, ასევე, მისი მემკვიდრის არსებობის თაობაზე. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი მოპასუხის საწინააღმდეგოდ.

41. კასატორმა მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მინდობილობით და ამ მინდობილობის საფუძველზე დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შესაბამისად, მოსარჩელისაგან გასესხებული 5 300 აშშ დოლარის მსესხებელი არის მამკვიდრებლის წარმომადგენელი და არა კასატორის მამკვიდრებელი უშუალოდ. სააპელაციო პალატას საქმეზე წარმოდგენილი მინდობილობა, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება სათანადოდ რომ გამოეკვლია, მივიდოდა იმ დასკვნამდე, რომ მამკვიდრებლის წარმომადგენელმა, როგორც ფიზიკურმა პირმა პირადად თავისი სარგებლობისათვის სესხის სახით აიღო მოსარჩელისაგან 5 300 აშშ დოლარი და მანვე, როგორც მსესხებლის წარმომადგენელმა იპოთეკით დატვირთა მის მიერ მიღებული სესხის თანხა.

42. კასატორმა აღნიშნა, რომ მითითებული გარემოება მან სადავოდ გახადა, მათ შორის, სააპელაციო პალატაში დავის განხილვის დროს, თუმცა სასამართლომ ამ საკითხზე არ იმსჯელა.

43. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

44. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

45. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2005 წლის 12 ნოემბერს მოსარჩელეს, როგორც გამსესხებელსა და მამკვიდრებელს, როგორც მსესხებელს (მსესხებლის წარმომადგენლის სახით) შორის დაიდო 5300 აშშ დოლარის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 3 თვის ვადით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის უძრავი ქონება.

46. სააპელაციო პალატის მითითებით, უდავოა, რომ ი. აბზიანიძემ სესხის თანხა სრულად მიიღო, ხოლო სესხის დაფარვის ბოლო ვადა იყო 2006 წლის 12 თებერვალი.

47. სასესხო ვალდებულების შესრულების ხანდაზმულობის ვადის ამოწურვამდე, კერძოდ, 2008 წლის 19 იანვარს მსესხებელი გარდაიცვალა. მის სამკვიდროს მასაში, სხვა ქონებასთან ერთად, შევიდა მოსარჩელის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება.

48. საქმეში წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობით დადგენილია, რომ მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრე (შვილიშვილი, წარმომადგენლობითი უფლებით) არის მოპასუხე. მან სამკვიდროს მიღების მოთხოვნით სანოტარო ბიუროს ჯერ კიდევ 2008 წლის 5 ივნისს მიმართა, თუმცა სამკვიდრო მოწმობა 2013 წლის 29 მარტს აიღო, რომელიც სამკვიდრო მასიდან მხოლოდ 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთის მიღებას ადასტურებს.

49. 2015 წლის 23 ივნისის საჯარო რეესტრის ამონაწერის საფუძველზე სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ უძრავი ქონება საკუთრების უფლებით კვლავ მამკვიდრებლის სახელზე ირიცხება. მოპასუხის განმარტებით, მან ნამდვილად მიიღო მამკვიდრებლის დანაშთი ქონება, თუმცა მთლიანი ქონების მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციას მაშინ განახორციელებდა, როდესაც ამის ნება ექნება. შესაგებლით სადავოდ არ არის გამხდარი ის გარემოება, რომ 2005 წლის 12 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მამკვიდრებელს არ შეუსრულებია.

50. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხემ არც სამკვიდროს მიღებისთანავე და არც შემდგომ არ აღრიცხა სადავო უძრავი ქონება საჯარო რეესტრში.

51. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარემ მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად აითვალა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი მოპასუხის საწინააღმდეგოდ და სათანადოდ არ გამოიკვლია საქმის გარემოებები, რადგან სესხი რეალურად მიიღო არა მამკვიდებელმა, არამედ მისმა წარმომადგენელმა.

52. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

53. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

54. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.

55. დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას არ წარმოადგენს კასატორის პრეტენზია ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, რადგან მართებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ მოპასუხე მიზანმიმართულად ფარავდა მის მიერ მემკვიდრეობის მიღების საკითხს და აღნიშნულის თაობაზე მოსარჩელემ მხოლოდ პოლიციის საშუალებით მსესხებლის წარმომადგენელთან 2014 წლის 6 ნოემბრის ზეპირი გასაუბრების ოქმის გაცნობის საფუძველზე შეიტყო. დასახელებული გარემოებების გამაბათილებელი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელემ მემკვიდრის – მოპასუხის შესახებ პოლიციაში მსესხებლის წარმომადგენელთან 2014 წლის 6 ნოემბრის ზეპირი გასაუბრების ოქმის გაცნობის საფუძველზე შეიტყო. სარჩელი კი, 2014 წლის 29 დეკემბერსაა აღძრული, რაც მოთხოვნის ხანდაზმულობას გამორიცხავს.

56. ასევე, დაუშვებელია მხარის არგუმენტი, რომ სადავო 5300 აშშ დოლარი ისესხა არა გარდაცვლილმა მამკვიდრებელმა, არამედ მისმა წარმომადგენელმა. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მამკვიდრებლის მიერ თანხის სესხების ფაქტი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. აღნიშნულ გარემოებაზე არც მოპასუხეს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით არ მიუთითებია. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მსეჯლობის საგანი მითითებული საკითხი ვერ გახდება.

57. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

58. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

59. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (სუსგ ) და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

60. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

61. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

62. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მ. ე.–ის მიერ 2017 წლის 10 ივლისს №.. საგადახდო დავალებით გადახდილი 635,10 ლარის 70% – 444,57 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. გ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ნ. გ.-ს (პირადი №..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მ. ე.–ის მიერ 2017 წლის 10 ივლისს №.. საგადახდო დავალებით გადახდილი 635,10 ლარის 70% – 444,57 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური