Facebook Twitter

საქმე № 010210015001034932

საქმე №ას-807-755-2017 15 სექტემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – ი. გ.-ა, ნოტარიუსი ე. ჯ.-ე (შემდგომში – მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. მ.-ე (შემდგომში – მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 აპრილის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – მინდობილობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების მიმართ და მოითხოვა, ბათილად იქნეს ცნობილი ქმედუუნარო პირის ა. კ.-ის (შემდგომში – მოსარჩელის მეუღლე, მამკვიდრებელი) მიერ 2014 წლის 16 აპრილს მ. გ.-ას (მოპასუხის და) სახელზე ნოტარიუს ე. ჯ.-ის (შემდგომში – ნოტარიუსი) სანოტარო აქტის საფუძველზე გაცემული №.. მინდობილობა და აღნიშნული მინდობილობის საფუძველზე იმავე ნოტარიუსთან გაფორმებული 2014 წლის 16 აპრილის №.. ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მამკვიდრებლის მინდობილმა პირმა – მოპასუხის დამ მამკვიდებლის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება მიჰყიდა მოპასუხეს, ასევე, შეტანილ იქნას სადავო უძრავი ქონება მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდრო ქონების ჩამონათვალში.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 1978 წლიდან იმყოფებოდა მამკვიდრებელთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მის გარდაცვალებამდე. სიცოცხლის ბოლო წლებში მისი მეუღლე დაავადდა და იძულებული იყო, ემკურნალა იმგვარი ნარკოტიკული და ძლიერმოქმედი პრეპარატებით, რომლებმაც იმოქმედეს მის ფსიქიკაზე. აღნიშნულის შედეგად პაციენტი გახდა არაადეკვატური და მის ქმედებებს კონტროლს ვერ უწევდა. იგი მკურნალობდა საფრანგეთში, სადაც ყოფნისას მოსარჩელის მეუღლის ნდობა მოიპოვა და მასზე ზეგავლენას ახდენდა მოპასუხის და.

3. 2014 წლის 16 აპრილის მოსარჩელის მეუღლემ ელექტრონული კავშირის მეშვეობით გაუფორმა მინდობილობა მოპასუხის დას, რომლითაც მიანიჭა კუთვნილი უძრავი ნივთის გასხვისების უფლება. ელექტრონული კავშირისას ნოტარიუსმა ვერ შენიშნა მარწმუნებლის ფსიქიკური მდგომარეობა.

4. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ აღნიშნული მინდობილობა ბათილია. ასევე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მის საფუძველზე მოპასუხესა და მის დას, როგორც მოსარჩელის მეუღლის წარმომადგენელს შორის გაფორმებული ნასყიდობა.

მოპასუხის პოზიცია:

5. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობის გამო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სასარჩელო განცხადებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების თანახმად, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხის დის სახელზე გაცემული სანოტარო მინდობილობის ბათილად ცნობა, ასევე, ამ მინდობილობის საფუძველზე მოპასუხის დის მიერ მოსარჩელის მეუღლის უძრავი ქონების გასხვისების თაობაზე მოპასუხესთან დადებული გარიგების (ნასყიდობის ხელშეკრულება) ბათილად ცნობა.

9. აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნები წარედგინა მხოლოდ ორ პირს, უძრავი ქონების მყიდველ მოპასუხესა და ნოტარიუსს.

10. მოცემულ დავაში, მოპასუხედ დასახელებული არ ყოფილა მოსარჩელის მეუღლის მინდობილი პირი – მოპასუხის და, რომლის მიმართ გაცემული მინდობილობის ბათილად ცნობასაც მოსარჩელე ითხოვდა.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 203-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტისა და 85-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ კანონის მითითებული დანაწესი სასამართლოს ავალებს, გამოარკვიოს სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად აირჩია თუ არა მოსარჩელემ ის პირი (მოპასუხე), რომელსაც თავისი დარღვეული უფლების აღდგენა უნდა მოსთხოვოს. აღნიშნული ნორმის მიზანია, დავაში ჩაბმული არ აღმოჩნდეს და მოპასუხის საპროცესო მოვალეობანი არ დაეკისროს ისეთ პირს, რომელსაც მოსარჩელის კანონიერ უფლებებთან არანაირი კავშირი არ გააჩნია. ამასთან აღსანიშნავია, რომ არასათანადო მოპასუხის ტოლფასია არასაკმარისი მოპასუხის მითითება.

12. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მართალია, საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, სასამართლოს უფლება არ აქვს, არ მიიღოს სარჩელი იმ მოტივით, რომ იგი აღძრულია არასათანადო მოპასუხის მიმართ, თუმცა სასამართლოს შეუძლია, სათანადო მოპასუხეთა წრის განსაზღვრის მიზნით, დააყენოს საკითხი არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლის შესახებ (სსკ-ის 203-ე მუხლი). ასეთი შეცვლა შეიძლება მოხდეს, მხოლოდ მოსარჩელის თანხმობით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა, არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო განიხილავს საქმეს და უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე თავისი გადაწყვეტილებით.

13. აპელანტის (მოსარჩელე) განმარტებით, თუკი სასამართლო მიიჩნევდა, რომ მოცემულ დავაში მინდობილობის ბათილად ცნობის ნაწილში სათანადო მოპასუხეს წარმოადგენდა მოპასუხის და, იგი დაეთანხმებოდა შეთავაზებას და სათანადო მოპასუხის მითითებით, დაზუსტებულ სარჩელს წარადგენდა.

14. განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ისე განიხილა საქმე და მიიღო გადაწყვეტილება მოპასუხის დის სახელზე მამკვიდრებლის მიერ ქონების განკარგვის თაობაზე გაცემული მინდობილობის ბათილად ცნობის თაობაზე, რომ არ გაურკვევია სათანადო მოპასუხეთა წრე, არ შეუთავაზებია მოსარჩელისათვის საქმეში მოპასუხედ მოსარჩელის დის ჩაბმის საკითხი, არ გადაუწყვეტია მოსარჩელის თანხმობის შემთხვევაში მოპასუხის დის მონაწილეობით დავის განხილვის მიზანშეწონილობის საკითხი, რითაც მოპასუხის დას მიეცემოდა შესაძლებლობა, ესარგებლა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებით და სამოქალაქო პროცესის ფუნდამენტური, შეჯიბრებითობის პრინციპით, რაც ასახული იქნებოდა გადაწყვეტილების დასაბუთებისას.

კასატორების მოთხოვნა და საფუძვლები:

15. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

16. კასატორებმა მიიჩნიეს, რომ მოსარჩელესა და მის მეუღლეს 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არანაირი ურთიერთობა არ ჰქონიათ. მოსარჩელე არ ნახულობდა თავის შვილს. მხოლოდ მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მიმართა საჯარო რეესტრს უძრავ ქონებასთან დაკავშირებით.

17. მხარის მოსაზრებით, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მამკვიდრებელი ქმედუუნარო იყო. კაენის ცენტრალური საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის მიერ გაცემული სამედიცინო დოსიედან წარმოდგენილი დოკუმენტით ირკვევა, რომ მამკვიდრებელი ფსიქიურად დაავადებული არ იყო და არც შესაბამისი მკურნალობა ჩატარებია.

18. რაც შეეხება მოპასუხის დას, იგი მოწმის სახით დაიკითხა სასამართლოში, დეტალურად აღწერა ყველა გარემოება და პასუხი გასცა ყველა შეკითხვას. მოსარჩელე მოპასუხედ ასახელებს ისეთ პირს, რომელმაც რაიმე ვალდებულება უნდა შეასრულოს და რომლის მიმართაც გააჩნია პრეტენზია. კასატორებმა აღნიშნეს, რომ მოსარჩელეს მოპასუხის დასთან დავა არ ჰქონია.

19. კასატორებმა მიიჩნიეს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა საჭიროდ მოპასუხედ მოცემულ დავაში მოპასუხის დის ჩართვა.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

21. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

22. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოცემულ საქმეზე სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხის დის სახელზე გაცემული სანოტარო მინდობილობის ბათილად ცნობა, ასევე, ამ მინდობილობის საფუძველზე მოპასუხის დის მიერ მოსარჩელის მეუღლის უძრავი ქონების გასხვისების თაობაზე მოპასუხესთან დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

23. აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნები მიმართულია მხოლოდ ორი პირის, უძრავი ქონების მყიდველი მოპასუხისა და ნოტარიუსის მიმართ.

24. მოცემულ დავაში, მოპასუხედ დასახელებული არ ყოფილა მოსარჩელის მეუღლის მინდობილი პირი – მოპასუხის და, რომლის მიმართ გაცემული მინდობილობის ბათილად ცნობასაც მოსარჩელე ითხოვდა.

25. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარემ მიიჩნია, რომ მცდარია სააპელაციო პალატის მოსაზრება მოცემულ საქმეში მოპასუხის სტატუსით მოპასუხის დის ჩაბმის შესახებ.

26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

28. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.

29. საკასაციო სასამართლო დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ მიიჩნევს კასატორების არგუმენტს, რომ მოცემულ საქმეში მოპასუხის და (რომელსა და მამკვიდრებელს შორის გაფორმებული მინდობილობის კანონიერება წარმოდგენილი სარჩელის არის სადავოდ გამხდარი) ვერ ჩაებმება მოპასუხის სტატუსით. სრულიად საფუძვლიანია გასაჩივრებული განჩინების მოტივაცია, რომ სასარჩელო მოთხოვნა სადავო მინდობილობის ბათილად ცნობის ნაწილში მიმართული სწორედ მოპასუხის დის წინააღმდეგ, რომელიც აღნიშნული მინდობილობის გაფორმებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის ერთ-ერთი სუბიექტია. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მართებულად იხელმძღვანელა სსსკ-ის 85-ე მუხლის დანაწესით, როდესაც ჩათვალა, რომ საქმე უნდა დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

30. ამავდროულად, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, ხომ არ არის მოცემულ შემთხვევაში აღძრული სარჩელი თავისი იურიდიული ბუნებით აღიარებითი ხასიათის. ამდენად, მნიშვნელოვანია, სასამართლომ იმსჯელოს აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებულ მოსარჩელის იურიდიულ ინტერესზე და დააზუსტოს მოსარჩელესთან, ზემოთ დასახელებული მოთხოვნის პირობებში რამდენად შესაძლებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაკმაყოფილება, რა სამართლებრივ შედეგს მოუტანს მოსარჩელის სარჩელის ამგვარი სახით დაკმაყოფილება.

31. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

32. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

33. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

34. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

36. სსსკ-ის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით ხ. ხ.-ას მიერ 2017 წლის 10 ივლისს №… საგადახდო დავალებით გადახდილი 1704 ლარის 70% – 1192,8 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. გ.-ასა და ნოტარიუს ე. ჯ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ი. გ.-ასა (პირადი №…) და ე. ჯ.-ეს (პირადი №..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით ხ. ხ.-ას მიერ 2017 წლის 10 ივლისს №.. საგადახდო დავალებით გადახდილი 1704 ლარის 70% – 1192,8 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური