საქმე №330210015001175459
საქმე №ას-849-793-2017 22 სექტემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ს.-ი“, შპს „კ.-ი“ (შემდგომში – მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე. ფ.-ა (შემდგომში – მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა 3600 ლარისა და საურავის სახით 2015 წლის 15 ოქტომბრიდან დავალიანების გადახდამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.07%-ის გადახდის დაკისრება.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის მოხდა ზეპირი შეთანხმება, რომლის შესაბამისად მხატვრული ფილმის გადამღებ ჯგუფში შეასრულებდა მონტაჟს, რაშიც ანაზღაურების სახით გადაუხდიდნენ 1500 ლარს, ფაილმენეჯერის ფუნქციას, ასევე, 1500 ლარის ანაზღაურებით. გარდა ამისა, მოსარჩელე მისი კუთვნილი ავტომანქანით ემსახურებოდა ფილმის დამდგმელ რეჟისორსა და ჯგუფის სხვა წევრებს. ამ მომსახურებისათვის მას გადაუხდიდნენ 600 ლარს. ფილმის მონტაჟი დასრულდა 2015 წლის 10 ოქტომბერს, პრემიერა შედგა 15 ოქტომბერს, თუმცა მოპასუხეებს შესრულებული სამუშაოს ღირებულება არ აუნაზღაურებიათ.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების დადების ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3600 ლარის გადახდა, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეთა შორის დაიდო ზეპირი გარიგება, რომლის შესაბამისად მოსარჩელემ დაამონტაჟა ფილმი, შეასრულა ფაილმენეჯერის ფუნქცია და მისი კუთვნილი ავტომანქანით გადაყვანის მომსახურება გაუწია ფილმის რეჟისორსა და გადამღები ჯგუფის წევრებს. აღნიშნული მომსახურების სანაცვლოდ, მოპასუხეებმა იკისრეს ვალდებულება მოსარჩელის მიმართ, ფილმის მონტაჟისათვის გადაეხადათ 1500 ლარს, ფაილმენეჯერის ფუნქციის შესრულებისათვის – 1500 ლარის, ხოლო ავტომანქანით მომსახურებისათვის – 600 ლარი, სულ – 3600 ლარი, თუმცა აღნიშნული თანხის გადახდის ვალდებულება არ შესრულებიათ.
7. აღნიშნულთან მიმართებით სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ აფიშაზე, წერილებსა და მოწმეთა ჩვენებებზე, კერძოდ, წარმოდგენილ აფიშაზე ფილმის ერთ-ერთ პროდიუსერად მითითებულია ი. ჩ.-ე (შემდგომში – დირექტორი). თავის მხრივ, ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დასტურდება, რომ აღნიშნული პირი ერთ-ერთი მოპასუხის დირექტორია. საქმეში წარმოდგენილია ასევე წერილი, რომელიც ხელმოწერილია მითითებული პირის, როგორც მოპასუხეთა წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ. აღნიშნულ წერილთან მიმართებით სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ მისი შინაარსის გათვალისწინებით იგი წარმოადგენს პასუხს მოსარჩელის მოთხოვნაზე გაწეული სამუშაოს ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
8. წერილში დირექტორი მადლობას მოსარჩელეს კონკრეტული ფილმის ფარგლებში თანამშრომლობისთვის. ამასთან, წერილის ავტორი, წერილის ადრესატს ბოდიშს უხდის შეუსრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე და განმარტავს, რომ სხვადასხვა პროექტებიდან მიღებული შემოსავლებით არსებული დავალიანებები 31 დეკემბრამდე დაიფარება. აღნიშნული წერილის შინაარსის გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია მოსარჩელის მიერ მოპასუხეთა დაკვეთით სამუშაოების შესრულების ფაქტს. განსახილველ შემთხვევაში მართალია, აპელანტები სადავოდ ხდიან აღნიშნული წერილის ადრესატად მოსარჩელის ყოფნის ფაქტს, თუმცა, იმ პირობებში, როდესაც წერილი მოსარჩელის წარმოდგენილია, ამასთან, მოსარჩელის მიერ საპასუხო წერილი შედგენილია მოსარჩელის სახელით, აპელანტების მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა მტკიცებულება, რომ სადავო წერილის ადრესატს არა მოსარჩელე, არამედ სხვა პიროვნება წარმოადგენდა, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტების განმარტება წერილის ადრესატად სხვა პირის ყოფნის შესახებ.
9. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულ მოწმეთა ჩვენებაზე, კერძოდ, მოწმის ჩვენებით დგინდება, რომ ის უშუალოდ მონაწილეობდა მოსარჩელესა და მოპასუხეების უფლებამოსილ წარმომადგენელს, დირექტორს შორის ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმებისას, რა დროსაც მოსარჩელესა და დირექტორს შორის შედგა ზეპირი შეთანხმება ხელშეკრულების პირობებზე, კერძოდ, შესასრულებელი სამუშაოს შინაარსზე, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელის ვალდებულებად განისაზღვრა ფილმის მონტაჟი, ფაილმენეჯერის ფუნქცის შესრულება, ასევე, რეჟისორის და გადამღები ჯგუფის ავტომანქანით გადაადგილების უზრუნველყოფა. მოწმის ჩვენებით დგინდება, რომ მხარეები ანაზღაურების საკითხზეც შეთანხმდნენ, კერძოდ, მონტაჟის სამუშაოს შესრულებისთვის დამკვეთს უნდა გადაეხადა 1500 ლარი, ფაილმენეჯერის ფუნქციის შესრულებისთვის 1500 ლარი. მოწმის ჩვენებით დადასტურდა ასევე მოსარჩელის მიერ ზეპირი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ფაქტი. ნიშანდობლივია, რომ მოსარჩელის მიერ შეთანხმებული სამუშაოს შესრულების ფაქტი დაადასტურდა სხვა მოწმის მიერაც.
10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 316-ე მუხლის პირველი ნაწილის, 317-ე მუხლის პირველი ნაწილის, 629-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე ვალდებულების წარმოშობის საფუძველია მხარეთა ზეპირი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ერთმა მხარემ (მენარდემ) იკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების, ხოლო მეორე მხარემ (შემკვეთმა) – მენარდისათვის შეთანხმებული საზღაურის გადახდის ვალდებულება.
11. მოპასუხეების სახელშეკრულებო ვალდებულებას წარმოადგენდა მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისთვის 3600 ლარის გადახდა. სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ფაქტი, ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული სამუშაოების შესრულებისთვის შესაბამისი ანაზღაურების დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეთა (აპელანტების) მიერ სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი. შესაბამისად, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
13. კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სსკ-ის 629-ე, 361-ე, 427-ე და 316-ე მუხლები, რომლებიც არ უნდა გამოეყენებინა, ვინაიდან მხარეთა შორის ფულადი ვალდებულების შესახებ შეთანხმება არ ყოფილა. აღსანიშნავია, რომ მოპასუხეები არიან გადასახადის გადამხდელები, მოსარჩელის მიერ მითითებული არალეგალური ფინანსური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, ისინი საგადასახადო ორგანოების მხრიდან მძიმე ფინანსური ადმინისტრირების საფრთხის ქვეშ დააყენებენ საზოგადოებას.
14. კასატორების განმარტებით, არ უნდა იქნას გაზიარებული სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის არსებობდა ზეპირი სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის შესაბამისად მოპასუხეებმა იკისრეს ვალდებულება, გადაეხადათ მომსახურების საფასური. იმისათვის, რომ ხელშეკრულება (ზეპირი ფორმით) დადებულად იქნას მიჩნეული, საჭიროა არსებობდეს უშუალოდ მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება. მოცემულ შემთხვევაში კი, მოპასუხეები არ ადასტურებენ მოსარჩელესთან ფინანსურ–ვალდებულებით ურთიერთობაში ყოფნის ფაქტს, ხოლო ასეთი ურთიერთობის არსებობის დასადასტურდებლად საკმარისი არ არის მხოლოდ ერთი დაინტერსებული მხარის ზეპირსიტყვიერი განცხადება ან/და მოწმედ დასახელებულ დაინტერესებულ პირთა ჩვენება, რომლებსაც შეხება არ ჰქონდათ და არა აქვთ ასეთი სახის ურთიერთობებთან. მით უფრო, რომ ანაზღაურებასთან დაკავშირებული გარიგებები/ურთიერთობები ინდივიდუალურ ხასიათს ატარებს, კონფიდენციალურია, შესაბამისად, ხელმისაწვდომი ვერ გახდებოდა მოწმეებისათვის.
15. მართალია, სასამართლომ ხელშეკრულების არსებითი პირობები მხარეთა შორის შეთანხმებულად ჩათვალა ერთადერთი მოწმის ჩვენების საფუძველზე, მაგრამ მას მხედველობიდან გამორჩა, რომ სსკ-ის 327-ე მუხლის მიზნებისათვის, საჭიროა არსებობდეს უშუალოდ მხარეთა შეთანხმება, ხოლო ასეთი შეთანხმების ჩანაცვლება მოწმის ჩვენებით დაუშვებელია.
16. კასატორმა მიიჩნიეს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მოსარჩელის მიერ სარჩელზე დართული წერილის შინაარსი.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსკ-ის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
18. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
19. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეთა შორის დაიდო ზეპირი გარიგება, რომლის შესაბამისად მოსარჩელემ დაამონტაჟა ფილმი, შეასრულა ფაილმენეჯერის ფუნქცია და მისი კუთვნილი ავტომანქანით გადაყვანის მომსახურება გაუწია ფილმის რეჟისორსა და გადამღები ჯგუფის წევრებს. აღნიშნული მომსახურების სანაცვლოდ, მოპასუხეებმა იკისრეს ვალდებულება მოსარჩელის მიმართ, ფილმის მონტაჟისათვის გადაეხადათ 1500 ლარს, ფაილმენეჯერის ფუნქციის შესრულებისათვის – 1500 ლარის, ხოლო ავტომანქანით მომსახურებისათვის – 600 ლარი, სულ – 3600 ლარი, თუმცა აღნიშნული თანხის გადახდის ვალდებულება არ შესრულებიათ.
20. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი სადავო ხდის მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ფულადი სახის დავალიანების არსებობა ვერ დაასაბუთა, ხოლო სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა კანონი.
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
23. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
25. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
26. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
27. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს არა ერთ რომელიმე მტკიცებულებაზე განყენებულად, არამედ იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტი არსებობა.
28. მოცემულ შეთხვევაში სააპელაციო პალატამ ზემოაღნიშნული წესით დაცვით სადავო დავალიანების არსებობაზე მსჯელობისას შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებანი და ფაქტობრივი გარემოების დადგენისას მიუთითა რამდენიმე გარემოების თანხვედრაზე, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილ აფიშაზე, წერილებსა და მოწმეთა ჩვენებებზე. კასატორებს სარჩელში ასახული მტკიცებულებების გასაქარწყლებლად არ მიუთითებია ისეთ გარემოებაზე, რომელიც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე პირობას შეესაბამებოდა.
29. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
30. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
31. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
32. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
34. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით თ. კ.-ას მიერ 2017 წლის 21 ივნისს №.. საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ს.-ისა“ და შპს „კ.-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ შპს „ს.-სა“ (საიდენტიფიკაციო კოდი №..) და შპს „კ.-ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით თ. კ.-ას მიერ 2017 წლის 21 ივნისს №- საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური