საქმე №080210016001531708
საქმე №ას-855-799-2017 22 სექტემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ. ო.-ე (შემდგომში – მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ქ.–ი (შემდგომში – მსესხებელი მოპასუხე), გ. ქ.–ი (შემდგომში – მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების მიმართ და მოითხოვა 4000 აშშ დოლარისა და 4000 აშშ ევროს ანაზღაურება.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, პირველი ჯგუფის ინვალიდია, განეკუთვნება სოციალურად დაუცველთა კატეგორიას და ესაჭიროება მკურნალობა. ძმამ საოპერაციოდ მისცა თანხა 4000 ევრო და 4000 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხის შესახებ გაიგეს მისმა ოჯახის წევრებმა, ბიძაშვილმა და მისმა ვაჟმა, რომლებიც საქმეში მოპასუხეებად არიან ჩაბმული. ისინი მუშაობდნენ თბილისში და ეწეოდნენ სამეწარმეო საქმიანობას.
3. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხეებმა სთხოვეს აღნიშნული თანხის სესხად გადაცემა თურქეთის რესპუბლიკაში საოპერაციოდ გამგზავრებამდე.
4. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1000 ევრო გადასცა მოპასუხეს, თავისი ბიძაშვილის ვაჟს, თუმცა მისი ბიძაშვილი დაჰპირდა, საჭიროებისამებრ გამგზავრებამდე სესხის დაუყოვნებლივ დაბრუნებას.
მოპასუხის პოზიცია:
5. მსესხებელმა მოპასუხემ სარჩელი ცნო და განაცხადა, რომ სადავო სესხი მიიღო მხოლოდ მან. რაც შეეხება მის ვაჟს, ამ ნაწილში მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს, რადგან მოსარჩელესთან სესხის ხელშეკრულების დადებაში მითითებულ პირს არანაირი მონაწილეობა არ მიუღია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ, მხოლოდ მოსარჩელის ბიძაშვილის მიმართ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხისა და, იმავდროულად, მოსარჩელის ბიძაშვილის აღიარებით, მოსარჩელისაგან სესხად მიიღო 4000 ევრო და 4000 აშშ დოლარი. იგი თანახმაა, განაწილვადებით, ერთი წლის განმავლობაში გამსესხებელს დაუბრუნოს სესხის თანხა.
9. მოსარჩელეს მიერ წარმოდგენილი 2016 წლის 28 სექტემბრის ხელწერილი შეიცავს შემდეგი სახის ჩანაწერს: „მე (მოპასუხე, იმავდროულად მოსარჩელის ბიძაშვილი) გამოვართვი მოსარჩელეს 4000 E(ევრო) და 4000 $(დოლარი). ამ ფულიდან ჩამომიტანა გ.-მ (ამავდროულად მოსარჩელის ბიძაშვილის შვილმა) გამოტნეული ფული 1000 ევრო. ეს ფული, როგორც ვიცი, არის მისი ძმის. ხელწერილი დაწერილია ჩემს მიერ ძალდაუტანებლად, რასაც ვადასტურებ ხელის მოწერით“.
10. ამ ხელწერილზე მოსარჩელის ბიძაშვილის შვილის ხელმოწერა არ ფიქსირდება.
11. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეს შუამდგომლობით დაკითხულმა მოწმემ განმარტა, რომ არის მოსარჩელის დედა. მოპასუხეებმა ისესხეს თანხა და არაერთგზის იყო დაპირება სესხად აღებული თანხის დაბრუნებაზე.
12. სააპელაციო სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 316-317-ე, 327-ე, 329-ე 623-ე, 624-ე, მუხლებზე,ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მოსარჩელესა და მსესხებელ მოპასუხეს შორის 4000 ევროსა და 4000 აშშ დოლარის სასესხო ურთიერთობის საფუძველი გახდა ზეპირი ფორმით დადებული სესხის ხელშეკრულება, რომლის გადახდის ვალდებულებაც მსესხებელმა მოპასუხემ აღიარა 2016 წლის 28 სექტემბრის ხელწერილით და სარჩელზე წარმოდგენილი შესაგებლით, რის გამოც სარჩელი ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
13. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულების წარმოდგენის გზით ვერ დაადასტურა მოპასუხესთან სასესხო ურთიერთობის არსებობა. ამ ურთიერობის დასადასტურებლად წარმოდგენილი 2016 წლის 28 სექტემბრის ხელწერილი არ შეიცავდა მოპასუხესთან შეთანხმების რაიმე პირობას, მისი ტექსტი ადასტურებდა მხოლოდ, რომ მოპასუხემ მსესხებელ მოპასუხეს მიუტანა მოსარჩელისაგან ნასესხები და გაგზავნილი თანხის ნაწილი –1000 ევრო.
14. რაც შეეხება მოწმის ჩვენებას, სააპელაციო პალატამ სსკ-ის 624-ე მუხლის მეორე წინადადებიდან გამომდინარე, სასესხო ვალდებულების ნამდვილობისათვის საკმარის მტკიცებულებად არ მიიჩნია და აღნიშნა, რომ მოწმეთა ჩვენებასთან ერთად, სავალდებულოა სხვა ისეთი მტკიცებულების წარმოდგენა, რომელიც მოწმეთა ჩვენებებთან ერთობლივად დაადასტურებდა სასესხო ურთიერთობის არსებობას.
15. სააპელაციო პალატა მიიჩნია, რომ სსკ-ის 623-634-ე მუხლებისა და სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის საპროცესო ვალდებულებაა, სათანადო წერილობითი მტკიცებულებების წარმოდგენით დაამტკიცოს, რომ მან მოპასუხეს სესხის სახით გადასცა თანხა, რაც მოვალეს არ დაუბრუნებია. მოსარჩელემ კი, მის მიერ მითითებული ფაქტების დასადასტურებლად წარადგინა 2016 წლის 28 სექტემბრის ხელწერილი, მოწმის ჩვენება და თავისი ახსნა-განმარტება.
16. განსახილველ შემთხვევაში სადავოა 2016 წლის 28 სექტემბრის ხელწერილში გამოვლენილი ნების განმარტება და მოპასუხესთან სასესხო ურთიერთობის არსებობა.
17. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ, სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარ ხელწერილში გამოხატული ნებაც გონივრული განსჯის შედეგად უნდა დადგინდეს.
18. საქმეში განთავსებული მსესხებელი მოპასუხის მიერ ხელმოწერილი 2016 წლის 28 სექტემბრის ხელწერილის, ასევე, სასამართლო სხდომაზე მხარეთა განმარტებების შეფასების საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 1000 ევროსა და მოპასუხესთან დაკავშირებით არსებული ჩანაწერი თავისი შინაარსით ადასტურებდა ამ უკანასკნელი მოპასუხის მეშვეობით მოსარჩელის მიერ მსესხებელი მოპასუხისათვის განკუთვნილი სესხის ნაწილის – 1000 ევროს გაგზავნას და არა უშუალოდ ამ მოპასუხისათვის აღნიშნული თანხის სესხად გადაცემას. შესაბამისად, მითითებული ხელწერილი არ წარმოადგენს სარჩელში დასახელებული ფაქტების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებას.
19. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა სასესხო ურთიერთობებში მოწმის ჩვენების მტკიცებულებად შეფასებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და მიიჩნია, რომ იგი შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკასთან (სუსგ №ას- 294-278-2011, 3 ნოემბერი, 2011 წელი; სუსგ №ას-872-830-2013, 17 ოქტომბერი, 2014 წელი).
20. რაც შეეება, თავად მოსარჩელის (აპელანტის) ახსნა-განმარტებას, როგორც მტკიცებულებას, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ისეთ ვითარებაში, როდესაც არ არსებობს სათანადო წერილობითი დოკუმენტი სასესხო ურთიერთობის დასადასტურებლად, მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტება სასამართლოსათვის სარწმუნო და საკმარისი არ არის.
21. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების მიჩნევა ეწინააღმდეგება სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
22. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
23. კასატორის განმარტებით, სადავო თანხა ასესხა მოპასუხეებს სოლიდარულად, რადგან მათ ჰქონდათ ერთობლივი სამეწარმეო საქმიანობა, ხოლო 1000 ევრო ასესხა უშუალოდ მოპასუხეს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გააუქმა მოპასუხის მიმართ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
25. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
26. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხისა და, იმავდროულად, მოსარჩელის ბიძაშვილის აღიარებით, მოსარჩელისაგან სესხად მიიღო 4000 ევრო და 4000 აშშ დოლარი. იგი თანახმაა, განაწილვადებით, ერთი წლის განმავლობაში გამსესხებელს დაუბრუნოს სესხის თანხა.
27. მოსარჩელეს მიერ წარმოდგენილი 2016 წლის 28 სექტემბრის ხელწერილი შეიცავს შემდეგი სახის ჩანაწერს: მე (მოპასუხე, იმავდროულად მოსარჩელის ბიძაშვილი) გამოვართვი მოსარჩელეს 4000 E(ევრო) და 4000 $(დოლარი). ამ ფულიდან ჩამომიტანა მოპასუხემ და, ამავდროულად, მოსარჩელის ბიძაშვილის შვილმა გამოტანებული ფული 1000 ევრო. ეს ფული, როგორც ვიცი, არის მისი ძმის. ხელწერილი დაწერილია ჩემს მიერ ძალდაუტანებლად, რასაც ვადასტურებ ხელის მოწერით.
28. ამ ხელწერილზე მოპასუხის, ანუ მოსარჩელის ბიძაშვილის შვილის ხელმოწერა არ ფიქსირდება.
29. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რეალურად სადავო თანხა ასესხა მოპასუხეებს სოლიდარულად, რადგან მათ ჰქონდათ ერთობლივი სამეწარმეო საქმიანობა, ხოლო 1000 ევრო ასესხა უშუალოდ მოპასუხეს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გააუქმა მოპასუხის მიმართ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
31. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
32. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.
33. საკასაციო პალატა საჭიროდ მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სასესხო ვალდებულების თავისებურებებზე.
34. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
35. სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების ტვირთი აკისრია მოსარჩელეს (გამსესხებელს). მხოლოდ ამ შემთხვევაში მოქმედებს პრეზუმფცია მსესხებლის (მოპასუხეს) მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე.
36. იმ შემთხვევაშიც, თუ სესხის ხელშეკრულებაში მხარეები არ გაითვალისწინებდნენ ვალდებულების შესრულების თაობაზე მიღება-ჩაბარების აქტის შედგენას, სასესხო ურთიერთობების სამართლებრივი თავისებურებებიდან გამომდინარე, ზეპირი ფორმით სასესხო ვალდებულების შესრულების ნამდვილობისათვის არ არის საკმარისი მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები. მოწმეთა ჩვენებებთან ერთად აუცილებელია ისეთი მტკიცებულების არსებობა, რაც ერთობლივად მაღალი ალბათობით დაადასტურებდნენ სადავო ფაქტს (მაგალითად, უშუალოდ კრედიტორის წერილი, თუნდაც მესამე პირისადმი მიმართული, რომელშიც მითითებული ინფორმაცია ვალდებულების შესრულების თაობაზე, ან/და კრედიტორის მოქმედებები, რომლებიც მიუთითებენ ვალდებულების მიღებაზე და სხვა).
37. ამდენად, სასესხო ვალდებულებების შესრულების თაობაზე წერილობითი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი) მოწმეების ჩვენება დასაშვებია მხოლოდ სხვა მტკიცებულებებთან ერთად. ეს თავისებურება განპირობებულია მატერიალურ-სამართლებრივი წესით, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება, გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება, დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
38. განსახილველი დანაწესი სესხის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის ითვალისწინებს როგორც ზეპირ, ასევე, წერილობით ფორმის დაცვას, რომლის არჩევა მხარეთა შეთანხმებაზეა დამოკიდებული, მაგრამ მითითებული მუხლის მე-2 წინადადების თანახმად, ყურადღება გამახვილებულია იმ რისკებზე, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ზეპირი სესხის ხელშეკრულებას, ასევე, ამ რისკებთან დაკავშირებული მტკიცების ტვირთის გადანაწილებას.
39. როგორც აღინიშნა, სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების ტვირთი აკისრია მოსარჩელეს (გამსესხებელს), ხოლო ვალდებულების შესრულების ტვირთი - მოპასუხეს (მსესხებელს). ამ ნორმაში,ზუსტად ამ მტკიცების ტვირთისა და მტკიცების საგანში შემავალი სასესხო ურთიერთობასთან დაკავშირებული ფაქტების დადასტურების თავისებურებაზეა გამახვილებული ყურადღება.
40. განსახილველი დანაწესი (სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის მე-2 წინადადება) ზღუდავს მხარეებს არა გარიგების ფორმის, არამედ მტკიცებითი საშუალებების არჩევანში.
41. ამდენად, სასესხო ურთიერთობებიდან გამომდინარე, უფლება-ვალდებულებები (და არა მხოლოდ გამსესხებლის უფლება) მათ შორის, სესხის შესრულების ვალდებულება, არ შეიძლება, დადასტურდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით თუ ის ზეპირი ფორმითაა დადებული.
42. განსახილველი ნორმის მიზანია სასესხო ურთიერთობის მონაწილეთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვა და მართლწესრიგის ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა. ამ ნორმით მოცემული მიზნის შეზღუდვა, მხოლოდ კრედიტორის უფლების დადგენის ნაწილში არათანაბარ პირობებში ჩააყენებს სასესხო ურთიერთობის მონაწილეებს, რაც დაუშვებელია მითითებული მუხლის მიზნებიდან გამომდინარე. ამდენად, დათქმა, რომლის თანახმად, ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება, დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით, ვრცელდება, ასევე სასესხო ვალდებულების შესრულების ინსტიტუტზეც.
43. ამდენად, სასესხო ურთიერთობებში კანონი „არ ენდობა“ მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს (ამ შემთხვევაში მოწმის ჩვენების, როგორც არაპირდაპირი (ინდიციური) მტკიცებულების შეფასება, ემპირიული წესების საფუძველზე ხორციელდება სხვა მტკიცებულებთან შეფასების გზით). აქედან გამომდინარე, კანონი მიუთითებს არა მხოლოდ გამსესხებლის უფლებაზე, არამედ „ხელშეკრულების ნამდვილობაზე“, რაც მოიცავს როგორც გამსესხებლის უფლებას, ასევე, მსესხებლის ვალდებულებას (ხელშეკრულების რეალური ბუნებიდან გამომდინარე გამსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულების საგნის მსესხებელზე საკუთრებაში გადაცემის და შემდეგ მისი მიღების ფაქტის დადგენა ემორჩილება ერთსა და იმავე წესს.), შესაბამისად, მითითებული დანაწესის მიზნებიდან გამომდინარე, სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზეპირი ფორმით ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით (სუსგ №ას-872-830-2013, 17 ოქტომბერი, 2014 წელი).
44. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო პალატამ სწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, როდესაც დაადგინა სადავო თანხის მხოლოდ მსესხებელი მოპასუხისათვის სესხების ფაქტი.
45. მოსარჩელემ კი, სარწმუნოდ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ 1000 ევროს მოპასუხისათვის გადაცემა აღნიშნული თანხის მისთვის (და არა მსესხებელი მოპასუხისათვის) სესხებად უნდა ჩაითვალოს. საქმეში წარმოდგენილი ხელწერილის ამგვარად განმარტების საფუძველი არ არის, რადგან მასში გამოვლენილი ნება შეესაბამება გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივ გარემოებას სადავო თანხის მსესხებელი მოპასუხისათვის სესხების შესახებ.
46. ამასთან, სასამართლოს რომც გაეზიარებინა მოსარჩელის არგუმენტი 1000 ევროს მოპასუხისათვის სესხად გადაცემის თაობაზე, აღნიშნული მაინც ვერ გამოიწვევდა სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას და გახდებოდა მოპასუხეთათვის სესხის სოლიდარულად დაკისრების წინაპირობა მხოლოდ 1000 ევროს ფარგლებში.
47. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
48. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
49. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
50. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
51. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ო.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური