Facebook Twitter

საქმე № 330210116001439274

საქმე №ას-862-805-2017 8 სექტემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „P.“ (შემდგომში – მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „R.“ (შემდგომში – მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ დავალიანების – 870 000 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს – 870 აშშ დოლარის დაფარვისა და მოპასუხის საკუთრებაში არსებული თანხის გადასახდელად იპოთეკით დატვირთული 800 კვ.მ ფართის აუქციონის წესით რეალიზაციის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის 1 აგვისტოს მხარეთა შორის დაიდო საიჯარო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მეიჯარეს (მოპასუხე) მოიჯარისთვის (მოსარჩელე) დროებით სარგებლობაში უნდა გადაეცა კომერციული ფართები, რის სანაცვლოდაც, მოიჯარემ 900 000 აშშ დოლარი გადაურიცხა მეიჯარეს. ქონების გადაცემა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ განხორციელდა, რის გამოც მოიჯარემ დაკარგა ინტერესი და 2015 წლის 10 მარტის შეთანხმებით მხარეებს შორის, იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა შეწყდა. მოპასუხეს უნდა დაებრუნებინა გადახდილი თანხა 30 ტრანშად, ყოველი თვის 15 რიცხვში, 2015 წლის მარტიდან 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით, 30 000 აშშ დოლარის ოდენობით. მოპასუხეს გადახდილი აქვს 30 000 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი თანხის გადახდის ვალდებულებას არ ასრულებს.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ სარჩელში მითითებული თანხა გადასახდელი აქვს, თუმცა გადახდის ვადა ჯერ არ დამდგარა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის 3 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და, მისი შევსების მიზნით, დაევალა დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობების მითითებით, რომლის საფუძველზეც მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილ უნდა იქნეს იმდენი ასლის ოდენობით, რამდენი მონაწილეცაა საქმეში, აპელანტს დაევალა სახელმწიფო ბიუჯეტში ბაჟის სახით 7 000 ლარის გადახდა, გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნისა და მისი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობის (სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებით) წარდგენა.

7. ზემოაღნიშნული განჩინება აპელანტს ორჯერ გაეგზავნა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (კონვერტზე მითითებული იყო ასევე მისი წარმომადგენლის ტელეფონის ნომერი), თუმცა როგორც საქმეში წარმოდგენილი ფოსტის უკუგზავნილებიდან ირკვევა, ადრესატისათვის გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა. ამასთან, გზავნილი დამატებით გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, თუმცა როგორც საქმეში წარმოდგენილი ფოსტის უკუგზავნილიდან ირკვევა, გზავნილის ჩაბარება ვერც მისთვის მოხერხდა.

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 73-ე მუხლის პირველი ნაწილის, 71-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარში მითითებულია მხოლოდ ერთი მისამართი, რომელზეც აპელანტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 3 აპრილის განჩინება სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ ორჯერ გაეგზავნა. აპელანტის წარმომადგენელს მასალები გაეგზავნა ასევე მის მიერ მითითებულ მისამართზე. შესაბამისად, მოხმობილი ნორმების საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს გზავნილი აპელანტისათვის ჩაბარებულად ითვლება. ჩაბარების თარიღად კი უნდა განისაზღვროს ფოსტის კურიერის ბოლო ვიზიტის თარიღი, ანუ 2017 წლის 2 მაისი.

9. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სსსკ-ის 59-ე, 63-ე მუხლების, მე-60 მუხლის მეორე ნაწილის, 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, განსახილველ შემთხვევაში ხარვეზის შესავსებად დადგენილი 7-დღიანი ვადის ათვლა აპელანტისთვის დაიწყო 2017 წლის 3 მაისს და ამოიწურა 2017 წლის 10 მაისს (ვინაიდან 9 მაისი იყო უქმე დღე). როგორც საქმის მასალებიდან დგინდება, ამ პერიოდის განმავლობაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ.

10. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 7-დღიან საპროცესო ვადაში ხარვეზი არ შეავსო და არც საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განცხადებით მიუმართავს სასამართლოსათვის, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ არსებობს წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების პროცესუალური საფუძველი.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

12. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ მისამართი, რომელზეც სააპელაციო სასამართლოს გზავნილი ორჯერ გაუგზავნა, წარმოადგენს საზოგადოების დამფუძნებლის მისამართს, სადაც სასამართლოდან კორესპონდენცია არასოდეს მისულა. სასამართლო გზავნილი არ მისვლია არც მხარის წარმომადგენელს, რომელიც, ფოსტის მიტანის შემთხვევაში, უთუოდ ჩაიბარებდა მას. სასამართლო გზავნილზე წარმომადგენლის ნომრის მითითების მიუხედავად, აღნიშნული პირისათვის არავის დაურეკავს.

13. მხარის განმარტებით, მოპასუხის ინტერესში შედიოდა სააპელაციო საჩივრის ბედის გარკვევა, თუმცა სასამართლოს კანცელარიაში საქმე რამდენჯერმე ვერ მოიძიეს, როგორც მოგვიანებით მხარეს განუმარტეს, იმის გამო, რომ ელექტრონულ საქმეთა პროგრამაში მხარეები შეყვანილ იქნენ ლათინური ასოებით. აღნიშნული აპელანტის ბრალი არ არის. საბოლოოდ მოპასუხემ განცხადებით მიმართა სასამართლოს, რათა შეეტყო ხარვეზის შესახებ. სასამართლოს შესაძლებლობა ჰქონდა, ტელეფონით მაინც დაკავშირებოდა აპელანტს და ეცნობებინა ხარვეზის ჩასაბარებლად გამოცხადების თაობაზე, როგორც ეს მოგვიანებით განხორციელდა განცხადების შეტანის შემდეგ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

14. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

15. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.

16. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

17. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

18. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო პალატის 2017 წლის 3 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 7 დღის ვადაში კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრისა და სახელმწიფო ბაჟის – 7000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა. ამავდროულად, მხარეს განემარტა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მისი შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.

19. საქმეში წარმოდგენილი შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ აღნიშნული განჩინების ასლი სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე ორჯერ გაეგზავნა უშუალოდ აპელანტს და ერთხელ მის წარმომადგენელს (ს.ფ. 108), თუმცა ვერც ერთი გზავნილი ადრესატს ვერ ჩაბარდა სასამართლოსაგან დამოუკიდებელი მიზეზით (რადგან კურიერს მისამართზე არავინ არ დახვდა, ასევე ადრესატის მოუძიებლობის გამო).

20. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით.

21. აღნიშნული ნორმების შესაბამისად, მოპასუხეს სასამართლო გზავნილით ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ორჯერ უშედეგოდ გაეგზავნა მისივე საჩივარში მითითებულ მისამართზე. საქმეში წარმოდგენილი შპს „სკს-ს“ შეტყობინების ბარათებით ჩაბარების შესახებ ირკვევა, რომ ადრესატი მისამართზე არც ერთხელ არ იმყოფებოდა. კურიერი დაუკავშირდა მხარეს მობილური ტელეფონის მეშვეობით და ამ უკანასკნელმა განუმარტა, რომ თავად მიაკითხავდა გზავნილის ჩასაბარებლად. აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლო გზავნილები დაბრუნდა მხარისათვის ჩაუბარებლად.

22. მხარისათვის სასამართლო უწყებისა თუ გზავნილის ჩაბარების წესს ითვალისწინებს სსსკ-ის 71-ე მუხლის მეორე ნაწილი და 73-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელთა თანახმად, თუ სასამართლოს მიერ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე. ამასთან, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში.

23. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე აპელანტსა და მის წარმომადგენელს სასამართლო გზავნილი არაერთხელ გაეგზავნათ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართებზე და, როგორც უკვე აღინიშნა, ვერც ერთხელ ვერ ჩაბარდა სასამართლოსაგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო. ამდენად, ზემოთ აღნიშნული წესის მიხედვით, სასამართლო გზავნილი ხარვეზის განჩინებასთან ერთად მოპასუხისათვის ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს.

24. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

25. განსახილველ შემთხვევაში აპელანტს ხარვეზის შევსების მიზნით სააპელაციო სასამართლოსათვის 7-დღიან ვადაში არ მიუმართავს არც აპელანტისათვის ხელმეორედ გზავნილი მიტანის მომენტიდან – 2017 წლის 26 აპრილიდან და არც მისი წარმომადგენლის მისამართზე საფოსტო კურიერის ვიზიტიდან – 2017 წლის 2 მაისიდან, რის გამოც სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად.

26. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ მისამართი, რომელზეც სააპელაციო სასამართლოს გზავნილი ორჯერ გაეგზავნა, ეკუთვნის საზოგადოების დამფუძნებელს და იქ სასამართლოდან კორესპონდენცია არასოდეს მისულა.

27. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სააპელაციო პალატამ სასამართლო გზავნილი მხარესა და მის წარმომადგენელს გაუგზავნა მათ მიერვე სააპელაციო საჩივარში დაფიქსირებულ მისამართებზე კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და ასეთ შემთხვევაში სასამართლო ვალდებული არ იყო, ტელეფონით დაკავშირებოდა აპელანტს, რათა მიეწვია იგი ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩასაბარებლად.

28. ასევე აღსანიშნავია, რომ განცხადებით საქმის მიმდინარეობის თაობაზე ინფორმაციის მიღების შესახებ აპელანტის წარმომადგენელმა სააპელაციო პალატას მიმართა 2017 წლის 6 ივნისს, გასაჩივრებული 2017 წლის 15 მაისის განჩინების მიღების შემდეგ, სააპელაციო საჩივრის წარდგენიდან 2 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მაშინ, როცა სსსკ-ის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სააპელაციო პალატას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე უნდა ემსჯელა 10 დღის განმავლობაში. შესაბამისად, მხარეს დაუბრკოლებლად შეეძლო, ასეთი განცხადებით სააპელაციო პალატისათვის მიემართა გაცილებით ადრე და აღნიშნულით ხელი შეეწყო მისთვის სასამართლო გზავნილის ჩაბარებისთვის.

29. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „P.-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე