საქმე № 330210016001344335
საქმე №ას-867-809-2017 15 სექტემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ვ. ნ.-ი (შემდგომში – მოპასუხე, კერძო საჩივრის ავტორი)
მოპასუხეები – გ., მ. და ს. ნ.-ები (შემდგომში – მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ა.-ე, მ. ნ.–ი (შემდგომში –მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხეების მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელეების განმარტებით, მოპასუხეები ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ მათ კუთვნილ უძრავ ქონებას და ნებაყოფლობით არ ათავისუფლებენ. შესაბამისად, უძრავი ნივთი უნდა გამოთავისუფლდეს და გადაეცეს მოსარჩელეებს, ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, კერძოდ, მოპასუხეებს დაევალათ სადავო უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელეთათვის გადაცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 23 იანვრის განჩინებით აპელანტებს დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტში ბაჟის სახით 160 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის, ასევე, ყველა აპელანტის მიერ ხელმოწერილი და კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა.
7. სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის განჩინებით ერთ-ერთი აპელანტის შუამდგომლობის საფუძველზე ხარვეზის შევსების ვადა დამატებით 7 დღით გაგრძელდა.
8. აღნიშნული განჩინება გაეგზავნათ აპელანტებს მათ მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე. საფოსტო გზავნილის ჩაბარების თაობაზე შეტყობინების ბარათით დგინდება, რომ ყველა აპელანტისათვის გაგზავნილი განჩინება ჩაბარდა ერთ-ერთ მათგანს 2017 წლის 10 აპრილს.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, აპელანტებისათვის ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დადგენლი 7-დღიანი საპროცესო ვადის დენა დაიწყო განჩინების გადაცემის მომდევნო დღიდან – 2017 წლის 11 აპრილიდან და ამავე კოდექსის 61-ე მუხლით დადგენილი წესით განჩინებით განსაზღვრული ვადა ამოიწურა 2017 წლის 17 აპრილს, უქმე/დასვენების დღეს, შესაბამისად, აპელანტებისთვის ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა ამოიწურა მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს – 2017 წლის 18 აპრილს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ აპელანტებს განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსიათ და დღემდე არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავთ.
10. სსსკ-ის 59-ე მუხლის, 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტების მიერ ხარვეზის შეუვსებლობა წარმოშობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საპროცესო საფუძველს, რის გამოც სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
12. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ 2017 წლის 27 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსება ვერ შეძლეს ოჯახში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო. ამასთან, მიუთითებს, რომ მოპასუხეები არიან დევნილები და ოჯახში ჰყავთ ავადმყოფი ბავშვი, იმყოფებიან მძიმე ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაში, რის გამოც გამორჩათ ხარვეზის შევსების ვადა.
13. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ, მისი ოჯახის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლებლობა უნდა მიეცეს, ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
14. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
15. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.
16. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
17. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
18. მოცემულ შემთხვევაში ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 23 იანვრის განჩინებით აპელანტებს დაუდგინათ ხარვეზი და დაევალათ ამ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტში ბაჟის სახით 160 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის, ასევე, ყველა აპელანტის მიერ ხელმოწერილი და კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა.
19. სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის განჩინებით ერთ-ერთი აპელანტის შუამდგომლობის საფუძველზე ხარვეზის შევსების ვადა დამატებით 7 დღით გაგრძელდა.
20. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია და კერძო საჩივრის ავტორმა დაადასტურა, რომ სასამართლოს მიერ მიცემულ პერიოდში ხარვეზი არ გამოსწორებულა.
21. ამდენად, დასაბუთებულია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა, რომ აპელანტებს ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში სრულად არ შეუვსიათ, რაც მათი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
22. სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ, აპელანტების ოჯახში არსებული მძიმე მდგომარეობის გამო, სასამართლოს მიერ ხარვეზის გამოსასწორებლად მიცემული ვადის გაშვება საპატიოდ უნდა ჩაითვალოს და მოპასუხე მხარეს შესაძლებლობა მიეცეს, ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით.
23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოსათვის მიმართვის უფლება აბსოლუტურ უფლებათა კატეგორიას არ განეკუთვნება და ექვემდებარება ლეგიტიმურ შეზღუდვას ისეთ შემთხვევებში, როდესაც მხარე არასაპატიო მიზეზით არ ასრულებს კანონით გათვალისწინებულ საპროცესო მოქმედებებს.
24. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ ვითარებაში, როდესაც აპელანტებმა სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრულ ვადაში (რომელიც მათი მოთხოვნით ერთხელ უკვე გაგრძელდა) არ შეავსეს ხარვეზი, არ მოითხოვეს საპროცესო ვადის გაგრძელება და სარწმუნო მტკიცებულების წარდგენის გზით ვერ დაასაბუთეს ვადის გაშვების საპატიო მიზეზის არსებობა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია.
25. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. ნ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე