Facebook Twitter

საქმე № 820210015691755

საქმე №ას-870-812-2017 6 სექტემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობა

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ.“, ბ. ს.-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უფლებამონაცვლედ ცნობა და სააღსრულებო ფურცლის გაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქედის მუნიციპალიტეტს შპს „მ.-ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 55890 ლარის, ასევე, 3912 ლარისა და 30 თეთრის გადახდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და მის აღსასრულებლად გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

განმცხადებლების მოთხოვნა:

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართეს კრედიტორმა – შპს „.-მ“ და ბ. ს.--ემ. მათი განმარტებით, გაფორმდა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „მ.-ს“ უფლებამონაცვლედ ცნობილ უნდა იქნეს ბ. ს.-ე სააღსრულებო ფურცელი გაიცეს ამ უკანასკნელის სასარგებლოდ.

4. ქედის მუნიციპალიტეტი განცხადებას არ დაეთანხმა იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულება დაიდო მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული ვალდებულების შესრულებისაგან თავის არიდების მიზნით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 თებერვლის განჩინებით წარმოდგენილი განცხადება დაკმაყოფილდა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგენილ სამართალურთიერთობაში კრედიტორის – შპს „მ.-ს“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ბ. ს.-ე და გაიცა სააღსრულებო ფურცელი ამ უკანასკნელის სასარგებლოდ და მოვალის – ქედის მუნიციპალიტეტის საწინააღმდეგოდ შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 199-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით და მიუთითა, რომ შპს „მ.-ს“ ქედის მუნიციპალიტეტის მიმართ ჰქონდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნა. აღნიშნული მოთხოვნის დათმობა არც ვალდებულების არსს, არც მოვალესთან არსებულ შეთანხმებას და არც კანონს არ ეწინააღმდეგებოდა, შესაბამისად, იგი უფლებამოსილი იყო, მოთხოვნა დაეთმო მესამე პირისათვის.

7. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განმცხადებლებმა წარადგინეს სანოტარო წესით დამოწმებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, თუმცა ამ ხელშეკრულების არანამდვილობა საქმის მასალებით არ დგინდება. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულების ნამდვილობა შეიძლება სადავო გახადოს მოთხოვნის უფლების მქონე პირმა და არა ქედის მუნიციპალიტეტმა.

8. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქმის მასალებით არ დგინდება ის ფაქტი, რომ შპს „მ.-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დავალიანება გააჩნია, თუმცა ასეც რომ ყოფილიყო, ეს განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი მაინც არ იქნებოდა.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე გამგეობამ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

10. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია და ეფუძნება ფაქტობრივ შეცდომებს. განცხადებაში მითითებულია, რომ შპს „მ.-სა“ და ბ.ს.-ეს შორის 2010 წლის 10 სექტემბერს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლითაც შპს „მ.-ს“ გადაეცა 65 000 ლარი 2013 წლის 1 მაისამდე, მაგრამ ვალდებულება არ შეუსრულებია. რეალურად განცხადებაზე დართული სესხის ხელშეკრულება დადებულია 2011 წლის 10 სექტემბერს და არა 2010 წელს, თუმცა სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული არ შეუფასებია.

11. მხარის მოსაზრებით, საეჭვოა, რომ ბ.ს.-ემ ამ პერიოდის განმავლობაში სამართლებრივად არ მოითხოვა თანხის დაბრუნება და არც სასამართლოსათვის მიუმართავს, შესაბამისად, გარიგება დაიდო თვალთმაქცურად და მიზნად ისახავდა შპს „მ.-ს“ მხრიდან ბ.ს.-ის მეშვეობით თანხის მიღებას იმგვარად, რომ თავი აარიდოს სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ არსებული დაახლოებით 450 000 ლარის მოცულობის ვალდებულების შესრულებას. ამასთან, უფრო სარწმუნო იქნებოდა, სადავო ხელშეკრულება დამოწმებულიყო სანოტარო წესით. ასევე, არ ირკვევა, რა გზით გადასცა თანხა კრედიტორმა მოვალეს.

12. სააპელაციო პალატის მიერ მოხმობილი სსკ-ის 199-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სადავო მოთხოვნის დათმობა ეწინააღმდეგება ვალდებულების არსსა და კანონს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

14. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო პალატის მიერ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში კრედიტორის უფლებამონაცვლის ჩართვის კანონიერება.

15. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქედის მუნიციპალიტეტს შპს „მ.-ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 55890 ლარის, ასევე, 3912 ლარისა და 30 თეთრის გადახდა.

16. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და მის აღსასრულებლად გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

17. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართეს შპს „მ.-მ“ და ბ. ს.-ემ, რომელთაც წარმოადგინეს ერთმანეთს შორის გაფორმებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება. შპს „მ.-ს“ უფლებამონაცვლედ ცნობილ უნდა იქნეს ბ. ს.-ე სააღსრულებო ფურცელი გაიცეს ამ უკანასკნელის სასარგებლოდ.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სწორად იხელმძღვანელა სსკ-ის 199-ე მუხლით, რომლის თანახმად მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი. მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი.

19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლება წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის ობიექტს, რომელიც მატერიალური სახით არ არსებობს, თუმცა მიმოქცევადი სიკეთეა, რომლის მფლობელსაც გააჩნია ამ მოთხოვნის განკარგვის შესაძლებლობა (იხ. სსკ-ის მე-7 მუხლი: კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ობიექტი შეიძლება იყოს ქონებრივი ან არაქონებრივი ღირებულების მატერიალური და არამატერიალური სიკეთე, რომელიც კანონით დადგენილი წესით ბრუნვიდან არ არის ამოღებული), მათ შორის მის უზრუნველყოფის საგნად გამოყენების შესაძლებლობა (სსკ-ის 254-ე მუხლი). სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლი ადგენს მოთხოვნის დათმობის ნამდვილობის კრიტერიუმებს და მის გამომრიცხველ გარემოებად მიიჩნევა, თუ: მოთხოვნის დათმობა ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს; გარიგება ეწინააღმდეგება კანონს; ცედენტისა (მოთხოვნის მფლობელის) და ცესიონერის (მოთხოვნის მიმღების) ნება ეწინააღმდეგება მოთხოვნის თავდაპირველი მფლობელისა და მოვალის შეთანხმებას. ამ უკანასკნელ შემთხვევაში კი, შეთანხმება ნამდვილია, თუკი არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი (სუსგ 16.09.2016წ. საქმე №ას-683-654-2016).

20. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, მოვალის პრეტენზია, რომელიც არ ეთანხმება კრედიტორის მიერ მის მიმართ არსებული მოთხოვნის დათმობას, შეიძლება ეფუძნებოდეს ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს, ამასთან, აღნიშნული პირობების არსებობა მოვალემ სარწმუნოდ უნდა ამტკიცოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში არსებული მტკიცებულების სტანდარტის დაცვით.

21. განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი (მოვალე), მართალია, უთითებს, რომ კრედიტორის მიერ მის მიმართ არსებული მოთხოვნის დათმობა ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, თუმცა აღნიშნული მითითება მხოლოდ და მხოლოდ მხარის მოსაზრებაა და რაიმე ობიექტურ მტკიცებულებას არ ეყრდნობა.

22. დასაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ სადავო მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველზე მოვალეს სარწმუნოდ არ მიუთითებია.

23. ამავდროულად, საქმეში არ წარმოდგენილა და ვერც კერძო საჩივრის ავტორი ვერ ასახელებს დოკუმენტს, რომლითაც დადასტურდებოდა შპს „მ.-ს“ მხრიდან შეუსრულებელი ვალდებულების არსებობა სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე, თუმცა ასეთი შინაარსის დოკუმენტის არსებობის შემთხვევაშიც, იგი გავლენას ვერ მოახდენდა მოთხოვნის დათმობის წარმოდგენილი ხელშეკრულების შინაარსსა და მხარეთა მიერ გამოვლენილ ნების ნამდვილობაზე.

24. რაც შეეხება კერძო საჩივარში მითითებულ არგუმენტებს მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების რეკვიზიტების, თანხის გადაცემის დადასტურებისა და სხვა საკითხების შესახებ, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მათი შეფასება მოცემული დავის საგანს სცილდება.

25. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე