Facebook Twitter

საქმე №190210016001289304

საქმე №ას-873-815-2017 5 სექტემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – დ. ფ.-ი (შემდგომში – მოპასუხე)

მოპასუხე – ზ. ი.-ა

მოწინააღმდეგე მხარე – დ. ა.-ე (შემდგომში – მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების მიმართ უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ.

მოპასუხის პოზიცია:

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ (კასატორმა) გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თუმცა მოსარჩელის საჩივრის საფუძველზე ამავე პალატის 2017 წლის 17 იანვრის განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმის წარმოება განახილდა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება. კასატორმა პრეტენზია წარადგინა სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 17 იანვრის განჩინებაზეც, რომლითაც გაუქმდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

8. 2017 წლის 9 აგვისტოს კასატორმა განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს და მიუთითა, რომ უარს აცხადებს საკასაციო საჩივარზე, რადგან მხარეთა მიერ ვალდებულებები შესრულებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

9. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება, საქმის მასალები და მიაჩნია, რომ მოცემულ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგი საფუძვლებით:

10. სსსკ-ის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

11. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი საქმის განხილვის წესებით, თუ აღნიშნული წესები საკასაციო პალატისათვის განსაზღვრულ სპეციალურ ნორმებს არ ეწინააღმდეგება.

12. სსსკ-ის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელეს (აპელანტს, კასატორს) შეუძლია უარი თქვას სარჩელზე. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე.

13. ამდენად, მოსარჩელე, აპელანტი უფლებამოსილია, კანონით გათვალისწინებული შედეგების გათვალისწინებით, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე დაუბრკოლებლად უარი განაცხადოს თავის სარჩელსა თუ სააპელაციო საჩივაზე. დისპოზიციურობის აღნიშნული წესი ვრცელდება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის უფლებაზეც და მხარეს შეუძლია, დაეთანხმოს მის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებას.

14. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს წარმოებაში იმყოფება მოპასუხის საკასაციო საჩივარი, რომელმაც უარი განაცხადა მის მიერ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შეტანილ საკასაციო საჩივარზე.

15. სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ამასთან, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

16. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს მოცემულ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობა – მხარის უარი თავის საკასაციო საჩივარზე, რაც აკმაყოფილების ზემოაღნიშნულ ნორმატიულ დანაწესს. შესაბამისად, წინამდებარე კასატორის შუამდგომლობა კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე წარმოება უნდა შეწყდეს.

17. რაც შეეხება კასატორის წარმოდგენილ პრეტენზიას თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 17 იანვრის იმ განჩინების გაუქმების შესახებ, რომლითაც გაუქმდა მოცემულ საქმეზე მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. შესაბამისად, კასატორის აღნიშნული მოთხოვნა დაუშვებელია.

18. სსსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

19. ამდენად, კასატორს სრულად უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დ. ჩ.-ისა და დ. ფ.-ის მიერ 2017 წლის 18 ივლისს №- საგადასახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 300 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 273-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. ფ.-ის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. შეწყდეს წარმოება დ. ფ.-ის საკასაციო საჩივარზე სამოქალაქო საქმეზე, – დ. ა.-ის სარჩელის გამო, დ. ფ.-ისა და ზ. ი.-ას მიმართ უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ.

3. კასატორ დ. ფ.-ს (პირადი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს დ.- ჩ.-ისა და დ. ფ.-ის მიერ 2017 წლის 18 ივლისს №- საგადასახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 300 ლარი.

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური