Facebook Twitter

საქმე №330210016001313892

საქმე №ას-897-837-2017 22 სექტემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (შემდგომში – მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.-ა“ (შემდგომში – მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა 1 841 367.55 ლარის ანაზღაურება, საიდანაც რესტრუქტურიზებული თანხაა – 693 964.53 ლარი, სარგებელი – 148 153.44 ლარი, ხოლო პირაგასამტეხლო – 999 249.46 ლარი, ამავდროულად, 2016 წლის 1 თებერვლიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე მოპასუხეს დაეკისროს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.07% ოდენობით, რომელიც ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის შეადგენს 485.78 ლარს.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე წარმოადგენს რამდენიმე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სამართალმემკვიდრეს, რომელთაც გააჩნდათ მოსარჩელის მიმართ ფულადი დავალიანება. საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, აღნიშნული დავალიანება რესტრუქტურიზებულ იქნა და შედგა გადახდის გრაფიკი, თუმცა, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, საწარმო არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხე შესაგებლით სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს დაეთანხმა, თუმცა საქმის ზეპირი განხილვისას სასარჩელო მოთხოვნები არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელის მიერ დასახელებული პირგასამტეხლოს შემცირება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1091930,45 ლარის გადახდა, ასევე, 2016 წლის 1 თებერვლიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე ყოველდღიურად გადაუხდელი ძირითადი თანხის – 693964,65 ლარის 0,017 პროცენტის ანაზღაურება, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2007 წლის 22 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და იმ საზოგადოებას შორის, რომლის სამართალმემკვიდრეც მოპასუხეა გაფორმდა სესხის ხელშეკრულება და შედგა დაფარვის გრაფიკი.

7. სესხის ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა ორი წლით. ხელშეკრულების 2.9 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში სასესხო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აუნაზღაურებელ თანხას ერიცხება პირგასამტეხლო 0.07%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

8. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №.. განკარგულების შესაბამისად, რესტრუქტურიზებულ იქნა 2010 წლის 15 ივნისის მდგომარეობით არსებული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანება 693 964.65 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა – 500 000 ლარი, სარგებელი – 8 988.58 ლარი, პირგასამტეხლო კი, – 184976.07 ლარი.

9. 2010 წლის 22 ივნისს გაფორმდა „ხელშეკრულება ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ“. თანხის გადახდის პერიოდი განისაზღვრა 5 წლით – 2010 წლის 15 ივნისიდან 2015 წლის 15 ივნისის ჩათვლით. ამასთან, დავალიანების დასაფარად შედგა გადახდის გრაფიკი.

10. სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2012 წლის 16 მარტის №.. ბრძანების თანახმად, განხორციელდა რამდენიმე შპს-ს შერწყმა. საბოლოოდ ჩამოყალიბდა მოპასუხე საზოგადოება.

11. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების შემოწმება ხდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების კანონიერებასთან დაკავშირებით.

12. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მხარეთა შეთანხმებით დადგენილი პირგასამტეხლოს განაკვეთი – 0.07% შემცირდა და განისაზღვრა 0,017 პროცენტით.

13. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს უკანონოდ შემცირებასთან დაკავშირებით.

14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 417-ე, 418-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობის წინაპირობაა ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების დარღვევის შედეგად ზიანის დადგომა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების წარმოშობაზე ზეგავლენას არ ახდენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება არსებობს მაშინაც, როდესაც ხელშეკრულების დარღვევამ ზიანის დადგომა არ გამოიწვია. ამდენად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის აუცილებელი წინაპირობაა მხოლოდ ვალდებულების დარღვევა. ვალდებულება შეიძლება მდგომარეობდეს აქტიურ მოქმედებასა ან უმოქმედობაში. ვალდებულების დარღვევა კი შეიძლება გამოიხატოს ვალდებულების შეუსრულებლობასა ან არაჯეროვან შესრულებაში.

15. ვალდებულების „მნიშვნელოვანი“, თუ „უმნიშვნელო“ დარღვევა შეფასებითი კატეგორიებია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი შეფასება სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული. მითითებული გარემოება კი შეფასების საგანი შეიძლება გახდეს პირგასამტეხლოს შემცირებაზე მსჯელობის კონტექსტში.

16. სსკ-ის 420-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ კანონი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების

17. დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა. ამასთან, არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები.

18. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა იყო შეუსაბამოდ მაღალი და ბევრად აღემატებოდა სესხის ძირითად დავალიანებას, შესაბამისად, დარღვევის მოცულობიდან და ხასიათიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მოახდინა მისი შემცირება პირგასამტეხლოს გონივრულ და სამართლიან ოდენობამდე. ამდენად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია პირგასამტეხლოს შემცირებული ოდენობის არაგონივრულობასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან პირგასამტეხლოს შემცირება განხორციელდა კანონის სრული დაცვით.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

19. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

20. კასატორმა მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს შემცირება მოხდა უკანონოდ, ვინაიდან თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,07%-ის დარიცხვა არ არის შეუსაბამოდ მაღალი განაკვეთი. სააპელაციო სასამართლომ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ აღემატებოდა აღნიშნული განაკვეთი გონივრულ სტანდარტებს. მათემატიკური გაანაგრიშების შედეგად ირკვევა, რომ პირგასამტეხლოს აღნიშნული საპროცენტო განაკვეთის 30 დღეზე გამრავლებით ყოველთვიურად გამოდის 2,%, ხოლო წელიწადში – 25,2%, რაც შეესაბამება ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ საბაზრო საპროცენტო განაკვეთს.

21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

22. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

23. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2007 წლის 22 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და იმ საზოგადოებას შორის, რომლის სამართალმემკვიდრეც მოპასუხეა გაფორმდა სესხის ხელშეკრულება და შედგა დაფარვის გრაფიკი.

24. სესხის ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა ორი წლით. ხელშეკრულების 2.9 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში სასესხო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აუნაზღაურებელ თანხას ერიცხება პირგასამტეხლო 0.07%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

25. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №.. განკარგულების შესაბამისად, რესტრუქტურიზებულ იქნა 2010 წლის 15 ივნისის მდგომარეობით არსებული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანება 693 964.65 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა – 500 000 ლარი, სარგებელი – 8 988.58 ლარი, პირგასამტეხლო კი, – 184976.07 ლარი.

26. 2010 წლის 22 ივნისს გაფორმდა „ხელშეკრულება ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ“. თანხის გადახდის პერიოდი განისაზღვრა 5 წლით – 2010 წლის 15 ივნისიდან 2015 წლის 15 ივნისის ჩათვლით. ამასთან, დავალიანების დასაფარად შედგა გადახდის გრაფიკი.

27. სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2012 წლის 16 მარტის №.. ბრძანების თანახმად, განხორციელდა რამდენიმე შპს-ს შერწყმა. საბოლოოდ ჩამოყალიბდა მოპასუხე საზოგადოება.

28. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარემ მიიჩნია, რომ სასამართლოს არ დაუსაბუთებია, რატომ შეამცირა სადავო პირგასამტეხლოს ოდენობა.

29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

30. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

31. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.

32. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

33. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).

34. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

35. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

36. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

37. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

38. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.

39. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).

40. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.

41. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოვალემ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულება სრულად არ შეასრულა და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა.

42. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორს მხარეს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.

43. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

44. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

45. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (სუსგ 7.07.2017წ. საქმე №ას-638-596-2017) და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

46. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

47. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე