Facebook Twitter

საქმე № 010210016001371665

საქმე №ას-901-841-2017 8 სექტემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ბ. რ.-ე, ი. კ.–ი (შემდგომში – მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ბ.–ი (შემდგომში – მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, მის სახელზე საჯარო რეესტრში ირიცხება უძრავი ქონება, რომელსაც ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ მოპასუხეები და ნებაყოფლობით არ ათავისუფლებენ.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა ხარვეზით, კერძოდ, აპელანტებს არ გადაუხდიათ სახელმწიფო ბაჟი – 160 ლარი, არ იყო წარმოდგენილი დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი და სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია შესრულებული „ვორდის“ ფაილში CD დისკის სახით.

7. სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 31 მარტის განჩინებით აპელანტებს დაევალათ ამ განჩინების მათთვის გადაცემიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 160 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი დედნის, დასაბუთებული სააპელაციო საჩივრისა და სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარდგენა.

8. მათვე განემარტათ, რომ, თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსებდნენ ხარვეზს, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

9. 2017 წლის 12 აპრილს აპელანტებმა განცხადებით მიმართეს სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვეს ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის ერთი თვით გაგრძელება.

10. სააპელაციო პალატის 2017 წლის 24 აპრილის განჩინებით აპელანტების შუამდგომლობა ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აპელანტებს გაუგრძელდათ 2017 წლის 31 მარტის განჩინებით ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღით. ამავდროულად, აპელანტებს განემარტათ, რომ, თუ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსებდნენ ხარვეზს, სასამართლო გამოიტანდა განჩინებას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

11. საქმეზე წარმოდგენილი სასამართლოს შესაბამისი მოხელის (მოსამართლის თანაშემწის) მიერ შედგენილი სატელეფონო აქტით ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 24 აპრილის ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება ეცნობა სატელეფონო შეტყობინების გზით პირადად ერთ-ერთ მოპასუხეს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 368-ე მუხლის მეექვსე ნაწილის შესაბამისად, მასვე, როგორც მეორე მოპასუხის ოჯახის წევრს, 2017 წლის 16 მაისს.

12. 2017 წლის 29 მაისს აპელანტებმა განცხადებით მიმართეს სააპელაციო სასამართლოს, წარადგინეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება და მოითხოვეს დასაბუთებული სააპელაციო საჩივრისა და სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარსადგენად ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელება.

13. სააპელაციო პალატამ შუამდგომლობა ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული ვადის გაგრძელების თაობაზე არ დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ როგორც საქმის მასალებით ირკვევა, აპელანტებს, სასამართლოს განჩინებით ერთხელ უკვე გაუგრძლდათ ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული ვადა, თუმცა ხარვეზი სრულად შევსებული არ ყოფილა.

14. გარდა ამისა, აპელანტებმა, განმეორებით წარმოდგენილ განცხადებაში, ხარვეზის ვადის გაგრძელების მოთხოვნის საფუძვლად მიუთითეს დროის უკმარისობა, თუმცა, როგორც საქმის მასალებით დასტურდება აპელანტებს, აღნიშნული მოტივით ერთხელ უკვე გაუგრძელდათ ხარვეზის გამოსწორებისათვის ვადა, რაც გამორიცხავს ამ მსჯელობის გაზიარების შესაძლებლობას.

15. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და ხარვეზის შევსებისათვის სასამართლოს განჩინებით დადგენილი ვადის კიდევ ერთხელ გაგრძელების საფუძველი.

16. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეექვსე ნაწილის თანახმად, იმის გათვალისწინებით, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება აპელანტებს ეცნობათ სატელეფონო შეტყობინების გზით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 24 აპრილის ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება აპელანტებისათვის ჩაბარებულად ითვლება 2017 წლის 16 მაისს, რომლის შესაბამისადაც, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი სრულად შევსებული არ ყოფილა.

17. სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა, რომ აპელანტებმა ხარვეზი არ შეავსეს, კერძოდ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგინეს დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი და სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

18. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

19. კერძო საჩივრის ავტორებმა მიიჩნიეს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად უთხრათ უარი დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარსადგენად საპროცესო ვადის დამატებით 5 დღით გაგრძელებაზე, ვინაიდან სასამართლოს მიერ მანამდე მიცემული ვადა არ აღმოჩნდა საკმარისი ხარვეზის სრულად გამოსასწორებლად. აღნიშნულ პერიოდში დაემთხვა ბევრი არასამუშაო დღე, ამასთან, აპელანტებს შეეძინათ შვილიშვილი და იმყოფებდნენ თბილისში. დასაბუთებული სააპელაციო საჩივრისა და შესაბამისი დოკუმენტების წარსადგენად მომზადებას კი გარკვეული დრო ესაჭიროებოდა.

20. მხარის მითითებით, არც ერთი კანონის დანაწესი არ უკრძალავდა სააპელაციო სასამართლოს მის მიერვე დაწესებული ვადის გაგრძელებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

21. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

22. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.

23. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

24. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

25. მოცემულ შემთხვევაში ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 31 მარტის განჩინებით აპელანტებს დაუდგინათ ხარვეზი და დაევალათ ამ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 160 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი დედნის, დასაბუთებული სააპელაციო საჩივრისა და სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარდგენა. აპელანტთა შუამდგომლობით, სააპელაციო პალატის 2017 წლის 24 აპრილის განჩინებით აღნიშნული ვადა კიდევ 10 დღით გაგრძელდა.

26. 2017 წლის 29 მაისს აპელანტებმა კვლავ განცხადებით მიმართეს სააპელაციო სასამართლოს, წარადგინეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება და მოითხოვეს დასაბუთებული სააპელაციო საჩივრისა და სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარსადგენად ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელება იმ მოტივით, რომ მიცემული ვადა არ აღმოჩნდა საკმარისი.

27. სსსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.

28. კანონის მითითებული დანაწესი გულისხმობს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს მის მიერ დადგენილი ვადა, თუ არსებობს ისეთი ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს ამგვარ საპროცესო მოქმედებას და, შესაბამისად, საქმის განხილვის ვადის დახანებას და არ ემსახურება მის გაჭიანურებას. იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე მოითხოვს მისთვის სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელებას, იგი ვალდებულია, სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, სარწმუნოდ დაასაბუთოს საკუთარი მოტივების საფუძვლიანობა. მხარის მიერ მოყვანილ არგუმენტებზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, რომელიც უარს ეტყვის მხარეს ვადის გაგრძელებაზე, თუ ვერ დარწმუნდება მხარისათვის რაიმე დამატებითი დროის მიცემის აუცილებლობაში. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას სასამართლო ვალდებულია, გაითვალისწინოს საპროცესო ეკონომიის პრინციპი და მხედველობაში მიიღოს მეორე მხარის ინტერესი, ისარგებლოს ეფექტური, სწრაფი მართლმსაჯულებით.

29. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სწორად არ დააკმაყოფილა აპელანტების შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ, ვინაიდან მხარემ აღნიშნულისათვის საპატიო მიზეზის არსებობაზე ვერ მიუთითა.

30. საგულისხმოა, რომ დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის შესადგენად მოპასუხეებს გააჩნდათ დრო იმ მომენტიდან, რაც შეიტყეს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი მათ წინააღმდეგ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, აღნიშნული ვადისა და საქმის სამართლებრივი სირთულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეებს სავსებით გონივრული დროის პერიოდი გააჩნდათ დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის მოსამზადებლად.

31. ამავდროულად, კერძო საჩივრის ავტორებს არ მიუთითებიათ, მათ მიერ მოთხოვნილი ვადის გასვლის შემდეგომ მოიპოვეს თუ არა სააპელაციო საჩივარზე დასართავი ის მტკიცებულებები, რის გამოც დამატებით ვადის გაგრძელებას ითხოვდნენ, რათა დაედასტურებინათ, რომ სააპელაციო პალატის მიერ დამატებით 5 დღით ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება მათთვის ობიექტურ საჭიროებას წარმოადგენდა.

32. ამდენად, დასაბუთებულია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა, რომ აპელანტებს ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში სრულად არ შეუვსიათ, რაც მათ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

33. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

34. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბ. რ.-ისა და ი. კ.–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე