საქმე № 150210016001444277
საქმე №ას-936-876-2017 8 სექტემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შ. თ.-ი (შემდგომში – მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. კ.-ე (შემდგომში – მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 8 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ 31 000 ლარის ანაზღაურების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხესთან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე მიაწოდა 65 ტონა რძე, რომლის საერთო ღირებულება შეადგენს 53 000 ლარს, საიდანაც მოპასუხეს გადახდილი აქვს მხოლოდ 22 000 ლარი, ხოლო მიმდინარე დავალიანება შეადგენს 31 000 ლარს.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელესთან ვალდებულების-სამართლებრივი ურთიერთობა არ გააჩნდა, შესაბამისად, სადავო თანხის გადახდის მოვალება არ ეკისრება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 8 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 369-ე მუხლის პირველი ნაწილით და დაადგინა, რომ მოპასუხის წარმომადგენელს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაბარდა 2016 წლის 10 ოქტომბერს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2016 წლის 11 ოქტომბერს და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული ვადა ამოიწურა 2016 წლის 24 ოქტომბერს.
7. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში წარადგინა 2017 წლის 19 მაისს, ანუ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით განსაზღვრული ვადის დარღვევით (გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა ამოიწურა 2016 წლის 24 ოქტომბერს).
8. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოპასუხემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის აღდეგენა.
9. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გაგრძელებისა და აღდგენის შესაძლებლობას. რაც შეეხება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის საკითხს, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, საქმეში არსებული ხელწერილით დასტურდება სასამართლოს მიერ აპელანტისთვის (მისი წარმომადგენლისთვის) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ჩაბარების ფაქტი, შესაბამისად გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიყო აპელანტისთვის (მისი წარმომადგენლისთვის) გადაწყვეტილების ჩაბრების დღიდან.
10. სააპელაციო სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილით, 61-ე მუხლის მესამე ნაწილით, 59-ე და 63-ე მუხლებით.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
12. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანიდან 30-ე დღეს მიაკითხა სასამართლოს გადაწყვეტილების ასლის მისაღებად, თუმცა შესაბამისმა მოხელეებმა განუმარტეს, რომ სასამართლოში შესულია მისი წარმომადგენლის მოთხოვნა გადაწყვეტილების ჩაბარებაზე, რის შემდეგ ადვოკატი შეიტანდა სააპელაციო საჩივარს, ამდენად, მიემართა თავისი წარმომადგენლისათვის. ამრიგად მხარეს აღნიშნული გზით შეეზღუდა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოსათვის მიმართვის უფლება.
13. მხარემ განმარტა, რომ თავის ადვოკატს გადაუხადა იურიდიული მომსახურების საფასური და სახელმწიფო ბაჟი, თუმცა მოგვიანებით შეიტყო, რომ წარმომადგენელს სააპელაციო საჩივარი არ შეუტანია. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა გაშვებულ იქნა სასამართლოსა და მისი ადვოკატის ბრალით, საპატიო მიზეზით, რის გამოც სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა უნდა აღუდგეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
14. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
15. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.
16. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის დასაშვებ პერიოდს განსაზღვრავს სსსკ-ის 369-ე მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
17. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. შესაბამისად, აღნიშნული ნორმით დადგენილი წესის შესრულებად ვერ ჩაითვლება მხარის მიერ სასამართლოსათვის გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მიმართვა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღემდე და 30-ე დღის შემდეგ.
18. აღნიშნული ვალდებულება ფაკულტატურია და, შესაბამისად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე, კერძოდ, განსახილველი ნორმის თანახმად „გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი“. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქმედებს დანაწესი, რომლის თანახმად „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს“.
19. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების მსურველი მხარის მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20-დან 30-ე დღემდე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოუცხადებლობა წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის (მიუხედავად იმისა, უქმე დღეა თუ არა აღნიშნული) მომდევნო დღიდან, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (სუს 2015 წლის 12 იანვრის №ას-843-807-2014 განჩინება).
20. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა და მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ მოპასუხეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი კანონით დადგენილი წესით ეცნობა და მისი წარმომადგენელი ესწრებოდა კიდეც გამოცხადებას.
21. საქმის მასალებში წარმოდგენილია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოპასუხის წარმომადგენელი, რომლის უფლებამოსილება დადასტურებულია მე-2 ტომის ს.ფ. 83-ე არსებული მინდობილობით, კანონით დადგენილ ვადაში გამოცხადდა სასამართლოში და 2016 წლის 10 ოქტომბერს ჩაიბარა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი (ტომი 2, ს.ფ. 123).
22. ამდენად, სსსკ-ის 369-ე, 2591 მუხლების მიხედვით, დასაბუთებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო მოპასუხის წარმომადგენლის მიერ მისი ჩაბარების – 2016 წლის 10 ოქტომბრის მომდევნო დღიდან – 2016 წლის 11 ოქტომბრიდან. აღნიშნული ვადა ამოიწურა 2016 წლის 24 ოქტომბერს. აღნიშნულის შემდგომ მოპასუხემ სასამართლოს მიმართა მხოლოდ 2017 წლის 19 მაისს, კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით.
23. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გაშვება გამოწვეული იყო სასამართლოს ბრალით მისი მოხელეების მიერ დამაბნეველი განმარტების მიცემის გამო. უპირველესად, აღნიშნული მოსაზრება ეფუძნება მხოლოდ მხარის განმარტებას, ამასთანავე, მოპასუხეს გააჩნდა ორი წარმომადგენელი, რომელთა მეშვეობითაც მას შეეძლო სათანადოდ დაეცვა თავისი ინტერესები.
24. აღსანიშნავია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაიბარა წარმომადგენელმა, რომელიც მონაწილეობდა სარჩელის განხილვის პროცესში და არა მოპასუხის მეორე წარმომადგენელმა, რომელთან მიმართებითაც კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს მარწმუნებლის უფლებების არაჯეროვნად დაცვის ფაქტზე. ასევე, კერძო საჩივრის ავტორს რაიმე მტკიცებულების წარმოდგენის გზით არ დაუდასტურებია მის მიერ მითითებული გარემოება მეორე წარმომადგენლისათვის ჰონორარისა და სახელმწიფო ბაჟის თანხის გადახდის შემდეგ ამ უკანასკნელის თაღლითურად გაუჩინარების შესახებ.
25. ასეც რომ არ იყოს, ზემოთ უკვე განიმარტა და საკასაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა 369-ე მუხლით დადგენილი სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის გაგრძელების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს მიუხედავად იმისა, საპატიო მიზეზით გაუშვა თუ არა მხარემ აღნიშნული ვადა.
26. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ. თ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 8 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე