Facebook Twitter

№140210015001064133

საქმე №ას-803-752-2017 15 სექტემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს მ--ო“ (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)

მოწინააღმდეგე მხარე - ბ-ჯ-ლი, ქ- ფ-ი, ი- ღ-–ვილი (მოპასუხე,აპელანტი)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2004 წლის 08 ოქტომბერს ერთი მხრივ საქართველოს ს--ის ფონდს (შემდგომში ფონდს) და მეორე მხრივ, ბ- ჯ-ლს (შემდეგში: პირველი მსესხებელი) და ქ- ფ--ს (შემდეგში: მეორე მსესხებელი) შორის გაფორმდა სესხის გენერალური ხელშეკრულება №01/.. (შემდეგში: გენერალური ხელშეკრულება).

2. გენერალური ხელშეკრულებით სასესხო ლიმიტის მოცულობა განისაზღვრა არაუმეტეს 75 000 აშშ დოლარით, სესხის ტრანშის მოცულობა კი არაუმეტეს 15000 აშშ დოლარით. სასესხო ლიმიტის ფარგლებში გასაცემ სესხებზე დარიცხული წლიური პროცენტის მოცულობა განისაზღვრა არაუმეტეს 24%-ით. ხელშეკრულების ფარგლებში მსესხებლის მიერ ქვე სესხის ხელშეკრულებით აღებული სესხი/სესხები დაფარული უნდა ყოფილიყო არაუგვიანეს 2009 წლისა.

3. გენერალური ხელშეკრულების 6.1. პუნქტით განისაზღვრა, რომ მსესხებლის მიერ ამ ხელშეკრულებით და მის ფარგლებში გაფორმებული ქვე სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ,,მსესხებლის’’ ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილი იქნებოდა ფონდსა და ორივე მსესხებელს შორის 2004 წლის 08 ოქტომბრის #01/.. იპოთეკის ხელშეკრულებაში განსაზღვრული უძრავი ქონებით (ტ.1.ს.ფ. 13-17)

4. გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე, მხარეებს შორის გენერალური ხელშეკრულების ანალოგიური ნომრით გაფორმდა ქვე ხელშეკრულება. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ გენერალური ხელშეკრულების ანალოგიური ნომრით დადებული ქვე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად შესრულდა (ტ.1.ს.ფ. 89).

5. 2004 წლის 08 ოქტომბერს ფონდს და მეორე მსესხებელს შორის გაფორმდა უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის შესახებ ხელშეკრულება #01/.. (შემდეგში: იპოთეკის ხელშეკრულება). ხელშეკრულების საგნად განისაზღვრა ”მესაკუთრეს” და ფონდს შორის გენერალური ხელშეკრულებით გათვალისწინებული მესაკუთრის ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა.

6. იპოთეკის ხელშეკრულების მე-4 პუნქტით განისაზღვრა იპოთეკით უზრუნველყოფილი ვალდებულებების შესრულების არსი, მოცულობა და ვადა. კერძოდ, მითითებული იქნა, რომ ქონების იპოთეკით დატვირთვა უზრუნველყოფდა მესაკუთრის მიერ სესხის ხელშეკრულება №01/.. განსაზღვრული შემდეგი ვალდებულების შესრულებას: 13 624,72 აშშ დოლარის ოდენობით თანხის დაბრუნებას და სესხის ძირითად თანხაზე დარიცხული წლიური 20%-ის გადახდას. ძირითადი თანხის და მასზე დარიცხული პროცენტების დაფარვის საბოლოო ვადად განისაზღვრა 2005 წლის 30 ოქტომბერი. (ტ.1.ს.ფ. 18-22)

7. 2007 წლის 16 ნოემბერს ერთი მხრივ, ფონდს და მეორე მხრივ, სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ფინაგროს’’ (შემდეგში: მოსარჩელეს) შორის გაფორმდა ხელშეკრულება #001 მოთხოვნის (უფლების) და ძირითადი საშუალებების გადაცემის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად ფონდმა გადასცა, ხოლო მიმღებმა მიიღო მოთხოვნის უფლება მსესხებლების მიმართ (დანართი №1), აგრეთვე ქონებრივი ობიექტები (დანართი №2) და ნაღდი ფული (დანართი №3). აღნიშნულ ხელშეკრულებას ერთვის ფონდის მიერ მოსარჩელეზე გადაცემული სესხების ნუსხა, საიდანაც ირკვევა, რომ მოსარჩელისთვის გადაცემულია პირველ მსესხებელთან გაფორმებული #01/.. ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება.

8. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა პირველი მსეხებლის, მეორე მსესხებლისა და ი- ღ-ვილის (შემდეგში: მესაკუთრე) მიმართ და მოითხოვა მესაკუთრის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების N01/.. სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დაფარვის მიზნით აღსრულებაში მიქცევა.

9. გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მესაკუთრის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე მდებარე ქ.გ----–ი, შ----- ქ. N85, როგორც იპოთეკის საგანზე, გავრცელდა აღსრულება 2008 წლის 08 ოქტომბრის N01/.. სესხის ქვე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად.

10. გადაწყვეტილება გაუქმდა მისი სააპელაციო წესით გასაჩივრების შედეგად და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

11. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების პპ: 1-7-ით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. იმავდროულად, აღნიშნა შემდეგი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 286-ე მუხლის პირველი ნაწილის (მხარეებს შორის იპოთეკის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებისას მოქმედი რედაქციის) თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული), რომ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთიდან (იპოთეკა). ამდენად, იპოთეკა სანივთოსამართლებრივი გარიგებაა, რომელიც უზრუნველყოფს ვალდებულებას. მისი არსი და დანიშნულება არსებული ვალდებულების უზრუნველყოფაა და მის გარეშე არ არსებობს. იპოთეკა აქცესორული უფლებაა და სსკ-ის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იგი არ წარმოიშობა და არც შეიძლება არსებობდეს ძირითადი უფლების გარეშე. იპოთეკის, როგორც აქცესორული უფლების, ბუნება ვლინდება ძირითადი უფლების გადაცემის პროცესშიც - მოთხოვნის გადაცემისას იპოთეკა თან მიჰყვება მთავარ უფლებას. აღნიშნულს ნათლად ასახავს სსკ-ის 295-ე მუხლის დანაწესი, რომლის ძალითაც იპოთეკა და მის საფუძვლად არსებული მოთხოვნა მხოლოდ ერთდროულად და ერთობლივად შეიძლება იქნეს სხვა პირისათვის გადაცემული. მოთხოვნის გადაცემასთან ერთად ახალ კრედიტორზე გადადის იპოთეკაც. ვინაიდან იპოთეკა ძირითადი ვალდებულების შესრულებას ემსახურება, მხარეთა შეთანხმება უზრუნველყოფის მოცულობაზე გაგებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ ამ მოცულობის ფარგლებში განხორციელდეს სანივთო უფლების გამოყენება და მოთხოვნის აღსასრულებლად მიქცევა. იპოთეკარი დაცულია საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერით მოვალის საკუთრებასთან დაკავშირებით, თუნდაც აღნიშნული ჩანაწერი შემდგომში არასწორი აღმოჩნდეს. მეორე მხრივ კი, მოვალე დაცულია იპოთეკის საგნის იმ ვალდებულების ფარგლებით, რომელი ვალდებულებისთვისაც მან ქონება იპოთეკით დატვირთა, ანუ უმთავრესია იპოთეკით მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის, როგორც იპოთეკის საგნის, ისე იმ ვალდებულების განსაზღვრულობა, რომლის უზრუნველსაყოფადაც ხორციელდება სანივთო უფლების რეალიზაცია. ამ შემთხვევაში, წინდაწინაა სავარაუდო, რომ იპოთეკის საგნის რეალიზაციაა სწორედ მოთხოვნის დაკმაყოფილების - ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება. იგი ხელს უწყობს კრედიტორს, წინასწარ შეაფასოს, რამდენად უზრუნველყოფს იპოთეკის საგანი მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას მოვალის მხრიდან ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში. შესაბამისად, იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას იმთავითვე ნათელი უნდა იყოს, თუ სად გადის იპოთეკით დატვირთული ნივთის მესაკუთრის პასუხისმგებლობის ზღვარი, რომელიც მოიცავს ძირითადი ვალდებულების ფარგლებს (ღირებულებას) ან იპოთეკის გარიგებით მხარეთა შეთანხმებულ უზრუნველყოფილ მოთხოვნის ოდენობას.

12. განსახილველ შემთხვევაში, ფონდს და მეორე მსესხებელს შორის 2004 წლის 08 ოქტომბერს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების მე-4 პუნქტით განსაზღვრულია იპოთეკის ფარგლები, კერძოდ, ხელშეკრულების დასახელებული პუნქტით იპოთეკით უზრუნველყოფილი ვალდებულებების მოცულობა განსაზღვრულია 13 624,72 აშშ დოლარით და სესხის ძირითად თანხაზე დარიცხული წლიური 20%-ით. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით ფონდს და მეორე მსესხებელს შორის 2004 წლის 08 ოქტომბერს გაფორმებული №01/.. იპოთეკის ხელშეკრულება ვრცელდება 13 624,72 აშშ დოლარის და მასზე დარიცხული წლიური 20%-ის ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე.

13. სააპელაციო პალატამ უარყო მოსარჩელის მითითება, რომ სესხის გენერალური ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, ამავე ხელშეკრულების მე-6 პუნქტის თანახმად, მეორე მსესხებელმა აიღო ვალდებულება გენერალური ხელშეკრულების და მის ფარგლებში კრედიტორის მიმართ მოთხოვნის მომენტში არსებული ყველა სახის დავალიანების სრულად დაფარვაზე. მითითებული პირობით იპოთეკა სრულად უზრუნველყოფს მოთხოვნებს იმ მოცულობით, რაც მოსარჩელეს ექნება თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების მომენტში, კერძოდ, იპოთეკით უზრუნველყოფილია გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება და მის საფუძველზე მოქმედი ქვე ხელშეკრულებების შედეგად წარმოშობილი მოთხოვნა სრულად და შეუზღუდავად. სააპელაციო პალატამ მიჩნია, რომ გენერალურ ხელშეკრულებაში მითითებული პირობა არ შეიძლება განიმარტოს 08.10.2004 წლის იპოთეკის შესახებ ხელშეკრულების მე-4 პუნქტის პირობებისგან დამოუკიდებლად, რომელიც, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოთხოვნის უზრუნველყოფის მოცულობას 13 624,72 აშშ დოლარით და მასზე დარიცხული წლიური 20%-ის ფარგლებში განსაზღვრავს. უფრო მეტიც, მოცემულ შემთხვევაში წინამდებარე გადაწყვეტილების 4.4. პუნქტით დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ 2007 წლის 16 ნოემბერს ფონდს და მოსარჩელეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება #001 მოთხოვნის (უფლების) და ძირითადი საშუალებების გადაცემის შესახებ, რომლის თანახმადაც ფონდმა გადასცა, ხოლო მოსარჩელემ მიიღო მოთხოვნის უფლება მსესხებლების მიმართ (დანართი №1), აგრეთვე ქონებრივი ობიექტები (დანართი №2) და ნაღდი ფული (დანართი №3). ფონდის მიერ მოსარჩელეზე გადაცემული სესხების ნუსხა, საიდანაც ირკვევა, რომ ფონდის მიერ პირველ მსესხებელთან მიმართებით გადაცემულ მოთხოვნის უფლებას წარმოადგენს ამ უკანასკნელლთან #01/C842A/07 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება. დასახელებული ხელშეკრულების და გადაცემული სესხების ნუსხის ერთობლივი, შინაარსობრივი და ლოგიკური ახსნა-განმარტების შესაბამისად სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2007 წლის 16 ნოემბრის ხელშეკრულების საფუძველზე ფონდს მოსარჩელისათვის 2004 წლის 08 ოქტომბრის სესხის გენერალური ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება არ გადაუცია. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ ყურადღება იმ გარემოებაზეც გაამახვილა, რომ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე წარმოშობილი დავალიანების დაფარვის მიზნითაც მოსარჩელე მხარე მესაკუთრის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების სარეალიზაციოდ მიქცევას მოითხოვს, 2008 წლის 08 ოქტომბერს გაფორმებულია მოსარჩელეს და პირველ მსესხებელს შორის. საგულისხმოა ასევე ის ფაქტი, რომ მიუხედავად დასახელებული ხელშეკრულების 4.1-4.2 პუნქტებში მითითებისა, რომ სესხს უზრუნველყოფს ხელშეკრულების 4.2. პუნქტში ჩამოთვლილი უძრავ-მოძრავი ქონება, კერძოდ, ქ.გ–ი, შ--- ქ. N85-ში მდებარე მიწის ნაკვეთი 486 კვ.მ. და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი საერთო ფართობით 110,73, ასევე 2009-2010 წლების ხილისა და მარცვლეულის მთლიანი მოსავალი, აღნიშნული ხელშეკრულება არ შეიცავს მასში სესხის უზრუნველყოფის საშუალებად მითითებული უძრავი ქონების მესაკუთრის მიერ გამოვლენილ ნებას მესამე პირის სასარგებლოდ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვასთან მიმართებით.

14. უდავო გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ 2004 წლის 08 ოქტომბრის სესხის ქვე ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანება დაფარულია, პალატამ დადგენილად მიიჩნია ასევე, რომ 2007 წლის 16 ნოემბრის ხელშეკრულებით, მოსარჩელისათვის ფონდის მიერ, ამ უკანასკნელს, პირველ და მეორე მსესხებელს შორის გაფორმებული სესხის გენერალური ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება გადაცემული არ ყოფილა, უფრო მეტიც, უდავოა, რომ დავალიანება, რომლის დაფარვის მიზნითაც მოთხოვნილია უძრავი ნივთის, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების რეალიზაცია წარმოშობილია 2008 წლის 08 ოქტომბერს მოსარჩელესა და პირველ მსესხებელს შორის გაფორმებული სესხის ქვე ხელშეკრულება #01/0232A/08-დან, სააპელაციო პალატა მიდის დასკვნამდე, რომ მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების/იპოთეკის 2008 წლის 08 ოქტომბრის #01/.. ხელშეკრულებიდან წარმოშობილ ვალდებულებაზე გავრცელება ფონდს და მეორე მსესხებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებს სცილდება.

15. სხვა ხელშეკრულებაზე იპოთეკის გავრცელებასთან მიმართებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აღნიშნულს სამოქალაქო კოდექსი გარკვეული წინაპირობების არსებობისას უშვებს, კერძოდ, 286-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომელიც უზრუნველყოფილია იპოთეკით, შეიძლება შეიცვალოს სხვა მოთხოვნით. ამისათვის საჭიროა მესაკუთრისა და კრედიტორის (იპოთეკარის) შეთანხმება და ამ შეთანხმების რეგისტრაცია რეესტრში. მითითებული ნორმის ანალიზი ცხადჰყოფს, რომ მხარეთა შორის ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობისათვის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება მისი მესაკუთრის ნებას საჭიროებს, აღნიშნული კი 2008 წლის 08 ოქტომბრის #01/.. ხელშეკრულების ფარგლებში გამოვლენილი არ ყოფილა.

16. უარყოფილი იქნა მოსაზრება, რომ საკრედიტო დაწესებულებები ყოველდღიურად მიმართავენ ,,პრაქტიკას“, რომელიც ეფუძნება ასეთ დაწესებულებას და კლიენტს შორის გრძელვადიან ურთიერთობას და რომლის მიზანიცაა, თავიდან ააცილოს კლიენტს სხვადასხვა იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტაციის მრავალჯერადი მომზადება, მასთან დაკავშირებული ზედმეტი ხარჯების გაღება, ყოველი ცალკეული პროდუქტით მომსახურებისას ფორმდება გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს და არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი კონკრეტული პროდუქტით. სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლებრივ ურთიერთობებს მხარეთა თანასწორობისა და თავისუფალი სახელშეკრულებო პრინციპით აწესრიგებს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას ხელშეკრულების შინაარსში, ფორმაში და კონტრაჰენტის არჩევანში კანონისმიერი შეზღუდვის გათვალისწინებით (იხ. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლი). სამოქალაქო კოდექსის ნორმათა, ძირითადად, დისპოზიციური ხასიათი, იშვიათი გამონაკლისების გარდა, მხარეებს აძლევს შესაძლებლობას, კანონით დადგენილი წესისაგან განსხვავებულ წესზე შეთანხმდნენ. ამავდროულად, კერძო სამართლებრივი ურთიერთობებისათვის გადამწყვეტია ორივე მხარის ნება. მოცემულ შემთხვევაში მხარეებმა მოთხოვნის უზრუნველყოფის ფარგლები განსაზღვრეს. ამ ფარგლების შეცვლას კანონი არ კრძალავს, თუმცა სავალდებულოა მხარეთა ხელახალი შეთანხმება და ფორმის დაცვა (286-ე მუხლის მესამე ნაწილი). კერძო სამართლის სუბიექტის მიერ კანონის ინტერპრეტაცია და თავის სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში - პრაქტიკაში თუნდაც წარმატებული დანერგვა კანონის იმპერატიულ დანაწესს და სამართლის სუბიექტთა თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს ვერ შეცვლის.

17. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო საჩივრის არგუმენტები გაზიარებული იქნა, ხოლო სარჩელი - უარყოფილი.

18. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.

19. საკასაციო საჩივრის საფუძვლები შემდეგში მდგომარეობს: კასატორი ციტირებს სსკ-ის 286-ე, 153-ე 295-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ ყოველივე აღნიშნულის ფარგლებში მოხდა ფონდსა და მოსარჩელეს შორის 2007 წლის 16 ნოემბერს №0901 მოთხოვნის (უფლების) და ძირითადი საშუალებების გადაცემის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება. სააპელაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 2007 წლის 16 ნოემბერს ხელშეკრულების საფუძველზე ფონდს მოსარჩელისათვის 2004 წლის 08 ოქტომბრის სესხის გენერალური ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება არ გადაუცია. არადა თავად სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოთხოვნის გადაცემისას იპოთეკა თან მიჰყვება მთავარ უფლებას. სასამართლომ ასევე არ გაამახვილა ყურადღება 2007 წლის 16 ნოემბერს №001 მოთხოვნის (უფლების) და ძირითადი საშუალებების გადაცემის შესახებ ხელშეკრულების მე–3 მუხლის 3.3 პუნქტზე, სადაც აღნიშნულია, რომ მოთხოვნის დათმობით ახალ მფლობელზე ანუ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელეზე გადავიდა უზრუნველყოფის საშუალებები და მოთხოვნასთან დაკავშირებული სხვა უფლებები, შესაბამისად ცხადია, რომ 2007 წლის 16 ნოემბერს №001 მოსარჩელეს გადაეცა საკრედიტო ხაზის ყველა შემადგენელი ნაწილი სესხის გენერალური, იპოთეკის და ქვე ხელშეკრულება.

20. კასატორი აღნიშნვს, რომ მოცემულ საქმეზე მოსარჩელის მხრიდან უძრავი ნივთის იძულებით რეალიზაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების უკიდურესი ფორმის გამოყენება ნაკარნახევია ობიექტური აუცილებლობით იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რომ პირველი და მეორე მსესხებელი ყველა ღონეს ხმარობენ რათა თავი აარიდონ უძრავი ქონება ვალის დაფარვის მიზნით იძულებით რეალიზაციას და სწორედ აღნიშნულით იყოს განპირობებული მეორე მსესხებლის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული ბიუროს შეგნებულად შეცდომაში შეყვანაც (რაზედაც საჯარო რეესტრის საჩივრის საფუძველზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე) და ფიქტიური ნასყიდობაც, რომელიც გაფორმდა მესაკუთრესთან, რომელიც პირველი მსესხებლის ბიძაშვილია. აღსანიშნავია, რომ გასხვისებულ ბინაში კვლავ პირველი და მეორე მსესხებელი ცხოვრობენ მათ ოჯახთან ერთად.

21. კასატორი განმარტავს, რომ სესხის გაფორმების საწყის ეტაპზე ხდება ჩარჩო ხელშეკრულების გაფორმება გრძელი ვადით, რაც უზუნველყოფის მთლიანით ღირებულების თანხაზე (თუნდაც კონკრეტული სესხის თანხა გაცილებით ნაკლები იყოს). შემდეგ აღნიშნულ ჩარჩო ხელშეკრულებას ებმება იპოთეკის/გირავნობის/თავდებობის ხელშეკრულებები (ანუ, ხდება მათი ერთგვარი დაჯგუფება ჩარჩოს შიგნით), რის შემდეგაც უკვე თავად ჩარჩო ხელშეკრულება წარმოადგენს მიმდინარე და მომავალში გაფორმებული ნებისმიერი სესხის უზრუნველყოფას. იმავე კლიენტის მიერ ახალი სასესხო განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, კი მასთან ფორმდება მხოლოდ სესხის ახალი საკრედიტო ქვე ხელშეკრულება. ამიტომ, როგორც წესი, გენერალური ხელშეკრულების გაფორმება ხდება ხანგრძლივი ვადით (5, 10 წელი ან მეტი) და გაცილებით მეტ თანახაზე, ვიდრე კლიენტის მიმდინარე მოთხოვნაა.

22. კასატორი აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეშიც ანალოგიურად არსებობდა პირველ და მეორე მსესხებელთან 2004 წლის 8 ოქტომბერს გაფორმებული სესხის გენერალური ხელშეკრულება №01/.., სადაც 6.1 პუნქტში ცალსახად არის აღნიშნული, რომ მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით და მის ფარგლებში გაფორმებული ქვე სასესხო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მსესხებლის ვალდებულებების შესრულება უზრუნველყოფილი იქნება 2004 წლის 8 ოქტომბერს გაფორმებული №01/.. იპოთეკის ხელშეკრულებით. სწორედ 2004 წლის 8 ოქტომბერს გაფორმებული სესხის გენერალური ხელშეკრულებაა, რომლითაც დაიწყო მხარეთა შორის ვალდებულებები, რასაც მოყვა 2004 წლის 8 ოქტომბერს გაფორმებული №01/.. იპოთეკით ხელშეკრულება და შემდგომში სესხის ქვე ხელშეკრულებები, სესხის გენერალურ ხელშეკრულებაში განისაზღვრა სასესხო ლიმიტის მოცულობა 75 000 აშშ დოლარით, პროცენტის ლიმიტით მოცულობა არაუმეტეს 245 და გენერალური ხელშეკრულების ხანგრძლივობა 2009 წლამდე. ბუნებრივია იპოთეკის ხელშეკრულების მე–4 მუხლში განისაზღვრა პირველი ქვე ხელშეკრულებით მიღებული თანხის ოდენობა 13 624772 აშშ დოლარი, შეუძლებელია იპოთეკაში განსაზღვრულიყო მომავალში გასაცემ ქვე ხელშეკრულებით რა თანხას მიიღებდა მსესხებელი, ამიტომ მხოლოდ პირველი სესხის ოდენობის ჩანაწერი დარჩა იპოთეკის ხელშეკრულებაში. სააპელაციო სასამართლომ მიუხედავად იმისა, რომ დასაბუთებული კავშირი არსებობს სესხის გენერალურ, იპოთეკის და ქვეხელშეკრულებებს შორის ერთობლიობაში არ განხილულა და განმარტა, რომ 2004 წლის 8 ოქტომბერს გაფორმებული №01/..იპოთეკის ხელშეკრულება უზრუნველყოფდა მხოლოდ პირველ ქვე ხელშეკრულებას და ამით არაფრად ჩათვალა გენერალური ხელშეკრულების არსებობა, რაც ხელმოწერილია აპელანტების მიერ.

23. მხარეებს შორის არასდროს დამდგარა საკითხი შეცვლილიყო უზრუნველყოფის ფარგლები. კასატორს მიაჩნია, რომ უადგილო და გადაჭარბებული იყო სააპელაციო სასამართლოს შეფასება თითქოსდა მოსარჩელე გენერალური ხელშეკრულებას და მისქვეშ გაფორმებულ სხვა ხელშეკრულებებს, ანუ საკრედიტო ხასს საკუთარი პრაქტიკით იყენებს და იგი წინააღმდეგობაშია კანონის იმპერატიულ მოთხოვნებთან ანუ სუბიექტთა თანასწორობის პრინციპთან.

24. სააპელაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოსარჩელის მითითებას, რომ სესხის გენერალურ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, ამავე ხელშეკრულების მე–6 პუნქტის თანახმად, მეორე მსეხებელმა აიღო ვალდებულება გენერალური ხელშეკრულების და მის ფარგლებში კრედიტორის მიმართ მოთხოვნის მომენტში არსებული ყველა სახის დავალიანების სრულად დაფარვაზე. მითითებული პირობით იპოთეკა სრულად უზრუნველყოფს მოთხოვნებს იმ მოცულობით, რაც მოსარჩელეს ექნება თავისი მოთხოვნის დაკმაყფოლების მომენტში, კერძოდ, იპოთეკით უზრუნველყოფილია გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება და მის საფუძველზე მოქმედი ქვე ხელშეკრულებების შედეგად წარმოშობილი მოთხოვნა სრულად და შეუზღუდავად. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გენერალურ ხელშეკრულებაში მითითებული პირობა არ შეიძლება განიმარტოს 08.10.2004 წლის იპოთეკის შესახებ ხელშეკრულების მე–4 პუნქტის პირობებისაგან დამოუკიდებლად.

25. კასატორი მიუთითებს, რომ ფონდსა და მოსარჩელეს შორის 2007 წლის 16 ნოემბერს გაფორმდა მოთხოვნის(უფლების) და ძირითადი საშუალებების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება №001. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2007 წლის 146 ნოემბერს №001 ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელეს გადაეცა მეორე მსესხებელთან გაფორმებული №01/.. საკრედიტო ქვე ხელშეკრულებაზე მოთხოვნის უფლება, რათქმა უნდა მოსარჩელემ მიიღო ადმინისტრირებისათვის სესხი რომელიც კონკრეტულ დროს აქტიური იყო და სწორედ მიეთითა სესხის ნომერი №01/.., თუმცა სააპელაციო სასამართლომ არ გაამახვილა ყურადღება 2007 წლის 16 ნოემბერს №001 მოთხოვნის (უფლების) და ძირითადი საშუალებების გადაცემის შესახებ ხელშეკრულების მე–3 მუხლის 3.3 პუნქტზე სადაც აღნიშნულია, რომ მოთხოვნის დათმობით ახალ მფლობელზე ანუ მოსარჩელეზე გადადის უზრუნველყფის საშუალებები და მოთხოვნასთან დაკავშირებული სხვა უფლებები. საგულისხმოა, რომ სადავო 2008 წლის 8 ოქტომბერს №01/.. ქვე ხელშეკრულების მარცხენა ზედა კუთხეში მითითებულია სესხის გენერალური ხელშეკრულების ნომერი, ასევე ქვე ხელშეკრულების 4.1–4.2 პუნქტებში გარკვევით არის მითითებული, რომ სესხს უზრუნველყოფს ხელშეკრულების 4.2 პუნქტში ჩამოთვლილი უძრავ–მოძრავი ქონება, კერძოდ, ქ.გ-ი, შ-- ქ.№85–ში მდებარე მიწის ნაკვეთი 486კვ.მ. და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი საერთო ფართით 110,73.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

27. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

28. საკასაციო პალატა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობის შემოწმებისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის კვლევის შედეგად ასკვნის, რომ წარმოდგენილი არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება), შემდეგ გარემოებათა გამო:

29. კასატორის მოთხოვნას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს, თუმცა, კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და საქმის ხელახლა დაბრუნებისათვის ვარგისი საკასაციო პრეტენზია. აღსანიშნავია ისიც, რომ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში სადავოდ გამხდარ საფუძვლებთან დაკავშირებით, ამომწრავად აქვს ნამსჯელი სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

30. კასატორს მიაჩნია, რომ პირველ და მეორე მსესხებელთან 2004 წლის 8 ოქტომბერს გაფორმებული სესხის გენერალური ხელშეკრულების №01/.. 6.1 პუნქტში ცალსახად არის აღნიშნული, რომ მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით და მის ფარგლებში გაფორმებული ქვე სასესხო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მსესხებლის ვალდებულებების შესრულება უზრუნველყოფილი იქნება 2004 წლის 8 ოქტომბერს გაფორმებული №01/.. იპოთეკის ხელშეკრულებით. სწორედ 2004 წლის 8 ოქტომბერს გაფორმებული სესხის გენერალური ხელშეკრულებით დაიწყო მხარეთა შორის ვალდებულებები, რასაც მოყვა 2004 წლის 8 ოქტომბერს გაფორმებული №01/0302A/04.. იპოთეკის ხელშეკრულება და შემდგომში სესხის ქვე ხელშეკრულებები. აღნიშნულს საკასაციო პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ დავის სწორად გადაწყვეტისათვის უნდა განიმარტოს იპოთეკის, როგორც სანივთო-სამართლებრივი ინსტიტუტის არსი და მისი დანიშნულება მოთხოვნის უზრუნველყოფის საკითხში და იპოთეკის ფარგლები.

31. ამ მიზნით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იპოთეკა წარმოადგენს ისეთ საუზრუნველყოფო უფლებას, ვალდებულების უზრუნველყოფის ისეთ საშუალებას, რომლის ძალითაც კრედიტორს (იპოთეკარს) აქვს უპირატესი უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციით ან თავის საკუთრებაში გადაცემით. იპოთეკის უფლების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია ხელშეკრულება. ამ ურთიერთობის მონაწილეებად გამოდიან, ერთი მხრივ, იპოთეკარი-ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე კრედიტორი და, მეორე მხრივ, იპოთეკის საგნის მესაკუთრე, რომელიც შეიძლება იყოს ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მოვალე, თუ იპოთეკის საგანი ეკუთვნის უშუალოდ მოვალეს ან მესამე პირი, რომელიც მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით ტვირთავს თავის უძრავ ქონებას. საგულისხმოა, როგორც იპოთეკის საგნის, ისე იმ ვალდებულების განსაზღვრულობა, რომლის უზრუნველსაყოფადაც ხორციელდება სანივთო უფლების რეალიზაცია.

32. ამ შემთხვევაში, წინდაწინაა სავარაუდო, რომ იპოთეკის საგნის რეალიზაციაა სწორედ მოთხოვნის დაკმაყოფილების-ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება. იგი ხელს უწყობს კრედიტორს, წინასწარ შეაფასოს, ამდენად უზრუნველყოფს იპოთეკის საგანი მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას მოვალის მხრიდან ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში. შესაბამისად, იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას იმთავითვე ნათელი უნდა იყოს, თუ სად გადის იპოთეკით დატვირთული ნივთის მესაკუთრის პასუხისმგებლობის ზღვარი, რომელიც მოიცავს ძირითადი ვალდებულების ფარგლებს (ღირებულებას) ან იპოთეკის გარიგებით მხარეთა შეთანხმებულ უზრუნველყოფილ მოთხოვნის ოდენობას. გირავნობის მსგავსად, იპოთეკის ფარგლების დადგენა მხარეებს შეუძლიათ შეთანხმებით.

33. როგორც წესი, იპოთეკა უზრუნველყოფს მოთხოვნასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს (მათ შორის, პროცენტსა და პირგასამტეხლოს). ამასთან, განსხვავებით გირავნობისაგან, იპოთეკის უფლება არ ვრცელდება იპოთეკის საგნიდან მიღებულ ნაყოფზე, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული (293). იპოთეკის საგნის მესაკუთრე ყველა შემთხვევაში, კარგავს ნაყოფის მიღების უფლებას იპოთეკის საგანზეა უქციონის გამოცხადების ან სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან (303).

34. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (განჩინების პპ: 1-7, 11) საკასაციო პალატას აძლევს იმ დასკვნის საფუძველს, რომ ფონდს და მეორე მსესხებელს შორის 2004 წლის 08 ოქტომბერს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების მე-4 პუნქტით განისაზღვრა იპოთეკის ფარგლები, კერძოდ, ხელშეკრულების დასახელებული პუნქტით იპოთეკით უზრუნველყოფილი ვალდებულებების მოცულობა განისაზღვრა 13 624,72 აშშ დოლარით და სესხის ძირითად თანხაზე დარიცხული წლიური 20%-ით. აქედან გამომდინარე, კი ფონდს და მეორე მსესხებელს შორის 2004 წლის 08 ოქტომბერს გაფორმებული №01/.. იპოთეკის ხელშეკრულება ვრცელდებოდა 13 624,72 აშშ დოლარისა და მასზე დარიცხული წლიური 20%-ის ვალდებულების შესრულების მოთხოვნებზე. ნიშანდობლივია ისიც, რომ 2004 წლის 08 ოქტომბრის სესხის ქვე ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანება დაფარულია. დადგენილია ისიც, რომ 2007 წლის 16 ნოემბრის ხელშეკრულებით, მოსარჩელისათვის ფონდის მიერ, ამ უკანასკნელს, პირველ და მეორე მსესხებელს შორის გაფორმებული სესხის გენერალური ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება გადაცემული არ ყოფილა, უფრო მეტიც, უდავოა, რომ დავალიანება, რომლის დაფარვის მიზნითაც მოთხოვნილია უძრავი ნივთის, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების რეალიზაცია წარმოშობილია 2008 წლის 08 ოქტომბერს მოსარჩელესა და პირველ მსესხებელს შორის გაფორმებული სესხის ქვე ხელშეკრულება #01/0232A/08..-დან. 2004 წლის 08 ოქტომბრის სესხის გენერალური ხელშეკრულება №01/.. არ არის ხელმოწერილი მეორე მსესხებლის მიერ.

35. ამდენად, მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების/იპოთეკის 2008 წლის 08 ოქტომბრის #01/.. ხელშეკრულებიდან წარმოშობილ ვალდებულებაზე გავრცელება ფონდს და მეორე მსესხებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებს სცილდება.

36. მართალია კასატორი უთითებს საბანკო მომსახურების პრაქტიკაზე, სადაც გრძელვადიან სასესხო ურთიერთობებში მიღებულია მომსახურების იმგვარი წესი ყოველი ცალკეული პროდუქტით მომსახურებისას ფორმდება გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს და არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი კონკრეტული პროდუქტით, თუმცა, აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის ნორმათა, ძირითადად, დისპოზიციური ხასიათი, იშვიათი გამონაკლისების გარდა, მხარეებს აძლევს შესაძლებლობას, კანონით დადგენილი წესისაგან განსხვავებულ წესზე შეთანხმდნენ. იმავდროულად, კერძო სამართლებრივი ურთიერთობებისათვის გადამწყვეტია ორივე მხარის ნება. მოცემულ შემთხვევაში კი, მხარეთა შორის წარმოშობილია დავა სესხის თანხის უზრუნველყოფის ფარგლებთან დაკავშირებით, რა დროსაც მნიშვნელოვანია სწორედ დოკუმენტალური სისწორე და სიზუსტე, სახელდობრ, რა თანხა გაიცა სესხად, ვალდებულების რა ნაწილი შესრულდა, ხოლო შეუსრულებელი ნაწილის რა ოდენობა იყო უზრუნველყოფილია. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეებმა მოთხოვნის უზრუნველყოფის ფარგლები განსაზღვრეს. ამ ფარგლების შეცვლას კანონი არ კრძალავს, თუმცა სავალდებულოა მხარეთა ხელახალი შეთანხმება და ფორმის დაცვა (286-ე მუხლის მესამე ნაწილი). რაიმეზე ახლებური შეთანხება, საქმის მასალებით არ დასტურდება.

37. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

38. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან იპოთეკის ფარგლების სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა.

39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

40. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს მ--ოს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სს მ--ოს“ უკან დაუბრუნდეს 2017 წლის 14 ივნისს საგადახდო დავალება N1 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (2831 ლარი) 1981.7 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე