№330210015819835
საქმე №ას-810-758-2017 08 სექტემბრის, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „დ--“ (მოპასუხე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა-“ (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე ურის თქმა
დავის საგანი – სამედიცინო მომსახურების ღირებულებისა და ზიანის ანაზღაურების სახით პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „აკ---“ (შემდეგში: მოსარჩელე ან მომსახურების გამწევი) და შპს „დ---“ (შემდეგში: მოპასუხე ან მეწარმე სუბიექტი ან სადაზღვევო კომპანია) არიან „სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილებით (შემდგომში: დადგენილება N177) განსაზღვრული ურთიერთობის მონაწილე მხარეები.
2. მომსახურების გამწევმა 14.05.2012 წლის N177-ე დადგენილების შესაბამისად, სახელმწიფო სადაზღვევო და კორპორატიული პროგრამის ფარგლებში, 2014 წლის ივნისში, ივლისსა და აგვისტოს თვეში სადაზღვევო კომპანიის მიერ დაზღვეულ პირებს, ჯამში, 70 477.50 ლარის ღირებულების სამედიცინო მომსახურება გაუწია, აქედან, ივნისის თვეში გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 53 752 ლარი; ივლისის თვეში - 15 765.20 ლარი, ხოლო აგვისტოს თვეში - 960.00 ლარი, რაც მოპასუხის მიერ არ ანაზღაურებულა.
3. მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა მოპასუხისათვის 2014 წლის ივნისში, ივლისში და აგვისტოში გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების - 70 477.5 ლარის გადახდა. სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვადაგადაცილებისათვის 25.03.2014 წლამდე დარიცხული პირგასამტეხლოს - 16 005.04 ლარის გადახდა. 2014 წლის ივნისსა და ივლისში გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდის ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლოს გადახდა 25.03.2015 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ივნისისა და ივლისის დავალიანების (69 517.5 ლარის) 0.1% ოდენობით - ყოველდღიურად 69.51 ლარი. აგვისტოში გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდის ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლოს გადახდა 25.03.2015 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე აგვისტოს დავალიანების 960.00 ლარის 0.02% ოდენობით - ყოველდღიურად 0.19 ლარი; მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მოპასუხეზე სამედიცინო მედიაციის სამსახურის მომსახურების საფასურის 1 000 ლარის დაკისრება [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 629-ე, 417-ე მუხლები].
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 ოქტომბერი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა:
5. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის ივნისში, ივლისში და აგვისტოში გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების - 70 477.50 ლარის გადახდა;
6. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის ივნისში გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდის ვადაგადაცილებისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა 01.08.2014 წლიდან 2015 წლის 25 მარტამდე - 53 752.30 ლარის 0.1% - 12 738.75 ლარი;
7. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის ივლისში გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდის ვადაგადაცილებისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა 01.09.2014 წლიდან 2015 წლის 25 მარტამდე - 15 765.20 ლარის 0.1% - 3 232.85 ლარი;
8. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის აგვისტოში გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდის ვადაგადაცილებისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა 01.10.2014 წლიდან 2015 წლის 25 მარტამდე - 960.00 ლარის 0.02% - 33.44 ლარი (სულ ერთიანი პირგასამტეხლოს სახით 16005.04 ლარი);
9. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის ივნისსა და ივლისში გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდის ვადაგადაცილებისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა 25.03.2015 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე ივნისისა და ივლისის დავალიანების 69 517,5 ლარის 0.1% ოდენობით - ყოველდღიურად 69.51 ლარი. ასევე 2014 წლის აგვისტოში გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდის ვადაგადაცილებისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა 25.03.2015 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე აგვისტოს დავალიანების 960.00 ლარის 0.02% ოდენობით - ყოველდღიურად 0.19 ლარი.
10. მოპასუხესვე დაეკისრა სამედიცინო მედიაციის სამსახურის მომსახურების საფასურის - 1 000 ლარის გადახდა.
11. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სადაზღვევო კომპანიამ სააპელაციო საჩივრით სადავოდ გახადა მხოლოდ პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში (იხ., სააპელაციო საჩივრის საფუძვლები - ტ1, ს.ფ. 148-150). შესაბამისად, სააპელაციო პალატამ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 ოქტომბრის გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება სწორედ აღნიშნულ ნაწილში შეამოწმა.
12. გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების მიზნით სააპელაციო პალატამ მიუთითა N177 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტზე, რომელიც 01.09.2014 წელს N528 დადგენილებით განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა: მიმწოდებელი უფლებამოსილია დაზღვეულთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მზღვეველს მოსთხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა 2014 წლის 8 აგვისტომდე პერიოდზე ასანაზღაურებელი თანხის 0,1%-ის ოდენობით, ხოლო 2014 წლის 8 აგვისტოდან შემდგომ პერიოდზე - ასანაზღაურებელი თანხის 0,02%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. პირგასამტეხლოს გადახდა მზღვეველს არ ათავისუფლებს წარმოშობილი დავალიანების ძირითადი თანხის დაფარვის ვალდებულებისაგან.
13. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მართალია, მოსარჩელეს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება N177 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტში ცვლილების შეტანამდე (2014 წლის 01 სექტემბრამდე) წარმოეშვა, თუმცა, პალატის მოსაზრებით, ამ ნორმის დღეს მოქმედი რედაქციის, როგორც სიტყვასიტყვითი, ისე, ლოგიკური განმარტება იძლევა დასკვის საფუძველს, რომ იგი ვრცელდება მანამდე არსებულ ურთიერთობებზეც. განხორცილებული ცვლილების შედეგად ზუსტად განისაზღვრა, თუ რა პერიოდიდან რა რაოდენობით პირგასამტეხლო უნდა დაერიცხოს ასანაზღაურებელ თანხას. კერძოდ, დაზღვეულ პირთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდის ვადაგადაცილებისათვის გადასახდელი თანხის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2014 წლის 08 აგვისტომდე, ხოლო 2014 წლის 08 აგვისტოდან გადასახდელი ძირითადი თანხის 0.02% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ სადაზღვევო კომპანიას მომსახურების გამწევის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა: 2014 წლის 08 აგვისტომდე - ძირითადი თანხის 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო 2014 წლის 08 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - ძირითადი თანხის 0.02 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. შესაბამისად, 2014 წლის ივნისში გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდის ვადაგადაცილებისათვის, პირგასამტეხლო შეადგენდა 2014 წლის 01 აგვისტოდან 2014 წლის 8 აგვისტომდე 53 752.30 ლარის 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო 2014 წლის 8 აგვისტოდან, 53 752.30 ლარის 0.02% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2014 წლის ივნისში გაწეული მომსახურების ღირებულების - 53 752.30 ლარის გადახდამდე. 2014 წლის ივლისში გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდის ვადაგადაცილებისათვის, 2014 წლის 01 სექტემბრიდან 15 765.20 ლარის 0.02% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2014 წლის ივლისში გაწეული მომსახურების ღირებულების - 15 765.20 ლარის გადახდამდე. 2014 წლის აგვისტოში გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდის ვადაგადაცილებისათვის, 01.10.2014 წლიდან 960.00 ლარის 0.02 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2014 წლის აგვისტოში გაწეული მომსახურების ღირებულების - 960.00 ლარის გადახდამდე.
15. სააპელაციო პალატამ აგრეთვე იმსჯელა აპელანტის მოთხოვნაზე პირგასმტეხლოს შემცირების ნაწილში, იხელმძღვანელა სსკ-ის 417-ე, 418-ე, 419-ე 420-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ აპელანტი ითხოვდა 01.08.2014 წლის 08.08.2014 წლამდე პერიოდისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახადელი ძირითადი თანხის (53 752.30 ლარის) 0.02%-მდე პირგასამტეხლოს შემცირებას, შესაბამისად, 376.26 ლარის შემცირებას 75.25 ლარამდე. ვადის გადაცილების პერიოდის, შეუსრულებელი ვალდებულებისა და პირგასამტეხლოს ოდენობების, ასევე, პირგასამტეხლოს ფუნქციური დანიშნულების მხედველობაში მიღებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დადგენილი პირგასამტეხლო არ იყო შეუსაბამოდ მაღალი და შესაბამისად, არ არსებობს მისი შემცირების საფუძველი.
16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სადაზღვევო კომპანიამ/აპელანტმა რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა მოპასუხისათვის თანხის დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღბით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
17. კასატორის არგუმენტები ემყარება იმ მოსაზრებას, რომ სახეზე იყო მომსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლები, დარღვეული იყო მომსახურების გამწევის მხრიდან სამედიცინო აუცილებლობის პრინციპი და იმავდროულად, არსებობდა სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე პირგასამტეხლოს შემცირების წინაპირობები.
18. უფრო კონკრეტულად, კასატორი უთითებს მხარეთა შორის სამედიცინო მომსახურების შესახებ წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელ ნორმატიულ ადმინისტრაცულ სამართლებრივ აქტზე - №177 დადგენილება, რომელიც ადგენს თუ რა შემთხვევაში არ უნდა მოხდეს თანხის ანაზღაურება და რას წარმოადგენს თანხის ანაზღაურების წინაპირობები. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული დადგენილება იცნობს მზღვეველის მხრიდან ანაზღაურებაზე უარს როგორც უფლებას და როგორც ვალდებულებას.
19. კასატორის მითითებით, ანაზღაურებაზე უარი, როგორც მზღვეველის ვალდებულება, იმპლიმენტირებულია .№177-ე დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმად, მზღვეველი ვალდებულია სადაზღვევო შემთხვევა აანაზღაუროს სამედიცინო აუცილებლობის პრინციპზე დაყრდნობითა და სადაზღვევო დაფარვის ფარგლებში; ამავე მუხლის პირველი მუხლის „ლ“ ნაწილის თანახმად „მიმწოდებელი ვალდებულია სადაზღვევო შემთხვევა წარმართოს მხოლოდ სამედიცინო აუცილებლობის პრინციპზე დაყრდნობით.
20. შესაბამისად, თავიდანვეა განსაზღვრული ერთი მხრივ, კლინიკის ვალდებულება - მკურნალობა წარმართოს სამედიცინო აუცილებლობის პრინციპზე დაყრდნობით და მეორე მხრივ, იმთავითვე დადგენილია, რომ ამ პრინციპის დარღვევისას კლინიკა ვერ მიიღებს მომსახურების საფასურს რადგან მზღვეველს ევალება არ აანაზღაუროს ამგვარი მომსახურება.
21. რაც შეეხება სამედიცინო აუცილებლობას 177-ე დადგენილების თანახმად: „სამედიცინო აუცილებლობა არის არგუმენტებით დასაბუთებული სამედიცინო მომსახურება, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტის ისეთი მდგომარეობების პრევენციას, დიაგნოსტირებას, გაუარესების პრევენციას, შემსუბუქებას, გაუმჯობესებას ან განკურნებას, რომლებიც საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს, იწვევს ტკივილს, ფიზიკურ დეფორმაციასა და შესაძლებლობების შეზღუდვას; ამასთანავე, ხორციელდება იმ პირობებში, როცა ეს კონკრეტული მომსახურება არსებული ალტერნატივებიდან ერთდროულად არის ყველაზე ხელმისაწვდომი, ხარისხიანი, რაციონალური და ხარჯით ეფექტური“
22. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, რომ განისაზღვროს არსებობდა თუ არა მზღვეველის მიერ სადავო შემთხვევების მომსახურების საფასურის ანაზღაურების ვალდებულება, უნდა გაირკვევს იყო თუ არა დაზღვეულ პირთათვის გაწეული მომსახურება დასაბუთებული, ხელმისაწვდომი, ხარისხიანი, რაციონალური და ხარჯთეფექტური.
23. N177-ე დადგენილება იმპერატიულად განსაზღვრავს სამედიცინო დაწესებულების მიერ მომსახურების გაწევას სამედიცინო აუცილებლობის დაცვით. თუ კლინიკა სახელმწიფო პროგრამებით დაზღვეულ პირს, რომლის მომსახურების საფასურს ფარავს სახელმწიფო, არ გაუწევს სამედიცინო აუცილებლობის პრინციპის დაცვით მომსახურებას - იგი ვერ მიიღებს თანხას. ხოლო საკითხი იმის შესახებ მომსახურების გაწევა ხდებოდა თუ არა ხარისხიანად და სამედიცინო აუცილებლობის პრინციპის დაცვას ჰქონდა თუ არა ადგილი შეიძლება დადგინდეს იმის მიხედვით კლინიკის მიერ კონკრეტულ შემთხვევებში ხდებოდა თუ არა მის მიერვე შემუშავებული პროტოკოლების დაცვა. აქვე კასატორი განმარტავს პრტოკოლის მნიშვნელობას და მიუთითებს №177 დადგენილების მე-2 მუხლის „ჭ“ პუნქტზე, რომლის თანახმად: „მკურნალობის პროტოკოლი არის დოკუმენტი, რომელიც ასახავს წინასწარ განსაზღვრულ პრევენციულ, სამკურნალო-დიაგნოსტიკურ და სარეაბილიტაციო ღონისძიებათა ერთობლიობას, გამოიყენება ამა თუ იმ დაავადების ან/და მდგომარეობის სამედიცინო მართვისათვის და დადასტურებულად ეფუძნება ქვეყანაში მოქმედ ან აღიარებულ საერთაშორისო, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ გაიდლაინებს ან სამედიცინო/სამეცნიერო ლიტერატურას.“
24. ამავე დადგენილების მე-3 მუხლის პირველი ნაწილის „მ“ პუნქტის თანახმად: „მიმწოდებელი ვალდებულია ჰქონდეს დამტკიცებული კლინიკური პროტოკოლები ძირითადი დაავადებებისა და ჩარევების სამართავად, საკუთარი სტატისტიკის გათვალისწინებით. აღნიშნულ პროტოკოლებში მითითებული უნდა იყოს წყარო – შესაბამისი ნაციონალური ან საერთაშორისო გაიდლაინები;“
25. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 27 მარტის „კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციებისა (გაიდლაინები) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) შემუშავების, შეფასების და დანერგვის ეროვნული საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ 94/ნ ბრძანების პირველი მუხლის ''ბ'' ქვეპუნქტების თანახმად, კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტი (პროტოკოლი) არის კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) საფუძველზე შემუშავებული კლინიკური მდგომარეობის მართვის მკაფიოდ განსაზღვრული ეტაპები და მოქმედებათა თანმიმდევრობა. მითითებული დებულების საფუძველზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შექმნილია კლინიკური პრაქტიკის ნაციონალური რეკომენდაციებისა და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტების შემუშავების, შეფასებისა და დანერგვის ეროვნული საბჭო, რომელიც კოორდინაციას უწევს გაიდლაინებისა და პროტოკოლების შემუშავების, განხილვის, დამტკიცებისა და დანერგვის პროცესს და კლინიკური პრაქტიკის ნაციონალური რეკომენდაციების დანერგვის პროცესის ზედამხედველობასა და განხორციელებისათვის საჭირო რესურსების განსაზღვრას. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მტკიცდება მინისტრის ნორმატიული აქტით. ამდენად, ნაციონალური გაიდლაინი, მისი ფორმულირებიდან გამომდინარე, არის ნორმატიული ხასიათის რეკომედაცია და მისი გათვალისწინება სავალდებულოა ყველა სამედიცინო დაწესებულებისათვის. როდესაც ნორმატიული აქტი სამედიცინო დაწესებულებას სავალდებულოდ უწესებს, რომ უნდა ჰქონდეს დამტკიცებული კლინიკური პროტოკოლი, ეს თავისთავად ნიშნავს რომ მან უნდა იხელმძღვანელოს ამ პროტოკოლით.
26. შესაბამისად სამედიცინო მომსახურება იყო თუ არა გაწეული სამედიცინო აუცილებლობის საფუძველზე შესაძლოა დადგინდეს იმით, მომსახურება გაიწევა ხდებოდა თუ არა კლინიკის მიერ თავისი საკუთარი პრაქტიკის შესაბამისად დადგენილი მკურნალობის წესებით - რომელიც მოცემულია პროტოკოლებში.
27. სამედიცინო დაწესებულებამ ვერ დაადასტურა რომ მის მიერ მომსახურების გაწევა ყველა პაციენტის მიმართ ხდებოდა ჯეროვნად, როგორც უკვე აღვნიშნეთ მსგავსი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა.
28. რაც შეეხება ანაზღაურებაზე უარს, როგორც მზღვეველის უფლებას, კასატორი მიუთითებს №177 დადგენილების მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ პუნქტზე, რომლის თანახმად: „მზღვეველი უფლებამოსილია არ აუნაზღაუროს მიმწოდებელს სადაზღვევო შემთხვევა, თუ მიმწოდებელმა სადაზღვევო შემთხვევის ღირებულების უსაფუძვლოდ გაზრდის მიზნით განახორციელა შემდეგი ქმედებები: მიმწოდებლის მიერ შემთხვევისათვის მცდარი კოდის მინიჭება ან/და დიაგნოზის დამძიმება; გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ სამედიცინო დაწესებულების მიერ მზღვეველისათვის არაზუსტი დოკუმენტაციის წარდგენა.“
29. კასატორის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში სახეზე იყო ანაზღაურებაზე უარის თქმის ყველა საფუძველი. იმავდროულად, კასატორს მიაჩნია, რომ ვინაიდან არ არსებობდა ძირითადი ვალდებულება არ არსებობდა ასევე არც პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლებიც. გარდა ამისა აღნიშნავს იმასაც, რომ სახეზე იყო სსკ-ის 420-ე მუხლით დადგენილი საფუძვლები, რის გამოც, სასამართლოს უნდა შეემცირებინა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტელო.
30. რაც შეეხება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს, კასატორი აღნიშნავს, რომ სამედიცინო მომსახურების ხარისხის სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით არ არის ჩამოყალიბებული სასამართლო პრაქტიკა, რაც განაპირობებს წინამდებარე საკასაციო საჩივარის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებულ დამატებით წინაპირობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
31. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
32. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
33. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი მოითხოვს თანხის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას ნაწილობრივ - თანხის დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეილების მიღებით თანხის დაკისრებაზე ურის თქმას (იხ., საკასაციო საჩივრის მოთხოვნა - ტ.2. ს.ფ. 147), ხოლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი აგებულია ზოგადად სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლების არსებობაზე. საკასაციო საჩივრის საფუძვლები იმ მითითებებზეა დაყრდნობილი, რომ დარღვეული იყო მთელი რიგი სტანდარტები, წესები, პროტოკოლები მომსახურების გამწევის მიმართ, რაც საბოლოო ჯამში, წარმოუშობდა დამზღვევის ანაზღაურების ვალდებულებაზე უარის თქმის უფლებასაც და ვალდებულებასაც (იხ.,განჩინების პპ: 17-28; საკასაციო საჩივრი საფუძვლები - ტ.2. ს.ფ. 75-77).
34. ნიშანდობლივია, რომ საქმის გარემოებების სადავოობაზე მითითება შეზღუდულია საქმისწარმოების ეტაპებით. სახელდობრ, მათზე ისევე, როგორც დავის ახალ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითების პროცესუალური შესაძლებელობა დასაშვებია საქმისწარმოების მხოლოდ განსაზღვრულ ეტაპზე. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება სადაზღვევო კომპანიამ სადავოდ გახადა მხოლოდ გახადა მხოლოდ პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში (იხ., სააპელაციო საჩივრის საფუძვლები - ტ1, ს.ფ. 148-150). შესაბამისად, სააპელაციო პალატამ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 ოქტომბრის გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება სწორედ აღნიშნულ ნაწილში შეამოწმა და ახალი გადაწყვეტილებით შეცვალა მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილების მე-3 - მე-6 პუნქტები პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი პირგასამტეხლოს ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის ივნისში გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდის ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლო - 2014 წლის 01 აგვისტოდან 2014 წლის 8 აგვისტომდე 53 752.30 ლარის 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო 2014 წლის 8 აგვისტოდან, 53 752.30 ლარის 0.02%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2014 წლის ივნისში გაწეული მომსახურების ღირებულების - 53 752.30 ლარის გადახდამდე. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის ივლისში გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდის ვადაგადაცილებისათვის 2014 წლის 01 სექტემბრიდან პირგასამტეხლო 15 765.20 ლარის 0.02%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2014 წლის ივლისში გაწეული მომსახურების ღირებულების - 15 765.20 ლარის გადახდამდე. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის აგვისტოში გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდის ვადაგადაცილებისათვის 2014 წლის 1 ოქტომბრიდან პირგასამტეხლო 960 ლარის 0.02%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2014 წლის აგვისტოში გაწეული მომსახურების ღირებულების - 960.00 ლარის გადახდამდე. სააპელაციო საჩივარი 2014 წლის 01 აგვისტოდან 2014 წლის 08 აგვისტომდე პერიოდისათვის პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
35. ამდენად, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს რა კასატორის იგივე აპელანტის მიერ წარდგენილ სააპელაციო პრეტენზიას და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ სადავოდ გამხდარ განჩინების პპ: 17-28-ში მითითებულ სადავო საკითხებზე, საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს [407-ე, 399-ე, 377-ე და 384-ემუხლები].
36. რაც შეეხება კასატორის იმ პრეტენზიას, რომელიც შეეხება პირგასამტეხლოს შემცირების წინაპირობების არებობას [სსკ-ის 420-ე მუხლი] - იხ., განჩინების პ -29, სადაც კასატორი აღნიშნავს რომ სახეზე იყო სსკ-ის 420-ე მუხლით დადგენილი საფუძვლები რის გამოც სასამართლოს უნდა შეემცირებინა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტელო, ვერ იქნება გაზიარებული.
37. პირველ რიგში, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის ლეგიტიმური საფუძვლით სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. მხედველობაში მიიღება მიღებული საქმის კონკრეტული გარემოებები, შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან და ა.შ. ნიშნდობლივია, რომ სასამართლოს ამგვარი უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს შეთხვევში, რამეთუ ნორმატიულად განსაზღვრული პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებობას კანონი არ ითვალისწინებს. აღნიშნულთან დაკავშირებით არაერთხელ განიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილებებში. ერთ-ერთ მათგანში (იხ., სუსგ ას 862-828-2016, 24.02.2017) საკასაციო პალატამ აღნიშნა შემდეგი: „კანონისმიერი პირგასამტეხლო გათვალისწინებულია, მაგალითად, საქართვლოს ორგანული კანონის „შრომის კოდექსის“ 31-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომელიც ითვალისწინებს დამსაქმებლის ვალდებულებას გადაუხადოს დასაქმებულს ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტი (იხ., სუს 07.11.2011წ.-ის განჩინება Nას-1298-1318-2011). ასევე, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ №177 დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტი ადგენს ქცევის იმგვარ წესს, რომლის თანახმად, მზღვეველი ვალდებულია, მიმწოდებლისა და აფთიაქისათვის შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების ამ წესით გათვალისწინებული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებლისა და აფთიაქის სასარგებლოდ გადაიხადოს 2014 წლის 8 აგვისტომდე პერიოდზე ასანაზღაურებელი თანხის 0,1%, ხოლო 2014 წლის 8 აგვისტოდან შემდგომ პერიოდზე – ასანაზღაურებელი თანხის 0,02%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს მზღვეველს მთლიანი თანხის გადახდის ვალდებულებისაგან (იხ., სუს 02.02.2015წ.-ის განჩინება №ას-1171-1116-2014; სუს 24.03.2014წ.-ის განჩინება №ას-1284-1226-2013). სასამართლოს არ შეუძლია შეამციროს კანონით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა. (ნორმატიულად განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობის სასამართლოს მიერ შემცირების შეუძლებლობის შესახებ იხ., სუს 02.02.2015წ.-ის განჩინება საქმე Nას-1171-1116-2014; სუს 24.03.2014წ.-ის განჩინება საქმე N ას-1284-1226-2013).“ აღნიშნულიდან გამომდინარე, სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული კასატორის მოთხოვნა პირგასამტეხლოს შემცირების აუცილებლობის თაობაზე.
38. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
39. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. ,,სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის N177 დადგენილებით განსაზღვრულ სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ მხარეებს შორის დავაზე არსებობს სასამართლო პრაქტიკა. იხ., სუსგ №ას-1191-1151-2016, 24 თებერვალი, 2017 წელი; საქმე №ას-1206-1166-2016, 24 თებერვალი, 2017 წელი; საქმე №ას-188-177-2017, 21 აპრილი, 2017 წელი.
40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
41. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „დ-ს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ სს „დ-ს“ უკან დაუბრუნდეს 2017 წლის 7 მაისს საგადასახადო დავალება N8807გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (795 ლარი) 556.50 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე