Facebook Twitter

№330210014638000

საქმე №ას-816-764-2017 15 სექტემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ლ- დ- (მოპასუხე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „თ-ი“ (მოსარჩელე, აპელანტი)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – შეფასების შედეგების ბათილად ცნობა, ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ლ- დ-- (შემდეგში: მოსარჩელე ან დასაქმებული) 2013 წლის 31 დეკემბრამდე მუშაობდა სს „თ-ში“ (შემდეგში: მოპასუხე საზოგადოება ან დამსაქმებელი) .

2. 2013 წლის 01 ოქტომბერს მოპასუხე საზოგადოების გენერალური დირექტორის №304 ბრძანებით დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი და რეორგანიზაციის ჩატარების ვადად განისაზღვრა 02.10.2013 წლიდან 31.12.2013 წლამდე პერიოდი. ამავე ბრძანებით დამტკიცდა ორგანიზაციული სტრუქტურა და საშტატო განრიგი.

3. 2013 წლის 12 აგვისტოს მოპასუხემ გაავრცელა თანამშრომელთა გაფრთხილება, რომ 2014 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შედიოდა ორგანიზაციის ახალი სტრუქტურა და საშტატო განრიგი და მიმართა თანამშრომლებს, რომ შრომის კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, უდგენდა უპირატეს პირობებს და იმ თანამშრომლებს, რომლებიც ნებაყოფლობით განაცხადებდნენ სამსახურიდან წასვლის შესახებ თანხმობას, რის გამოც, მიეცემოდა მათ დამატებითი კომპენსაცია.

4. 30.09.2013 წლისათვის, რეორგანიზაციის დაწყებამდე მოპასუხე საზოგადოებაში არსებობდა 8 ბიზნეს-ცენტრი და 5 აბონენტთა მომსახურების ცენტრი, რომლებშიც დასაქმებული იყო აბონენტებთან მუშაობის სფეროში 49 ოპერატორი, რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ დარჩა 10 ბიზნეს-ცენტრი, რომლებშიც მუშაობა გააგრძელა 33 ოპერატორმა. რეორგანიზაციის დაწყებამდე „ი-“ ბიზნეს-ცენტრში აბონენტებთან მუშაობის სფეროში ოპერატორად მუშაობდნენ: 1. გ- ვ--, 2. ნ- თ-, 3. მ- როენა, 4. დ-- ლ----, 5. ტ- ნ-, 6. თ- ლ-. რეორგანიზაციის შემდეგ, „ი-“ ბიზნეს-ცენტრში არსებულ აბონენტებთან მუშაობის სფეროში ოპერატორის თანამდებობებზე მუშაობდნენ: 1. ტ- ნ-, 2. ე- დ-, 3. კ-დ-.

5. მოსარჩელე 2013 წლის 30 დეკემბერს გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლების თარიღისათვის იგი დასაქმებული იყო „ი-“ ბიზნეს-ცენტრში ოპერატორის თანამდებობაზე და მისი დარიცხული შრომის ანაზღაურება შეადგენდა 700 ლარს. გათავისუფლების საფუძველი გახდა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ-ის) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი. დასაქმებულს მიეცა კომპენსაცია 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით და გამოუყენებელი შვებულების თანხა 14 სამუშაო დღის ხელფასის ოდენობით

6. მოსარჩელემ ორი სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ: პირველი სარჩელის (აღიძრა 30.01.2014წ.-ს) მოთხოვნა: მოპასუხის 2013 წლის 30 დეკემბრის №კ-417 ბრძანების (შემდეგში: სადავო ბრძანება) ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება, ხოლო მეორე სარჩელის მოთხოვნა: (აღიძრა 04.11.2014წ.-ს) მოპასუხე ორგანიზაციაში 10-11 ოქტომბერს ჩატარებული პროფესიული საქმიანობის შეფასების (ატესტაციის) შედეგების ბათილად ცნობა მოსარჩელის ნაწილში. აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესს წარმოადგენდა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტობრივი საფუძვლის (ატესტაციის შედეგების) გაქარწყლება და გათავისუფლებამდე დაკავებულ სამუშაო ადგილზე აღდგენა [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 54-ე და 408-ე მუხლები, სშკ-ის 32-ე და 38-ე მუხლები].

7. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებას საფუძველად დაედო საზოგადოების რეორგანიზაციული ცვლილებები, რაც დაუსაბუთებელი და არაადეკატური მიზეზია.

8. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე გათავისუფლდა ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 03 დეკემბრის გადაწყვეტილებით პირველი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო 2015 წლის 08 ივლისის გადაწყვეტილებით მეორე სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა 2013 წლის 10-11 ოქტომბერს ჩატარებული პროფესიული საქმიანობის შეფასების (ატესტაციის) შედეგები.

10. ორივე გადაწყვეტილება გასაჩივრდა პროცესის მონაწილე ორივე მხარის მიერ. თავდაპირველად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. დაკმაყოფილდა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი და შესაბამისად, სარჩელი. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 ნოემბრის განჩინებით და საქმე ხელახლა განსახილველად უკან დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს, შესაბამისი მითითებებით.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე. ხოლო მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დამაყოფილდა.

12. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია განჩინების პპ:1-6. იმავდროულად, დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მოპასუხე საზოგადოების გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2013 წლის 08 ოქტომბრის №308 ბრძანებით აბონენტთა მომსახურების ცენტრების გაერთიანებასთან დაკავშირებით დადგინდა აბონენტთა მომსახურების ცენტრების და ბიზნეს-ცენტრების თანამშრომელთა შეფასება, რისთვისაც შეიქმნა ორი კომისია. მოპასუხე საზოგადოებაში 10-11 ოქტომბერს განხორციელდა აბონენტებთან მუშაობის ჯგუფების ოპერატორების შეფასება 5 კრიტერიუმის გათვალისწინებით: 1) პროფესიული განათლება (15%); 2) პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება (20%); 3) პროფესიული უნარების ფლობის დონე (30%); 4) მუშაობის შედეგიანობა (20%); 5) მმართველობითი უნარები (15%). კომისიამ მოსარჩელე შეაფასა 2.96 ქულით მაქსიმალური 4 ქულიდან, ხოლო გაპროტესტების შემდეგ მოსარჩელეს მოპასუხე საზოგადოების სააპელაციო კომისიამ გაუზარდა შეფასება 3.08 ქულამდე (იხ.: შეფასების კომისიის სხდომის ოქმი; სააპელაციო კომისიის განხილვის ოქმი, ტ. І, ს.ფ. 121-136, 169-173).

13. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელე არ შედავებია შეფასების კრიტერიუმებს და შესაბამის ქულათა ოდენობას. მოსარჩელე აპელირებდა იმ გარემოებზე, რომ მისთვის გასაუბრებისას კომისიის წევრებს საერთოდ არანაირი კითხვა არ დაუსვამთ და ისე მოახდინეს მისი შეფასება (იხ. სააპელაციო სასამართლოს 10.06.2016 წლის სხდომის ოქმი).

14. მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის სააპელაციო პალატამ გამოიკვლია შტატების შემცირების მოტივით (რეორგანიზაცია) მართლზომიერად გათავისუფლდა თუ არა მოსარჩელე დაკავებული თანამდებობებიდან. ორგანიზაციული ცვლილებების საფუძვლით დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა მხოლოდ მაშინ არის დასაშვები, როდესაც დასტურდება სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობა, რაც პალატის მოსაზრებით, დამსაქმებლის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს. დამსაქმებელი, როდესაც რეორგანიზაციის გადაწყვეტილებას იღებს, უნდა დარწმუნდეს, რომ აღნიშნული ნაბიჯი შეესაბამება საწარმოს ინტერესებს, და ამავე დროს, გაუმართლებლად არ ხელჰყოფს დასაქმებულთა კანონიერ უფლებებს. მეწარმის გადაწყვეტილება მოითხოვს დასაბუთებას, გარკვეულ გათვლებს, რეორგანიზაციამდე არსებული სტრუქტურისა და მომავალი სტრუქტურის შედარებას, რეორგანიზაციის დადებითი და უარყოფითი მხარეების განსაზღვრას. მეწარმის თვითნებური გადაწყვეტილება, რომ განუსაზღვრელი ვადით გამოაცხადოს რეორგანიზაცია, ისე, რომ არ დაასაბუთოს თუ რატომ უნდა შემცირდეს კადრები, მოიკლო თუ არა სამუშაომ, დაინერგა თუ არა ტექნოლოგიური სიახლეები, რომლებმაც გამოათავისუფლა დასაქმებულები, განხორციელდა თუ არა მნიშვნელოვანი ცვლილებები, რამაც აუცილებელი გახადა მენეჯერული მიდგომის შეცვლა და სხვა, ექვემდებარება გაუქმებას. სააპელაციო პალატის აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი იყო დადგენილიყო დამსაქმებლის მხრიდან სამუშაო ძალის შემცირება იყო თუ არა ნაკარნახევი აუცილებლობით და აღნიშნული ემსახურებოდა თუ არა საწარმოს განვითარების მიზნებს (იხ., სუსგ 09.12.2016, Nას-665-636-2016).

15. მოპასუხე მოსარჩელის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების აყრდნობდა თანამშრომელთა შეფასების შედეგებზე, რომლებიც დამსაქმებლის მხრიდან გათვალისწინებული იქნა მუშაკთა სამსახურიდან გათავისუფლების დროს. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მოსარჩელე უთითებდა, რომ მისი შეფასება განხორციელდა არაობიექტურად და ის დამსაქმებლის მხრიდან ჩაყენებულ იქნა სხვა კონკურსანტებთან არათანაბარ პირობებში, რაც თავის მხრივ მიუთითებს მის მიმართ განხორციელებულ დისკრიმინაციულ ქმედებაზე.

16. სააპელაციო პალატამ მიუთითა სშკ-ის მე-2 მუხლზე, რომლის მიხედვით შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო. დისკრიმინაციად ჩაითვლება პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ შევიწროება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ანდა პირისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით. დისკრიმინაციად არ ჩაითვლება პირთა განსხვავების აუცილებლობა, რომელიც გამომდინარეობს სამუშაოს არსიდან, სპეციფიკიდან ან მისი შესრულების პირობებიდან, ემსახურება კანონიერი მიზნის მიღწევას და არის მისი მიღწევის თანაზომიერი და აუცილებელი საშუალება. „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახამდ, საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია. პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად. ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მდგომარეობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.

17. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-14 მუხლის თანახმად, ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნისა. მე-14 მუხლისაგან განსხვავებით, რომელიც კრძალავს დისკრიმინაციას მხოლოდ კონვენციით გარანტირებულ უფლებებთან მიმართებით, კონვენციის მე-12 ოქმის პირველი მუხლის თანახმად, კანონით დადგენილი, ნებისმიერი უფლებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონების, დაბადების ან სხვა ნიშნისა; დაუშვებელია საჯარო ხელისუფლების მხრიდან ვინმეს დისკრიმინაცია პირველ პუნქტში აღნიშნული რომელიმე საფუძვლით.

18. სსსკ-ის 3633 მუხლის თანახმად, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.

19. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს კვლევის საგანი იყო სადავო ბრძანებისა და ორგანიზაციაში 2013 წლის 10-11 ოქტომბერს ჩატარებული პროფესიული საქმიანობის შეფასების (ატესტაციის) შედეგების ბათილად ცნობის განმაპირობებელ ყველა წინამძღვარს ჰქონდა თუ არა ადგილი, რა დროსაც, სასამართლოს მსჯელობის საგანი შეიძლება ყოფილიყო აკმაყოფილებდა თუ არა კონკურსანტი დამსაქმებლის მიერ დადგენილ შეფასების კრიტერიუმებს. იმავდროულად, იმის კვლევა თუ: რა სახის კითხვები იქნა დასმული დასაქმებულებისათვის, მათ შორის, მოსარჩელისათვის, იყო თუ არა კითხვები რელევანტური მათ სამუშაოსთან, ხომ არ ხდებოდა კითხვების ფორმალურად დასმა, რა სახის პასუხები იქნა გაცემული მოსარჩელის მიერ, რა სახით ხდებოდა შემფასებელთა მიერ კანდიდატზე ინფორმაციის მოძიება და შეგროვება, იყო თუ არა კითხვები ერთი და იგივე შინაარსის, დაეთმო თუ არა ყველა კანდიდატთან გასაუბრებას დროის ერთი და იგივე მონაკვეთი, სცილდებოდა სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს.

20. ამ მიზნით სააპელაციო პალატამ საქმეში წარმოდგენილი შეფასების კომისიის სხდომის ოქმისა და სააპელაციო კომისიის განხილვის ოქმის (ტ. І, ს.ფ. 121-136, 169-173) საფუძველზე, დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე სხვა, გამარჯვებულ კონკურსანტებთან შედარებით, ვერ აკმაყოფილებდა დამსაქმებლის მიერ დადგენილ შეფასების კრიტერიუმებს. საქმის მასალებში წარმოდგენილი ოქმით დასტურდებოდა, რომ იმ პირებს, რომლებიც რეორგანიზაციის შემდეგ მუშაობა გააგრძელეს „ი-“ ბიზენს-ცენტრში ოპერატორების თანამდებობაზე, გააჩნდათ უკეთესი ქულები, ვიდრე მოსარჩელეს. დასტურდებოდა, რომ რეორგანიზაციის შედეგად ბიზნეს-ცენტრ „ი-ში“ დარჩა 3 თანამშრომელი, რომელთა შეფასება შეადგენდა შემდეგს: ნ- ტ- - 3.95 ქულა, ე-–- დ- - 3.61 ქულა და კ- დ-- 3.55 ქულა. მოსარჩელის მაქსიმალური შეფასება კი 3.08 ქულით განისაზღვრებოდა. ამდენად, სამივე მათგანმა მოსარჩელეზე მაღალი შეფასება მიიღო. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ დასტურდებოდა მოსარჩელის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციული მოპყრობის, კერძოდ, კი მისი შეფასების არაობიექტურად განხორციელების და დამსაქმებლის მხრიდან სხვა კონკურსანტებთან არათანაბარ პირობებში ჩაყენების, ფაქტი.

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა გათავისუფლების შესახებ ბრძანებისა და დამსაქმებლის მიერ 2013 წლის 10-11 ოქტომბერს ჩატარებული პროფესიული საქმიანობის შეფასების (ატესტაციის) შედეგების მოსარჩელესთან მიმართებით ბათილად ცნობის განმაპირობებელი გარემოებები.

22. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მისი გაუქმება და სარჩელების დაკმაყოფილება მოითხოვა.

23. კასატორი განმარტავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შედეგობრივი უსწორობა განპირობებულია არა მხოლოდ სამართლის ნორმათა არასწორი გამოყენებითა და განმარტებით, არამედ საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების უგულებელყოფით, რაც იმაში გამოიხატა, რომ სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა კასატორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაზე. კასატორი მიუთითებს, რომ აღნიშნული სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს საოქმო განჩინებები, რომლითაც სასამართლომ გადაწყვეტილების გამოცხადების ეტაპიდან დაბრუნების შემდეგ მოწინააღმდეგე მხარეს დაავალა მტკიცებულებების წარდგენა.

24. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ასევე არ იმსჯელა კასატორის აპელაციის იმ საფუძველზეც, სადაც სადავოს ხდიდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან საქმის მთავარ სხდომაზე მითითებული ახალი გარემოებების მხედველობაში მიღებას და მათზე გადაწყვეტილების დამყარებას (კასატორი გულისხმობს ატესტაციის შედეგებს), რითაც დაირღვა სსსკ-ის 219-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნა.

25. საკასაციო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ იგი სადაოდ ხდიდა სწორედ იმ გარემოებას, რომლის მიხედვითაც გასაუბრებისას კომისიის წევრებს კასატორისათვის არანაირი კითხვა არ დაუსვამთ და ისე მოახდინეს მისი შეფასება. თუმცა, კასატორი მიუთითებს, რომ იგი სადაოდ ხდიდა ატესტაციის შედეგებს მთლიანობაში და მათ შორის ქულის მინიჭების ნაწილშიც, მაგრამ არა იმ მიმართებით, რომ მისთვის მინიჭებული ქულა უსამართლო იყო, არამედ იმ თვალსაზრისით, რომ ვინაიდან კასატორის მიმართ არ ჰქონია ადგილი შეფასებისთვის დადგენილი 5 კრიტერიუმის შემოწმებას, ანუ იმ ეტაპების გავლას, რის საფუძველზეც ქულა უნდა განსაზღვრულიყო.

26. კასატორის განმარტებით ადგილი ჰქონდა შეფასების წესის და პროცედურის არსებით დარღვევას, რის გამოც შეფასების შედეგი მთლიანად ექვემდებარებოდა ბათილად ცნობას, რადგან ასეთ ვითარებაში ნებისმიერი ქულა დაუსაბუთებელი იქნებოდა. საკასაციო საჩივრის ავტორის მითითებით, სწორედ ის გარემოება, რომ გასაუბრებისას კომისიის წევრებს საერთოდ არანაირი კითხვა არ დაუსვამთ მისთვის და ამის გამო არ ჰქონია ადგილი შეფასებისთვის დადგენილი 5 კრიტერიუმის შემოწმებას, ქმნიდა მოცემულ საქმეზე აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების უპირობო საფუძველს, რაც საერთოდ გამორიცხავს შეფასების (ატესტაციის) ჩატარებულად ცნობის შესაძლებლობას, რადგან შეფასების არსი სწორედ იმას გულისხმობს, რომ დასაქმებული პირი ნამდვილად დაექვემდებაროს შემოწმებას იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით, რომლებიც შეფასების წესებით იქნა დადგენილი.

27. კასატორი აღნიშნავს, რომ ატესტაციის შედეგებთან დაკავშირებული გარემოებები მოპასუხეს საერთოდ არ მიუთითებია შესაგებელში და აღნიშნულის თაობაზე მთავარ სხდომაზე იქნა წარმოდგენილი მისი პოზიცია, რაც კასატორის განმარტებით მისი პრეტენზიის მიუხედავად სასამართლომ მიიღო და უფრო მეტიც, გადაწყვეტილების გამოცხადების ეტაპიდან დაბრუნების შედეგად მოწინააღმდეგე მხარეს მტკიცებულებათა წარმოდგენაც კი დაავალა, რითაც დარღვეულ იქნა სსსკ-ის მე-2, მე-3, მე-4 და 219-ე მუხლის მოთხოვნები.

28. საკასაციო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ის, რაც სარჩელსა და შესაგებელში არ არის მითითებული და მთავარ სხდომაზე იქნა დაფიქსირებული, ნებისმიერ შემთხვევაში სსსკ-ის 219-ე მუხლით გათვალისწინებულ ახალ გარემოებებად უნდა დაკვალიფიცირდეს, რასაც ჰქონდა კიდეც ადგილი მოცემულ საქმეზე, რადგან შეფასება-ატესტაციის საკითხი და მასთან დაკავშირებული გარემოებები მოწინააღმდეგე მხარის შესაგებელში არ იქნა მითითებული.

29. კასატორი აღნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე მხარის დასაქმებულ პირთა შეფასება (ატესტაცია), რომელიც შეეხო კასატორს, ჩატარდა 2013 წლის 10-11 ოქტომბერს და აღნიშნულის თაობაზე შედგა შეფასების კომისიის სხდომის ოქმი, რომელშიც აღნიშნულია, რომ თანამშრომელთა შეფასება განხორციელდა 5 კრიტერიუმის დიფერენცირებული კუთრი წონის (%) მიხედვით, კერძოდ, პროფესიული განათლება - 15 %, პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება - 20 %, პროფესიული უნარების ფლობის დონე - 30 %, მუშაობის შედეგიანობა - 20 %, მმართველობითი უნარები - 15 %, ხოლო მაქსიმალური შეფასება განიცაზღვრა 4.00 ქულით. შესაბამისად, კასატორის პრეტენზიას წარმოადგენს ის გარემოება, რომ დასაქმებულ პირთა პროფესიული საქმიანობის შეფასებას რეალურად ადგილი არ ჰქონია და არც ატესტაცია ჩატარებულა.

30. საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, ადგილი არ ჰქონია დასაქმებულ პირთა ინფორმირებას მოსალოდნელი ატესტაციისა და მისი პროცედურების, კრიტერიუმებისა და სხვა კონკრეტული პირობების შესახებ, რის გამოც, კასატორმა არ იცოდა, თუ რა თემაზე სასაუბროდ იწვევდნენ მას კომისიის სხდომაზე (გასაუბრებაზე).

31. კასატორი მიუთითებს, რომ ე.წ. ატესტაცია მოიცავდა მხოლოდ ზოგად გასაუბრებას, რომელზეც ერთი კითხვაც არ დასმულა იმ 5 კრიტერიუმის (პროფესიული განათლება, პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება, მუშაობის შედეგიანობა, მმართველობითი უნარები) ფარგლებში, რომელიც შეფასებისათვის იქნა განსაზღვრული.

32. 2017 წლის 14 სექტემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი იქნა დაზუსტებული საკასაციო საჩივარი, სადაც კასატორი დამატებით მიუთითებს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ივლისის განჩინებაზე (Nბს-85-84(კ-16), რომელიც შეეხება კონკურის საფუძველზე საჯარო სამასახურში დასაქმების სამართლებრივ საკითხებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

33.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

34. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

35. საკასაციო საჩივარი წარმოდგენილია როგორც ფაქტების ისე, სამართლის ნაწილში. ფაქტის ნაწილში შედავებისას კასატორი აღნიშნავს, რომ ატესტაციის შედეგებთან დაკავშირებულ გარემოებებს მოპასუხე არ მიუთითებდა შესაგებელში და აღნიშნული მთავარ სხდომაზე იქნა გაჟღერებული [სსკ-ის მე-2, მე-3, მე-4 და 219-ე მუხლი]. კასატორის აღნიშნულ პრეტენზიას საკასაციო პალატა არ იზიარებს და მიუთითებს, რომ მოპასუხე შესაგებელშივე მიუთითებდა ორგანიზაციაში რეორგანიზაციის დაწყების შესახებ ინფორმირებულობისა საკითხსა და აგრეთვე იმაზე, რომ რეორგანიზაციის შედეგად შემცირდა ექვსი საშტატო ერთეული სამ ერთეულამდე. ხოლო ის გარემოება რომ რეორგანიზაციისა და შესაბამისდ, შტატების შემცირებისასა გათვალისწინებული იქნა სწორედ ატესტაციის შედეგები, წარმოადგენს მოპასუხის ძირითად შედავებას (ტ.1. ს.ფ. 28).

36. სამართლის ნაწილში, კასატორის პრეტენზიას წარმოადგენს ის გარემოება, რომ დასაქმებულები არ იყვნენ ინფორმირებულები მოსალოდნელი ატესტაციისა და მისი პროცედურების, კრიტერიუმებისა და სხვა კონკრეტული პირობების შესახებ, რის გამოც, კასატორმა არ იცოდა, თუ რა თემაზე სასაუბროდ იწვევდნენ მას კომისიის სხდომაზე (გასაუბრებაზე); დასაქმებულ პირთა პროფესიული საქმიანობის შეფასებას რეალურად ადგილი არ ჰქონია. ე.წ. „ატესტაცია“ მოიცავდა მხოლოდ ზოგად გასაუბრებას, რომელზეც ერთი კითხვაც არ დასმულა იმ 5 კრიტერიუმის (პროფესიული განათლება, პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება, მუშაობის შედეგიანობა, მმართველობითი უნარები) ფარგლებში, რომელიც შეფასებისათვის იქნა განსაზღვრული.

37. კასატორის პრეტენზიას საკასაციო პალატა არ იზიარებს და მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოპასუხე საზოგადოების გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2013 წლის 08 ოქტომბრის №308 ბრძანებით აბონენტთა მომსახურების ცენტრების გაერთიანებასთან დაკავშირებით დადგინდა აბონენტთა მომსახურების ცენტრების და ბიზნეს-ცენტრების თანამშრომელთა შეფასება, რისთვისაც შეიქმნა ორი კომისია. მოპასუხე საზოგადოებაში 10-11 ოქტომბერს განხორციელდა აბონენტებთან მუშაობის ჯგუფების ოპერატორების შეფასება 5 კრიტერიუმის გათვალისწინებით: 1) პროფესიული განათლება (15%); 2) პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება (20%); 3) პროფესიული უნარების ფლობის დონე (30%); 4) მუშაობის შედეგიანობა (20%); 5) მმართველობითი უნარები (15%). კომისიამ მოსარჩელე შეაფასა 2.96 ქულით მაქსიმალური 4 ქულიდან, ხოლო გაპროტესტების შემდეგ მოსარჩელეს მოპასუხე საზოგადოების სააპელაციო კომისიამ გაუზარდა შეფასება 3.08 ქულამდე (იხ.: შეფასების კომისიის სხდომის ოქმი; სააპელაციო კომისიის განხილვის ოქმი, ტ. І, ს.ფ. 121-136, 169-173).

38. მოსარჩელე არ შედავებია შეფასების კრიტერიუმებს და შესაბამის ქულათა ოდენობას. მართალია საკასაციო საჩივარში მოსარჩელე არ ეთანხმება დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, თუმცა იგი ვერ მიუთითებს თუ რა სახის საპროცესო სამართლის ნორმათა დარღვევით იქნა აღნიშნული დადგენილი და გარდა ამისა, სარჩელში, სააპელაციო და საკასაციო საჩივრშიც დასაქმებული იმაზე მიუთითებს, რომ მისთვის გასაუბრებისას კომისიის წევრებს საერთოდ არანაირი კითხვა არ დაუსვამთ და ისე მოახდინეს მისი შეფასება (იხ. სააპელაციო სასამართლოს 10.06.2016 წლის სხდომის ოქმი).

39. ამდენად, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია აკმაყოფილებდა თუ არა კონკურსანტი იგივე მოსარჩელე დამსაქმებლის მიერ დადგენილ შეფასების კრიტერიუმებს.

40. საქმეში წარმოდგენილი შეფასების კომისიის სხდომის ოქმისა და სააპელაციო კომისიის განხილვის ოქმის (ტ. І, ს.ფ. 121-136, 169-173) საფუძველზე, დადგენილია, რომ მოსარჩელე სხვა, გამარჯვებულ კონკურსანტებთან შედარებით, ვერ აკმაყოფილებდა დამსაქმებლის მიერ დადგენილ შეფასების კრიტერიუმებს. საქმის მასალებში წარმოდგენილი ოქმით დასტურდებოდა, რომ იმ პირებს, რომლებიც რეორგანიზაციის შემდეგ მუშაობა გააგრძელეს „ი-“ ბიზენს-ცენტრში ოპერატორების თანამდებობაზე, გააჩნდათ უკეთესი ქულები, ვიდრე მოსარჩელეს. დასტურდებოდა, რომ რეორგანიზაციის შედეგად ბიზნეს-ცენტრ „ი-ში“ დარჩა 3 თანამშრომელი, რომელთა შეფასება შეადგენდა შემდეგს: ნ- ტ - 3.95 ქულა, ე-- დ- - 3.61 ქულა და კ- დ- - 3.55 ქულა. მოსარჩელის მაქსიმალური შეფასება კი 3.08 ქულით განისაზღვრებოდა. ამდენად, სამივე მათგანმა მოსარჩელეზე მაღალი შეფასება მიიღო. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ დასტურდება მოსარჩელის შეფასების არაობიექტურად განხორციელების და დამსაქმებლის მხრიდან სხვა კონკურსანტებთან არათანაბარ პირობებში ჩაყენების, ფაქტი.

41. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით უარყოფილია აგრეთვე, მოსარჩელის მითითება მის მიმართ განხორციელებულ დისკრიმინაციულ მოპყობაზე მოსარჩელის მიერ მტკიცების ტვირთის განუხორციელებლობის საფუძვლით [სშკ-ის მე-2, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 და მე-12 მუხლები, სსსკ-ის სსსკ-ის 3633 მუხლი].

42. კასატორი სადავოდ ხდის მის არაინფორმირებულობას მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ შეტყობინებას დასაქმებელმა ხელი მოაწერა 2013 წლის 18 დეკემბერს, ხოლო 2013 წლის 24 დეკემბერს მოსარჩელე გამოცხადდა მოპასუხე ორგანიზაციაში შეტყობინების გასაცნობად, გაეცნო მას, რის შემდგომაც ურაი განაცხადა შეტყობინების ხელმოწერასა და ჩაბარებაზე, აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა აქტი. შეტყობინებას, რომელსაც გაეცნო მოსარჩელე მითითებული იყო გარემოება თუ რით იყო განპირობებული ხელშეკრულების შეწყვეტა (იხ., მოპასუხის შესაგებელი - ტ.1. ს.ფ. 27; შეტყობინების ჩაბარებაზე უარისთქმის შესახებ შედგენილი აქტი - ტ.1. ს.ფ. 37, შეტყობინება შრომითი ურთიერთობის შეწყეტის შესახებ - ტ.1. ს.ფ. 38).

43. რაც შეეხება 2017 წლის 14 სექტემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილ დაზუსტებულ საკასაციო საჩივრს, მასში კასატორი მიუთითებს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ივლისის განჩინებაზე (Nბს-85-84(კ-16). აღნიშნული განჩინება შეეხება კონკურის საფუძველზე საჯარო სამსახურში დასაქმების სამართლებრივ საკითხებს და ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ საქმესთან მიმართებით კასატორის მითითება რელევანტური არ არის.

44. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

45. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. შრომითსამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა.

46. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

47. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ- დ-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ლ- დ--ს უკან დაუბრუნდეს ო- დ-ს მიერ 2017 წლის 05 ივლისის საგადახდო დავალება N0 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (300 ლარი) 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე