Facebook Twitter

№190210016001410800

საქმე №ას-843-787-2017 20 სექტემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ჰ--“ (მოპასუხე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „გ--ი“ (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 04 მაისის განჩინება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 21 აპრილის საოქმო განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2014 წლის 6 ივნისს შპს „გ--სა” (შემდეგში: შემსრულებელი ან მოსარჩელე) და შპს „ჰ--ს” (შემდეგში: დამკვეთი ან მოპასუხე) შორის გაფორმდა ხელშეკრულება (შემდეგში: ხელშეკრულება).

2. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ.გ---ში, ა--ლის ქ.N25-ში მდებარე მაღაზია „ჰ--ის“ გაფართოების პროექტის (არქიტექტურა, პროექტირება, ინტერიერის და ექსტერიერის დიზაინი, 3D ვიზუალიზაცია დასრულებულ ნამუშევარში მითითებული უნდა ყოფილიყო ყველა ის ზომა და პარამეტრი, რაც საკმარისი იქნებოდა მშენებლობისათვის, მშენებლობის პროცესში მეთვალყურეობა, ასევე გამგეობასთან თანამშრომლობა პროექტის ჩაბარებისას) შესრულება.

3. ხელშეკრულების მიხედვით დამკვეთის უნდა მიეღო შემსრულებელს მიერ შესრულებული ვალდებულება (განჩინების პ-2) და გადაეხადა ღირებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით.

4. მთლიანი სახელშეკრულებო თანხა შეადგენდა 10 000 ლარს.

5. ხელშეკრულებით განისაზღვრა ანგარიშსწორების წესი, რომლის მიხედვით თანხის პირველი ნახევარი უნდა გადახდილიყო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ შესაბამისი ინვოისის საფუძველზე, ხოლო მეორე გადახდა განხორციელდებოდა პროექტის გამგეობის მიერ დამტკიცების შემდეგ. წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებისა და შესაბამისი დოკუმენტის წარდგენიდან 10 დღის განმავლობაში.

6. შემსრულებელმა სარჩელი აღძრა დამკვეთის წინააღმდეგ და მოითხოვა 5 000 ლარის გადახდა.

7. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველ შედავებაში შემსრულებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა დაასახელა (პროექტის უხარისხო შესრულება და ვადის დარღვევა).

8. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5000 ლარის გადახდა.

9. გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 04 მაისის განჩინებით.

10. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია განჩინების პპ: 1-5 დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

11. უდავო გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ დამკვეთმა გადაუხადა შემსრულებელს თანხის პირველი ნახევარი 5 000 ლარი.

12. იმავდროულად, დადგენილი იქნა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 25 ნოემბრის N2043 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა არსებული შენობა-ნაგებობის (სუპერმარკეტის) რეკონსტრუქციისათვის წარდგენილი პროექტის შესაბამისად.

13. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოებაც, რომ შემსრულებელმა დამკვეთს მოსთხოვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის მეორე ნახევრის - 5000 ლარის გადახდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 25 ნოემბრის N2043 ბრძანების მშენებლობის ნებართვის გაცემის გამო (2016 წლის 05 თებერვლის). საპასუხოდ, 2016 წლის 02 მარტის წერილით, დამკვეთმა უარი განუცხადა შემსრულებელს თანხის გადახდაზე. თანხის გადაუხდელობის საფუძვლად დაასახელა ხელშეკრულების დარღვევა, პროექტის შეუსრულებლობა (ინტერიერის დიზაინი და 3D ვიზუალიზაცია) და პროექტის ჩაბარების ვადის გადაცილება. აგრეთვე, მიეთითა გამგეობასთან თანამშრომლობის ვალდებულების დარღვევა.

14. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია ელექტრონული ფოსტის 2014 წლის მიმოწერებსაც, საიდანაც ირკვეოდა, რომ მოსარჩელე ახდენდა პროექტის კორექტირებას შემკვეთის ინტერსების გათვალისწინებით.

15. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სააპელაციო პალატამ სამართლებრივად მოაწესრიგა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 629.1-ე, 641.1-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ 2015 წლის 25 ნოემბრის N2043 ბრძანებით შეთანხმდა სწორედ შემსრულებლის მიერ 2014 წლის 12 აგვისტოს შესრულებული რეკონსტრუქციის პროექტი და მასზე დართული გეგმა ნახაზები.

16. ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა საქმეში წარმოდგენილი ელექტრონული მიმოწერებით ირკვეოდა, რომ შესასრულებელი სამუშაოს პროცესში მოხდა პროექტზე შემკვეთის შენიშვნების გათვალისწინება და პროექტმა საბოლოო სახე მიიღო 2014 წლის 12 აგვისტოს. იმავდროულად, 2014 წლის 12 აგვისტოდან პროექტის შეთანხმებამდე დამკვეთს არ წაუყენებია პრეტენზია შესრულებული სამუშაოსათვის, აგრეთვე, არც ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ნება გამოუხატავს. უფრო მეტიც, შემსრულებლის მიერ შესრულებული პროექტის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა. ამ გარემოებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, აშკარა იყო, რომ ხელშეკრულების მიზანი - მომხდარიყო პროექტის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შეთანხმება - განხორციელდა.

17. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილების მიზნებისათვის სახეზე იყო ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება და შემხვედრი ვალდებულების - შეთანხმებული საზღაურის გადახდის ვალდებულების წარმოშობა.

18. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, რომელმაც მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. აპელანტმა აგრეთვე გაასაჩივრა 2017 წლის 21 აპრილის საოქმო განჩინება, რომლითაც მას უარი ეთქვა მტკიცებულების (სსიპ ლ. სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 09.03.2017 წ.-ის დასკვნის) საქმისათვის დართვაზე.

19. კასატორის განმარტებით, მოსარჩელეს არასრულად აქვს შესრულებული სამუშაო (ნაკლები რაოდენობის), ხოლო ის რაც შესრულებულია - უვარგისია, როგორც ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ასევე ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. შემუშავებული პროექტით მშენებლობის განხორციელება შეუძლებელიდა დაუშვებელია. აღნიშნული კი, დასტურდება მოსარჩელის აღიარებით და 2017 წლის 9 მარტის #5001212717 ექსპერტიზის დასკვნით.

20. უფრო მეტიც, კასატორს მიაჩნია, რომ გამგეობის მიერ პროექტის დამტკიცება არ არის ამ ხელშეკრულების მიზანი და ცალკე აღებული მხოლოდ ეს ფაქტი არ ადასტურებს ხელშეკრულების შესრულებასა და შემკვევთის მხრიდან შემხვედრი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობის არსებობას. შემკვეთის ინტერესი მდგომარეობდა სამუშაოს ჯეროვან და დროულ შესრულებაში, შედეგად კი, მიიღო სსკ-ის 405-ე მუხლის მეორე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის პირობები, რაც ნიშნავს იმას, რომ ახლანდელი შესრულების მიმართ კასატორს დაკარგული აქვს ინტერესი.

21. კასატორი მიუთითებს, რომ ხელშეკრულების თანახმად შემსრულებელი ვალდებული იყო შეესრულებინა არსებული მაღაზიის (შენობის) რეკონსტრუქციის (გაფართოების) პროექტი. ხელშეკრულების საგანში მითითებულია, რომ პროექტში უნდა იყოს ყველა ის ზომა და პარამეტრი, რაც საკმარისი იქნება მშენებლობისათვის, ასევე უნდა განახორციელოს მშენებლობის პროცესში მეთვალყურეობა. ხელშეკრულების თანახმად პროექტი უნდა დამტკიცდეს - გაიცეს მშენებლობის ნებართვა. კასატორი მიუთითებს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 3.43 პუნქტზე, რომლის თანახმად: „მშენებლობის ნებართვა - განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: 1 სტადია - ქალაქმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება), 2 სტადია - არქიტექტურულ-ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); 3 სტადია - მშენებლობის ნებართვის გაცემა“. პროექტის შეთანხმების მეორე სტადია ითვალისწინებს კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმებას. კასატორი აქვე განმარტავს, რომ არქიტექტორი არა მხოლოდ ფასადის თუ ინტერიერის ესკიზებს აკეთებს, არამედ საინჟინრო-ტექნიკური, ტექნოლოგიური და სხვა ნაწილების დამუშავებას ხელმძღვანელობს და მშენებლობას უძღვება - მას ეს არ ევალება დადგენილებით და ხელშეკრულებით, მაგრამ არ გაუკეთებია, რადგან თვლის, რომ არ ევალებოდა და არც იცის.

22. საკასაციო საჩივრის ავტორის მითითებით, მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, რომ იგი არის არქიტექტორი, დიზაინერი და მას არ ევალებოდა (არც ჰქონდა უფლება) შეესრულებინა კონსტრუქციული ნაწილი (მშენებლობისათვის საკმარისი ყველა ზომა და პარამეტრი) - როგორ უნდა აშენდეს შენობა.

23. გარდა ზემოაღნიშნულისა, კასატორი განმარტავს, რომ მოსარჩელის ვალდებულებაა „მშენებლობის პროცესში მეთვალყურეობა“. ასევე აღნიშნავს, რომ თუ მოსარჩელეს პროექტით არ გაუთვალისწინებია, თუ როგორ უნდა ავაშენოთ - რას და როგორ უნდა გაუწიოს მეთვალყურეობა არქიტექტორმა, სასამართლოს უნდა ემსჯელა აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე.

24. საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების 5.1 პუნქტი ადგენს, რომ მომსახურება ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, აღნიშნულზე კი სასამართლოს არ უმსჯელია. არ არსებობს მიღება-ჩაბარების აქტი, სამუშაო მიღებული არ არის და კასატორს მიაჩნია, რომ აქვს შესრულებაზე უარის თქმის უფლება.

25. კასატორის განმარტებით, ხელშეკრულების მიზანი გამგეობის მიერ პროექტის დამტკიცება კი არ არის, არამედ დამტკიცებული პროექტის საფუძველზე მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობა, ვინაიდან, შემსრულებლის ვალდებულება იყო ასევე მშენებლობის პროცესში მეთვალყურეობა. სააპელაციო სასამართლო კი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 25 ნოემბრის #2043 ბრძანებაზე მითითებით ადგენს, რომ ხელშეკრულების მიზანი განხორციელებულია. თუმცა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის კომპეტენცია (პროექტის დამტკიცება) სასამართლოსთვის ვერ იქნება რაიმე არგუმენტი.

26. კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელის აღირება და 2017 წლის 9 მარტის ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს, რომ მშენებლობის ნებართვა გაცემულია პროექტზე, რომელსაც სამშენებლო ნაწილი არ აქვს - რომლითაც ვერაფერის აშენება ვერ მოხერხდება. კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს პროექტი არ შეუსრულებია 2014 წლის 12 აგვისტოს. ელექტრონული მიმოწერის ბოლო გვერდი შესრულებულია 29 ოქტომბერს, ხოლო ე.წ. პროექტი დასრულებული სახით ჩაბარდა გამგეობას 2014 წლის ნოემბერში (უნდა ჩაბარებოდა არაუგვიანეს 2014 წლის 12 ივლისს).

27. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 21 აპრილის საოქმო განჩინების გაუქმების საფუძვლებს, რომლითაც აპელანტს უარი ეთქვა მტკიცებულების (სსიპ ლ. სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 09.03.2017წ.-ის დასკვნის) საქმისათვის დართვაზე, კასატორი განმარტავს, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 9 მარტის №5001212717 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად პროექტს ფაქტიურად არ გააჩნია მშენებლობისათვის საჭირო და საკმარისი ელემენტარული მონაცემებიც კი. კასატორი მიუთითებს, რომ მას ჰქონდა საფუძველი ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენისთვის და აღნიშნული დოკუმენტი არის კვალიფიციური, კომპეტენტური საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული დასკვნა და არა რაიმე სუბიექტური დოკუმენტი. ამასთან, გაცემული დასკვნა შეიცავს სწორედ საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ სპეციალურ ცოდნას. საკასაციო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ექსპერტმა პასუხი გასცა შემდეგს: „გთხოვთ, ექსპერტიზა ჩაუტაროთ ქალაქ გ--ში, აღმაშენებლის ქ.№25-ში მდებარე სუპერმარკეტის რეკონსტრუქციის პროექტს“. მან თავად უზრუნველყო ექსპერტიზის ჩატარება და დასკვნის წარდგენა სასამართლოში.

28. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 2017 წლის 16 აგვისტოს საქართველოს უზენაეს სასამართლოში კასატორმა წარმოადგინა შუამდგომლლობა საქმის წარმოების შეჩერების მოთხოვნით {სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ პუნქტი} იმ მოტივით, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ წარმოებაშია მიღებული შპს „ჰ----ის“ სარჩელი შპს „გ---ის“ მიმართ, 2014 წლის 06 ივნისის ხელშეკრულების ბათილობისა და თანხის დაბრუნების მოთხოვნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

29. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 06 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

30. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

31. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი აღძრულია ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნით [სსკ-ის 629-ე მუხლი], რომელსაც მოვალე/დამკვეთი უპირისპირებს იმგვარ შესაგებელს, რომელიც ეფუძნება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს ნაკლიან შესრულებასა {სსკ-ის 641-ე და 405-ე მუხლები] და დადგენილი ვადების დაუცველობას.

32. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის პრეტენზიას არ გააჩნია ვარგისი სამართლებრივი საფუძველი. იმავდროულად, აღსანიშნავია, რომ კასატორის მიერ სადავოდ გამხდარ საკითხებზე დეტალური მსჯელობაა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში, რომლითაც უარყოფილია შედავება სამუშაოს ნაკლიანი შესრულებისა და ვადების დაუცველობის მიმართ. სახელდობრ, დადგენილია ამ განჩინების პპ: 1-5; 12-14. საგულისხმოა, საქმეში წარმოდგენილი ელექტრონული მიმოწერებიც, რომლის მიხედვით სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შესასრულებელი სამუშაოს პროცესში მოხდა პროექტზე შემკვეთის შენიშვნების გათვალისწინება და პროექტმა საბოლოო სახე მიიღო 2014 წლის 12 აგვისტოს. იმავდროულად, 2014 წლის 12 აგვისტოდან პროექტის შეთანხმებამდე დამკვეთს არ წაუყენებია პრეტენზია შესრულებული სამუშაოსათვის, აგრეთვე, არც ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ნება გამოუხატავს. უფრო მეტიც, შემსრულებლის მიერ შესრულებული პროექტის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა. სხვა დასაშვები მტკიცებულება, რაც დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს გააქარწყლებდა მოპასუხეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ ვადებში, სასამართლოში არ წარმოუდგენია (იხ., ამ განჩინების პ-36).

33. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე გამომდინარეობს დასკვნა, რომ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შესრულებულია, რაც დამკვეთს წარმოუშობს შემხვედრ ვალდებულებას - შეთანხმებული საზღაურის დარჩენილი ნაწილის (5000 ლარი) გადახდის შესახებ [სსკ-ის 629-ე მუხლი].

34. ერთ-ერთ საკასაციო პრეტენზიად, შემკვეთი ასახელებს ნაკლიან შესრულებასა და შესრულების ვადის გადაცილებას, რაც სსკ-ის 405-ე მუხლის „ბ“ პუნქტის საფუძველზე, შემკვეთს წარმოუშობდა ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას (იხ., ამ განჩინების პ: 20). საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეზე არ დგინდება ნორმით დადგენილი არც-ერთ წანამძღვრის არსებობა, რომელთა განხორციელება ხელშეკრულების მხარეს ვალდებულების შეუსრულებლობად შეერაცხება და ხელშეკრულების მეორე მხარეს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას მიანიჭებდა. ნიშანდობლივია, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის სამართლებრივი საკითხები განმარტებული საქარველოს უზენაესი სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაში (იხ., სუსგ №ას-459-438-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი), რომელშიც ხელშეკრულებიდან გასვლისათვის (სსკ-ის 352-ე და 405-ე მუხლები) საკმარის საფუძვლად ის გარემოება იქნა მიჩნეული, რომ მხარის უმთავრესი სახელშეკრულებო ინტერესი ფართის უნიკალური მახასიათებლებით იყო მოტივირებული, სახელდობრ, შესრულების საგანი მკაცრად ინდივიდუალიზებული იყო, იდენტიფიცირებული იყო მისი განლაგება მრავალფუნქციურ კომპლექსში და უკავშირდებოდა ხელშემკვრელი მხარის კომერციულ ინტერესს. მაშასადამე, წინარე ხელშეკრულების ეს მახასიათებელები ხელშეკრულების ის უმთავრესი ინტერესი იყო, რომელთა დარღვევით იკვეთებოდა ნივთობრივი ნაკლი - შეთანხმებულისაგან განსხვავებული საგანი.

35. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ დავა სწორად მოაწესრიგა სსკ-ის 629-ე, 641-ე და 405-ე მუხლებით და სწორად მიიჩნია, რომ შემკვეთს ნაკლიანი შესრულების მოტივით, ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება არ წარმოეშობოდა და არც, შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებზე უარის თქმის უფლება გააჩნდა {იხ., სუსგ №ას-779-728-2017, 31 ივლისი, 2017 წელი}.

36. ასეთივე უსაფუძლოა მოთხოვნა სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 21 აპრილის საოქმო განჩინების გაუქმების შესახებაც, რომლითაც აპელანტს უარი ეთქვა მტკიცებულების (სსიპ ლ. სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 09.03.2017 წ.-ის დასკვნის) საქმისათვის დართვაზე. კასატორი განმარტავს, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 9 მარტის №5001212717 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად პროექტს ფაქტიურად არ გააჩნია მშენებლობისათვის საჭირო და საკმარისი ელემენტარული მონაცემები. კასატორი მიუთითებს, რომ მას ჰქონდა საფუძველი ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენისთვის და აღნიშნული დოკუმენტი არის კვალიფიციური, კომპეტენტური საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული დასკვნა და არა რაიმე სუბიექტური დოკუმენტი. ამასთან, გაცემული დასკვნა შეიცავს სწორედ საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ სპეციალურ ცოდნას (იხ. ამ განჩინების პ: 34).

37. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სსკ-ის 380.2 მუხლის მიხედვით მხარეები შეზღუდულნი არიან წარმოადგინონ ახალი ფაქტები და მიუთითონ ახალ გარემოებებზე საქმის მომზადების დასრულების შემდეგ [დისპოზიცია: სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა]. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ფაქტები, რომელთა შესახებ ცნობილია მხარეებისათვის უნდა წარედგინოს პირველი ინსტანციის სასამართლოს. ახალი ფაქტები ეს ისეთი ფაქტებია, რომლებიც ადრე არ იყო მითითებულ მხარეების მიერ იმის გამო, რომ არ იყო ცნობილი მათ შესახებ და წარმოიშვნენ პირველ ინსტანციაში საქმის განხილვის შემდეგ. მხარეებს, რომლებმაც მიმართეს სასამართლოს სააპელაციო საჩივრით ან ამ საჩივარზე შესაგებლით, შეუძლიათ მოიყვანონ ახალი ფაქტები და წარადგინონ ახალი მტკიცებულებები, მაგრამ სააპელაციო სასამართლო მიიღებს მათ მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კერძოდ, სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომელიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს ახალი ფაქტებისა და ახალი მტკიცებულებების მიღებისა და გამოკვლევის დასაშვებობის 380-ე მუხლით დადგენილი პირობები [იხ., სუსგ Nას-21-358-09, 28 მაისი, 2009 წელი]. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ აპელანტს პირველი ინსტანციის სასამართლოში აღნიშნული დოკუმენტი (ექსპერტიზის დასკვნა) არ წარუდგენია. სადავო დასკვნა მან მხოლოდ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში წარადგინა (იხ., ს.ფ. 27, ტ.2) მასზე მითითებით, რომ დასკვნა მხოლოდ მაშინ მოიპოვეს, რასაც საკასაციო პალატა ვერ მიიჩნევს სსსკ-ის 215.3 ნაწილით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაგვიანებით წარდგენის საპატიოობის დამადასტურებელ საფუძვლად. ვინაიდან მხარეს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპებიდან გამომდინარე {სსკ-ის მე-3, მე-4, 102-ე მუხლები) შეეძლო მისი წარდგენა საქმის მომზადების ეტაპზე, მით უმეტეს, რომ მისი შესაგებელი სწორედ ვალდებულების შეუსრულებლობაში (პროექტის უხარისხო შესრულება და ვადის დარღვევა). მდგომარეობდა (იხ., ამ განჩინების პ - 7). რაც შეეხება საქმის წარმოების შეჩერების შესახებ კასატორის შუამდგომლობას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 2017 წლის 16 აგვისტოს საქართველოს უზენაეს სასამართლოში კასატორმა წარმოადგინა შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების მოთხოვნით {სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ პუნქტი} იმ მოტივით, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ წარმოებაშია მიღებული შპს „ჰ-----------ის“ სარჩელი შპს „გ-----------------ის“ მიმართ, 2014 წლის 06 ივნისის ხელშეკრულების ბათილობისა და თანხის დაბრუნების მოთხოვნით. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან არ არსებობს სსსკ-ის 279-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლოს ვალდებულების წარმომშობი საფუძვლები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ პუნქტის საპროცესო სამართლებრივი საფუძვლით [დისპოზიცია: სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით] სასამართლო იმ შემთხვევაშია ვალდებული შეაჩეროს საქმის წარმოება თუ განსახილველი დავის გადაწყვეტას სამართლებრივად აფერხებს სხვა, სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით განსახილველი, საქმის გადაწყვეტა, რასაც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არ აქვს ადგილი. კასატორის არგუმენტი, რომ მის მიერ აღძრულია დავა მოცემული დავის მოსარჩელის მიმართ და სადავოდაა გამხდარი მოცემულ საქმეში არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ნამდვილობა, შეუძლებელს არ ხდის მოცემული დავის გადაწყვეტას, რადგან, მოცემულ საქმეში სადავოა სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება - ვალდებულება წარმოშობილია ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოს შესრულებდან. მოცემულ შემთხვევაში, საქმის გონივრულ ვადაში დასრულების ინტერესი მიზანშეუწონელს ხდის შუამდგომლობის დაკმაყოფილებას. მით უმეტეს, რომ კასატორის მიერ მითითებული დავის პერსპექტიულობის თეორიულად დაშვების შემთხვევაშიც კი, არსებობს მატერიალური სამართლის იმგავრი მექანიზმები, რომლის გამოყენების შემთხვევაში დასახელებლი დავის მოსარჩელე შეძლებს უფლების სასარჩელო წესით რეალიზებას.

38. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

39. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნაკლიანი შესრულების, ვალდებულების შეუსრულებლობისა და ხელშეკრულებიდან გასვლის სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკა, რომელიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

41. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ჰ--ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „ჰ--ის“ შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

3. კასატორს შპს „ჰ--ს“ უკან დაუბრუნდეს მ-- ა-–ის მიერ 2017 წლის 21 ივნისს საგადასახადო დავალება N1 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (300 ლარი) 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე