№080210015001192600
საქმე №ას-913-853- 2017 29 სექტემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს ქ--ა (მოსარჩელე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ--ე (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება განაცდურის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, ტოლფას სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ნ--ე (შემდეგში: მოსარჩელე ან დასაქმებული) 1963 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში, სხვადასხვა პოზიციებზე, მათ შორის, მთავარ ბუღალტრად. 2009 წლის 03 აგვისტოდან იგი გადაყვანილი იქნა შპს №- შერეული პ---ის (შემდეგში: მოპასუხე საზოგადოება ან დამსაქმებელი ან პ--ა) მთავარ ბუღალტრად. ყოველწლიურად მასთან ფორმდებოდა შრომითი ხელშეკრულებები, რომელშიც გათვალისწინებული იყო მხარეთა უფლებები და ვალდებულებები, მათი პასუხისმგებლობა, მაგრამ დაქირავებულის უშუალო ფუნქციები განსაზღვრული არ ყოფილა.
2. 2015 წლის 06 ივლისს ჩატარდა მოპასუხე საზოგადოების პარტნიორთა კრება, რა დროსაც, პ--ის დირექტორი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დირექტორად 3 თვის ვადით დაინიშნა ი-- ბ--ე (შემდეგში: დირექტორი). 2015 წლის 17 ივლისს ჩატარდა მოპასუხე საზოგადოების პარტნიორთა კრება. კრებაზე დადგენილი იქნა, რომ მოპასუხე საზოგადოებაში მართვის სისტემის ეფექტურად ჩამოყალიბებისა და შემდგომში, საწარმოს გამართულად მუშაობის მიზნით შეტანილიყო შესაბამისი ცვლილებები პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად პ--ის საშტატო განრიგში. შესაბამისი ღონისძიებების გატარება დაევალა პ-ის დირექტორს. ორგანიზაციული ცვლილებების განხორციელებაზე ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ მისცა თანხმობა 2015 წლის 21 სექტემბრის წერილით.
3. მოპასუხე პ---ის დირექტორის 2015 წლის 23 სექტემბრის N128 ბრძანებით საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ-ი) 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტისა და პარტნიორის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის თანხმობით დაიწყო მოპასუხე პ--აში ორგანიზაციული ცვლილება. ასევე, დამტკიცდა პ--აში გასატარებელი ორგანიზაციული ცვლილების გეგმა დანართი N1-ის შესაბამისად.
4. 2015 წლის 23 სექტემბრის N128 ბრძანებით დაწყებული შიდა ორგანიზაციული ცვლილებების დაწყების თაობაზე წერილობით ეცნობა დასაქმებულს, რომელსაც შეტყობინება ჩაბარდა 2015 წლის 28 სექტემბერს. ამავე შეტყობინებით სშკ-ის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დასაქმებული გაფრთხილებული იქნა ორგანიზაციული ცვლილებისას შტატით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირების გამო, შესაძლო გათავისუფლების თაობაზე.
5. 2015 წლის 11 ნოემბერს ჩატარდა შპს №- შერეული პ--ის პარტნიორთა კრება. კრებაზე დამტკიცდა შპს №- შერეული პ--ის დირექტორის მიერ წარმოდგენილი ახალი საშტატო ნუსხა დანართის შესაბამისად.
6. პ-ის დირექტორის 2015 წლის 11 ნოემბრის N148 ო ბრძანებით დამტკიცდა პ---ის საშტატო ნუსხა დანართი N1-ის შესაბამისად. ამავე ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა 2015 წლის 11 ნოემბრამდე პ--ის საშტატო განრიგთან დაკავშირებით გამოცემული ბრძანებები.
7. პ--ის დირექტორის 2015 წლის 12 ნოემბრის კ N94 ბრძანებით (შემდეგში: სადავო ბრძანება) დასაქმებული განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2015 წლის 12 ნოემბრიდან. მას მიეცა კომპენსაცია - ერთი თვის შრომის ანაზღაურება. გათავისუფლების ბრძანებას საფუძვლად დაედო: სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 38-ე მუხლის პირველი პუნქტი, პ--ის დირექტორის 2015 წლის 23 სექტემბრის N128 ბრძანება, პარტნიორთა კრების ოქმი N5 და დირექტორის 2015 წლის 11 ნოემბრის N148 ო ბრძანება.
8. ქ--აში მუშაობის პერიოდში ნ-ის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა გამოყენებული არ ყოფილა.
9. გათავისუფლების შესახებ ბრძანება დასაქმებულს გაეგზავნა ფოსტით 2015 წლის 14 ნოემბერს ტყიბულის რაიონის სოფელ მოწამეთაში. კონვერტი გამომგზავნის მოთხოვნის საფუძველზე დაბრუნდა 2015 წლის 16 ნოემბერს, რადგან დასაქმებულმა პ-აში 16 ნოემბერს პირადად ჩაიბარა გათავისუფლების ბრძანება, მაგრამ ბრძანების მე-2 გვერდზე ჩაბარებისას გააკეთა აღნიშვნა, რომ ჩაიბარა 13 ნოემბერს და იტოვებდა სასამართლოში მისი გასაჩივრების უფლებას. 2015 წლის 16 ნოემბერს ნ--ემ პ-ის დირექტორს მიმართა განცხადებით პარტნიორთა კრების N5 ოქმისა და დირექტორის ბრძანებების გადმოცემის თაობაზე, მათ შორის, მისი გათავისუფლების შესახებ 2015 წლის 12 ნოემბრის N94 კ ბრძანების გადმოცემაზე. აღნიშნული დოკუმენტები მას გადაეცა იმავე დღეს.
10. დასაქმებულმა სარჩელი აღძრა მოპასუხე საზოგადოების მიმართ, რომლითაც მოითხოვა: სადავო ბრძანების ბათილად ცნობა; გათავისუფლებამდე არსებულ თანამდებობაზე აღდგენა და იძულებით განაცდური დროის ხელფასის გადახდა 2015 წლის 12 ნოემბრიდან - ტოლფას თანამდებობაზე აღდგენამდე პერიოდისათვის, ყოველთვიურად 1950 ლარის ოდენობით.
11. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიცვალა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით და ბათილად იქნა ცნობილი სადავო ბრძანება და პ---ას დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისრა, ყოველთვიურად, 1950 ლარის გადახდა 2015 წლის 12 ნოემბრიდან, ამ ნაწილში, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. სარჩელი სამუშაოზე აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
12. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია განჩინების პპ:1-9 დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
13. იმავდროულად, აღნიშნა, რომ პ-აში მთავარი ბუღალტრის უფლებამოსილებები ხელშეკრულებით გაწერილი არ ყოფილა. ხოლო რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი საფინანსო-ეკონომიკური, ფინანსური ანალიზის, დაგეგმარების და შესყიდვების მართვის კოორდინატორის უფლებამოსილებებში შედიოდა შემდეგი: 1) პასუხისმგებელია საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზებაზე ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (ბასს) შესაბამისად; 2) ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების და ხელშეკრულებების განხორციელებაზე კონტროლს. 3) აწარმოებს სამსახურის ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშსწორებას საბუღალტრო ელექტრონული პროგრამის მეშვეობით; 4) უზრუნველყოფს ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ელექტრონული ანგარიშების მომზადებას და დადგენილ ვადაში წარდგენას შესაბამის სტრუქტურებში; 5) არსებული დოკუმენტების საფუძველზე ამზადებს ხარჯების რეესტრს და უზრუნველყოფს თანხის გადარიცხვას ინტერნეტ-ბანკინგით; 6) ახორციელებს კონტროლს ფულად სახსრებსა და მატერიალურ ფასეულობებზე; 7) ადგენს საზოგადოების ხარჯთაღრიცხვის და ბიზნეს-გეგმის პროექტს; 8) უზრუნველყოფს ბიზნეს-გეგმით გათვალისწინებული პროექტების მოსამზადებლად საჭირო საორგანიზაციო სამუშაოებს და მისი შესრულების ორგანიზებას; 9) ხარჯთაღრიცხვაში ცვლილების შეტანის საჭიროების შემთხვევაში ამზადებს შესაბამის წინადადებებს ბიუჯეტის დასაზუსტებლად; 10) ამზადებს წინადადებას თავისუფალი ნაშთის მომავალი წლის საზოგადოების ბიუჯეტში გამოყენების თაობაზე; 11) პასუხისმგებელია შესყიდვების დაგეგმვასა და განხორციელების პროცესზე; 12) ამზადებს წინადადებებს საზოგადოების მიერ სესხის აღებისა და გაცემის შესახებ; 13) აწარმოებს მატერიალურ-ფინანსურ აღრიცხვას და სტატისტიკურ ანგარიშგებას; 14) უზრუნველყოს ფინანსური რესურსების მართვა-განკარგვაზე წინადადებების მომზადება; 15) აწარმოებს ძირითადი საშუალებებისა და მატერიალური ფასეულობების სინთეზურ და ანალიზურ აღრიცხვას დადგენილი წესის შესაბამისად; 16) უზრუნველყოფს ძირითად საშუალებებზე ცვეთის ნორმების შესაბამისად ნარჩენი ღირებულების გამოყვანას და ჩამოსაწერი ინვენტარის აღრიცხვას; 17) აწარმოებს სალარო ოპერაციებზე კონტროლს; 18) უზრუნველყოფს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების უწყისებით დროულ დარიცხვას; 19) სამედიცინო პროგრამის მეშვეობით უზრუნველყოფს პ--ის ორივე სტრუქტურულ ერთეულში შიდა სტანდარტით მიღებული შემოსავლების დათვლას; 20) უზრუნველყოფს ელექტრონული საგადასახადო დეკლარაციის შედგენას და დადგენილ ვადაში წარდგენას; 21) უზრუნველყოფს სამსახურში შექმნილი საბუღალტრო დოკუმენტების დაცულობას და არქივისათვის გადაცემას; 22) მოქმედი კანონმდებლობით, საზოგადოების წესდებით, შინაგანაწესით, ხელშეკრულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით მასზე დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელება; 23) ანგარიშვალდებულია პ-ის დირექტორის წინაშე.
14. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია განჩინების პპ: 1-4 -ით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. უდავო გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ პ--აში განხორციელდა ორგანიზაციული ცვლილებები. იმავდროულად, მიჩნეული იქნა, რომ არ დასტურდებოდა ამ ცვლილებების შედეგად, აპელანტთან შრომითი ხელშეკრულების მოშლის აუცილებლობა [სშკ-ის 37 „ა“ პუნქტის განმაპირობებელი გარემოება]. სახელდობრ, დადგენილი იქნა, რომ 2015 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, ე.ი. შტატების შემცირებამდე საწარმოში 121 ადამიანი მუშაობდა. ორგანიზაციული ცვლილებების შემდეგ საწარმოში მუშაკთა რაოდენობა 113-მდე შემცირდა და ამის შედეგად, გაუქმდა მთავარი ბუღალტრისა და ეკონომისტების საშტატო ერთეულები. გაუქმებული ერთეულების ნაცვლად შეიქმნა საფინანსო-ეკონომიკური, ფინანსური ანალიზის, დაგეგმარების და შესყიდვების მართვის კოორდინატორის შტატი.
15. სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოპასუხის განმარტება იმის თაობაზე, რომ ახლად შექმნილ თანამდებობაზე სამუშაოდ აპელანტს შესაბამისი კვალიფიკაცია არ გააჩნდა. პ--ის განმარტების მიხედვით ახლად შექმნილი საშტატო ერთეულის ფუნქცია მთავარი ბუღალტრის ფუნქციებისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა, თუმცა, პ--ა ვერ აკონკრეტებდა რაში გამოიხატებოდა ეს განსხვავება. ამის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ დაამტკიცა, რომ აპელანტთან შრომის ხელშეკრულების მოშლა საწარმოში განხორცილებული ორგანიზაციული ცვლილებების გარდაუვალი შედეგი იყო, რაც შედეგობრივად დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების არამართლზომიერად მოშლაზე მიუთითებდა. პ--ის განმარტებით, ახალი თანამდებობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა გახდა შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის საფუძველი, რაც სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა, თუმცა, აღინიშნა, რომ ერთადერთი ფაქტი, რომლის თაობაზეც სადავო ბრძანების მართლზომიერების დასადასტურებლად მოპასუხემ მიუთითა იყო ის, რომ საწარმომ შეიძინა ბუღალტრული პროგრამა, რომლის მართვისთვის საჭირო ცოდნაც აპელანტს არ გააჩნდა. თუმცა, მოპასუხეს არ განუმარტავს, კონკრეტულად, რომელ კომპიუტერულ პროგრამულ უზრუნველყოფას გულისხმობდა იგი, ამიტომ, ამ გარემოების შეფასება ვერ მოხერხდა.
16. გარდა ამისა, მოპასუხისვე განმარტებით, ზემოხსენებული პროგრამა შეძენილ იქნა ჯერ კიდევ მაშინ, როცა აპელანტი საწარმოში მთავარ ბუღალტრად მუშაობდა; საქალაქო სასამართლოს სხდომაზე დაკითხული მოწმის, საწარმოს ყოფილი დირექტორის, ჩვენებით კი საწარმოში ბუღალტრის საქმიანობას ახორციელებდა, სწორედ აპელანტი, მეტიც, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, იგი ორ პ-ასაც ემსახურებოდა. ეკონომისტად მომუშავე სხვა პირები კი მხოლოდ ტექნიკურ სამუშაოს ასრულებდნენ. ეს კი ნიშნავდა, რომ მოპასუხე საწარმოში ბუღალტრულ აღრიცხვას სწორედ აპელანტი აწარმოებდა და, ცხადია, შესაბამის პროგრამასაც იყენებდა.
17. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სფუძველზე მიჩნეული იქნა, რომ სადავო ბრძანება უკანონო იყო.
18. ამასთან, სშკ-ის 38-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პ---აში რეორგანიზაციის შედეგად შექმნილი ახალი თანამდებობა (საფინანსო-ეკონომიკური, ფინანსური ანალიზის, დაგეგმარების და შესყიდვების მართვის კოორდინატორი) ვაკანტური არ იყო. გათავისუფლებამდე არსებული ან მისი ტოლფასი თანამდებობა პ-აში აღარ არსებობდა. შესაბამისად, სამუშაო ადგილზე აღდგენის ნაწილში სარჩელი უარყოფილი იქნა.
19. კომპენსაციის ოდენობა კი, უნდა განსაზღვრულიყო ყოველთვიურად, 1950 ლარით 2015 წლის 12 ნოემბრიდან, ამ ნაწილში, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
20. გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა პ--ამ, რომელმაც კომპენსაციის ნაწილში სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
21. საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ასევე, არასწორად განმარტა იგი, არ გამოიყენა კანონი. კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ საკასაციო საჩივრის ავტორს დააკისრა იმ ოდენობის თანხა, რაც ფაქტობრივად მოწინააღმდეგე მხარეს არ ჰქონია ხელფასის სახით. მოსარჩელის დარიცხული ხელფასი შეადგენდა 1900 ლარს, ხოლო კასატორს დაეკისრა 1950 ლარი. მითუმეტეს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაშინ, როცა 2015 წლის 29 მაისს პ--ის თანამშრომლებთან დადებული კოლექტიური შრომითი ხელშეკრულების მიხედვით ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყო 2016 წლის 01 ივნისამდე.
22. იმავდროულად, კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ დარღვეულია საქმის განხილვის ვადები. პირველი ინსტანციაში საქმე იხილებოდა ერთი წლის განმავლობაში და აღნიშნულმა გარემოებამ დაახლოებით 22 000 ლარით გაზარდა მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის ოდენობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
24. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
25. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ განსახილველი დავის საგანს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება წარმოადგენდა. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი გამომდინარეობს სშკ-ის 37-ე მუხლის „ა“ პუნქტიდან და 38-ე მუხლის მე-8 ნაწილიდან, აგრეთვე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 408-ე მუხლებიდან.
26. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილებულია სადავო ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში და დასაქმებულს მიკუთვნებული აქვს კომპენსაცია იმ სამართლებრივი საფუძვლით, რომ გათავისუფლებამდე არსებული ან მისი ტოლფასი თანამდებობა პ--აში აღარ არსებობდა (სშკ-ის 38.8 მუხლი, განჩინების პ -18).
27. გადაწყვეტილება დასაქმებულს არ გაუსაჩივრებია.
28. საკასაციო საჩივარი წარმოდგენილია დამსაქმებლის მხრიდან, რომელიც სადავოდ მიიჩნევს კომპენსაციის ოდენობას. სახელდობრ, კასატორის მოსაზრებით, დასაქმებულის ხელფასი 1900 ლარი იყო და შესაბამისად, არასწორად არის დაანგარიშებული კომპენსაციის თანხა ყოველთვიურად 1950 ლარის ოდენობით და იმავდროულად, კასატორის პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ მოსარჩელე დასაქმებული იყო განსაზღვრული ვადით და მაშასადამე, გადასახდელი თანხის დაანგარიშება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლადე უმართებულოა (იხ., ამ განჩინების პ - 21).
29. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი არ არის დასაშვები საკასაციო პრეტენზია, სახელდობრ, დასაქმებულის ყოველთვიური ანაზღაურების ოდენობა პ-ამ სადავოდ გახადა ჯერ კიდევ, სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში (იხ., ს.ფ. 32) და აღნიშნა, რომ მოსარჩელის ხელფასი 1900 ლარი იყო, თუმცა, მის ანგარიშზე ყოველთვიურად ირიცხებოდა 50-ლარით გაზრდილი ოდენობა (1950 ლარი), რაშიც დასაქმებული იყენებდა მის სამსახურეობრივ უფლებამოსილებას, რასაც საკასაციო პალატის მოსაზრებით, დაუდასტურებელია. პირიქით, საქმის მასალებით დადგენილია რომ 2015 წლის 01 ივლისის მდგომარეობით დასაქმებულის ხელფასი (დაჯამებული) შეადგენდა 1950 ლარს (იხ., ს.ფ. 141).
30. რაც შეეხება შრომითი ურთიერთობის ვადასთან დაკავშირებულ საკასაციო პრეტენზიას, არც ამ პრეტენზიას არ გააჩნია ვარგისი სამართლებრივი საფუძველი, გამომდინარე იქიდან, რომ როგორც ეს საქმის მასალებითაა დადგენილი (ამ განჩინების პ -1) დასაქმებული 1963 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში, სხვადასხვა პოზიციებზე, მათ შორის, მთავარ ბუღალტრად. 2009 წლის 03 აგვისტოდან მოსარჩელე გადაყვანილი იქნა მთავარ ბუღალტრად. ყოველწლიურად მასთან ფორმდებოდა შრომითი ხელშეკრულებები. სშკ-ის მე-6 მუხლის 13 ნაწილის მიხედვით დამსაქმებელთან დადებული ვადიანი შრომითი ხელშეკრულების უვადო შრომით ხელშეკრულებად მიჩნევისათვის საჭიროა ორი პირობის კუმულატიურად არსებობა: შრომითი ურთიერთობები ერთსა და იმავე დამსაქმებელთან უნდა არსებობდეს 5 წლით ან მეტი ვადით და ასევე ვადიანი ხელშეკრულების მოქმედება უნდა გრძელდებოდეს შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილების ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მომწესრიგებელ ნორმაში ცვლილებები განხორციელდა 2013 წლის 12 ივნისს, რომელიც ამოქმედდა 2013 წლის 4 ივლისს. იმისათვის, რომ მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულება ჩათვლილიყო უვადოდ, შრომითი ურთიერთობა უნდა გაგრძელებულიყო ამ კანონის ცვლილებების ამოქმედებიდან, კერძოდ 2013 წლის 4 ივლისიდან 1 წლის განმავლობაში, ანუ მოსარჩელეს ცვილილებების ამოქმედებიდან კომპანიაში 1 წელი უნდა ჰქონოდა ნამუშევარი. მოცემულ შემთხვევაში კი, დადგენილია რომ მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა 2015 წლის 12 ნოემბრის ბრძანებით. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი იყო უვადო შრომითი ურთიერთობა. სშკ-ის მე-6 მუხლის 13 ნაწილით განსაზღვრულ ხელშეკრულების უვადოდ დადებულად მიჩნევის საკითხზე დადგენილია სასამართლო პრაქტიკა, იხ., სუსგ №ას-373-354-2015, 13 ნოემბერი, 2015 წელი.
31. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
32. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან შრომითი ურთიერთობიდან წარმოშობილ სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა.
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
34. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ქ--ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ შპს „ქ---ას“ უკან დაუბრუნდეს 2017 წლის 20 ივლისს საგადახადო დავალებით N1 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (1950 ლარი) 1365 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე