№330210013208898
საქმე №ას-920-860-2017 12 სექტემბერი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა- ნ–ვილი (მზრუნველი ნ-- ნ--ვილი) (მოპასუხე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ- ნ–ვილი (კანონიერი წარმომადგენელი ნ--- ბ-–ი) (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილსის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უძრავი ქონების საკუთრებაში რეგისტრაცია, საზიარო უფლების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა: ლ- ნ--ვილმა (კანონიერი წარმომადგენელი ნ--- ბ-ი) (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელით მიმართა სასამართლოს ნ- ნ--–ვილისა და ლ- ნ–ვილის (კანონიერი წარმომადგენელი ნ- ნ–ვილი) მიმართ და მოითხოვა: ა)უძრავი ქონების მდებარე, ქ. თ--ი, ც- ქუჩა, კორპუსი 1, ბინა N66, ფართი 78,40 კვ.მ უძრავი ქონების (შემდეგში: სადავო უძრავი ქონება) ¼ ნაწილის საკუთრების უფლებით რეგისტრაცია, საზიარო უფლების გაუქმება; ბ) სადავო უძრავი ქონების ½ ნაწილის ნ-- ნ–ვილის საკუთრების უფლებით რეგისტრაცია, ხოლო ¼ ნაწილის ლ-- ნ-–ვილის სახელზე რეგისტრაცია.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თ-ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. სადავო უძრავი ქონების ½ ნაწილი აღირიცხა ნ--- ნ-–ვილის სახელზე, ხოლო ¼ ნაწილი კი - ა-- ნ–ვილის სახელზე. გაუქმდა ლ- ნ–ვილის, ნ-- ნ-–ვილის და ა--- ნ-–ვილის საზიარო უფლება სადავო საცხოვრებელ ბინაზე იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით და ამონაგები თანხა მოსარჩელეს და მოპასუხეებს: ნ- ნ--ვილს და ა- ნ-–ვილს (წარმომადგენელი ნ- ნ-–ვილი) შორის განაწილდა საზიარო საგანზე მათი კუთვნილი წილის შესაბამისად. მოსარჩელეს გადაეცა ამონაგები თანხის ¼ ნაწილი, მოპასუხე ნ-- ნ–ვილს - ½ ნაწილი, ხოლო ა-- ნ-–ვილს - ¼ ნაწილი.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა-ნ-–ვილმა (მზრუნველი ნ--- ნ-–ვილი)
4. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილსის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივნისის საოქმო განჩინებით აპელანტ ა-- ნ-–ვილის მზრუნველის, ნ-- ნ–ვილის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდა და სააპელაციო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება.
4.1. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
4.1.1. სააპელაციო სასამართლოს 20.06.2017წ. სხდომაზე აპელანტ ა-- ნ–ვილის მზრუნველმა, ნ-- ნ-–ვილმა უარი თქვა სააპელაციო საჩივარზე და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.
4.1.2. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლით, რომლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, თუ სპეციალური ნორმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს, რომლის საფუძველზეც, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.
პალატამ მიიჩნია, რომ დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე უფლებამოსილია სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე უარი თქვას სააპელაციო საჩივარზე, რაც ამავე სააპელაციო საჩივარზე წარმოების შეწყვეტის საფუძველია შესაბამისი სამართლებრივი შედეგებით.
5. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 20 ივნისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ა--- ნ-ის მზრუნველმა ნ- ნ--–ვილმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
5.1. კერძო საჩივრის საფუძვლები:
5.1.1. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მან თბილისის საქალაქო სასამართლოს 20 ივნისის სხდომაზე დააყენა შუამდგომლობა სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, რაც დაკმაყოფილდა სააპელაციო პალატის მიერ. შემდგომ კი, კერძო საჩივრის ავტორმა გააცნობიერა, რომ დაუშვა შეცდომა, რისთვისაც სასამართლოს წინაშე იხდის ბოდიშს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
6.2. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის გადაწყვეტის მიზნით ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
6.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. სადავო უძრავი ქონების ½ ნაწილი აღირიცხა ნ- ნ-–ვილის სახელზე, ხოლო ¼ ნაწილი კი - ა- ნ-–ვილის სახელზე. გაუქმდა ლ---- ნ-–ვილის, ნ- ნ--ვილის და ა-– ნ-ვილის საზიარო უფლება სადავო საცხოვრებელ ბინაზე იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით და ამონაგები თანხა მოსარჩელეს და მოპასუხეებს: ნ--- ნ–ვილს და ა--- ნ–ვილს (წარმომადგენელი ნ- ნ-–ვილი) შორის განაწილდა საზიარო საგანზე მათი კუთვნილი წილის შესაბამისად. მოსარჩელეს გადაეცა ამონაგები თანხის ¼ ნაწილი, მოპასუხე ნ- ნ-–ვილს - ½ ნაწილი, ხოლო ა-– ნ-–ვილს - ¼ ნაწილი. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ა-- ნ-–ვილის მზრუნველმა ნ- ნ–ვილმა და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო საქმის სააპელაციო წესით განხილვისას მან უარი განაცხადა სააპელაციო საჩივარზე და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.
6.2.2. სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, ასევე 378-ე მუხლზე დაყრდნობით დააკმაყოფილა აპელანტის შუამდგომლობა და 20.06.2017წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება.
6.2.3. კერძო საჩივრის ავტორი საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით მოითხოვს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემდგომ მან გააცნობიერა, რომ დაუშვა შეცდომა, რისთვისაც სასამართლოს წინაშე იხდის ბოდიშს.
6.2.4. საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით განმტკიცებული დისპოზიციურობის პრინციპი ორინეტირებულია უფლების მქონე სუბიექტის თავისუფალ ნებაზე, მხოლოდ საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგოს მისი მატერიალური თუ საპროცესო უფლებები და ყოველგვარი რისკი, რომელიც ამ ნორმის ფარგლებში გამოვლენილ ნებას შეიძლება თან სდევდეს, ნების გამომვლენს აწევს. შესაბამისად, იმაზე მითითება, რომ შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე განჩინების გამოტანის შემდეგ გააცნობიერა მხარემ სააპელაციო საჩივარზე დამდგარი შედეგი, რაშიც იგი შეცდა, არ წარმოშობს სასამართლოს განჩინების გაუქმების ფაქტობრივ სამართლებრივ საფუძველს და დაუსაბუთებელია. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მხარეები თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით აწარმოებდნენ სასამართლოში საქმეს, მათ შორის სააპელაციო საჩივრის წარმოების ეტაპზე და აპელანტმა სწორედ მისთვის მინიჭებული დისპოზიციურობის პრინციპზე დაყრდნობით უარი თქვა სააპელაციო საჩივარზე და მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა. შესაბამისად, არ არსებობს აპელანტის მიერ გამოვლენილი ნების, მისი შეცდომით გამოვლენაზე მითითებით, დამდგარი იურიდიული შედეგის გაუქმების განმაპირობებელი ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა-- ნ-–ვილის (მზრუნველი ნ--- ნ–ვილი) კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. თბილსის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები:
ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე