№130210016001352604
საქმე №ას-437-409-2017 29 სექტემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ლ- ხ-ე (შემდგომში – მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა (შემდგომში – მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არარსებობის აღიარება
აღწერილობითი ნაწილი
1. 2004 წლის 18 ივნისს ხაშურის რაიონულ სასამართლოს წარედგინა ხაშურის რაიონის გამგეობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემი რაიონული კომისიის სარჩელი ლ- ხ-ის (შემდეგში: მოსარჩელე) მიმართ იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევით დამდგარი ზიანის - 6 405 ლარის დაკისრების თაობაზე. სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება 2004 წლის 12 აგვისტოს განჩინებით მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გზით [საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ის) მე-3, 208.1; 272.1. „დ“]. მორიგების პირობის მიხედვით, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, 2004 წლის 1 დეკემბრამდე აღედგინა მასზე მიმაგრებული ვენახის იჯარით აღების მომენტში არსებული მდგომარეობა იმ სახით, როგორადაც ასახული იყო მიღება-ჩაბარების აქტში. მანვე იკისრა შპალების მოწესრიგებისა და ვენახში აგროტექნიკით გათვალისწინებული ყველა სამუშაოს ჩატარების ვალდებულება. მორიგების პირობების შესრულების შემთხვევაში, მოპასუხე უარს ამბობდა სარჩელით მოთხოვნილი თანხის მოსარჩელისთვის დაკისრებაზე, ხოლო ამ პირობების დარღვევის შემთხვევაში - მოსარჩელეს დაეკისრებოდა 6405 ლარი. განჩინების იმ ნაწილში, რომლითაც მორიგების პირობების დარღვევის შემთხვევაში, მოპასუხეს ეკისრებოდა 6405 ლარის გადახდა, 2005 წლის 10 თებერვალს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. აღსრულების მიზნით, ყადაღა დაედო მოსარჩელის სახელზე რიცხული მოძრავ ქონებას [„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლი]. ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მოვალემ მიუთითა დავალიანების არარსებობაზე.
2. 2007 წლის 9 ოქტომბერს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველომ გასცა მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი, რომლითაც მოსარჩელემ შეიძინა 2.20 ჰა მიწის ნაკვეთი.
3. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდეგში: მოპასუხე) მიმართ მასსა და მოპასუხეს შორის 2004 წლის 12 აგვისტოს განჩინებით გათვალისწინებული ვალდებულების არარსებულად აღიარების მოთხოვნით [სსსკ-ის 180-ე მუხლი].
4. მატერიალურ სამართლებრივი თვალსაზრისით სარჩელი ეფუძნება მოპასუხის მიმართ მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 427-ე მუხლი.
5. მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად მოსარჩელე მიიჩნევს ამ განჩინების პ - 1-ში მითითებულ გარემოებას და აღნიშნავს, რომ იმჟამად ხაშურის რაიონში გარკვეული პირები დაინტერესებულნი იყვნენ რა მიწის ნაკვეთების შეძენით, ადგილი ჰქონდა გლეხებისათვის მიწის ნაკვეთების ჩამორთმევის მცდელობას. ამ მიზანს ემსახურებოდა მოსარჩელის მიმართ დაწყებული სააღსრულებო წარმოება. თუმცა, 2007 წლის 9 ოქტომბერს მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცა 2.2 ჰა ვენახი და შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველომ გასცა საკუთრების შეძენის დამადასტურებელი აქტი, საიდანაც ირკვევა, რომ მოსარჩელემ პრივატიზაციის წესით 2,20ჰა. მრავალწლიანი ნარგავებით შეიძინა 436 ლარად. ამას კი, წინ უძღოდა მორიგების აქტით დადგენილ ვადაში შესაბამისი სამუშაოების (ვენახის აღდგენა) ჩატარება 2004 წლის 1 დეკემბრამდე.
6. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველ შედავებში სადავოდ გახადა მორიგების პირობების შესრულება, რაც მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულების შესრულებით შეწყვეტას გამორიცხავდა [სსკ-ის 427-ე მუხლი] .
7. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილია, რაც უცვლელადაა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 თებერვლის განჩინებით.
8. სადავო გარემოების - იჯარით აღების მომენტში არსებულ მდგომარეობაში, ვენახის, 2004 წლის 1 დეკემბრამდე აღდგენის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს დაეკისრა. სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის დამტკიცებული მორიგების პირობების შეუსრულებლობასა და მაშასადამე, სარჩელის უარყოფას საფუძვლად დაუდო მოსარჩელზე დაკისრებული ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთის პროცესუალური ვალდებულების შეუსრულებლობა [სსსკ-ის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები].
9. უარყოფილია აპელანტის პოზიცია, რომ 2005 წლის 10 თებერვლის სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით სააღსრულებო მოქმედების განუხორციელებლობა მოვალის მხრიდან ვალდებულების შესრულებაზე მიუთითებდა. პალატის მოსაზრებით, ვალდებულების შეუსრულებლობის დასტურად ისიც გამოდგებოდა, რომ 2015 წლის 26 იანვარს აღმასრულებელმა შეადგინა ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი. დასახელებულ აქტში მოსარჩელე ხაშურის მუნიციპალიტეტის მიმართ ვალდებულების არარსებობის საფუძვლად მის მიერ მიწის შეძენის ფაქტს ასახელებდა, თუმცა, სასამართლოს მოსაზრებით, იჯარის ხელშეკრულების საგნის მოსარჩელის საკუთრებაში გადასვლა, მესაკუთრეს/მოვალეს/მოსარჩელეს არ ათავისუფლებდა მიწის სახელმწიფოს საკუთრებაში ყოფნის პერიოდში, ამავე მიწაზე დადებული ხელშეკრულების დარღვევით მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან.
10. განჩინების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით წარმოდგენილია საკასაციო საჩივარი.
11. საკასაციო საჩივარი ეფუძნება მტკიცებულებათა უმართებულო შეფასებას, რასაც შედეგად მოჰყვა ფაქტობრივი გარემოებების მცდარად დადგენა და საბოლოოდ, საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა [სსსკ-ის 393.3 მუხლი].
12. კასატორი მიუთითებს მის მიერ ვენახის აღდგენისა და მოწესრიგების ფაქტებზე, ამას გარდა, მიწის ფართობზე საჭირო აგროტექნიკური სამუშაოების ჩატარებაზე. მისი განმარტებით, 2005 წლის თებერვალში მასთან მისული აღმასრულებელი დარწმუნდა რა სამუშაოს შესრულებაში, რაიმე სახის სააღსრულებო ღონისძიება არ განუხორციელებია, ხოლო მას შემდეგ რაც მოსარჩელეს ვენახი საკუთრებაში გადაეცა, აღსრულება დამთავრებულად ჩაითვალა და მოსარჩელემ გადაიხადა აღსრულების ხარჯები.
13. კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოუდგენლობის შესახებ და აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, გასულია 12 წელი და განვლილ პერიოდში რაიმე მტკიცებულების შემონახვა, გარდა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა, შეუძლებელია.
14. ამას გარდა, კასატორი აღნიშნავს, რომ 2004 წლის 18 ივნისს ხაშურის რაიონულ სასამართლოში მის წინააღმდეგ 6 405 ლარის დაკისრების თაობაზე აღძრული სარჩელის საფუძველს ვენახში ხანძირის შედეგად დამდგარი ზარალის ანაზღაურება წარმოადგენდა, რაც სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა. კასატორის მითითებით ხანძრის შემდეგ მიწის იჯარით გამცემმა კომისიამ შეისწავლა საკითხი, გაიანგარიშა ვენახის აღდგენისათვის საჭირო თანხის ოდენობა და აქედან გამომდინარე, განსაზღვრა სარჩელის მოთხოვნა. მიმდინარე საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო 2016 წლის 27 ივნისს და მიიჩნია, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტმა 6405 ლარი მოსარჩელეს სწორად მოსთხოვა. ამ გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების შემდეგ კასატორს ჩაბარდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 12 სექტემბრის №2/49 განჩინება, რომლის თანახმად 2016 წლის 11 აპრილს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა მოსარჩელის მიმართ სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემა, ვინაიდან გაურკვეველ ვითარებაში სააღსრულებო ფურცლის მეორე გვერდი დაიკარგა.
15. კასატორმა აღნიშნა, რომ სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემამდე ხაშურის რაიონულმა სასამართლომ 2016 წლის 12 სექტემბრის განჩინებით (საქმეზე გადაწყვეტილების მიღებიდან თითქმის სამი თვის გასვლის შემდეგ) მიზანშეწონილად მიიჩნია, ემსჯელა უფლებამონაცვლეობაზე. სსსკ-ის 92-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით, ხაშურის რაიონის გამგეობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გემცემი კომისიის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა. სასამართლომ ამგვარი კანონშეუსაბამო განჩინება დააფუძნა სსსკ-ის 92-ე, 284-ე, 285-ე მუხლებს, თუმცა უგულებელყო 92-ე და 279-ე მუხლის მოთხოვნები. უფლებამონაცლების საკითხზე მიიღო განჩინება საქმის არსებითი განხილვიდან და გადაწყვეტილების მიღებიდან სამი თვის შემდეგ დაინტერესებული მხარის დასწრების გარეშე, ზეპირი მოსმენის სახით.
16. ხაშურის რაიონულმა სასამართლომ, ასევე, არსებითად დაარღვია მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა, რამდენადაც სადავო არ არის, რომ საქმის განხილვის პროცესში სააღსრულებო ფურცელი არ არსებობდა. როგორც კასატორისთვის გახდა ცნობილი, სასამართლომ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებიდან რამოდენიმე თვის შემდეგ გასცა სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატი. სასამართლომ ამით დაადასტურა ტენდენციურობა და არაობიექტუროა, რადგან აუხსნელია არარსებული სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემა.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2017 წლის 23 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ პუნქტის საპროცესო სამართლებრივი საფუძვლით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
18. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთება, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და სარჩელი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგი გარემოებების გამო:
19. გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლოში აღძრულია აღიარებითი მოთხოვნა, რომელიც მხარეთა შორის 2004 წლის 12 აგვისტოს განჩინებით გათვალისწინებული ვალდებულებითი-სამართლებრივი ურთიერთობის არარსებულად აღიარებას შეეხება (ამ განჩინების პ-3), ვიდრე პალატა საკასაციო პრეტენზიათა დასაბუთებულობას შეამოწმებდეს, პირველ რიგში, შესამოწმებელია აღიარებითი სარჩელის დასაშვებობა.
20. აღსანიშნავია, რომ სარჩელის ინსტიტუტის საპროცესო კლასიფიკაცია შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ანალიზით და დოქტრინაში განვითარებული შეხედულებით. სარჩელთა ძირითად სახეებად გვევლინება მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი სარჩელები. პირველი ორი ჯგუფის სარჩელების ძირითადი მახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ ამ ტიპის სარჩელებზე მიღებული გადაწყვეტილება რეალური, აღსრულებადი გადაწყვეტილებაა და ამიტომ მათ აღსრულებად სარჩელადაც მოიხსენიებენ. რაც შეეხება აღიარებით სარჩელს, ის ასევე დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის საპროცესო საშუალებაა, თუმცა, აღიარებითი სარჩელის მიმართ საკანონმდებლო დათქმები განსხვავებულია.
21. საგულისხმოა, რომ დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, რომელსაც სასამართლო თავისი ინიციატივით ამოწმებს [სსკ-ის 178. 1. „ლ“; 186-ე და 180-ე მუხლები]. ასეთ დროს პასუხი უნდა გაეცეს კითხვებს: აქვს მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ? უზრუნველყოფს მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას?. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინებაში (№ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი) აღინიშნა, რომ ვიდრე საქმის განმხილველი სასამართლო სარჩელის საფუძვლიანობას შეამოწმებს, მნიშვნელოვანია, შეფასდეს, აქვს თუ არა მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ და უზრუნველყოფს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას.
22. იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. სსსკ-ის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.
23. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია და აღიარებითი მოთხოვნის იურიდიულ ინტერესად მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2004 წლის 18 ივნისს ხაშურის რაიონულ სასამართლოს წარედგინა ხაშურის რაიონის გამგეობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გამცემი რაიონული კომისიის სარჩელი მის მიმართ იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევით დამდგარი ზიანის - 6 405 ლარის დაკისრების თაობაზე. სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება 2004 წლის 12 აგვისტოს განჩინებით მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გზით. მორიგების პირობის მიხედვით, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, 2004 წლის 1 დეკემბრამდე აღედგინა მასზე მიმაგრებული ვენახის იჯარით აღების მომენტში არსებული მდგომარეობა იმ სახით, როგორადაც ასახული იყო მიღება-ჩაბარების აქტში. მანვე იკისრა შპალების მოწესრიგებისა და ვენახში აგროტექნიკით გათვალისწინებული ყველა სამუშაოს ჩატარების ვალდებულება. მორიგების პირობების შესრულების შემთხვევაში, მოპასუხე უარს ამბობდა სარჩელით მოთხოვნილი თანხის მოსარჩელისთვის დაკისრებაზე, ხოლო ამ პირობების დარღვევის შემთხვევაში - მოსარჩელეს დაეკისრებოდა 6405 ლარი. განჩინების იმ ნაწილში, რომლითაც მორიგების პირობების დარღვევის შემთხვევაში, მოპასუხეს ეკისრებოდა 6405 ლარის გადახდა, 2005 წლის 10 თებერვალს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. 2016 წლის იანვარში აღმასრულებელმა აღწერა და დააყადაღა ხაშურის რაიონის სოფელ აძვისში მდებარე მოსარჩელის საცხოვრებელი სახლში განთავსებული მოძრავი ქონება, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 16 იანვრის (N05.235) მოთხოვნის საფუძველზე 2004 წლის 12 აგვისტოს განჩინებით მხარეთა შორის მორიგების გზით შეწყვეტილი საქმიდან 2005 წლის 10 თებერვალს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული 6405 ლარის გადახდევინების მიზნით (იხ., ს.ფ. 04).
24. იმავდროულად, მოსარჩელე მიუთითებს, რომ მისი მხრიდან შესრულებულია 2004 წლის 12 აგვისტოს განჩინებით დამტკიცებული მორიგების პირობები, რაც მოიცავს 2004 წლის 1 დეკემბრამდე მოსარჩელეზე (მოიჯარე) მიმაგრებული ვენახის აღდგენას იჯარით აღების მომენტში არსებული მდგომარეობის სახით, როგორადაც ასახული იყო მიღება-ჩაბარების აქტში. შპალების მოწესრიგებას და ვენახში აგროტექნიკით გათვალისწინებული ყველა სამუშაოს ჩატარებას. უფრო მეტიც, მოსარჩელის (მოიჯარე) მხრიდან ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფაქტის დასადასტურებლად მოსარჩელე მოიშველიებს 2007 წლის 9 ოქტომბერს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შიდა ქართლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოს მიერ გაცემულ მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელ ოქმს, რომლითაც მორიგების დამტკიცებიდან [2004 წლის 12 აგვისტო] სამ წელიწადში, აღსადგენი მიწის ფართობი, საკუთრებაში გადასცა მოსარჩელეს.
25. მაშასადამე, მოსარჩელესა მოპასუხეს შორის 2004 წლის 12 აგვისტოს განჩინებით გათვალისწინებული ვალდებულების არარსებულად აღიარების მოთხოვნით აღძრული სარჩელის (იხ., პ -3) იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს მოსარჩელის [საიჯარო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილის, მოიჯარის] გათავისუფლება 2005 წლის 10 თებერვალს 2004 წლის 12 აგვისტოს განჩინებაზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული 6405 ლარის გადახდევინებისაგან.
26. როგორც ზემოთ აღინიშნა იურიდიული ინტერესის არსებობისათვის სარჩელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს არსებობა: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა“ (იხ. სუსგ Nას-1061-1001-2015, 29.12.2015წ; №ას-1187-1117-2015, 05 თებერვალი, 2016 წელი; Nას-302-285-2017, 16 ივნისი, 2017 წელი).
27. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო დაესაბუთებინა აღიარებითი მოთხოვნის მიმართ მისი ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა, როგორც აღიარებითი სარჩელის წარმოებაში მიღებისა და განხილვის აუცილებელი წინაპირობა [სსსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტი, ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი]. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის მიზანს, სარჩელის აღძვრის ინტერესს წარმოადგენს მოსარჩელის გათავისუფლება სააღსრულებო ფურცელში მითითებული ვალდებულებებისაგან, რაც საკასაციო პალატის მოსაზრებით, წარმოადგენს არა სარჩელის აღძვრის განმაპირობებელ ფაქტორს, არამედ უშუალოდაა დაკავშირებული სააღსრულებო წარმოებასთან, აღსრულების საფუძვლებთან და ზოგადად, მის მართლზომიერებასთან.
28. საკასაციო პალატა, საკითხის სრულყოფის მიზნით მოიშველიებს „ადამიანის უფლებათა და თვისუფლებათა დაცვის“ ევროპოლ კონვენციას, რომლის მე-6 მუხლით რეგულირებულია სამართლიანის სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება.
29. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიზანი ვერ მიიღწევა აღიარებითი სარჩელის აღძვრით, სახელდობრ, გარემოება იმის შესახებ, რომ იჯარით აღების მომენტში არსებულ მდგომარეობაში, ვენახის, 2004 წლის 1 დეკემბრამდე აღდგენის ვალდებულება მოიჯარეს შესრულებული აქვს, რის გამოც, არ არსებობს მის მიმართ სააღსრულებო ღონისძიებების განხორციელების საფუძველი, ვერ მიიღწევა აღიარებითი სარჩელის აღძვრით, რადგან როგორც თავად მოსარჩელე აღნიშნავს უკვე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი.
30. 2004 წლის 12 აგვისტოს განჩინებით დამტკიცებული პირობის შესრულების ინტერესი ბუნებრივია გააჩნია მოთხოვნის კრედიტორს, ხოლო აღსრულების საკითხი რეგულირებულია სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონში. ამ კანონის მიხედვით, სააღსრულებო წარმოების ორივე მხარეს (მოვალეს და კრედიტორს) გააჩნია სამართლებრივი ბერკეტი, დაიცვას თავისი უფლება აღსრულების პროცესში და აღნიშნული საკითხის პროცედურული რეგულირების საკითხებიც დასახელებულ კანონშია მოქცეული.
31. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი განუხილველად უნდა დარჩენილიყო საქმისწარმოების პირველივე ეტაპზე. შესაბამისად, არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების (რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება) გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი, რამდენადაც მიღებული განჩინება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
32. იმავდროულად, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სსსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმადაც, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). მთავარი სხდომის დანიშვნამდე სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, ხოლო საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს არ დაუბრუნდება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოხმობილი ნორმა მითითებითი ხასიათისაა და მასში ამავე კოდექსის 275-ე მუხლის წინაპირობების შემოწმებაზეა საუბარი, თუმცა, ეს უკანასკნელი ნორმაც არ შეიცავს სარჩელის განუხილველად დატოვების ამომწურავ ჩამონათვალს, რის გამოც, დასაშვებია საპროცესო ანალოგიის პრინციპის გამოყენება (სსსკ-ის მე-7 მუხლი) იმ შემთხვევისათვის, როდესაც სახეზე გვაქვს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა (იხ. სუსგ Nას-302-285-2017, 16 ივნისი, 2017 წელი; №ას-551-522-2015, 14 აგვისტო, 2015 წელი). მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც აღიარებითი სარჩელი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 178-ე მუხლის მოთხოვნებს, ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული.
33. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სარჩელის განუხილველად დატოვების გამო, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ლ- ხ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 თებერვლის განჩინება და ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება;
3. ლ-- ხ-ის სარჩელი დარჩეს განუხილველად;
4. კასატორს ლ-- ხ-ეს უკან დაუბრუნდეს კ- კ--ის მიერ 2017 წლის 31 მარტს საგადასახადო დავალება N1 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (300 ლარი) 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე