საქმე №ას-1103-1023-2017 17 ოქტომბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ვ. ბ-ე, ა. ლ-ე, ა. ა-ი და სხვები (ამხანაგობა „ა--“-ის წევრები) (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – დ. პ-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლებში დაშვებული უსწორობის გასწორება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
დ. პ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ. ბ-ის, ა. ლ-ის, ა. ა–ისა და სხვათა (ამხანაგობა „ა-“-ის წევრები) მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 მარტის განჩინებით სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცლები.
2017 წლის 30 ივნისს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა დ. პ-მ და მოითხოვა გაცემულ სააღსრულებო ფურცლებში დაშვებული უსწორობის გასწორება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ივლისის განჩინებით გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე 2017 წლის 12 ივნისს გაცემულ სააღსრულებო ფურცლებში დაშვებული უსწორობა და მოვალის - ა. ლ-ის პირად ნომრად მიეთითა - 0---, ხოლო ო. ა–ის პირად ნომრად - 0---.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ვ. ბ-ის, ა. ლ-ის, ა. ა–ისა და სხვათა (ამხანაგობა „ა--“-ის წევრები) წარმომადგენელმა ი. შ-ემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 სექტემბრის განჩინებით ა. ლ-ესა და ო. ა–ს დაევალათ, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 3 (სამი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ: ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული კერძო საჩივარი; ბ) სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი. ამავე განჩინებით ო. ა–ს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 3 (სამი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ო. ა–ის მიერ ი. შ-ის სახელზე სათანადო წესით გაცემული მინდობილობა.
სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში ა. ლ-ის წარმომადგენელმა ი. შ-ემ განცხადებით მომართა უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადის 10 (ათი) დღით გაგრძელება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ლ-ისა და ო. ა–ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორებს ა. ლ-ესა და ო. ა–ს დაევალათ, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 3 (სამი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ: ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული კერძო საჩივარი; ბ) სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი. ამავე განჩინებით ო. ა–ს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 3 (სამი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ო. ა–ის მიერ ი. შ-ის სახელზე სათანადო წესით გაცემული მინდობილობა.
დადგენილია, რომ აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრის ავტორს, ო. ა–ს ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით 2017 წლის 5 ოქტომბერს(იხ. ტ. 5, ს.ფ. 64).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამრიგად, ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული სამდღიანი ვადის დენა დაიწყო მხარისათვის განჩინების ჩაბარების მომდევნო დღეს - 2017 წლის 6 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 8 ოქტომბერს. ხოლო ვინაიდან 8 ოქტომბერი იყო კვირა, არასამუშაო დღე, ხარვეზის შესავსებად დადეგნილი ვადის ბოლო დღე იყო 9 ოქტომბერი. დადგენილია, რომ კერძო საჩივრის ავტორს, ო. ა–ს ამ დროის განმავლობაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუმდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად ო. ა–ის მოთხოვნის ნაწილში კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
რაც შეეხება კერძო საჩივარს ა. ლ-ის მოთხოვნის ნაწილში, საკასაციო პალატის მოსაზრებით ისიც განუხილველი უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ ა. ლ-ეს პირადად ჩაბარდა 2017 წლის 5 ოქტომბერს (იხ. ტ. 5. ს.ფ. 64). დადგენილია ასევე, რომ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრულ ვადაში კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დაწესებული ხარვეზის ვადის 10 დღით გაგრძელება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, კერძო საჩივრის ავტორმა ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში მომართა უზენაეს სასამართლოს და იშუამდგომლა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე, თუმცა განმცხადებელს არ მიუთითებია მიზეზი, თუ რის გამო ვერ შეძლო მან საპროცესო ვადაში ხარვეზის გამოსწორება, არც რაიმე დოკუმენტი წარმოუდგენია, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გაეგრძელებინა მის მიერ დანიშნული საპროცესო ვადა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ა. ლ-ის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა. ლ-ისა და ო. ა–ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ივლისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნინო ბაქაქური