საქმე №ას-804-753-2017 28 ივლისი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – სს „ს-ი“, შპს „პ-ი“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „რ-ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების შესახებ განჩინების აღსრულების შეჩერება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინებით სს „ს-ისა“ და შპს პ-ის“ შუამდგომლობა შპს „რ-ისა“ და „A-A-ს“ მიმართ, მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „დავების განმხილველი ცენტრის“ 2016 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდა, ცნობილ იქნა და დაექვემდებარა აღსრულებას მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „დავების განმხილველი ცენტრის“ 2016 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება შემდეგი სახით:
ა) შპს „რ-სა“ და „A-A-ს“, სს „ს-ის“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ 170 000 აშშ დოლარისა და საარბიტრაჟო მოსაკრებლის _ 35 000 ლარის გადახდა;
ბ) შპს „რ-სა“ და „A-A-ს“, შპს „პ-ის“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ 1 093 453,08 აშშ დოლარის გადახდა;
გ) შპს „რ-სა“ და „A-A-ს“ სს „ს-ისა“ და შპს „პ-ის“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის გადახდა (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.11.2016წ. და 01.12.2016წ. განჩინებები).
2. სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა შპს „რ-მა“, ამავე სასამართლოს 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.
3. სააპელაციო პალატის 2017 წლის 28 აპრილის განჩინებით განცხადება განჩინების ბათილად ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად, ხოლო ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.04.2017წ. განჩინება).
4. თბილისის სააპელაციო სასამართლო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 მაისის განჩინებით შპს „რ-ის“ განცხადება აღსრულების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა, შეჩერდა ამავე სასამართლოს 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინების აღსრულება შპს „რ-ის“ მიმართ განჩინების ბათილად ცნობის შესახებ განცხადებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.05.2017წ. განჩინება).
5. სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 23 მაისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს სს „ს-მა“ და შპს „პ-მა“, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივნისის განჩინებით სს „ს-ისა“ და შპს „პ-ის“ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, კერძო საჩივრის საფუძვლებს და მიიჩნევს, რომ სს „ს-ისა“ და შპს „პ-ის“ კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). მთავარი სხდომის დანიშვნამდე სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, ხოლო საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს არ დაუბრუნდება. დასახელებული ნორმა წარმოადგენს საქმის არსებითი განხილვის მომზადების ეტაპზე დაშვებული შესაძლო ხარვეზის გამოსწორების საპროცესო წესს და ადგენს, რომ იმის მიხედვით, თუ რა საპროცესო წინაპირობა არ არის სახეზე, სასამართლო სარჩელს განუხილველად დატოვებს ან შეწყვეტს წარმოებას. ამასთანავე, მართალია, ნორმა პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვის მარეგულირებელ დანაწესებშია მოქცეული და სიტყვასიტყვითი განმარტებით შეეხება სარჩელის განსახილველად მიღების საკითხს, თუმცა, ამავე კოდექსის 372-ე და 399-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, მისი გამოყენება დაიშვება სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე.
2. განსახილველ შემთხვევაში, სს „ს-ისა“ და შპს „პ-ის“ კერძო საჩივარი შეეხება მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს „დავების განმხილველი ცენტრის“ 2016 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინების აღსრულების შეჩერებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის მიხედვითაც, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. კანონის მითითებული დანაწესი განსაზღვრავს კერძო საჩივრის შეტანის წინაპირობებს და ადგენს, რომ კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს კანონში პირდაპირაა მითითებული. იმის შესამოწმებლად, დაიშვება თუ არა ამ საკითხზე კერძო საჩივრის წარდგენა, საკასაციო პალატა მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:
2.1. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ დაუშვებელია ამ კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ ურთიერთობებში სასამართლოს რაიმე სახით ჩარევა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ამ კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული. ანალოგიური შინაარსისაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35612 მუხლის მე-2 ნაწილიც, რომლის თანახმადაც, არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს მხოლოდ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, ნებისმიერი სახით, თუნდაც საკასაციო წესით/კერძო საჩივრით განიხილოს მითითებული კატეგორიის საქმეები, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული მოხმობილი ნორმატიული აქტებით.
2.2. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებასთან დაკავშირებით უფლებამოსილ სასამართლოდ ითვლება სააპელაციო სასამართლოები, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, საქართველოს უზენაესი სასამართლო. იმავეს ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, რომლის 35613 და 35621 მუხლების შესაბამისად, საქართველოში გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები (მათ შორის, საქმეები სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ) განიხილება სააპელაციო სასამართლოებში, ხოლო საკასაციო სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35613 მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უფლებამოსილია, გადაწყვიტოს მხოლოდ სხვა ქვეყნების არბიტრაჟთა მიერ მიღებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები. ამავე დროს, საქართველოს ტერიტორიაზე გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე სააპელაციო სასამართლოების მიერ გამოტანილი განჩინებების გასაჩივრების შესაძლებლობას კანონი არ ითვალისწინებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35621 მუხლის მე-6 ნაწილი).
2.3. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, პალატა განმარტავს, რომ არბიტრაჟთან დაკავშირებული დავების სასამართლოში განხილვა ხდება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობისა და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ კერძო საჩივრის ავტორები მოითხოვენ, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების შესახებ განჩინების აღსრულების შეჩერების გაუქმებას. ვინაიდან, საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი, განიხილოს თავად გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევისა თუ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ განჩინების შეჩერების კანონიერება, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მათი კანონიერების შემოწმების თაობაზე კერძო საჩივრის დასაშვებობის აუცილებელი წინაპირობა. საყურადღებოა, რომ ზემოხსენებული განმარტებები სრულ შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკასთან (იხ. სუსგ-ბები: №ას-1078-1029-2013, №ას-1009-1040-2011, №ას-239-225-2010, №ას-1246-1266-2011, №ას-741-798-2011, №ას-836-785-2010).
3. ამდენად, პალატა თვლის, რომ სს „ს-ისა“ და შპს „პ-ის“ კერძო საჩივარი დაუშვებელია, რის გამოც იგი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, ამასთანავე, რადგანაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გამოვლინდა, არ არსებობს სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების წინაპირობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 35612, 372-ე, 399-ე, 414-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ს-ისა“ და შპს „პ-ის“ კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 მაისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე