საქმე #ას-22-20-2017 7 ივლისი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
სხდომის მდივანი _ ლელა სანიკიძე
კასატორი _ მ. ო-ი
წარმომადგენელი _ ო. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. ნ-ა
წარმომადგენელი _ ა. ა-ი
მესამე პირი _ სსიპ სოციალური მომსხურების სააგენტოს დმანისის რაიონული განყოფილება (არასრულწლოვანთა კანონიერი წარმომადგენელი)
წარმომადგენელი _ ვ. ფ-ი
თარჯიმნები _ თ. ც-ე, ს. ო-ა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ლ. ნ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ო-ისა და მესამე პირის _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ არასრულწლოვანი შვილების: ჰ. ო-ის, ა. ო-ასა და ს. ო-ის საცხოვრებელ ადგილად მოსარჩელის საცხოვრებლის _ დმანისის რაიონის სოფელ ზ-ის განსაზღვრის მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია:
სარჩელის წინააღმდეგ მოპასუხეს დადგენილ ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწერებელი გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, არასრულწლოვანი ბავშვების: ... წლის ... დაბადებული ჰ. ო-ის, ... წლის ... დაბადებული ა. ი-სა და ... წლის ... დაბადებული ს. ო-ის საცხოვრებლად განისაზღვრა დედის _ ლ. ნ-ას საცხოვრებელი;
3.2. ამავე სასამართლოს 2016 წლის 6 ივლისის განჩინებით მ. ო-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
4. აპელანტის მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ო-მა, მათი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 აპრილის საოქმო განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მ. ო-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით, ამასთანავე, სოციალური მომსახურების სააგენტოს არასრულწლოვანთა ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შეფასების მიზნით დაევალა შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა. გარდა აღნიშნულისა, არასრულწოვანთა საუკეთესო ინტერესების დადგენის, მათი თითოეული მშობლის გარემო-პირობებში ადაპტირების მიზნით საკასაციო სასამართლომ 2017 წლის 4 მაისს მიიღო დროებითი განკარგულება.
2017 წლის 7 ივლისის სხდომაზე, საქმის არსებითად განხილვის დაწყებამდე მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას და სასამართლოს წინაშე იშუამდგომლეს დავის მორიგებით დასრულების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, მიიჩნევს, რომ მათი შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოების მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. მხარეთა შორის მიღწეული მორიგების დამტკიცების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მხარეებმა შეადგინეს მორიგების პირობები და იშუამდგომლეს მისი შემდეგი სახით დაკმაყოფილების თაობაზე:
1.1.1. არასრულწლოვანი შვილების: ჰ. ო-ის (დაბ: .... პ/#...), ა. ო-ას (დაბ: ....) და ს. ო-ის (დაბ: .... პ/#...) საცხოვრებელი ადგილი განისაზღვროს ორივე მშობლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, კერძოდ, ყოველი კვირის ორშაბათი დღიდან პარასკევი დღის 17:00 საათამდე ბავშვები იქნებიან დედასთან, ლ. ნ-ასთან, ხოლო, პარასკევი დღის 17:00 საათის შემდეგ კვირა დღის 17:00 საათამდე იქნებიან მამასთან, მ. ო-თან;
1.1.2. მხარეები თანახმა არიან, სასკოლო არდადეგების (ზამთრისა და ზაფხულის არდადეგების) ნახევარი არასრულწლოვნებმა გაატარონ დედასთან, ლ. ნ-ასთან, ხოლო დანარჩენი პერიოდი _ მამასთან, მ. ო-თან;
1.1.3. მ. ო-ი იღებს ვალდებულებას, კვირა დღის 17:00 საათზე უზრუნველყოს შვილების მიყვანა ლ. ნ-ას საცხოვრებელ ადგილას, დმანისის რაიონის სოფელ ზ-ში, ხოლო ლ. ნ-ა იღებს ვალდებულებას, რომ პარასკევი დღის 17:00 საათზე უზრუნველყოს ბავშვების წაყვანა მ. ო-ის საცხოვრებელ ადგილას დმანისის რაიონის სოფელ ი-ში;
1.1.4. ბავშვების დედასთან ყოფნის პერიოდში მ. ო-ს უფლება აქვს, შეუზღუდავად იქონიოს სატელეფონო კავშირი არასრულწლოვან შვილებთან. ანალოგიური უფლებით სარგებლობს ლ. ნ-ა არასრულწლოვანთა მამის საცხოვრებელ ადგილას ყოფნის პერიოდში. ამ პუნქტის მიზნებისათვის, ლ. ნ-ას საკონტაქტო ნომერია ..., ხოლო მ. ო-ის _ .... მითითებული საკონტაქტო ნომრის შეცვლის შემთხვევაში, მხარეები უზრუნველყოფენ ერთმანეთის წინასწარ ინფორმირებას, ასევე, ვალდებული არიან უზრუნველყონ გადაცემული საკონტაქტო საშუალების ხელმისაწვდომობა;
1.1.5. მესამე პირი _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო იღებს ვალდებულებას, ბავშვების ფსიქოლოგიური დახმარების მიზნით, გამოყოს ფსიქოლოგი, ხოლო ის მშობელი, რომელთანაც იქნებიან ბავშვები, ვალდებულია, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან შეთანხმებით, უზრუნველყოს არასრულწლოვნების ვიზიტი ფსიქოლოგთან (არდადეგების პერიოდში ეს საკითხი გადაწყდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან შეთანხმებით, ბავშვთა ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით). კონსულტაციების ხანგრძლივობას განსაზღვრავს ფსიქოლოგი;
1.1.6. მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, განუხრელად შეასრულონ წინამდებარე მორიგების პირობები: არასრულწლოვან შვილებს შეუქმნან მშვიდი და კეთილსაიმედო გარემო, კერძოდ, არ შექმნან ხელოვნური ბარიერები შვილების ორივე მშობელთან ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბების/აღდგენის თვალსაზრისით, ასევე, არ განახორციელონ ბავშვების თავისუფალ ნებაზე ზემოქმედება (ფიზიკური, ფსიქოლოგიური) ან მათი რომელიმე მშობლის მიმართ დამაშორებელი ქცევა;
1.1.7. წინამდებარე მორიგების აქტის აღსრულებაზე ზედამხედველობას განახორციელებს მესამე პირი _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (შესაბამისი ტერიტორიული ორგანო).
1.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლომ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და უნდა მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ. საქმის მორიგებით დამთავრების მიზნით, მოსამართლე უფლებამოსილია, თავისი ინიაციტივით ან მხარის შუამდგომლობით გამოაცხადოს შესვენება სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას და სხვა პირთა დასწრების გარეშე მოუსმინოს მხოლოდ მხარეებს ან მხოლოდ მათ წარმომადგენლებს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილითა და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულია მხარეების უფლება საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი.
1.3. განსახილველი საკითხის უკიდურესი თავისებურებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლით, ასევე, საოჯახო დავათა განხილვისას ამავე კოდექსის 352-ე-356-ე მუხლებით დაშვებული ინკვიზიციურობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების გამორკვევის მიზნით, მორიგების ფარგლებში დასაშვებად მიიჩნია ახალი მტკიცებულებების _ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგიური გამოკვლევისა და სოციალური აგენტის დასკვნის შეფასება, სოციალური სამსახურისა და ფსიქოლოგების რეკომენდაციათა გათვალისწინებით, პალატა მიდის იმ დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი პირობების შესაბამისად მიღწეული მორიგება სრულად ემსახურება „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულ ბავშვების ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას, ასევე, „ბავშვის უფლებათა კონვენციით“ გარანტირებულ არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესებს. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, მიღწეული მორიგების პირობების თანახმად, არასრულწლოვანთა ოჯახთან გაერთიანება, ასევე, მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 1197-ე-1198-ე მუხლებით დეკლარირებული ორივე მშობლის თანასწორუფლებიანობა, ასევე, ვალდებულება, აღზარდონ საზოგადოებისათვის ღირსეული შვილები, არასრულწლოვანთა ნებისა და ინტერესების გათვალისწინებით, სათანადოდ უფლებამოსილი ორგანოს ზედამხედველობითა და დახმარებით განხორციელდება, ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები სრულად შეესაბამება საქმეში არსებულ სპეციალისტთა (ფსიქოლოგთა) რეკომენდაციებს, არასრულწლოვანთა ინტერესებს, არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მხარეთა, ასევე, მესამე პირთა ინტერესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს.
1.4. მხარეებს განემარტათ, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
2. სარჩელის უზრუნველყოფისა და სასამართლო ხარჯების საკითხი:
2.1. სარჩელთან/გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა;
2.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად განთავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მხარეთა შორის დავის მორიგებით დასრულების შესახებ შეთანხმება საქმის არსებითად განხილვის დაწყებამდე განხორციელდა, პალატა მიიჩნევს, რომ მ.ო-ს სრულად უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 83-ე, 272-ე, 273-ე, 284-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მხარეთა შუამდგომლობა დავის მორიგებით დასრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს მორიგების აქტი მ. ო-ს, ლ. ნ-ასა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის შემდეგი პირობებით:
2.1. მხარეები, ერთი მხრივ, კასატორი მ. ო-ი (პ/#...) და მისი წარმომადგენელი ო. მ-ი, მეორე მხრივ, მოწინააღმდეგე მხარე ლ. ნ-ა (პ/#...) და მისი წარმომადგენელი ა. ა-ი შეთანხმდნენ შემდეგზე:
2.1.1. არასრულწლოვანი შვილების: ჰ. ო-ის (დაბ: .....წ. პ/#.....), ა. ო-ას (დაბ: ....წ.) და ს. ო-ის (დაბ: ....წ. პ/#.....) საცხოვრებელი ადგილი განისაზღვროს ორივე მშობლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, კერძოდ, ყოველი კვირის ორშაბათი დღიდან პარასკევი დღის 17:00 საათამდე ბავშვები იქნებიან დედასთან, ლ. ნ-ასთან, ხოლო, პარასკევი დღის 17:00 საათის შემდეგ კვირა დღის 17:00 საათამდე იქნებიან მამასთან, მ. ო-თან;
2.1.2. მხარეები თანახმა არიან, სასკოლო არდადეგების (ზამთრისა და ზაფხულის არდადეგების) ნახევარი არასრულწლოვნებმა გაატარონ დედასთან, ლ. ნ-ასთან, ხოლო დანარჩენი პერიოდი _ მამასთან, მ. ო-თან;
2.1.3. მ. ო-ი იღებს ვალდებულებას, კვირა დღის 17:00 საათზე უზრუნველყოს შვილების მიყვანა ლ. ნ-ას საცხოვრებელ ადგილას, დმანისის რაიონის სოფელ ზ-ში, ხოლო ლ. ნ-ა იღებს ვალდებულებას, რომ პარასკევი დღის 17:00 საათზე უზრუნველყოს ბავშვების წაყვანა მ. ო-ის საცხოვრებელ ადგილას დმანისის რაიონის სოფელ ი-ში;
2.1.4. ბავშვების დედასთან ყოფნის პერიოდში მ. ო-ს უფლება აქვს, შეუზღუდავად იქონიოს სატელეფონო კავშირი არასრულწლოვან შვილებთან. ანალოგიური უფლებით სარგებლობს ლ. ნ-ა არასრულწლოვანთა მამის საცხოვრებელ ადგილას ყოფნის პერიოდში. ამ პუნქტის მიზნებისათვის, ლ. ნ-ას საკონტაქტო ნომერია ....., ხოლო მ. ო-ის _ ...... მითითებული საკონტაქტი ნომრის შეცვლის შემთხვევაში, მხარეები უზრუნველყოფენ ერთმანეთის წინასწარ ინფორმირებას, ასევე, ვალდებული არიან უზრუნველყონ გადაცემული საკონტაქტო საშუალების ხელმისაწვდომობა;
2.1.5. მესამე პირი _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო იღებს ვალდებულებას, ბავშვების ფსიქოლოგიური დახმარების მიზნით, გამოყოს ფსიქოლოგი, ხოლო ის მშობელი, რომელთანაც იქნებიან ბავშვები, ვალდებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგნტოსთან შეთანხმებით, უზრუნველყოს არასრულწლოვნების ვიზიტი ფსიქოლოგთან (არდადეგების პერიოდში ეს საკითხი გადაწყდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან შეთანხმებით, ბავშვთა ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით). კონსულტაციების ხანგრძლივობას განსაზღვრავს ფსიქოლოგი;
2.1.6. მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, განუხრელად შეასრულონ წინამდებარე მორიგების პირობები: არასრულწლოვან შვილებს შეუქმნან მშვიდი და კეთილსაიმედო გარემო, კერძოდ, არ შექმნან ხელოვნური ბარიერები შვილების ორივე მშობელთან ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბების/აღდგენის თვალსაზრისით, ასევე, არ განახორციელონ ბავშვების თავისუფალ ნებაზე ზემოქმედება (ფიზიკური, ფსიქოლოგიური) ან მათი რომელიმე მშობლის მიმართ დამაშორებელი ქცევა;
2.1.7. წინამდებარე მორიგების აქტის აღსრულებაზე ზედამხედველობას განახორციელებს მესამე პირი _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (შესაბამისი ტერიტორიული ორგანო).
3. შეწყდეს წარმოება სამოქალაქო საქმეზე ლ.ნ-ას სარჩელის გამო, მ.ო-ის მიმართ, არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე.
4. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები, ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 მაისის დორებითი განკარგულება.
5. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საფუძვლითა და იმავე საგანზე დაუშვებელია.
6. კასატორ მ. ო-ს (რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პ/#......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 02.02.2017წ. #1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი.
7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური