საქმე №ას-863-806-2017 28 ივლისი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – თ. ა-ე, შპს „ო-ი“, შპს „ნ-ი“ (მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს-ი“ (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – ხელშეკრულებების შეწყვეტა, თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნისა და მოვალეთა სხვა ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა (ძირითად სარჩელში), ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება, მიყენებული ზიანის ანაზღაურება (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო, შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. სს „ს-მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ა-ის, შპს „ო-ისა“ და შპს „ნ-ის“ (შემდგომში _ მოპასუხეები ძირითად სარჩელზე, შეგებებული მოსარჩელეები, აპელანტები ან კერძო საჩივრის ავტორები) მიმართ და მოითხოვა მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზით მომსახურებისა და მისგან გამომდინარე ხელშეკრულებების შეწყვეტა, თ. ა-ისა და შპს „ო-ისათვის“ მოსარჩელის სასარგებლოდ დავალიანების _ 82 348.73 ლარის სოლიდარულად დაკისრება, გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით იპოთეკით დატვირთული შპს „ნ-ის“ კუთვნილი უძრავი ქონების (მდებარე ქ.ქუთაისში, თ-ის ქ#...-ში, ს/კ #...)) რეალიზაცია; იმ შემთხვევაში, თუკი უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარად, აღსრულების მიქცევა მოპასუხეთა სხვა ქონებაზე;
1.2. მოპასუხეებმა შეგებებული სარჩელით მიმართეს სასამართლოს თავდაპირველი მოსარჩელის მიმართ და მოითხოვეს შეგებებული სარჩელის მოპასუხესა და თანამსესხებლებს შორის დადებული ხელშეკრულებების, როგორც შეცდომით დადებული გარიგების ბათილად ცნობა, სს „ს-ისათვის“ შპს „ო-ის“ სასარგებლოდ ზედმეტად გადახდილი 7 000 აშშ დოლარის დაბრუნების დავალდებულება და შპს „ო-ის“ სასარგებლოდ მიყენებული ზიანის _ 111 089 ლარისა და 10 193 აშშ დოლარის დაკისრება.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოპასუხეებმა თავდაპირველი სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს;
2.2. ძირითადმა მოსარჩელემ ასევე არ ცნო შეგებებული სარჩელი.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შეწყდა 2016 წლის 24 თებერვალს გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ #000139918-3159710 ხელშეკრულება და მისგან გამომდინარე ყველა საკრედიტო ხელშეკრულება, მოპასუხეებს: თ. ა-ესა და შპს „ო-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 27 348.73 აშშ დოლარის გადახდა. გადაწყვეტილების აღსრულება დადგინდა იპოთეკით დატვირთული შპს „ნ-ის“ კუთვნილი უძრავი ქონების (ს/კ #.....) რეალიზაციის გზით. იმ შემთხვევაში, თუკი უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარად, აღსრულება მიექცევა მოპასუხეთა სხვა ქონებაზე. ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი.
4. აპელანტების მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შეგებებულმა მოსარჩელეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
(საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თავდაპირველმა მოსარჩელემაც, თუმცა, ამ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს, შესაბამისად, სასამართლო განჩინების სამოტივაციო ნაწილში ამ საკითხებზე არ იმსჯელებს).
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
6. კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:
6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს აპელანტებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ დარღვეული იყო მისი წარდგენის საპროცესო ვადა, კერძოდ, აპელანტების წარმომადგენელი, რომლისთვისაც ცნობილი იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი, საპროცესო ვადის დარღვევით გამოცხადდა სასამართლოში და ჩაიბარა გადაწყვეტილება, რაც არასწორია, რადგანაც საქალაქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებას არ ესწრებოდნენ აპელანტები. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში მხარე სხვადასხვა მეთოდებით (სატელეფონო კავშირი, სასამართლოში გამოცხადება და სხვა) ცდილობდა გადაწყვეტილების ჩაბარებას, ბოლო ამგვარი მცდელობა 2017 წლის 12 აპრილს განხორციელდა, თუმცა, არც ამ დროისათვის იყო გადაწყვეტილება დასაბუთებული, იგი მხარისათვის ხელმისაწვდომი 2017 წლის 18 აპრილს გახდა და სააპელაციო საჩივარიც დადგენილ ვადაში იქნა წარდგენილი. ამ ფაქტის დადასტურების მიზნით საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 15 ივნისს გასცა შესაბამისი ცნობა. ამგვარ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო არ ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით განსაზღვრულ ვადებს (სუსგ-ებები: #ას-925-823-2013; #ას-1034-989-2013).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ა-ის, შპს „ო-ისა“ და შპს „ნ-ის“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 და 369-ე მუხლების გამოყენება-განმარტებისა და ამ კუთხით ფაქტობრივი გარემოებების შეფასების სისწორე.
1.3. გასაჩივრებული განჩინების თანახმად, სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღებაზე სააპელაციო სასამართლომ იმ მოტივით განაცხადა უარი, რომ მხარის მიერ დარღვეული იყო სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა, კერძოდ, აპელანტების წარმომადგენელს საქალაქო სასამართლოსათვის გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად უნდა მიემართა არა უგვიანეს 2017 წლის 12 აპრილისა, მან კი სასამართლოს მიმართა ამ ვადის გასვლის შემდგომ _ 18 აპრილს. მიუხედავად ამისა, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის ათვლა დაიწყო 2017 წლის 13 აპრილს და ამოიწურა 26 აპრილს, სააპელაციო საჩივარი კი, წარდგენილია 1 მაისს.
1.4. კერძო საჩივრის ავტორები სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით მოითხოვენ, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენის საპროცესო ვადა მათი ბრალით არ არის დარღვეული, საქალაქო სასამართლომ დადგენილ ვადაში ვერ უზრუნველყო დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადება, ხოლო გადაწყვეტილების მზაობისა და მისი ჩაბარების თხოვნით მხარეს კომუნიკაცია ჰქონდა სასამართლოსთან. ამ ფაქტის დადასტურების მიზნით კერძო საჩივარს ერთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მოხელის მიერ გაცემული ცნობა.
1.5. საკასაციო სასამართლო სისტემაში არსებული გადატვირთულობის საყოველთაოდ ცნობილი ფაქტის გათვალისწინებით იზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა არგუმენტს, რომ საპროცესო ვადა მხარის ბრალით არ დარღვეულა, რაც ამავდროულად დასაბუთებულია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული ცნობით (ცნობის თანახმად, მოსამართლის თანამემწეს უკავშირდებოდა აპელანტთა წარმომადგენელი, თუმცა, გადაწყვეტილების ჩაბარება მისი სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღის ჩათვლით (12 აპრილი) ვერ მოხერხდა, ხოლო შემდგომი დღეები (14-17 აპრილი) იყო უქმე). საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე სამართლებრივ და ფაქტობრივ საკითხზე:
1.5.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო/საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადით შეზღუდვა სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპს ემყარება, თუმცა, ეს ვადა სასამართლოს მხრიდან ყოველთვის ზედმიწევნით უნდა იქნას შესწავლილი, რათა დაუსაბუთებლად არ შეიზღუდოს ამავე კოდექსის მე-2 მუხლით, ასევე, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება, ამასთანავე, სასამართლოს მხრიდან საკითხის ზედმიწევნითი ანალიზი უზრუნველყოფს მოგებული მხარის ინტერესების დაცვასაც, რაც გონივრული პროპორციაა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე (სსსკ-ის მე-4 მუხლი).
1.5.2. მოცემულ შემთხვევაში, პალატა ვერ დაეთანხმება მხარეთა არგუმენტს, რომ ისინი არ ესწრებოდნენ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას და ამ საფუძვლით არ არსებობდა საპროცესო ვადის დარღეულად მიჩნევის საფუძველი, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის კონტექსტში უდავოა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 თებერვლის სხდომას, რომელზეც სასამართლომ გადადო სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება ამა წლის 13 მარტს, ესწრებოდა შეგებებულ მოსარჩელეთა უფლებამოსილი წარმომადგენელი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, იგი გაფრთხილდა ხელწერილით, სადაც აღნიშნულია დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების წესი და ვადა, თუმცა, უდავოა, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარების 20-30 დღიანი ვადა სასამართლოს ბრალითაა დარღვეული, ხოლო შეგებებული სარჩელის ავტორთა წარმომადგენელი ცდილობდა საპროცესო ვადის დაცვით მის ჩაბარებას, რაც გამორიცხავს სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის დენის ავტომატურად დაწყებას (უდავოა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღე 2017 წლის 2 აპრილი იყო, 30-ე დღე _ 12 აპრილი, ამ დროისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილება არ იყო მომზადებული, 14-17 აპრილი იყო უქმე დღეები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, აპელანტებმა გადაწყვეტილება ჩაიბარეს 2017 წლის 18 აპრილს, ხოლო სააპელაციო საჩივარი წარდგენილია 1 მაისს, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14-დღიანი ვადის დაცვით).
1.6. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ საკითხზე, რომ წარმომადგენლის მეშვეობით საკუთარი საპროცესო უფლებების დაცვის თვალსაზრისით მხარეს აქვს მოლოდინი წარმომადგენლობის კვალიფიციურად განხორციელებისა, ეს უკანასკნელი კი, თავის თავში მოიცავს მათ შორის იმგვარ პროცესუალური გარემოებების თაობაზე სასამართლოს წინასწარი ინფორმირების ვალდებულებას, როგორიცაა, დასაბუთებული გადაწყვეტილების დროულად ჩაუბარებლობა და სხვა, რათა თავიდან იქნეს აცილებული საპროცესო ვადების გაჭიანურება, ასევე, დამატებითი ხარჯები. მოცემულ შემთხვევაში, შეგებებულ მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს ამგვარ მითითებას, ამასთანავე, გაურკვეველია, რატომ არ წარადგინა აპელანტთა წარმომადგენელმა იმგვარი მტკიცებულება, რაც სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე სააპელაციო სასამართლოსაც მისცემდა შესაძლებლობას, თავად გადაეწყვიტა სადავო საკითხი (მაგ: სასამართლო მოხელის ცნობა), თუმცა, იმ პირობებში, როდესაც დადასტურებულია სასამართლოს მხრიდან დასაბუთებული გადაწყვეტილების დროულად მომზადების შეუძლებლობა, პალატა მიიჩნევს, რომ საპროცესო წესები უნდა განიმარტოს მხარის სასარგებლოდ, მით უფრო, როდესაც მისმა წარმომადგენელმა დროულად არ მიიღო გარკვეული ზომები. ამასთანავე, საპროცესო წესების საპირისპირო განმარტება, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით სააპელაციო სამართალწარმოებაზე უარის დაუსაბუთებლად გაცხადებასა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას განაპირობებს.
1.7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 19 აპრილს და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ამოიწურა 2 მაისს, სამშაბათს, სააპელაციო საჩივარი კი, სასამართლოში რეგისტრირებულია 2017 წლის 1 მაისს, რაც უდავოდ მეტყველებს იმაზე, რომ აპელანტებს არ დაურღვევიათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით იმპერატიულად დადგენილი მოთხოვნა (სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადა). შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
2. პროცესის ხარჯი:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, კერძო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 50 ლარს. მხარეებმა სახელმწიფო ბაჟის სახით საკუთარი ინიციატივით გადაიხადეს 100 ლარი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის ანალოგიით (სსსკ-ის მე-7 მუხლი), მათ უნდა დაუბრუნდეთ ზედმეტად გადახდილი თანხა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 42-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ა-ის, შპს „ო-ისა“ და შპს „ნ-ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ივნისის განჩინება და თ. ა-ის, შპს „ო-ისა“ და შპს „ნ-ის“ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. თ. ა-ეს (რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, პ/#...), შპს „ო-სა“ (ს/კ #...) და შპს „ნ-ს“ (ს/კ #...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ ზ. ნ-ის მიერ 21.06.2017წ. #1 საგადახდო დავალებით გადახდილი 100 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 50 ლარი.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე