Facebook Twitter

საქმე №ას-795-744-2017 28 ივლისი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ლ. მ-ე (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ვ-ე, ნ. ვ-ე, ს. ვ-ე, ი. ვ-ე, დ. ვ-ე (ა-ე) (მოპასუხეები, დ.ვ-ე, ასევე, შეგებებული მოსარჩელე)

შეგებებული მოსარჩელე _ ა. ვ-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის დადგენა, მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის/შეგებებული მოსარჩელის მოთხოვნა:

1.1. ლ. მ-ემ (შემდგოში _ მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი ან მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ვ-ის, ნ. ვ-ის, ს. ვ-ის, ი. ვ-ისა და დ. ვ-ის (ა-ე) (შემდგომში _ მოპასუხეები, მოწინააღმდეგე მხარეები დ. და ა. ვ-ეები შემდგომში ასევე წოდებული, როგორც შეგებებული მოსარჩელეები) მიმართ და მოითხოვა გ., ი., ს. და ნ. ვ-ეები ცნობილ იქნენ 2012 წლის 22 აპრილს გარდაცვლილ ტ. ვ-ის უფლებამონაცვლეებად, 2012 წლის 22 აპრილს გარდაცვლილი ტ. ვ-ის მიერ 2011 წლის 31 იანვარს გარდაცვლილი დედის - ლ. ვ-ის სამკვიდრო ქონების 1/2-ის ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტისა და გ. ვ-ის მიერ 2012 წლის 22 აპრილს გარდაცვლილი მამის - ტ. ვ-ის დანაშთი ქონების, კერძოდ, 2011 წლის 31 იანვარს გარდაცვლილი ლ. ვ-ის სამკვიდროს 1/2-ის ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის დადგენა;

1.2. დ. ვ-ემ (ა-ე) და ა. ვ-ემ შეგებებული სარჩელი აღძრეს თავდაპირველი მოსარჩელის მიმართ და მოითხოვეს მათ მიერ გარდაცვლილი დედის _ ლ. ვ-ის სამკვიდროს მიღების ფაქტის დადგენა.

2. მოპასუხეების პოზიცია:

2.1. მოპასუხეებმა ძირითადი სარჩელი არ ცნეს;

2.2. თავდაპირველმა მოსარჩელემ შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ ლ. ვ-ის სამკვიდროს 1/2-1/2 ნაწილი მიიღეს მისმა შვილებმა: ა. და ტ. ვ-ეებმა, ხოლო დ. ა-ეს სამკვიდრო არ მიუღია.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და დადგინდა ა. ვ-ის მიერ 2011 წლის 31 იანვარს გარდაცვლილი დედის _ ლ. ვ-ის სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი.

4. აპელანტის მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თავდაპირველმა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 მაისის განჩინებით, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლები:

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა.

6.2. 2017 წლის 17 აპრილს, 13:05 საათზე, მოსამართლის თანაშემწემ სატელეფონო შეტყობინებით აცნობა აპელანტს, რომ სხდომა ჩატარდებოდა 2017 წლის 5 მაისს, 15:00 საათზე, რაც საუბრისას რამდენჯერმე გადაამოწმებინა მხარემ, სხდომის დაწყებამდე ერთი საათით ადრე ჩავიდა ქ.ქუთაისში აპელანტი ქ.თბილისიდან და მისთვის ცნობილი გახდა, რომ სხდომა არა 5, არამედ _ 3 მაისს იყო დანიშნული და მისი გამოუცხადებლობის გამო გამოტანილ იქნა განჩნება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. აპელანტმა წერილობით ითხოვა სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გადაცემა მიღებულ განჩინებასთან ერთად, რომლის პასუხადაც მას გადაეცა მხოლოდ სატელეფონო საუბრის შედეგად შედგენილი აქტი, რომლითაც ვერ დადგინდება სასამართლოს მოხელემ რეალურად მხარეს 3 მაისი უთხრა თუ 5.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. მ-ის კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.

1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.

1.3. საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად, ხოლო საქმის განხილვა დაინიშნა 2017 წლის 24 მარტს, 16:00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე მხარეებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, უწყების ჩაბარების გზით ეცნობათ;

1.3.2. სხდომის დაწყებამდე აპელანტმა შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით (გაუკეთდა ქირურგიული ოპერაცია) მოითხოვა საქმის განხილვის გადადება, რის შესახებაც ეცნობა მოწინააღმდეგე მხარესაც, ხოლო სააპელაციო სასამართლომ 2017 წლის 24 მარტის საოქმო განჩინებით გაიზიარა აპელანტის შუმდგომლობის საფუძვლიანობა და დააკმაყოფილა იგი;

1.3.3. საქმეში წარმოდგენილი სატელეფონო შეტყობინების აქტის თანახმად, 2017 წლის 27 აპრილს აპელანტს (მსგავსად მოწინააღმდეგე მხარისა) დაუკავშირდა სასამართლოს შესაბამისი მოხელე და აცნობა, რომ სასამართლოს სხდომა გაიმართებოდა 2017 წლის 3 მაისს, 15:00 საათზე, ასევე, ეუწყა გამოუცხადებლობის შედეგები;

1.3.4. 2017 წლის 3 მაისის სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, რაც დააკმაყოფილა სააპელაციო სასამართლომაც ამავე საოქმო განჩინებით;

1.3.5. საქმეში წარმოდგენილი განცხადებით ირკვევა, რომ აპელანტი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გამოცხადდა 2017 წლის 5 მაისს და იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს მხრიდან სხდომის თარიღად ეცნობა 2017 წლის 5 მაისი, მოითხოვა სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერის გადაცემა;

1.3.6. საქმეში არსებული გზავნილების შესწავლით ირკვევა, რომ სასამართლომ 2017 წლის 3 მაისის განჩინებასთან ერთად აპელანტს გაუგზავნა „ტელეფონოგრამის გადაცემის შესახებ აქტი“;

1.3.7. კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას ძირითადად იმ საფუძვლით მოითხოვს, რომ მას არასწორად ეცნობა სხდომის თარიღი.

1.4. კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმებამდე პალატა ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე სამართლებრივ საკითხზე:

1.4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია აპელანტისა და მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა, თუ ამას გამოცხადებული მხარე მოითხოვს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით კი დადგენილია, რომ ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მოსარჩელის გამოუცხადებლობისას, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-ე-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. ანალოგიური შინაარსისაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განუხილველად დატოვოს სარჩელი/სააპელაციო საჩივარი, ნორმის ფორმალური წინაპირობების გარდა, უნდა შემოწმდეს ასევე სახეზე ხომ არ გვაქვს ზემოხსენებული საპროცესო ინსტიტუტების გამოყენების გამომრიცხავი წინაპირობები (სსსკ-ის 233.1 მუხლი).

1.4.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძვლად მიიჩნევს შემდეგს: ა) თუ სახეზეა ამავე კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები; ბ) არსებობს სხვა საპატიო გარემოება, რომელიც გამართლებულს ხდის მხარის გამოუცხადებლობას. როგორც უკვე აღინიშნა, მხარე სადავოდ ხდის იმას, რომ მას არასწორად ეცნობა საქმის განხილვის თარიღი, ამ მხრიც ირკვევა ისიც, რომ აპელანტმა მოითხოვა სატელეფონო გასაუბრების აუდიოჩანაწერი, თუმცა, იგი არ გადასცემია. საკასაციო პალატა ზოგადად კანონიერად მიიჩნევს პირის სატელეფონო შეტყობინებით დაბარებას, რამდენადაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება, დაიბარონ ტელეფონით, ფაქსით, სხვა ტექნიკური საშუალებით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ტექნიკური საშუალებით დაბარებისას მიეთითება ამ კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საკითხები, ხოლო 73-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე, დგება აქტი, რომელიც ჩაიკერება საქმეში. აქტს ადგენს სასამართლოს შესაბამისი მოხელე. 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, ტექნიკური საშუალებით გაგზავნილი სასამართლო უწყების ჩაბარება დასტურდება ტელეფონის შემთხვევაში – ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი აქტით. ამგვარი აქტი საქმეში წარმოდგენილია, თუმცა, საკასაციო პალატა ითვალისწინებს საერთო სასამართლოებში დამკვიდრებულ წესს, რომელიც შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მხარისათვის შეტყობინების ჩაბარებისას მისი ფიქსაციის შესაძლებლობას ითვალისწინებს, რაც შემდგომში აადვილებს, როგორც სასამართლოსათვის, ისე _ მხარისათვის საპროცესო მოვალეობათა ჯეროვნად განხორციელების მტკიცების შესაძლებლობას, ამასთანავე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული ნორმების მხოლოდ იმგვარი ინტერპრეტაცია, რომელიც სასამართლოს მოხელის მიერ შედგენილი აქტის უტყუარობას დაადგენდა და სატელეფონო შეტყობინების შინაარსის მტკიცების ტვირთს მხარეს დააკისრებდა, დაარღვევს „ადამიანის უფლებათა დაცვის“ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს პრინციპს, რამეთუ მხარეს არ ხელეწიფება მოიპოვოს მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს მიერ საქმის წარმოების პროცესში იქმნება და ხელმიუწვდომელია მხრისათვის. ამდენად, სატელეფონო გასაუბრების აუდიოჩანაწერის არარსებობის პირობებში პალატა სრულად იზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ მხარეს არასწორად ეცნობა სხდომის თარიღი (ამ მხრივ სასამართლო სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, აფასებს იმ გარემოებასაც, რომ კერძო საჩივრის ავტორი ცხოვრობს ქ,თბილისში, ის ქ.ქუთაისში ჩავიდა 2017 წლის 5 მაისს, რაც შეეხება გამოცხადების ზუსტ დროს პალატა მას ვერ არკვევს, ვინაიდან განცხადების სარეგისტრაციო შტამპის შესაბამის ველში სასამართლოს თავად არ მიუთითებია განცხადების მიღების დრო).

1.4.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ამ განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.4.2. პუნქტში განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტი სასამართლოს სხდომის თარიღის თაობაზე არ იყო კანონით დადგენილი წესით ინფორმირებული, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია, ამასთანავე, ვინაიდან კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერებაა, პალატა მოკლებულია პროცესუალურ შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს კერძო საჩივრის ის მოთხოვნა, რომელიც მისი სააპელაციო მოთხოვნის განხილვას შეეხება. ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია, საკასაციო პალატა ნაწილობრივ აკმაყოფილებს მას, იგი აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას და სააპელაციო საჩივრის განხილვის მიზნით საქმეს უბრუნებს სააპელაციო სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. მ-ის კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე