საქმე №ას-515-481-2017 19 მაისი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორები: 1. შპს „ი-ი“
2. ა. მ-ე, მ. მ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა-ი“
გასაჩივრებული განჩინება _თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება
საჩივრის ავტორების მოთხოვნა: გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება (შპს „ი-ის“ მოთხოვნა); გასაჩივრებული განჩინების გაუქმება (ა. და მ. მ-ების მოთხოვნა)
დავის საგანი – საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ა-მა“ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოწინააღმდეგე მხარეების: შპს „ი-ის“, ა. და მ. მ-ების მიმართ და საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა მოპასუხეთა უძრავ-მოძრავ ქონებაზე გასხვისებისა და სანივთო-სამართლებრივი უფლებით დატვირთვის აკრძალვის რეგისტრაცია.
1.2. განცხადების თანახმად, 08.12.2016წ. შპს „ა-სა“ და შპს „ი-ს“ შორის გაფორმდა შეთანხმება ვალის აღიარების შესახებ, რომლითაც შპს „ი-მა“ აღიარა მოსარჩელის წინაშე არსებული დავალიანება. იმავე შეთანხმებით, შპს „ი-მა“ იკისრა ვალდებულება, 2016 წლის 31 დეკემბრამდე სრულად გადაეხადა მოსარჩელისათვის დავალიანება. შპს „ი-ის“ მიერ არ იქნა შესრულებული ზემოხსენებული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება. სარჩელის აღძვრის მომენტში შპს „ი-ის“ ძირითადი დავალიანება შპს „ა-ის“ მიმართ შეადგენდა 626 535 აშშ დოლარს, რომელიც სარჩელის აღძვრის შემდგომ შემცირდა 20 000 აშშ დოლარით და დღეის მდგომარეობით შეადგენს 606 535 აშშ დოლარს. გარდა აღნიშნულისა, განმცხადებელმა განმარტა, რომ ა. მ-მ, რომელიც, ამავდროულად მოვალე საწარმოს დირექტორია, იკისრა სოლიდარული თავდებობა საწარმოს ვალდებულების შესრულების თაობაზე, ასევე, სოლიდარულად ვალდებულ პირს წარმოადგენს მისი შვილი, მ. მ-ე, თანახმად თავდებობის ხელშეკრულებისა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 თებერვლის განჩინებით შპს „ა-ის“ განცხადება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა:
ა) შპს „ი-“ს (ს/ნ ...) აეკრძალა:
ა.ა.) მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების: მდებარე ქალაქი ბათუმი, ქუჩა ბ-ი, #..., 30017.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები: (N01/1,N12/1, N03/1, N4/2, N05/1 - საერთო ფართი 6031.25 კვ.მ.), N06/1, N07/1, N08/1, N09/1, N010/1, N11/1, N12/1 – 3456 კვ.მ მშენებარე საწყობი, N13/1 – 1726 კვ.მ მშენებარე საწყობი, ს/კ #... გასხვისება და სანივთო სამართლებრივი უფლებით დატვირთვა;
ა.ბ.) შპს „ი-ს“ აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების (MERCEDES-BENZ SPRINTER სახელმწიფო ნომერი ......, გამოშვების წელი 2006, სარეგისტრაციო მოწმობა ....., რეგისტრაციის თარიღი 2014-01-13) გასხვისება და სანივთო სამართლებრივი უფლებით დატვირთვა;
ბ) ა. მ-ს (პ/ნ ...) აეკრძალა:
ბ.ა.) მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების (რაიონი ხელვაჩაური, სოფელი წ-ა, 4522.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ს/კ #.....; რაიონი ხელვაჩაური, სოფელი წ-ა, 2500.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები საერთო ფართით 461.30, ს/კ #.....; რაიონი ხელვაჩაური, სოფელი წ-ა, 500.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ს/კ #.....; რაიონი ხელვაჩაური, სოფელი წ-ა, 1291.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ს/კ #.....; რაიონი ხელვაჩაური, სოფელი წ-ა, 1000.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ს/კ #.....; რაიონი ხელვაჩაური, სოფელი გ-ა, 100.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ს/კ #.....; რაიონი ხელვაჩაური, სოფელი გ-ა, 2800.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები საერთო ფართით 293.76, ს/კ #.....; ქალაქი ბათუმი, ქუჩა მ-ე, #..., სხვენი ფართით 29.60, ს/კ #...) გასხვისება და სანივთო სამართლებრივი უფლებით დატვირთვა;
ბ.ბ.) შპს „ი-ში“ კუთვნილი 100%-იანი წილის (ს/კ #.....) გასხვისება და სანივთო სამართლებრივი უფლებით დატვირთვა;
ბ.გ.) მის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების (MERCEDES-BENZ GLE400, სახელმწიფო ნომერი ....., გამოშვების წელი 2015, სარეგისტრაციო მოწმობა ....., რეგისტრაციის თარიღი 2015-10-09) გასხვისება და სანივთო სამართლებრივი უფლებით დატვირთვა;
გ) მ. მ-ს (პ/ნ .....) აეკრძალა:
გ.ა.) შპს „N-ში“ (ს/კ #.....) კუთვნილი 100%-იანი წილის გასხვისება და სანივთო სამართლებრივი უფლებით დატვირთვა;
გ.ბ.) მის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების (MERCEDES-BENZ C200, სახელმწიფო ნომერი ....., გამოშვების წელი 2014, სარეგისტრაციო მოწმობა ....., რეგისტრაციის თარიღი 2014-10-21) გასხვისება და სანივთო სამართლებრივი უფლებით დატვირთვა.
3. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საჩივარი შეიტანეს მოწინააღმდეგე მხარეებმა და მოითხოვეს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 მარტის განჩინებით შპს „ი-ის“ საჩივარი, როგორც დაუსაბუთებელი, გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 მარტის განჩინებით ა. და მ. მ-ების საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც ა. მ-ს აეკრძალა #..... და #..... უძრავი ქონების გასხვისება და სანივთო-სამართლებრივი უფლებით დატვირთვა, ვინაიდან ამ ქონების მესაკუთრე ა. მ- და საარბიტრაჟო მოპასუხე ა. მ- სხვადასხვა პირი იყო, ხოლო დანარჩენ ნაწილში საჩივრები, როგორც დაუსაბუთებელი, განსახილველად გადმოეცა ზემდგომ სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, სააპელაციო სასამართლოს განჩინების დასაბუთება, საჩივრების საფუძვლიანობა და თვლის, რომ ისინი დაუსაბუთებელია და არ ქმნის გასაჩივრებული განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების წინაპირობებს შემდეგი გარემოებების გამო:
1. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35612 მუხლის, 35613 (1) მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, 35618 მუხლისა და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის თანახმად, წინამდებარე საქმეზე, როგორც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების, ისე _ ამ ღონისძიების თაობაზე წარდგენილი საჩივრის განხილვა ექვემდებარება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მარეგულირებელ წესებს.
2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო, 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ:
ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა;
გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
3. გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების კანონიერების შემოწმების მიზნით საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს თავად ამ ინსტიტუტის არსსა და წინამდებარე საქმეზე დადგენილ რამდენიმე უდავო ფაქტობრივ გარემოებაზე:
3.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
3.2. მითითებული ნორმა ითვალისწინებს იმ წინაპირობათა ჩამონათვალს, როდესაც საჭიროა სასამართლოს მხრიდან სასარჩელო მოთხოვნის (მათ შორის საარბიტრაჟო სარჩელის) დაცვის ქმედითი ღონისძიების გატარება, რათა მართლმსაჯულების განხორციელებამ არ დაკარგოს ის სამართლებრივი ეფექტი, რაც პირის დარღვეული უფლების აღდგენაში ვლინდება. უზრუნველყოფის ღონისძიების გატარება განპირობებულია მისაღები/მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისათვის რეალური პერსპექტივის შექმნით.
4. სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე წარმოდგენილ განცხადებას ერთვის მტკიცებულებები, რომელთა ფორმალური თვალსაზრისით განცხადებაში ჩამოყალიბებულ საფუძვლებთან შესაბამისობის შემოწმებით დასტურდება, რომ შპს „დავების განმხილველი ცენტრის“ წარმოებაშია შპს „ა-ის“ საარბიტრაჟო სარჩელი. სარჩელის საგანს წარმოადგენს 2016 წლის 8 დეკემბრის შეთანხმება ვალის აღიარების შესახებ, რომელიც შემდგარია საარბიტრაჟო მოსარჩელესა და შპს „ი-ს“ შორის და ვალის აღიარებასთან ერთად, დოკუმენტი შეიცავს საარბიტრაჟო შეთანხმებას. განცხადებაზე ასევე დართულია თავდებობის ხელშეკრულებები, რომელთა თანახმადაც, ა. და მ. მ-ები კისრულობენ სოლიდარულ თავდებობას შპს „ი-ის“ ზემოხსენებული ვალდებულების შესრულებაზე. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადებაში საარბიტრაჟო მოსარჩელე გამოთქვამს ვარაუდს დავის განხილვის დასრულებამდე საარბიტრაჟო მოპასუხეთა მიერ ქონების შესაძლო გასხვისებისა და უფლებრივი დატვირთვის თაობაზე, რაც საერთო ჯამში იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე (1) მუხლით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობა. საგულისხმოა ის გარემოება, რომ მოპასუხეთა ინტერესებისა და მოსარჩელის მიზნის მიღწევას შორის თანაზომიერების დაცვის მიზნით, განმცხადებელმა ითხოვა საარბიტრაჟო მოპასუხეებისათვის ქონების გასხვისებისა და სანივთო-სამართლებრივი უფლებით დატვირთვის აკრძალვა, რაც სააპელაციო პალატამ, გასაჩივრებული განჩინებით გონივრულად და სამართლიანად მიიჩნია.
5. 2017 წლის 14 თებერვლის განჩინების გაუქმების ძირითად საფუძვლად შპს „ი-ი“ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საარბიტრაჟო შეთანხმება არ არის ნამდვილი, რადგანაც მასზე ხელმოწერა არ ეკუთვნის კომპანიის დირექტორს, რასაც საკასაციო პალატა არ იზიარებს და განმარტავს, რომ ეს საკითხი სარჩელის უზრუნველყოფის (მით უფრო საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის) ფარგლებში საერთო სასამართლოების მხრიდან შეფასებას არ ექვემდებარება, სხვა რაიმე საფუძველი, რომლის თუნდაც ფორმალური ანალიზი სასამართლოს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებამდე მიიყვანდა, საჩივრის ავტორს არ მიუთითებია. რაც შეეხება საკასაციო სასამართლოში წარმოდგენლ დამატებით პოზიციასა და მტკიცებულებებს, რომლითაც შპს „ი-მა“ შეამცირა საჩივრის მოთხოვნა, პალატა არ იზიარებს მას და ყურადღებას გაამახვილებს განცხადებაში მითითებულ გარემოებებზე:
5.1. კომპანიის უძრავი ქონების ღირებულება, რომელიც სარჩელის უზრუნველსაყოფადაა გამოყენებული, მნიშვნელოვნად აღემატება უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობას. უზრუნველყოფის გამოყენებული ზომა უზღუდავს მოპასუხეს ქონების გასხვისების ან/და სანივთო უფლებით დატვირთვის შესაძლებლობას. თუკი იგი არ გაუქმდება, კომპანია არა თუ ვალდებულების შესრულებას ვერ შეძლებს, არამედ, მივა გაკოტრებამდე. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება და ქონება დაყო ორ ნაწილად, რომელთაგან ერთის ღირებულება 10 793 650 აშშ დოლარს, ხოლო მეორესი _ 783 400 აშშ დოლარს შეადგენს. აღნიშნულის შესაბამისად, საარბიტრაჟო მოპასუხემ მოითხოვა ნაკლები ღირებულების ქონებაზე შეზღუდვის გაუქმება. ფაქტების მტკიცების თვალსაზრისით კი, წარმოადგინა შესაბამისი აუდიტორული დასკვნები და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული დოკუმენტების ასლები.
5.2. საკასაციო პალატა ზოგადად იზიარებს საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ უზრუნველყოფის ღონისძიება უზრუნველყოფილი მოთხოვნის ადეკვატური უნდა იყოს, რაც, ქონებრივი დავის პირობებში, სწორედ საბაზრო ფასის შესაბამისად განიხილება, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, მხედველობაშია მისაღები თავად საჯარო რეესტრის მონაცემებში ფიქსირებული სს „ბ-ს“ სასარგებლოდ რეგისტრირებული იპოთეკა, რომელიც, უძრავი ნივთის დაყოფის შემდეგ გადანაწილდა ორივე ქონებაზე, აუდიტორულ დასკვნებში საუბარია ქონების საბაზრო ღირებულებაზე, თუმცა, არც აუდიტორი ითვალისწინებს და არც საქმის მასალებში მოიპოვება მტკიცებულება იმისა, თუ რას შეადგენს სს „ბ-ს“ მიმართ შპს „ი-ის“ უზრუნველყოფილი მოთხოვნა, რაც „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად, საბანკო საიდუმლოებაა და ვალდებული პირის თანხმობის გარეშე საკასაციო სასამართლოს კვლევის საგანი ვერ გახდება, შესაბამისად ამისა, საკასაციო პალატა თვლის, რომ საარბიტრაჟო მოთხოვნისა და გამოყენებული ზომის თანაზომიერების მტკიცების ტვირთი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, სწორედ შპს „ი-ს“ ეკისრებოდა, რომელსაც ამ თვალსაზრისით საკმარისი/სარწმუნო მტკიცებულებები არ წარუდგენია.
6. რაც შეეხება ა. და მ. მ-ებს, მათ მიერ წარდგენილი საჩივრების პრეტენზიები ასევე შეეხებოდა საარბიტრაჟო შეთანხმების, ვალის აღიარების ხელშეკრულებებისა და თავდებობის დოკუმენტების ნამდვილობას, ასევე, უზრუნველყოფილი მოთხოვნისა და გამოყენებული ზომის თანაზომიერებას, თუმცა, ზემოთ განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ამ პრეტენზიებს უარყოფს და მათ დეტალურ კვლევას განმეორებით აღარ შეუდგება, გარდა იმ საკითხზე მითითებისა, რომ საქმეში არსებული საჯარო/სამეწარმეო რეესტრის ამონაწერებისა და შსს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, ა. მ-ის უძრავი ქონების ნაწილი დაყადაღებულია, შპს „ი-ს“ აკრძალული აქვს უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, ასევე, რეგიტრირებულია სამი გირავნობის უფლება არაიდენტიფიცირებულ ქონებაზე, ავტომობილი კი, დაგირავებულია ს-ში. კომპანიაზე, სადაც წილი ეკუთვნის მ. მ-ს ასევე რეგისტრირებულია თორმეტი გირავნობის უფლება არაიდენტიფიცირებულ ქონებაზე, ანალოგიური უფლებაა რეგისტრირებული მის კუთვნილ ავტომობილზე.
7. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება საფუძვლიანია და სრულად შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის როგორც 191-ე (1), ისე _ 198-ე (2) მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, ხოლო საარბიტრაჟო მოპასუხეთა საჩივრები არ შეიცავს იმგვარ დასაბუთებულ მსჯელობას, რაც გასაჩვრებული განჩინების გაუქმების საფუძველი გახდებოდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 372-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ი-ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ა. და მ. მ-ების საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 თებერვლისა და 2017 წლის 29 მარტის განჩინებები დარჩეს უცვლელად.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური