Facebook Twitter

საქმე №ას-895-835-2017 8 სექტემბერი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – რ. ყ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის იმავე სასამართლოსათვის განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. სს „ს-მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. ყ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი ან მფლობელი) მიმართ და მოითხოვა მოსარჩელის კუთვნილი, ქარელის რაიონის სოფელ ზ-ში მდებარე უძრავი ქონებიდან (ს/კ #.....) მოპასუხის თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლება და გამოთავისუფლებული ნივთის მოსარჩელისათვის გადაცემა.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე მასთან მცხოვრებ პირებთან ერთად გამოსახლდა მოსარჩელის კუთვნილი ქონებიდან და აღნიშნული ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს. ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე.

4. აპელანტის მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მფლობელმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: არასწორია სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ სააპელაციო საჩივარი აპელანტმა რაიონულ სასამართლოში წარადგინა 2017 წლის 7 ივნისს, რადგანაც, როგორც სააპელაციო საჩივრით, ისე _ კერძო საჩივარზე დართული საფოსტო ქვითრებით ირკვევა, სააპელაციო საჩივარი რაიონულ სასამართლოში წარდგენილ იქნა 2017 წლის 25 მაისს, კანონით დადგენილ 14-დღიან ვადაში. ფოსტის მუშაკის შეცდომა კი (რაც გამოიხატა საფოსტო კონვერტზე შესაბამისი ინიციალების დაუტანლობაში) არ შეიძლება, მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს. საგულისხმოა, რომ სააპელაციო სასამართლომ თავად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილი იყო კონვერტით, თუმცა არასწორად აღნიშნა, რომ ეს არ წარმოადგენდა საფოსტო კონვერტს. ამ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის გზით სასამართლოს ჰქონდა შესაძლებლობა, გაერკვია საპროცესო ვადის დაცვის საკითხი აპელანტის მხრიდან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ყ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.

1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის გამოყენება-განმარტებისა და ამ კუთხით ფაქტობრივი გარემოებების შეფასების სისწორე.

1.3. გასაჩივრებული განჩინების თანახმად, სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღებაზე სააპელაციო სასამართლომ იმ მოტივით განაცხადა უარი, რომ მხარის მიერ დარღვეული იყო სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა, კერძოდ, სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მოპასუხეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე (1) მუხლის შესაბამისად, რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება ჩაბარდა 2017 წლის 19 მაისს, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა იწურებოდა 2017 წლის 2 ივნისს, სააპელაციო საჩივარი კი, რაიონულ სასამართლოში წარდგენილია 2017 წლის 7 ივნისს, ამასთანავე, სასამართლომ აღნიშნა, რომ მიუხედავად სააპელაციო საჩივრის კონვერტით წარდგენისა, ეს ვერ განიხილებოდა ფოსტის მეშვეობით საჩივრის წარდგენად (სსსკ-ის 61.3 მუხლი), რადგანაც კონვერტს რაიმე საფოსტო იდენტიფიკატორი არ გააჩნდა, შესაბამისად, პალატამ ჩათვალა, რომ მხარის მიერ დარღვეული იყო სააპელაციო საჩივრის წარდგენის იმპერატიულად განსაზღვრული ვადა, რაც მის მიღებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.

1.4. კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით მოითხოვს, რომ მას საპროცესო ვადა არ დაურღვევია, ამ ფაქტის მტკიცების მიზნით წარმოადგინა საქართველოს ფოსტის მიერ გაცემული დოკუმენტაცია, რომლის შესწავლითაც ირკვევა, რომ:

ა) რ. ყ-მა 2017 წლის 25 მაისს, 15:23 საათზე, ხაშურის რაიონულ სასამართლოში (ქ.ხაშური, კ-ას #...) გასაგზავნად წარადგინა კორესპოდენცია;

ბ) სალარო აპარატის ჩეკის თანახმად, ამავე დღეს საფოსტო მომსახურებისთვის გადახდილია შესაბამისი თანხა;

გ) შპს „გ-ის“ ბეჭდით დამოწმებული ამავე ფოსტის ფილიალის მენეჯერის ხელწერილით ირკვევა, რომ 2017 წლის 25 მაისს ხაშურის რაიონულ სასამართლოში გაგზავნილ იქნა კორესპოდენცია.

1.5. საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას მისი მხრიდან სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის დაცვის შესახებ და განმარტავს შემდეგს:

1.5.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. განსახილველი ნორმიდან გამომდინარე, სააპელაციო/საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადით შეზღუდვა სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპს ემყარება, თუმცა ეს ვადა სასამართლოს მხრიდან ყოველთვის ზედმიწევნით უნდა იქნეს შესწავლილი, რათა დაუსაბუთებლად არ შეიზღუდოს ამავე კოდექსის მე-2 მუხლით, ასევე, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება, ამასთანავე, სასამართლოს მხრიდან საკითხის ზედმიწევნითი ანალიზი უზრუნველყოფს მოგებული მხარის ინტერესების დაცვასაც, რაც გონივრული პროპორციაა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე (სსსკ-ის მე-4 მუხლი).

1.5.2. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატისათვის გაურკვეველია, რა სამართლებრივ საფუძველს ემყარება რაიონული სასამართლოს ქმედება, როდესაც იგი, საკუთარი ინიციატივით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მოთხოვნათა საპირისპიროდ უგზავნის მოპასუხეს გადაწყვეტილების ასლს, როდესაც სახეზე არ არის ამავე ნორმის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობები, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მხარის ოჯახის ქმედუნარიან წევრს _ მეუღლეს 2017 წლის 19 მაისს (კანონით გათვალისწინებული 20-30 დღიანი ვადის გასვლამდე) ჩაბარდა, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარის ჯეროვანი ინფორმირებისა და შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების საკმარისი საფუძველია. ამ გარემოების მხედველობაში მიღებით, პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას საპროცესო ვადის გამოთვლის თაობაზე (სსსკ-ის 60.2. მუხლის თანახმად, 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო 20.05.2017წ. და სსსკ-ის 61-ე მუხლის შესაბამისად, ამოიწურა 02.06.2017წ.) და მიიჩნევს, რომ ამ განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.4. პუნქტში აღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით აპელანტს არ დაურღვევია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით იმპერატიულად დადგენილი მოთხოვნა (სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადა). შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. ყ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ივნისის განჩინება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური