Facebook Twitter

საქმე №ას-687-641-2017 28 ივლისი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – მ. ი-ი, გ. გ-ი, ქ. გ-ი, ნ. ჯ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ნ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების შუამდგომლობა/მოთხოვნა – საქმის წარმოების შეჩერება; გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განხილვა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

შპს „ნ-მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ჯ-ის, მ., ქ. და გ. გ-ების (შემდგომში _ მოპასუხეები, აპელანტები, კერძო საჩივრის ავტორები ან მფობელები) მიმართ მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან ქ.თბილისში, სოფელ შ-ში მდებარე მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების (ს/კ #...) გამოთხოვისა და მოსარჩელისათვის გადაცემის, ასევე, მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის მოთხოვნით.

2. მოპასუხეების პოზიცია:

მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მოსარჩელეს საკუთრების უფლება კანონდარღვევით აქვს მოპოვებული.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს სადავო უძრავი ქონება (ს/კ #.....).

4. აპელანტების მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მფლობელებმა და მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მისი გაუქმება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 აპრილის განჩინებით, სასამართლო სხდომაზე აპელანტების გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორთა მოთხოვნა და კერძო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლები:

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს აპელანტებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის არსებითი განხილვა, მოგვიანებით მათ კვლავ მომართეს სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვეს ადმინისტრაციული საქმის გადაწყვეტამდე წინამდებარე საქმეზე წარმოების შეჩერება.

6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა დანიშნული იყო 2017 წლის 5 აპრილს, 17:00 საათზე, ამ დღეს, დილით მ.ი-ი გამოცხადდა სასამართლოში და მოითხოვა საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადება, შესაბამისად, წარადგინა ცნობა გ.გ-ის ჯანმრთელობის შესახებ, ასევე, ესაუბრა მოსამართლის თანაშემწეს, რომელმაც განუმარტა, რომ მტკიცებულების წარდგენისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სხდომა ტარდებოდა პირველად, სასამართლო დააკმაყოფილებდა მის შუამდგომლობას. გასათვალისწინებელია, რომ ნ.ჯ-ი ხანდაზმულია (81 წლის), არის მწოლიარე ავადმყოფი. ქ.გ-ი არ იმყოფება საქართველოში, ის ორი წელია, სწავლობს მონაკოს საერთაშორისო უნივერსიტეტის მაგისტრატურაზე. ვინაიდან გ.გ-ი იყო ავად, ჰქონდა მაღალი ტემპერატურა, მ.ი-მა ვერ დატოვა ორი ავადმყოფი ოჯახის წევრი და საპატიო მიზეზით ვერ გამოცხადდა დანიშნულ დროს სასამართლოში, რაც არასწორად არ გაითვალისწინა სააპელაციო პალატამ და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 275-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არასწორად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი. რაც შეეხება მოსარჩელეს, ვინაიდან მხარეთა შორის მიმდინარეობს სხვა დავაც საკუთრების მოპოვების კანონიერების თაობაზე, მისთვის სრულიად მისაღები იყო დამდგრი სამართლებრივი შედეგი.

6.3. საქმის წარმოების შეჩერების შესახებ შუამდგომლობა მხარეებმა იმით დაასაბუთეს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში განიხილება მათი სარჩელი მოწინააღმდეგე მხარის მიერ სადავო ქონებაზე საკუთრების მოპოვების შესახებ, შესაბამისად, წარმოადგინეს, როგორც სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინების ასლი, ისე _ სასამართლო უწყებები და საკუთრების წარმოშობის თაობაზე სხვა მტკიცებულებები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ი-ის, გ. გ-ისა და ნ. ჯ-ის მოთხოვნის ნაწილში კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქ. გ-ის პრეტენზიის ნაწილში გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტების გამოუცხადებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.

1.3. საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 თებერვლის განჩინებით მფლობელების სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და სასამართლოს სხდომა დაინიშნა 2017 წლის 5 აპრილს, 17:00 საათზე;

1.3.2. უდავოა, რომ სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ეცნობათ მხარეებს, კერძოდ, მათ ჩაბარდათ სასამართლო უწყება;

1.3.3. სასამართლო სხდომის დღეს, 2017 წლის 5 აპრილს, 12:05 საათზე, სააპელაციო სასამართლოში გამოცხადდა მ.ი-ი და წერილობით განმარტა, რომ სხდომაზე ვერ გამოცხადდებოდნენ მხარეები, რადგანაც გ.გ-ი იყო ავად, ასევე, ავად იყო ნ.ჯ-ი, ხოლო ქ.გ-ი იმყოფებოდა საზღვარგარეთ, შესაბამისად, განმცხადებელმა ითხოვა საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადება. შუამდგომლობას ერთვის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა #IV-100/ა, გაცემული 2017 წლის 5 აპრილს (ცნობის თანახმად, გ.გ-ს აქვს მწვავე რესპირაციული დაავადება j069, აღენიშნება ტემპერატურული რეაქცია, საერთო სისუსტე, ყლაპვის გართულება, სურდო, პერიოდული შეტევითი ხველა, ავადმყოფობის მიმდინარეობა _ მწვავე, პაციენტს ესაჭიროება დინამიკაში დაკვირვება, უგრძელდება მკურნალობა), ასევე, მონაკოს უნივერსიტეტის სერტიფიკატის ასლი;

1.3.4. 2017 წლის 5 აპრილის საოქმო განჩინებით სააპელაციო სასამართლომ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა, ხოლო, აპელანტთა გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად;

1.3.5. საკასაციო პალატა დამატებით დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ კერძო საჩივრის ავტორები ერთი ოჯახის წევრები არიან.

1.4. კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმებამდე პალატა ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე სამართლებრივ საკითხზე:

1.4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია აპელანტისა და მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა, თუ ამას გამოცხადებული მხარე მოითხოვს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით კი დადგენილია, რომ ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მოსარჩელის გამოუცხადებლობისას, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-ე-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. ანალოგიური შინაარსისაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განუხილველად დატოვოს სარჩელი/სააპელაციო საჩივარი, ნორმის ფორმალური წინაპირობების გარდა უნდა შემოწმდეს ასევე სახეზე ხომ არ გვაქვს ზემოხსენებული საპროცესო ინსტიტუტების გამომრიცხავი წინაპირობები (სსსკ-ის 233.1 მუხლი). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებას მხარეები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებით არ ედავებიან, ამასთანავე, ამ გარემოებათა არსებობა არც საქმის მასალებით დგინდება, მხარეები განმარტავენ, რომ სხდომაზე მათი გამოუცხადებლობა განპირობებული იყო საპატიო მიზეზით, რაც არასწორად შეაფასა სასამართლომ. შესაბამისად, სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის გამო მიღებული განჩინების საფუძვლიანობასაც პალატა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის იმ კონტექტში შეაფასებს, რომელიც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე მიუთითებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

1.4.2. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, უნდა აღინიშნოს, რომ პირის გამოუცხადებლობა საპატიოდ მიიჩნევა მაშინაც, როდესაც თავად ამ საპატიო მიზეზის გათვალისწინებით იგი წინსწრებით ვერ აცნობებს სასამართლოს გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მ.ი-მა სასამართლო სხდომის დაწყებამდე წარადგინა გ.გ-ის ჯანმრთელობის ამსახველი ცნობა (იხ. სამოტივაციო ნაწილი 1.3.3. პუნქტი), მართალია, მასში არ არის სასამართლოში გამოცხადების პირდაპირი აკრძალვა მითითებული, თუმცა, მხოლოდ ეს გარემოება არ შეიძლება მასში მოცემული ინფორმაციის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს (იხ. სუსგ-ებები: №ას-955-917-2014, 24 ივლისი, 2015 წელი; №ას-187-179-2016, 6 მაისი, 2016 წელი), რამდენადაც სასამართლო ჯანმრთელობის ცნობას, მსგავსად ნებისმიერი მტკიცებულებისა, აფასებს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 105-ე მუხლით დადგენილი წესით. გარდა ამისა, პალატა იზიარებს ნ.ჯ-ის გამოცხადების შეუძლებლობის საპატიოობასაც, რამდენადაც სააპელაციო საჩივარზე დართული ცნობის თანახმად, მისი დიაგნოზი შემდეგია: იშემიური ინსულტი მწვავე ინფარქტის კერებით თავის ტვინის მარცხენა შუა აუზში თხემ საფეთქლის ნაწილში, კუნძულსა და ბაზალურ ბირთვებში, სენსო-მოტორული აფაზია, მარჯვენამხრივი ჰიპერტენზია 136,5 წინაგულთა ფიბრილაცია პაროქსიზმული ფორმა I 48; არტერიული ჰიპერტენზია II I10. საკასაციო პალატა ამ განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.3.5. პუნქტში მითითებული გარემოების გათვალისწინებით, იზიარებს მ.ი-ის მითითებას, რომ ოჯახის წევრების ამ მდგომარეობაში ყოფნის გამო მას არ ჰქონდა სხდომაზე გამოცხადების შესაძლებლობა, რაც საბოლოოდ არასწორად არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ და ამ ნაწილში მხარეთა მიერ წარმოდგენილია დასაბუთებული შედავება (სსსკ-ის 393.3 მუხლი), შესაბამისად, პალატა მიჩნევს, რომ არსებობს ამ მოთხოვნის ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე (1) მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობები.

1.5. რაც შეეხება ქ.გ-ის პრეტენზიას, საკასაციო პალატა ზემოხსენებულ სამართლებრივ საფუძვლებთან მიმართებით მისი შემოწმების შედეგად მიდის დასკვნამდე, რომ იგი დაუსაბუთებელია და არ არსებობს ამ ნაწილში კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, კერძოდ:

1.5.1. ქ.გ-ი სასამართლო სხდომაზე საკუთარი გამოუცხადებლობის საპატიოობას ამტკიცებს იმით, რომ იგი სასწავლებლად იმყოფება საზღვარგარეთ და წარმოდგენილი აქვს მონაკოს უნივერსიტეტის სერტიფიკატის ასლი, ეს მტკიცებულება თავისთავად არ ადასტურებს სასამართლო სხდომის დროისათვის საზღვრის კვეთის ფაქტს (სსსკ-ის 102.3 მუხლით არაა განკუთვნადი), უფრო მეტიც, როგორც სააპელაციო საჩივარი, ისე კერძო საჩივარი და მოგვიანებით წარმოდგენილი შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე ხელმოწერილია ქ.გ-ის მიერ, რაც საკასაციო პალატას უქმნის შინაგან რწმენას, რომ მხარე სააპელაციო სასამართლოში გამართული სხდომის დღეს საქართველოში იმყოფებოდა.

1.5.2. პალატა დამატებით განმარტავს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, მართალია სახეზეა მოპასუხეთა საპროცესო თანამონაწილეობა (სსსკ-ის 86.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი), თუმცა, საქმის მასალებით არ დგინდება ფაქტობრივი გრემოება იმის თაობაზე, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 87-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, თანამონაწილეებს ერთ-ერთი მათგანისათვის მინდობილი ჰქონდათ საქმის წარმოება სასამართლოში, აქვე გასათვალისწინებელია, რომ ამავე კოდექსის 86-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 87-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეული მოსარჩელე ან მოპასუხე მეორე მხარის მიმართ პროცესში გამოდის დამოუკიდებლად. თანამონაწილენი სარგებლობენ ყველა იმ საპროცესო უფლებით, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად მინიჭებული აქვთ მხარეებს.

1.5.3. ამდენად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ ქ.გ-ის მიმართ მიღებული განჩინება კანონიერია და არსებობის მისი ძალაში დატოვების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.

2. შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დასაბუთება:

2.1. კერძო საჩივრების ავტორები სასამართლოს წინაშე შუამდგომლობენ სხვა საქმის გადაწყვეტამდე წინამდებარე საქმის წარმოების შეჩერებას. მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი, ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გ. და ქ. გ-ების სარჩელი შპს „დ-ის“, შპს „ნ-ისა“ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ სადავო ქონებაზე შპს „ნ-ის“ საკუთრების უფლების დამდგენი ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის თაობაზე.

2.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს საქმის წარმოება შემდეგ შემთხვევებში, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. საკასაციო პალატა მოცემულ შემთხვევაში, არ შეუდგება შუამდგომლობის საფუძვლიანობის განხილვას იმ დასაბუთებით, რომ წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში (სსსკ-ის 414.1 მუხლი) შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება და ამ საკითხის გადაწყვეტაზე ზეგავლენას ვერ მოახდენს ადმინისტრაციული კოლეგიის წარმოებაში არსებული დავის ბედი, შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი, ამასთანავე, სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები არ არიან შეზღუდული, ამავე შუამდგომლობით მიმართონ საქმის არსებითად განმხილველ სასამართლოს, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს მათი მოთხოვნის მატერიალური საფუძვლიანობის საკითხი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ი-ის, გ. გ-ის, ქ. გ-ისა და ნ. ჯ-ის შუამდგომლობა #3/2749-17 ადმინისტრაციული საქმის გადაწყვეტამდე წინამდებარე საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. მ. ი-ის, გ. გ-ის, ქ. გ-ისა და ნ. ჯ-ის კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 აპრილის განჩინება, რომლითაც მ. ი-ის, გ. გ-ისა და ნ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, ხოლო, ქ. გ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე