Facebook Twitter

საქმე №ას-853-797-2017 28 ივლისი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „გ-ო“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ლ-ა“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – მოძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა, მათი უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა, საიჯარი ქირის დავალიანების დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

შპს „ლ-ამ“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „გ-ოს“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ და მოითხოვა მოძრავი ნივთების: ტრაქტორის, ჰიდრავლიკური ამწე მოწყობილობის, კოვშის, თითებიანი კოვშის, ბრუნვადი გუთნის, კარდანიანი დისკის, მომთიბველის, სასუქის მომყრელი სათესი მანქანის, შემწამვლელისა და დიზელის ტუმბოს მესაკუთრედ ცნობა, მოპასუხის მფლობელობიდან მათი გამოთხოვა და მისთვის, მოსარჩელის სასარგებლოდ, საიჯარო ქირის _ 1 000 ლარის გადახდა.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი/შემწყვეტი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოსარჩელე არაა უფლებამოსილი ერთპიროვნულად მოითხოვოს მოძრავი ნივთების დაბრუნება, რაც შეეხება საიჯარო ქირას, მოპასუხემ იგი გაუქვითა მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებულ ზიანში.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელე ცნობილ იქნა სადავო ქონების მესაკუთრედ, რომელიც გამოთხოვილ იქნა მოპასუხის მფლობელობიდან, მასვე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის _ 1 000 ლარის გადახდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 აპრილის განჩინებით, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლები:

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სააპელაციო სასამართლომ არასწორად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი და არ გაითვალისწინა ამ მხრივ აპელანტის წარმომადგენლის ავადმყოფობის ფაქტი, კერძოდ, სასამართლო სხდომის დღეს მ.ა-ე იყო ავად, ჰქონდა ვირუსული ინფექცია და მისი თანმდევი სიმპტომები, 2017 წლის 24 აპრილს მიმართა სამედიცინო ცენტრ „ლ-ამედს“, რომელიც მის სახლთან მდებარეობს, დაენიშნა მკურნალობა და კატეგორიულად აეკრძალა გადაადგილება, რათა დაავადების გამწვავება თავიდან ყოფილიყო არიდებული. იმ დღეს კლინიკის ხელმძღვანელი იმყოფებოდა სხვა ქალაქში, შესაბამისად ცნობა ფორმა #100/ა-ის აღება ვერ მოხერხდა, თუმცა მკურნალმა ექიმმა, პაციენტის თხოვნით გასცა ცნობა, რომელიც წარმომადგენელმა სასამართლოს სხდომის დაწყებამდე გაუგზავნა. იმ საფუძვლით, რომ ცნობა იყო ხარვეზიანი (არ იყო მითითებული მომზადების თარიღი) სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა იგი. 2017 წლის 25 აპრილს, განმეორებითი მიმართვის საფუძველზე კი, სამედიცინო დაწესებულებამ გასცა შესაბამისი ცნობა ფორმა #100/ა. აღსანიშნავია, რომ კომპანიის მეორე წარმომადგენელი _ ჰ. ლ-ი არის არა კომპანიის ადვოკატი, არამედ, წარმომადგენელი, რომლის სახელზეც გაცემულია მინდობილობა. მან არ იცის ქართული ენა და კანონმდებლობა, მისი სასამართლოში გამოცხადება მხოლოდ დავის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებულ მოხსენებას შეეხება. სააპელაციო სასამართლომ განჩინების მიღებისას არ იმსჯელა ამ უკანასკნელის გამოცხადების შეუძლებლობაზეც. რაც შეეხება ლ-ის პოზიციას, მან იგი წერილობით ჩამოაყალიბა, სადაც მითითებულია, როგორც მ.ა-ის ჯანმრთელობის შესახებ ცნობის ფორმალური ხარვეზის გამოსწორების შესაძლებლობის მიცემის აუცილებლობაზე, ისე - მხარეთა შორის თანასწორობის პრინციპის დარღვევაზე, კერძოდ, ერთ-ერთ სხდომაზე, რადგანაც მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება იყო ნაკლიანი, ხოლო ამ სხდომას ესწრებოდა ლ-იც (რომელმაც საჰაერო ტრანსპორტით მგზავრობისათვის საკმაო ხარჯი გაიღო) სასამართლომ მოწინააღმდეგეს მისცა შესაძლებლობა, გამოესწორებინა ფორმალური ხარვეზი, რაც სავსებით სამართლიანია, თუმცა, ამ შემთხვევაში, როდესაც აპელანტის გამოუცხადებლობის დამადასტურებელ მტკიცებულებას ასევე აღმოაჩნდა ხარვეზი, სასამართლომ ანალოგიურ მიდგომაზე განაცხადა უარი. რაც შეეხება უშუალოდ რ.პ-ის გამოუცხადებლობას, იგი არ იყო თვითნებური, მხარე საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა ხორვატიაში და სასამართლოს მისთვის სხდომის თარიღი არ შეუთანხმებია. კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ მხარეს მოცემული დავის მიმართ ნამდვილად გააჩნია ინტერესი, რადგანაც ამავე მხარეებს შორის მიმდინარეობს სხვა სამართალწარმოებაც და იმ სარჩელის ბედი დამოკიდებულია წინამდებარე საქმის გადაწყვეტაზე, რაც დასტურდება კერძო საჩივარზე დართული სარჩელის ასლითა და წინამდებარე დავის გადაწყვეტამდე სხვა საქმეზე წარმოების შეჩერების განჩინებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „გ-ოს“ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.

1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.

1.3. საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად. სასამართლო სხდომა დაინიშნა 2017 წლის 20 მარტს, 12:00 საათზე, რის შესახებაც ენობათ მხარეებს სამოქალაქო საპროცეოსო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით;

1.3.2. 2017 წლის 20 მარტის სხდომა, იმ საფუძვლით, რომ აპელანტის ერთ-ერთი წარმომადგენელი ლ-ი ვერ ახერხებდა გამოცხადებას, გადაიდო 2017 წლის 24 აპრილს, რის შესახებაც მხარეები გაფრთხილდნენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით. ამავე საოქმო განჩინებით განიმარტა, რომ საქმის განხილვა ანალოგიური საფუძვლით აღარ გადაიდებოდა;

1.3.3. 2017 წლის 21 აპრილს სააპელაციო სასამართლოს გადაეცა აპელანტის წარმომადგენლების ერთობლივი განცხადება საქმის განხილვის გადადების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ ლ-ი არ იცნობდა საქმის მასალებს და ვერ შეძლებდა საკუთარი მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებას, ამასთანავე, შუამდგომლობაში მითითებული იყო სხდომის დანიშნვის ის თარიღები, რომლებიც ლ-ისათვის იყო მისაღები. უშუალოდ სხდომის დღეს სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა მ.ა-ის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადება წარმომადგენლის ავადმყოფობის გამო, განცხადებას ერთვის ექიმ კ.გ-ის მიერ ხელმოწერილი და სამედიცინო დაწესებულების ბეჭდით დამოწმებული ცნობა მ.ა-ის ავადმყოფობის თაობაზე, დიაგნოზით „მრი ჰიპერთერმია“. ცნობაში არ არის ასახული მისი გაცემის თარიღი;

1.3.4. 2017 წლის 24 აპრილის განჩინებით სასამართლომ ლ-ის გამოუცხადებლობა არასაპატიოდ მიიჩნია იმ საფუძლით, რომ მას ეს საპროცესო უფლება ერთხელ ჰქონდა განკარგული, სხდომის გადადებიდან თითქმის ერთი თვე იყო გასული და წარმომადგენელს უნდა მიეღო შესაბამისი ზომები, სასამართლოს გადატვირთულობა არ იძლეოდა შესაძლებლობას, ყოველთვის ყოფილიყო გათვალისწინებული წარმომადგენელთა სამუშაო რეჟიმი, რაც შეეხებოდა მ.ა-ეს, პალატამ ჯანმრთელობის ცნობაში თარიღის მიუთითებლობა მიიჩნია ისეთ მიზეზად, რომლის გამოც დოკუმენტი არ აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს და მხარის გამოუცხადებლობის გამო არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

1.4. კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმებამდე პალატა ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე სამართლებრივ საკითხზე:

1.4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია აპელანტისა და მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა, თუ ამას გამოცხადებული მხარე მოითხოვს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით კი დადგენილია, რომ ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მოსარჩელის გამოუცხადებლობისას, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-ე-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. ანალოგიური შინაარსისაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განუხილველად დატოვოს სარჩელი/სააპელაციო საჩივარი, ნორმის ფორმალური წინაპირობების გარდა უნდა შემოწმდეს ასევე სახეზე ხომ არ გვაქვს ზემოხსენებული საპროცესო ინსტიტუტების გამომრიცხავი წინაპირობები (სსსკ-ის 233.1 მუხლი). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებას მხარე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებით არ ედავება და მათი არსებობა არც საქმის მასალებით დგინდება, მხარე განმარტავს, რომ სხდომაზე მისი/წარმომადგენლის გამოუცხადებლობა განპირობებული იყო საპატიო მიზეზით, რაც არასწორად შეაფასა სასამართლომ. შესაბამისად, სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის გამო მიღებული განჩინების საფუძვლიანობასაც პალატა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის იმ კონტექსტში შეაფასებს, რომელიც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე მიუთითებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

1.4.2. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია სასამართლო სხდომის დაწყებამდე აპელანტის წარმომადგენელ მ.ა-ის მიერ წარდგენილი შუამდგომლობა, სადაც მითითებულია, რომ იგი ვერ ცხადდება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და ითხოვს საქმის გნხილვის გადადებას. შუამდგომლობას, ერთვის ცნობა, რომელიც, როგორც სამართლიანად აღნიშნა სააპელაციო პალატამ, არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს. მიუხედავად ამისა, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ თავად მოხმობილი ნორმა საპატიო მიზეზად განიხილავს არა მხოლოდ ავადმყოფობის დამადასტურებელი ცნობის სრულყოფილი სახით წარდგენის შეუძლებლობას, არამედ იმ შემთხვევასაც, როდესაც პირი საერთოდ ვერ აცნობებს სასამართლოს გამოცხადების შეუძლებლობას და ამას მოგვიანებით დაადასტურებს კანონის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი დოკუმენტით. ამ მხრივ პალატა იზიარებს მ.ა-ის განმარტებას ფორმა #100/ა-ს დროულად მოუპოვებლობის შესახებ და მხედველობაში იღებს კერძო საჩივარზე დართულ სამედიცინო ცნობას. ეს ცნობა გაცემულია 2017 წლის 25 პრილს და ასახავს სააპელაციო სასამართლოს სხდომის დღეს არსებულ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას (ექიმთან მიმართვის თარიღი: 24.04.2017წ.) ცნობა დამოწმებულია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელისა და მკურნალი ექიმის ხელმოწერებით, ასევე, დაწესებულების ბეჭდით, ამასთანავე, ირკვევა, რომ პაციენტ მ.ა-ეს დაუდგინდა ზემო სასუნთქი გზების ინფექცია დაუზუსტებელ დონეზე, ჰიპერთერმია j 06, პაციენტი მესამე დღეა ჩივის ტემპერეტურის მატებას _ 38-38,5 გრადუსამდე, შემცივნებას, ერთეულ ხველას, ყელის ტკივილს, ჭარბ გამონადენს ცხვირიდან, სისუსტესა და თავბრუსხვევას, ავადმყოფობის მიმდინარეობა არის მწვავე. მართალია, სამედიცინო ცნობაში არ არის სასამართლოში გამოცხადების პირდაპირი აკრძალვა, თუმცა, მხოლოდ ეს გარემოება არ შეიძლება, მასში მოცემული ინფორმაციის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს (იხ. სუსგ-ებები: №ას-955-917-2014, 24 ივლისი, 2015 წელი; №ას-187-179-2016, 6 მაისი, 2016 წელი), რამდენადაც სასამართლო ჯანმრთელობის ცნობას, მსგავსად ნებისმიერი მტკიცებულებისა, აფასებს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 105-ე მუხლით დადგენილი წესით;

1.4.3. საკასაციო პალატა არ იზიარებს კომპანიის მეორე წარმომადგენლის ლ-ის საპატიოდ გამოუცხადებლობის ფაქტს და სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასკვნას იმის თაობაზე, რომ პირი, რომელსაც ერთი თვით ადრე ეცნობება სასამართლო სხდომის თარიღი, ამასთანავე, სასამართლოს მხრიდან ერთხელ უკვე გათვალისწინებული იქნა მისი გადატვირთული სამუშაო რეჟიმი, ვალდებულია, გამოცხადდეს სასამართლო სხდომაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს აღიქმება მისი მხრიდან მოვალეობების არაჯეროვან შესრულებად, რაც შესაბამისი საპროცესო სანქციების გამოყენების საფუძველია, თუმცა, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ აპელანტ მხარეს წარმოადგენს იურიდიული პირი, ორგანიზაცია, რომლის ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირი გერმანიის მოქალაქეა, თავად ლ-ი, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, არ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლის სუბიექტს, შესაბამისად, მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში შეზღუდულია. ამასთანავე, ამავე კოდექსის 93-ე მუხლის თანახმად, იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს სასამართლოში საქმე შეუძლიათ აწარმოონ იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს. მხარეებს შეუძლიათ, აგრეთვე, საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. იმ პირობებში, თუკი ლ-ის ან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრული პირის გამოუცხადებლობას არასაპატიოდ მიიჩნევს სასამართლო, მოცემული შემთხვევის თავისებურების გათვალისწინებით, აღნიშნული ევროკონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლო უფლების დაუსაბუთებელ შეზღუდვას გამოიწვევს მხარის მიმართ;

1.4.4. ზემოთ განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის სრულუფლებიან წარმომადგენლად წინამდებარე დავაში მ.ა-ე მიიჩნევა, რომლის გამოუცხადებლობის საპატიოობა გაიზიარა კიდევაც საკასაციო სასამართლომ. ამ მიზნით პალატა დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილი არაა იმპერატიული ხასიათის და მხარეს მხოლოდ უფლებით აღჭურავს, თავადაც მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ჰყავს წარმომადგენელი. მხარისა და წარმომადგენლის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის გათვალისწინებით, როდესაც მხარე მისი უფლების დაცვის შესაძლებლობას წარმომადგენელს მიანიჭებს, თუ წარმომადგენელი მინიჭებულ უფლებამოსილებას კეთილსინდისიერად ახორციელებს, წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის დადგომის წინაპირობა არ შეიძლება გახდეს, რადგანაც მას ამ ურთიერთობის მიმართ კანონიერი ნდობა გააჩნია და ორიენტირებულია ადვოკატის მიერ საკუთარი უფლების კვალიფიციურად დაცვაზე (იხ. სუსგ-ებები: №ას-1666-1654-2011, 8 დეკემბერი, 2011 წელი; №ას-227-214-2015, 16 მარტი, 2015 წელი).

1.5. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია, რაც მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია. საკასაციო პალატა ამავე კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას და საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს იმავე პალატას.

1.6. სასამართლო ითვალისწინებს იმასაც, რომ კერძო საჩივრის ავტორმა საკუთარი ინიციატივით წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქცეპუნქტის თანახმად, კერძო საჩივარზე გადასახდელი ბაჟის ოდენობა შეადგენს 50 ლარს. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამავე კოდექსის 42-ე მუხლის ანალოგიით (სსსკ-ის მე-7 მუხლი) კერძო საჩივრის ავტორს ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი თანხა _ 50 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 42-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „გ-ოს“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. შპს „გ-ოს“ (ს/კ #...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 19.06.2017წ. #1 საგადახდო დავალებით გადახდილი 100 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 50 ლარი.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე