Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-40-კს-03 5 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ი. ლეგაშვილი,

ნ. კლარჯეიშვილი

დავის საგანი: განჩინების გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 14 მარტს თბილისის საოლქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა შ. მ-მა ი. ჩ-ისა და ე. შ-ის მიმართ და მოითხოვა ე. შ-ის 1994წ. 2 ივნისის ¹181 ბრძანებულების ანტიკონსტიტუციურად ცნობა. მეპაიედ გახდომის შესახებ მისი და მისი მეუღლის განცხადებების ძალადაკარგულად გამოცხადება და შემნახველი ბანკის ანაბარზე არსებული 35625 რუსული მანეთის და 62505 რუსული მანეთის იმ მდგომარეობით დარჩენა, რაც იყო მეპაიედ გახდომამდე: აღნიშნული თანხის გადაანგარიშება ეროვნულ ვალუტაში საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემული ცნობაში დაფიქსირებული ოდენობით.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 19 მარტის განჩინებით შ. მ-ის სარჩელი ე. შ-ის 1994წ. 2 ივნისის ¹181 ბრძანებულების კონსტიტუციასთან შესაბამისობის ნაწილში წარმოებაში არ იქნა მიღებული სსკ-ს 181-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა" ქვეპუნქტის შესაბამისად. სასამართლო კოლეგიამ Mმიიჩნია, რომ ე. შ-ის 1994წ. 2 ივნისის ¹187 ბრძანებულების კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხის გადაწყვეტა არ შედის სასამართლოს უწყებრივ კომპეტენციაში.

სასარჩელო განცხადება მოსარჩელის მეორე მოთხოვის ნაწილში _ მეპაიედ გახდომის შესახებ მისი და მისი მეუღლის განცხადებების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ განსახილველად გადაეგზავნა განსჯად სასამართლოს, ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ განეკუთვნებოდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლით განსაზღვრულ საოლქო სასამართლოს განსჯად საქმეს, ვინაიდან მოთხოვნა მიმართული იყო ფიზიკური პირის მიმართ და სარჩელის ფასი არ აღემატებოდა 500000 ლარს.

მოსარჩელე შ. მ-მა 2003წ. 31 მარტს და 1 აპრილს განცხადებებით მიმართა საოლქო სასამართლოს, რომელშიც მიუთითა, რომ ეთანხმება საოლქო სასამართლოს განჩინებას იმ ნაწილში, რომლითაც წარმოებაში არ იქნა მიღებული მისი სასარჩელო მოთხოვნა ე. შ-ის 1994წ. 2 ივნისის ¹181 ბრძანებულების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხის გადასაწყვეტად, მაგრამ არ ეთანხმება სარჩელის მეორე ნაწილში რაიონული სასამართლოსათვის გადაგზავნას. ამასთან, ზრდის სასარჩელო მოთხოვნას და ითხოვს მისი სარჩელის სასამართლოს წარმოებაში არსებული 32 მეანაბრის სარჩელთან გაერთიანებას და ერთ საქმედ განხილვას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 7 აპრილის განჩინებით შ. მ-ის შუამდგომლობა მისი სარჩელის 32 მეანაბრის სარჩელთან გაერთიანების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. საოლქო სასამართლოს კოლეგიამ მ. მ-ის 1 აპრილის განცხადება მისი შინაარსის გათვალისწინებით მიიჩნია კერძო საჩივრად სასამართლოს 2003წ. 19 მარტის განჩინებაზე სარჩელის განსჯად სასამართლოსათვის გადაცემის ნაწილში და ამ ნაწილში კერძო საჩივარი დაუშვებლად მიიჩნია შემდეგ გარემოებათა გამო.

სკ-ს 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაზე მხოლოდ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და მიუთითა, რომ ვინაიდან სარჩელის განსჯად სასამართლოსათვის გადაცემის შესახებ ნორმები არ ითვალისწინებს განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანას, ამიტომ კერძო საჩივარი დაუშვებელი იყო.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ შ. მ-ის კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 19 მარტის განჩინების იმ ნაწილზე, რომლითაც საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს, დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ს დებულებანი.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას, რომ სსკ-ს 414-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი აწესრიგებს არაუფლებამოსილ სასამართლში სარჩელის შეტანის შემთხვევაში, სარჩელის უფლებამოსილ სასამართლოში გადაგზავნის წესს. რაც მოცემულ შემთხვევაში საოლქო სასამართლომ მართებულად გამოიყენა. აღნიშნული განჩინების, მხარის მიერ კერძო საჩივრის გასაჩივრების შესაძლებლობას ზემოხსენებული ნორმა არ ითვალისწინებს, რის გამოც შ. მ-ის კერძო საჩივარი არ არის დასაშვები.

ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საოლქო სასამართლო, მას შემდეგ, რაც მიიღო გადაწყვეტილება საქმის განსჯად სასამართლოსათვის გადაცემის შესახებ, აღარ იყო უფლებამოსილი ემსჯელა შ. მ-ის განცხადებაზე, მისი სარჩელის _ სასამართლოს წარმოებაში არსებული 32 მეანაბრის სარჩელთან გაერთიანების თაობაზე, ვინაიდან სსკ-ს 182-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სასამართლოს მხარის შუამდგომლობით შეუძლია ერთ წარმოებად გააერთიანოს მის წარმოებაში არსებული ერთგვაროვანი და სამართლებრივიად ერთმანეთთან დაკავშირებული საქმეები, შ. მ-ის სარჩელი კი სასამართლოს წარმოებაში არ ჰქონდა მიღებული.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ. მ-ის კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 19 მარტის განჩინების იმ ნაწილზე, რომლითაც სარჩელი განსჯადობით გადაეცა უფლებამოსილ სასამართლოს, მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. A