საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №ა-3849-გან-4-2017 5 ოქტომბერი, 2017 წელი
№ა-3849-გან-4-2017 გ.-ა ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე:
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი – ზ. გ.-ა (შემდგომში – განმცხადებელი)
განჩინება, რომლის განმარტებასაც განმცხადებელი მოითხოვს – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 15 თებერვლის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – განჩინების განმარტება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
განცხადების მოთხოვნა:
1. შპს „დ.-ის“ (შემდგომში – შპს) დირექტორმა განცხადებით მიმართა სასამართლოს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
2. ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაც განმცხადებელმა გაასაჩივრა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად, რაც შპს-ს წარმომადგენელმა გაასაჩივრა საკასაციო წესით.
საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 15 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
განმცხადებლის მოთხოვნა:
5. 2017 წლის 27 სექტემბერს განმცხადებელმა შ. შ.-ის სახელით საკასაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა 2001 წლის 15 თებერვლის განჩინების განმარტების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა განცხადება და მასზე თანდართული მასალები, რის შედეგადაც მიაჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 262-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.
8. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მხარეებსა და აღმასრულებელს, მათი მოთხოვნისამებრ, განუმარტოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანი დებულებები, რაც მიმართული უნდა იყოს გადაწყვეტილების აღსრულების გამარტივებისაკენ, უნდა ემსახურებოდეს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ გათვალისწინებული დავის სამართლებრივი შედეგის ზუსტად და ზედმიწევნით შესრულებას, თუმცა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება არ უნდა ცვლიდეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარს. ამდენად, გადაწყვეტილების განმარტების საჭიროება არსებობს, როცა მისი სარეზოლუციო ნაწილის ესა თუ ის დებულება ორაზროვანი, გაუგებარია და არსებული სახით გადაწყვეტილების სწორად აღსრულებას დაბრკოლება ექმნება.
9. მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი მოითხოვს საკასაციო სასამართლოს 2001 წლის 15 თებერვლის განჩინების განმარტებას. თავად განცხადებაზე თანდართული მასალები ადასტურებს, რომ მითითებული განჩინება შეეხება შპს-ს მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას, რის შედეგადაც კანონიერ ძალაში შევიდა სააპელაციო პალატის განჩინება საქმის განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნების შესახებ. შესაბამისად, საქმის წარმოება აღნიშნული განჩინებით არ დასრულებულა.
10. ამდენად, საკასაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინებით დავის მიმართ არ დადგენილა ისეთი სამართლებრივი შედეგი, რომელიც აღსრულებას საჭიროებდა, მეტიც, საქმის წარმოება უნდა გაგრძელებულიყო პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის ხელახალი განხილვის გზით.
11. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს სადავო განჩინებაზე, მისი აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, მისი ამა თუ იმ დებულების განმარტების შესახებ განცხადების წარდგენა დაუშვებელია და წარმოდგენილი განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად.
12. საკასაციო სასამართლო, ასევე, აღნიშნავს, რომ განცხადებაზე დართული მასალებით არ დასტურდება განმცხადებლისა და მის მარწმუნებლად მითითებული ფიზიკური პირის უფლებამოსილება მოცემულ საქმესთან მიმართებით, თუმცა წარმოდგენილი განცხადების დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძვლების არსებობის გამო, მითითებული საკითხის ირგვლივ ხარვეზის დადგენის საჭიროება აღარ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. გ.-ას განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 15 თებერვლის განჩინების განმარტების შესახებ დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზ. ძლიერიშვილი