საქმე №330210113359958
საქმე №ას-79-75-2017 30 ოქტომბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი (კასატორი) – ლ. გ.-ა (შემდგომში – მოსარჩელე, განმცხადებელი, კასატორი)
მოწინააღმდეგე მხარე – ო. ქ.-ე (შემდგომში – პირველი მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე), სარა სური (შემდგომში – მეორე მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება
განმცხადებლის მოთხოვნა – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მინდობილობის გაუქმება და უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე მოპასუხის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, მინდობილობის გაუქმებისა და უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა 2012 წლის 22 ნოემბერს მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გაცემული მინდობილობა, ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელის (მინდობილი პირი/წარმომადგენელი – მოპასუხე) და მოპასუხეს შორის 2012 წლის 20 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხეებს შორის 2013 წლის 13 აგვისტოს გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დადგინდა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხოს სადავო უძრავი ქონება, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის – 2520 ლარის გადახდა.
3. აღნიშნული გადაწყვეტილება პირველმა მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა საკასაციო წესით.
საკასაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის განჩინებით მოცემულ საქმეზე წარმოება შეჩერდა პირველი მოპასუხის გარდაცვალების გამო, მისი უფლებამონაცვლეობის დადგენამდე.
განმცხადებლის მოთხოვნა და საფუძვლები:
7. მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება და მეორე მოპასუხის კუთვნილ უძრავ ნივთზე ყადაღის დადება.
8. განმცხადებელმა განმარტა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ 2500 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი 50 ლარის, ასევე, სასამართლოს გარეშე ხარჯის – 200 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა მხოლოდ პირველი მოპასუხის მიმართ, ხოლო მეორე მოპასუხის მიმართ შევიდა კანონიერ ძალაში. ამჟამად განმცხადებლისათვის ცნობილი გახდა, რომ მეორე მოპასუხემ მიიღო პირველი მოპასუხის სამკვიდრო და სადავო ურთიერთობაში გახდა მისი უფლებამონაცვლე.
9. განმცხადებლის მითითებით, მოპასუხეების მხრიდან სასამართლოსადმი აშკარა უპატივისმცემლობის გამო, მოცემული საქმის განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში გაგრძელდა თითქმის ხუთ წელიწადს. მათი გამოუცხადებლობის შედეგად სასამართლო იძულებული იყო, ყველა შეტყობინება ჩაებარებინა მხარისათვის საჯარო შეტყობინების გზით. შესაბამისად, ზემოაღნიშნულისა და მეორე მოპასუხის პიროვნების გათვალისწინებით, რომელიც ცხოვრობს ისრაელში, არსებობს იმის საშიშროება, რომ მეორე მოპასუხე გაასხვისებს მის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას და ამით შეეცდება მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის გადახდისაგან თავის არიდებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.
12. დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.
13. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.
14. ამდენად, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.
15. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს.
16. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა 2012 წლის 22 ნოემბერს მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გაცემული მინდობილობა, ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელის (მინდობილი პირი/წარმომადგენელი – მოპასუხე) და მოპასუხეს შორის 2012 წლის 20 დეკემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხეებს შორის 2013 წლის 13 აგვისტოს გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, დადგინდა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხოს სადავო უძრავი ქონება, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის – 2520 ლარის გადახდა.
17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
18. წარმოდგენილი განცხადებით მოსარჩელე ითხოვს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მეორე მოპასუხის კუთვნილ უძრავ ნივთზე ყადაღის დადებას იმ მოტივით, რომ მოპასუხეთა არაკეთილსინდისიერი მოქმედებების გამო პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვა გაჭიანურდა და არსებობს საფრთხე, რომ ისრაელში მცხოვრები მეორე მოპასუხე შეეცდება სამომავლოდ მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეშლას, გაასხვისებს კუთვნილ უძრავ ქონებას და მოსარჩელე ვერ მიიღებს მის სასარგებლოდ მოპასუხისათვის დაკისრებულ თანხას.
19. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს წარმოდგენილი განცხადების მოთხოვნასა და საფუძვლებს და მიიჩნევს, რომ ისინი მეორე მოპასუხის საკუთრების უფლების შეზღუდვის ფაქტობრივ-სამართლებრივ წანამძღვრებს არ შეიცავს.
20. უპირველესად აღსანიშნავია, რომ არასწორია განმცხადებლის აპელირება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით დამდგარ სამართლებრივ შედეგზე, ვინაიდან აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებით გაუქმდა და მიღებულ იქნა საწინააღმდეგო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
21. ამავდროულად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობაში სასამართლოს დასარწმუნებლად საკმარისი არ არის მითითება, რომ მოპასუხე მხარე უპასუხისმგებლოდ იქცეოდა პირველი ინსტანციის სასამართლოში, რამაც გამოიწვია საქმის განხილვის გაჭიანურება. აღნიშნული არგუმენტით მოპასუხის საკუთრების კანონიერი უფლების შეზღუდვა არღვევს მხარეთა ინტერესებს შორის სასამართლოს მხრიდან დასაცავ გონივრულ ბალანსს.
22. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ მოცემულ საქმეზე წარმოება შეჩერებულია პირველი მოპასუხის გარდაცვალების გამო და მისი უფლებამონაცვლე ამჟამად ჯერ დადგენილი არ არის.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა, რომ არსებობს სამომავლოდ მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებით (ამასთან, დავა ეხება ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას, მინდობილობის გაუქმებას, უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობას და არა თანხის ანაზღაურებას) დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის თუ სხვა ხარჯის ანაზღაურების ხელშემშლელი გარემოებები, რის გამოც მხარეს უარი უნდა ეთქვას განცხადების დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. გ.-ას განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე