Facebook Twitter

საქმე № 330210015001062898

საქმე №ას-531-497-2017 11 ოქტომბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ვ. მ.-ე (შემდგომში – მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ჩ.-ე (შემდგომში – მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2017 წლის 10 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა, ბათილად იქნეს ცნობილი 2014 წლის 1 ოქტომბერს მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და უძრავი ნივთის 1/6 ნაწილი აღირიცხოს მოსარჩელის საკუთრებაში.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 11 ივნისს მხარეებს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა უძრავი ქონების 1/6 ნაწილი. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხეს უნდა გადაეხადა 15 000 ლარი. სადავო უძრავი ქონება საკუთრების უფლებით აღირიცხა მოპასუხის სახელზე, თუმცა, მოსარჩელის არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, მას ნასყიდობის საფასური არ გადაუხდია.

3. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, მკურნალობისთვის ესაჭიროებოდა თანხა, რამაც გადააწყვეტინა მის საკუთრებაში არსებული სადავო ფართის გაყიდვა. ვინაიდან მას ნასყიდობის საფასური არ მიუღია და ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია, ყოველგვარი ინტერესი დაკარგა ნასყიდობის ხელშეკრულების შესრულების მიმართ, რის გამოც სურს ნასყიდობის საგნის უკან დაბრუნება. ამასთან, სასამართლო სხდომებზე მოსარჩელემ მიუთითა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება მოხდა მოტყუებით, ისე, რომ მისთვის უცნობი იყო ხელშეკრულების შინაარსი და არ იცოდა, რაზე აწერდა ხელს.

მოპასუხის პოზიცია:

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულების გაფორმებისას მას მოსარჩელე არ მოუტყუებია. ნასყიდობის თანხა – 15 000 ლარი ხელშეკრულების დადებისას მას არ გადაუხდია, თუმცა მოსარჩელისათვის ხელშეკრულების დადებამდე ეტაპობრივად გადასცა გარკვეული თანხა და გადაუხადა 3 000 ლარი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაზეც მოსარჩელემ შეიტანა საჩივარი.

7. ამავე სასამართლოს 2017 წლის 10 მარტის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დაადგინა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2016 წლის 14 დეკემბერს, 12:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე. 2016 წლის 14 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო.

9. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 241-ე მუხლის, 233-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ამ მუხლის ჩამონათვალი არ არის ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. ამასთან, იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ უკანასკნელის მიერ მითითებული გარემოებების შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა, სასამართლოს უფლებამოსილებაა.

11. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საჩივრის ავტორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ იგი მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

12. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სააპელაციო პალატამ საქმის მასალებით დაადგინა, რომ 2016 წლის 26 ოქტომბერს აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს – მოსარჩელეს პირადად ჩაბარდა სასამართლო უწყება და სააპელაციო საჩივარი. ამდენად, პალატამ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის პრეტენზია სასამართლო უწყების ჩაუბარებლობაზე. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ აღიარა სააპელაციო საჩივრის ჩაბარების ფაქტი, რაც იმითაც დასტურდება, რომ მას წარმოდგენილი აქვს სააპელაციო შესაგებელი.

13. სსსკ-ის 387-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილების, 230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დადგენილად იქნა მიჩნეული აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარსა და ახსნა-განმარტებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები (მხარეებს შორის გაფორმებული იყო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ მოსარჩელისაგან 15 000 ლარად შეიძინა საცხოვრებელი ბინა. ნასყიდობის საფასურის ნაწილი – 3000 აშშ დოლარი მყიდველმა გამყიდველს გადაუხადა პირადად. რაც შეეხება ღირებულების დარჩენილ ნაწილს, მის მიღებაზე მოსარჩელემ უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ გამოჯანმრთელდა და აღარ სურდა ბინის გაყიდვა). ამასთან, ამავე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, სსსკ-ის 477-ე, 352-ე და 405-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდა აპელანტის მოთხოვნას.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

15. კასატორის განმარტებით, სასამართლო უწყება საქმის განხილვის შესახებ არ ჩაბარებია არც თავად მხარეს, არც მის წარმომადგენელს. აღნიშნული ინფორმაცია მას არ მიწოდებია არც სატელეფონო შეტყობინებით. მოსარჩელეს ჩაბარდა მხოლოდ სააპელაციო საჩივარი და დანართი. სააპელაციო პალატამ აღნიშნული გარემოება არ გაითვალისწინა და უკანონოდ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება. კასატორი დროდადრო ტელეფონის მეშვეობით უკავშირდებოდა მოსამართლის თანაშემწეს და ინტერესდებოდა, ხომ არ დაინიშნა სასამართლო პროცესი, თუმცა სხდომის თაობაზე ინფორმაცია მას არ მიუღია.

16. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დააკისრა მას სახელმწიფო ბაჟის – 600 ლარის გადახდა, რადგან საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ მოსარჩელე სოციალურად დაუცველია და იღებს შემწეობას ყოველთვიურად 30 ლარის ოდენობით.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

18. საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 23 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

19. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

20. სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

21. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარის საქმის განხილვაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის ფაქტი თავისთავად დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას არ გამოიწვევს, ვინაიდან ამ შემთხვევაშიც სასამართლო ვალდებულია, სამართლებრივად შეაფასოს სარჩელში მითითებული, დადასტურებულად ცნობილი გარემოებები და გამოარკვიოს, შეესაბამება თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა კანონით ამ ტიპის ურთიერთობათა მომწესრიგებელი ნორმების დანაწესს. თუ აღმოჩნდება, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უკანონოა, სასამართლო სარჩელს არ დააკმაყოფილებს.

22. ანალოგიური პრინციპით სსსკ-ის 387-ე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. აღნიშნული ნორმით კანონმდებელი უშვებს შესაძლებლობას, სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე დადგენილ და გაზიარებულ იქნას სააპელაციო საჩივარში დასახელებული გარემოებანი. თუ ისინი იურიდიულად ამართლებენ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდება.

23. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა დადასტურდეს შემდეგი წინაპირობები: 1. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარისათვის საქმის განხილვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით შეტყობინება; 2. მისი არასაპატიო გამოუცხადებლობა; 3. სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტების იურიდიული მართებულობა აპელანტის მოთხოვნასთან მიმართებით.

24. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოს მთავარი სხდომა დაინიშნა 2016 წლის 14 დეკემბერს, 12:00 საათზე, რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესით, კერძოდ, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა სასამართლო უწყება მის მიერ სარჩელში მითითებულ მისამართზე (ტომი 2, ს.ფ. 7), რომელიც ადრესატს პირადად ჩაბარდა 2016 წლის 26 ოქტომბერს. აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია უკუგზავნილზე დასმული ხელმოწერითა და პირადი ნომრით. ამასთან, საფოსტო უკუგზავნილში დაფიქსირებულია, რომ ადრესატს გადაეცა სასამართლო უწყება და სააპელაციო საჩივარი.

25. აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვაზე აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდა და არც თავისი გამოუცხადებლობის მიზეზი სასამართლოს არ აცნობა.

26. სააპელაციო პალატამ აპელანტის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებანი დადგენილად მიიჩნია, ასევე, ჩათვალა, რომ ისინი იურიდიულად ამართლებდნენ აპელანტის მოთხოვნას.

27. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე თავის პრეტენზიას აფუძნებს იმ გარემოებაზე, რომ მას სასამართლო უწყება პროცესის დანიშვნის შესახებ არ ჩაბარებია.

28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

29. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

30. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადასტურებულია სააპელაციო სასამართლოს უწყების კასატორისათვის გაგზავნისა და ჩაბარების ფაქტი. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედი მტკიცების სტანდარტის მიხედვით, კასატორს ეკისრება თავისი პოზიციის საფუძვლად მითითებული იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მას სასამართლო უწყება არ გადასცემია. საკუთარი ზეპირი განმარტების გარდა, მხარემ ზემოთ დასახელებული ფაქტი რაიმე სარწმუნო გზით ვერ დაადასტურა.

31. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და ვერ დაკმაყოფილდება.

32. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ მას დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არასწორად დაეკისრა აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 600 ლარის ანაზღაურება, რადგან კასატორი სოციალურად დაუცველია და სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

33. სსსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს.

34. მითითებული ნორმის დანაწესი ითვალისწინებს იმ მხარის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მოწინააღმდეგისათვის დაკისრების შესაძლებლობას, რომლის სასარგებლოდაც დასრულდა დავა. ამ კუთხით კანონმდებელი არანაირ შეღავათს არ აწესებს წაგებულ მხარესთან მიმართებით და გადახდის ვალდებულებას ავრცელებს კანონით სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულ პირებზეც.

35. კანონის აღნიშნული მოთხოვნა ემსახურება სასამართლოსათვის მიმართვის უფლების ბოროტად გამოყენების პრევენციასა და მოგებული მხარისათვის მის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების დაბრუნებას.

36. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შედეგად მოწინააღმდეგე მხარეს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 600 ლარის გადახდა მართებულად დაეკისრა.

37. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების წინაპირობებს ითვალისწინებს სსსკ-ის 241-ე მუხლი, რომლის თანახმად დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

38. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და მისი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი მიზანშეწონილობა ვერ დაასაბუთა, რის გამოც წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით, 408-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. მ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2017 წლის 10 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური