საქმე № 820210116001371753
საქმე №ას-631-589-2017 11 ოქტომბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „თ.-ი“ (შემდგომში – მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შ. ზ.-ე (შემდგომში – მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2017 წლის 1 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების გადახდა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების – 17 962,55 ლარის გადახდის შესახებ, საიდანაც ძირი თანხაა 7 500 ლარი, სარგებელი – 6 461,55 ლარი და ჯარიმა – 4 000 ლარი, ასევე, 2016 წლის 26 აპრილიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირ თანხაზე – 7 500 ლარზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში, წლიური 24% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 150 ლარს.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის 2008 წლის 24 აპრილს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით (შემდგომში – სსკ) გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობები. მოპასუხეს გაეცა „Visa classic“ საკრედიტო ბარათი 7 500-ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. წლიური საპროცენტო სარგებლის განაკვეთი განისაზღვრა 24%-ით. ყოველთვიურად დასაფარი მინიმალური თანხის – ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 10%-ის გადახდა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 27 რიცხვამდე.
3. საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების მიხედვით, მსესხებელსა და ბანკს შორის წარმოშობილი ურთიერთობა წესრიგდებოდა მოსარჩელე ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ხელშეკრულებით ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ, რომლის 16.8 პუნქტი პირდაპირ მიუთითებდა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე მსესხებლის მიერ ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში. პირგასამტეხლოს ოდენობა კი, განისაზღვრა ბანკის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად, რომელიც, ასევე, განთავსებული იყო ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და აქვს მტკიცებულებითი ძალა ამავე ხელშეკრულების 8.11.2 პუნქტის შესაბამისად. მოცემულ საკრედიტო ბარათზე დადგენილი ტარიფების მიხედვით, ფიქსირებული პირგასამტეხლო შეადგენს 20 ლარს და 0,5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
4. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხემ დაარღვია საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება და, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, თანხის გადახდის ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია, მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალისათვის არსებული დავალიანების დაკისრება.
მოპასუხის პოზიცია:
5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია. მოპასუხემ ვალდებულების შესრულების ვადა გადააცილა 2008 წლის დეკემბრიდან, რაც იმას ადასტურებს, რომ ხელშეკრულების პირობები დაირღვა 2008 წლის დეკემბრიდან და ამის შემდეგ წარმოეშვა ბანკს მოთხოვნის უფლება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი თანხის – 7 500 ლარისა და სარგებლის – 6 461,55 ლარის ანაზღაურება, რაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით აპელანტის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების, საპროცესო ხარჯების მხარეთა შორის განაწილებისა და უზრუნველყოფის ღონისძიების უცვლელად დატოვების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 მაისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.
8. ამავე სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 1 მარტის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის 14 დეკემბერს, 15.00 საათზე დანიშნულ მთავარ სხდომაზე მოწვევის შესახებ მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა უწყება, რომლითაც ეცნობა გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე. მოსარჩელეს გზავნილის მეშვეობით გაეგზავნა მოპასუხის სააპელაციო საჩივრის ასლი. საფოსტო დაწესებულების უკუგზავნილით ირკვევა, რომ მოსარჩელის სახელზე გაგზავნილ კონვერტში, რომელიც 2016 წლის 21 ნოემბერს ჩაბარდა ორგანიზაციის მენეჯერს, განთავსებული იყო როგორც გზავნილი (სააპელაციო საჩივრის ასლი), ასევე, უწყება.
10. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარე 2016 წლის 14 დეკემბერს, 15.00 საათზე დანიშნულ სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწვევისა და გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე გაფრთხილებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი სასამართლო უწყებით, თუმცა სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის მიზეზების თაობაზე უცნობებია სასამართლოსათვის.
11. სსსკ-ის 241-ე მუხლის „ბ“ პუნქტისა და 215-ე მუხლის მესამე ნაწილის, 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 102-ე მუხლის პირველსა და მესამე ნაწილების თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების, სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი უწყების ასლითა და საფოსტო დაწესებულების უკუგზავნილის საფუძველზე არსებობს პრეზუმფცია, რომ მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა და ჩაბარდა უწყება სასამართლოს სხდომაზე მოწვევის თაობაზე. ასეთ შემთხვევაში, საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი გადადის საჩივრის ავტორის მხარეზე, რომელმაც ვერ დაამტკიცა ის გარემოება, რომ მას უწყება არ ჩაბარებია.
12. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მითითება იმის თაობაზე, რომ აპელანტის მოთხოვნა იურიდიულად გამართლებული არ იყო, რაც გამორიცხავდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას.
13. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიცავს საკმარის მითითებას იმ ფაქტებსა და სამართლებრივ ნორმებზე, რამაც განაპირობა სააპელაციო მოთხოვნის იურიდიულად მართებულად მიჩნევა, ხოლო სსსკ-ის 234-ე მუხლის თანახმად, დასაბუთებული მოტივაციის ჩამოყალიბების ვალდებულება სასამართლოს არ გააჩნია.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა არ მიეკუთვნება სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებას, ასევე, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი სხვა გარემოებები, აღნიშნული კი, გამორიცხავს საჩივრის დაკმაყოფილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესაძლებლობას.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
15. სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
16. კასატორმა აღნიშნა, რომ მხარეს სასამართლო სხდომის დანიშვნის შესახებ არ ეცნობა, არამედ ჩაბარდა მხოლოდ სააპელაციო საჩივრის ასლი და განესაზღვრა 10 დღის ვადა შესაგებლის წარსადგენად. იგივეა მითითებული გზავნილზეც, რომლის თანახმად მხარეს გაეგზავნა სააპელაციო საჩივრის ასლი და განემარტა შესაგებლის წარდგენის წესი და წარუდგენლობის შედეგები. აღნიშნული გარემოება სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია.
17. დანიშნული პროცესის თაობაზე მხარემ შეიტყო სრულიად შემთხვევით, როდესაც მოსამართლის თანაშემწისაგან იღებდა ინფორმაციას სხვა საქმის ირგვლივ და ამ უკანასკნელმა განუმარტა, რომ იმავე დღეს დანიშნული იყო მოცემული დავის განხილვა და სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება კასატორის გამოუცხადებლობის გამო.
18. კასატორმა მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებაზე და მიიჩნია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი არ არსებობდა, რადგან სააპელაციო საჩივარზე შესაგებლის წარდგენით მოსარჩელემ დაადასტურა დავის მიმართ მისი ინტერესი და, ამავდროულად, აპელანტის მოთხოვნა არ იყო იურიდიულად გამართლებული. სააპელაციო პალატას არ უმსჯელია ხანდაზმულობის ვადაზე, არ შეუფასებია გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2017 წლის 14 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
20. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
21. სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
22. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარის საქმის განხილვაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის ფაქტი თავისთავად დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას არ გამოიწვევს, ვინაიდან ამ შემთხვევაშიც სასამართლო ვალდებულია, სამართლებრივად შეაფასოს სარჩელში მითითებული, დადასტურებულად ცნობილი გარემოებები და გამოარკვიოს, შეესაბამება თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა კანონით ამ ტიპის ურთიერთობათა მომწესრიგებელი ნორმების დანაწესს. თუ აღმოჩნდება, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უკანონოა, სასამართლო სარჩელს არ დააკმაყოფილებს.
23. ანალოგიური პრინციპით სსსკ-ის 387-ე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. აღნიშნული ნორმით კანონმდებელი უშვებს შესაძლებლობას, სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე დადგენილ და გაზიარებულ იქნას სააპელაციო საჩივარში დასახელებული გარემოებანი. თუ ისინი იურიდიულად ამართლებენ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდება.
24. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა დადასტურდეს შემდეგი წინაპირობები: 1. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარისათვის საქმის განხილვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით შეტყობინება; 2. მისი არასაპატიო გამოუცხადებლობა; 3. სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტების იურიდიული მართებულობა აპელანტის მოთხოვნასთან მიმართებით.
25. მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მთავარი სხდომა დანიშნული იყო 2016 წლის 14 დეკემბერს, 15.00 საათზე, რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესით, კერძოდ, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა სასამართლო უწყება 2016 წლის 16 ნოემბერს (ს.ფ. 209), რომელიც ადრესატს ჩაბარდა ამავე წლის 21 ნოემბერს (ს.ფ. 212). აღნიშნულის მიუხედავად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ დროს მოსარჩელე საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა და არც თავისი გამოუცხადებლობის მიზეზი სააპელაციო სასამართლოს არ აცნობა.
26. აპელანტმა იშუამდგომლა სააპელაციო პალატის წინაშე, მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ.
27. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, აპელანტის შუამდგომლობა ისევე, როგორც მისი სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.
28. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ კი იმით, რომ მხარეს სასამართლო უწყება არ ჩაბარებია.
29. საქმის მასალებში წარმოდგენილი და ზემოთ უკვე აღნიშნული სასამართლო უწყებითა და მისი ჩაბარების დასტურით ნათლად დგინდება სადავო საპროცესო დოკუმენტაციის აპელანტის მოწინააღმდეგე მხარისათვის ჩაბარების ფაქტი. მითითებული მტკიცებულებების იურიდიული ძალის გასაქარწყლებლად კასატორმა სარწმუნო მტკიცებულებაზე ან გარემოებაზე ვერ მიუთითა. მხოლოდ მხარის ზეპირი განმარტება კი, რომ მას ჩაბარდა მხოლოდ სააპელაციო საჩივრის ასლი და არა უწყება, არ წარმოადგენს აღნიშნული ფაქტის დადგენილად მიჩნევის საკმარის საფუძველს.
30. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი წინაპირობა ვერ გახდება კასატორის მოსაზრება, რომ, ვინაიდან მხარემ წარადგინა სააპელაციო შესაგებელი, აღნიშნულით დასტურდება მისი ინტერესი დავის მიმართ.
31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივარზე შესაგებლის წარდგენა და საქმის განხილვაზე გამოცხადება აბსოლუტურად სხვადასხვა საპროცესო მოქმედებებია და ერთ-ერთი მათგანის შესრულება მეორის შეუსრულებლობას არ აკომპენსირებს. შესაძლოა, მხარეს დავისადმი ინტერესი დაეკარგა იმის შემდეგაც, რაც სააპელაციო შესაგებლით მიმართავდა სასამართლოს.
32. დაუსაბუთებელია კასატორის მითითება, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებანი მის მოთხოვნას იურიდიულად არ ამართლებდა და სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ საკითხზე არ უმსჯელია.
33. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო პალატამ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის საფუძველზე დადგენილად ჩათვალა შემდეგი ფაქტები: სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებული საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება წარმოადგენს ვადიან ხელშეკრულებას; ამ ხელშეკრულების ფარგლებში ძირითადი თანხა – 7500 ლარი მოპასუხემ სრულად მიიღო 2008 წლის 22 დეკემბერს; ამ დროის შემდეგ მოპასუხეს არანაირი ბრუნვა არ ჰქონია და ბანკის ანგარიშზე რაიმე თანხა არ შეუტანია, შესაბამისად, მოსარჩელის უფლება დაირღვა 2008 წლის 27 დეკემბერს, საიდანაც წარმოეშვა მოთხოვნის უფლება. ამდანად, სარჩელის წარდგენის დროისათვის მოთხოვნა ხანდაზმულია, სსკ-ის 129-ე, 130-ე, 144-ე მუხლების შესაბამისად.
34. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების წინაპირობებს ითვალისწინებს სსსკ-ის 241-ე მუხლი, რომლის თანახმად დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
35. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და მისი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი მიზანშეწონილობა ვერ დაასაბუთა, რის გამოც წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით, 408-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „თ.-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2017 წლის 1 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე