Facebook Twitter

საქმე №330210016001241369

საქმე №ას-1008-929-2017 11 ოქტომბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. მ.-ი (შემდგომში – მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „პ.-ი“ (შემდგომში – მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების გადახდა, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ბ-სა“ (შემდგომში – მოპასუხე შპს) და მ. მ.-ის მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების გადახდისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შესახებ.

მოპასუხის პოზიცია:

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 17 ნოემბრის ნაწილობრივ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხეებს დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ ფულადი ვალდებულების შესრულება, თანხის გადახდის უზრუნველსაყოფად იძულებით აუქციონზე რეალიზაციისთვის მიექცა მოპასუხის კუთვნილი, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი. ამავე სასამართლოს 2017 წლის 17 თებერვლის განჩინებით მოპასუხეების საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

5. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ საქალაქო სასამართლოს განჩინება აპელანტებს გაეგზავნათ მათ მიერ შესაგებელსა და სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, რომელიც ერთდროულად წარმოადგენს მოპასუხე ფიზიკური პირის კუთვნილ ბინასა და შპს-ს იურიდიულ მისამართს. გზავნილი ჩაბარდა მოპასუხე ფიზიკურ პირს პირადად 2017 წლის 24 თებერვალს, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა დაიწყო 2017 წლის 25 თებერვლიდან და ამოიწურა 10 მარტს. აღნიშნულ ვადაში მოპასუხეებს სააპელაციო საჩივარი არ წარუდგენიათ, რაც დაგვიანებით, 2017 წლის 8 ივნისს შეტანილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

6. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოპასუხეებისათვის საქალაქო სასამართლოს განჩინების განმეორებით გაგზავნისა და ჩაბარების თარიღი – 2017 წლის 30 მაისი სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლის დრო ვერ გახდება. აღსანიშნავია, რომ მოპასუხე ფიზიკური პირი წარმოადგენს მოპასუხე საზოგადოების 100%-ის წილის მესაკუთრეს, შესაბამისად, მისთვის სასამართლო გზავნილის ჩაბარებით საქალაქო სასამართლოს განჩინების შინაარსი ცნობილი გახდა შპს-სთვისაც. ამასთან, 2017 წლის 29 მაისს, მესამედ შპს-სთვის გაგზავნილი გზავნილი საზოგადოებას ვერ ჩაბარდა, რადგან ამ მისამართზე შპს აღარ ფუქნციონირებდა. სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა გზავნილის მოპასუხე ფიზკური პირისათვის ჩაბარების შემდეგ.

7. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებისა და 73-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქალაქო სასამართლოს განჩინება მოპასუხე შპს-სთვისაც ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს, რადგან გზავნილი იურიდიულ პირს ორჯერ გაეგზავნა და არ ჩაბარდა მის მიერვე მითითებულ მისამართზე საზოგადოების არყოფნის მიზეზით. გზავნილებში აღნიშნულია, რომ შპს გაგზავნილ ადგილას აღარ ფუნქციონირებს.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხე ფიზიკურმა პირმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება, რადგან სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის შესახებ არ შეესაბამება რეალობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

9. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

10. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.

11. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის დასაშვებ პერიოდს განსაზღვრავს სსსკ-ის 369-ე მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

12. მითითებული ნორმის მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე უფლებამოსილია, წარადგინოს სააპელაციო საჩივარი სასამართლოს გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით ჩაბარების მომენტიდან 14 დღის განმავლობაში. აღნიშნული ვადა იმპერატიულადაა დადგენილი და მისი გაშვება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

13. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ საქალაქო სასამართლოს განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე მოპასუხეებს გაეგზავნათ მათ მიერ შესაგებელსა და სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, რომელიც ერთდროულად წარმოადგენს მოპასუხე ფიზიკური პირის კუთვნილ ბინასა და შპს-ს იურიდიულ მისამართს.

14. სასამართლო გზავნილი მოპასუხე ფიზიკურ პირს პირადად ჩაბარდა 2017 წლის 24 თებერვალს (ს.ფ. 159).

15. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

16. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა დაიწყო 2017 წლის 25 თებერვლიდან და ამოიწურა 10 მარტს. აღნიშნულ ვადაში მოპასუხეებს სააპელაციო საჩივარი არ წარუდგენიათ, არამედ სასამართლოს მიმართეს 2017 წლის 8 ივნისს, კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად.

17. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. მ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე