Facebook Twitter

საქმე №060210017001769218

საქმე №ას-1037-957-2017 5 ოქტომბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – გ. ჩ.-ი (შემდგომში – მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ტ. გ.-ი (შემდგომში – მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვისა და მესაკუთრისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 19 ოქტომბრის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე წარმოადგენს იმ უძრავ ნივთის მესაკუთრეს, რომელშიც სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ცხოვრობს მოპასუხე შვილთან ერთად და უარს აცხადებს ბინის ნებაყოფლობით გამოთავისუფლებაზე. მოპასუხის ამ ქმედებით მას, როგორც მესაკუთრეს, არ ეძლევა შესაძლებლობა, ისარგებლოს კუთვნილი ქონებით.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხის მითითებით, სადავო ბინაში შვილებთან ერთად ცხოვრობს 2005 წლის 11 ოქტომბერს სამტრედიის გამგეობასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, რომლითაც აღნიშნული ბინა გადაეცა დროებით სარგებლობაში. მოპასუხე გეგმავს, მოსარჩელის მიერ დადებული ჩუქების ხელშეკრულების კანონიერებაზე დავას, რის შედეგადაც მოსარჩელის საკუთრების უფლება გაუქმდება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეა მოსარჩელე. ამ ქონებას ფლობს მოპასუხე თავის შვილთან ერთად.

7. მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელებულია 2016 წლის 19 ოქტომბერს.

8. 2005 წლის 11 ოქტომბერს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის გადაწყვეტილებით მოპასუხეს 2006 წლის 1 აპრილამდე დროებით სარგებლობაში გადაეცა სადავო ერთოთახიანი ბინა.

9. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მისი მსჯელობის საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, მოპასუხეს გააჩნია თუ არა უძრავი ქონების მართლზომიერი ფლობის უფლება და არსებობს თუ არა რეგისტრირებული მესაკუთრის მოთხოვნის გამომრიცხავი გარემოება.

10. სადავო საკითხზე აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული ჩანაწერის მიმართ მოქმედებს სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფცია, რომელიც გაუქმებული არ არის.

11. აპელანტის მითითების ფარგლებში სადავო ფართზე მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობის (ჩუქების ხელშეკრულება) მართლზომიერების შემოწმება სცილდება განსახილველი დავის ფარგლებს, რადგან მოსარჩელის საკუთრების უფლება შეგებებული სარჩელით შედავებული არ ყოფილა.

12. ამდენად, მოსარჩელე სადავო ქონების მესაკუთრეა, ხოლო მოპასუხეს არ მიუთითებია იმგვარ გარემოებებზე, რაც აპელანტის (მოპასუხე) მიერ ნივთის ფლობის უფლებას დაადასტურებდა.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სსკ-ის 170-ე, 172-ე მუხლების შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის თაობაზე საფუძვლიანია, ხოლო ამავე კოდექსის 163-ე, 164-ე, 168-ე მუხლების საფუძველზე მოპასუხე ვალდებულია, შეწყვიტოს მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების მფლობელობა.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

15. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად უნდა ეხელმძღვანელა სსკ-ის 559-ე მუხლით. მოპასუხესა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის დადებული ხელშეკრულების ერთწლიანი ვადა გავიდა 2006 წლის 1 აპრილს, თუმცა გამგეობას მოპასუხისათვის ფართის დაცლა არ მოუთხოვია, შესაბამისად, ხელშეკრულება ითვლება განუსაზღვრელი ვადით გაგრძელებულად. აღნიშნული კი ნიშნავს, რომ მოპასუხე სადავო ფართს მართლზომიერად ფლობს.

16. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ იმ დავის ადმინისტრაციული წესით განხილვამდე, რომლითაც მოწმდება სადავო ფართის მოსარჩელისა და მისი დისათვის საკუთრებად გადაცემის კანონიერება. ამავდროულად, კასატორმა ანალოგიური შუამდგომლობით მიმართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის წარმოების შეჩერება.

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

18. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

19. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეა მოსარჩელე. ამ ქონებას ფლობს მოპასუხე თავის შვილთან ერთად.

20. მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა 2016 წლის 19 ოქტომბერს.

21. 2005 წლის 11 ოქტომბერს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის გადაწყვეტილებით მოპასუხეს 2006 წლის 1 აპრილამდე დროებით სარგებლობაში გადაეცა სადავო ერთოთახიანი ბინა.

22. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარემ მიიჩნია, რომ წარმოადგენს სადავო უძრავი ნივთის მართლზომიერ მფლობელს, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა ქონების მისი მფლობელობიდან გამოთხოვა.

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

25. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.

26. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მართებულად იხელმძღვანელა სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმადაც მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

27. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას ვინდიკაციური სარჩელის სამართლებრივი საფუძვლების თაობაზე და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ კანონის არსებითად სწორი განმარტების გზით მართებულად განსაზღვრა ვინდიკაციური სარჩელის აღძვრის სამართლებრივი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; მოპასუხე უნდა იყოს მოსარჩელის კუთვნილი ნივთის მფლობელი და მას არ უნდა გააჩნდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

28. სადავო შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა სამივე აღნიშნული წინაპირობის არსებობა, შესაბამისად, წარმოდგენილი სარჩელი სავსებით კანონიერად დაკმაყოფილდა (სუსგ 16.12.2015 წ. საქმე №ას-1040-980-2015).

29. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს არ ქმნის კასატორის არგუმენტი, რომ იგი სადავო უძრავ ნივთს ფლობდა მართლზომიერად. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აწესებს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების მტკიცების სტანდარტს, კერძოდ, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

30. კასატორმა სარწმუნო მტკიცებულებების წარდგენის გზით ვერ დაადასტურა ის ფაქტი, რომ წარმოადგენდა სსკ-ის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირს – მართლზომიერ მფლობელს.

31. სააპელაციო პალატამ მართებულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ სადავო ერთოთახიანი ბინის დროებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადა გავიდა 2006 წლის 1 აპრილს, რომლის შემდგომაც, ამავე ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად, მოპასუხეს ევალებოდა, უპირობოდ გაეთავისუფლებინა ზემოაღნიშნული ბინა.

32. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორთა შუამდგომლობას საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, ვინაიდან არ არსებობს სსსკ-ის 279-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლოს ვალდებულების წარმომშობი საფუძვლები.

33. მითითებული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.

34. აღნიშნული ნორმა საქმის წარმოების შეჩერების აუცილებლობას ითვალისწინებს ისეთ შემთხვევაში, როდესაც განსახილველი დავის გადაწყვეტას სამართლებრივად აფერხებს სხვა სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით განსახილველი საქმის გადაწყვეტა. მოცემულ საქმეზე ამგვარი ხელშემშლელი გარემოების არსებობა არ დადასტურებულა. კასატორის არგუმენტი, რომ მის მიერ აღძრულია ადმინისტრაციული დავა სადავო უძრავი ქონების საკუთრებასთან დაკავშირებით, შეუძლებელს არ ხდის მოცემული დავის გადაწყვეტას.

35. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

36. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

37. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

38. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ჩ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. გ. ჩ.-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური