Facebook Twitter

საქმე №110210017001670525

საქმე №ას-1039-959-2017 27 ოქტომბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“ (შემდგომში – მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ.“ (შემდგომში – მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ 7 758.37 ლარის ანაზღაურების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის განმავლობაში მოსარჩელემ მოპასუხეს გაუწია საინჟინრო საექსპერტო მომსახურება, რისთვისაც მოპასუხეს საფასური არ გადაუხდია.

3. 2016 წლის 10 მარტს, როდესაც მოპასუხემ მოსარჩელეს მიმართა, ბიუროს საქმიანობა რეგულირდებოდა საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №255 დადგენილებით დამტკიცებული დებულებით. საექსპერტო მომსახურების ღირებულება განისაზღვრებოდა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის №171 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მომსახურების ტარიფებით. მოპასუხის 2016 წლის 10 მარტის №.. განცხადებისა და №.. ხელშეკრულების საფუძველზე 2016 წლის 16 მაისს მომზადდა №.. ექსპერტიზის დასკვნა, რომლის ღირებულების საფასურმაც შეადგინა 7 758.37 ლარი. ამასთან, დამკვეთმა დამატებითი მასალა წარმოადგინა 2016 წლის 14 მარტს.

4. 2016 წლის 10 მარტისათვის მომსახურების ტარიფი განისაზღვრებოდა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის №171 დადგენილებით დამტკიცებული ბიუროს მომსახურების ტარიფებით. გაწეული საექსპერტო მომსახურების სატარიფო კოდი არის 137 (სამშენებლო, სარემონტო ან სარეკონსტრუქციო სამუშაოების ღირებულების დადგენა, ერთი ობიექტი 500000-დან 1000000-მდე ღირებულების 1,2%).

5. ექსპერტიზის დასკვნის მომზადების შემდგომ დამკვეთმა 2016 წლის 18 მაისს მიმართა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა, რის თაობაზეც ბიუროს პასუხი მას ეცნობა 2016 წლის 31 მაისის №.. წერილით.

6. მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება თავისი შინაარსით წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულებას. ამ ტიპის ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელია არსებითი პირობები, რაზეც აუცილებელია მხარეთა კონკრეტული შეთანხმება ხელშეკრულების საგანსა და ფასზე. ბიუროს მიერ შემუშავებულ მოდალურ ხელშეკრულებაში მითითებული 30-დღიანი ვადა ითვლება ტიპობრივი ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელ სტანდარტულ პირობად, რასაც შეუერთდა ორივე მხარე. აღნიშნულის გათვალისწინებით ვადა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ითვლება არაარსებით პირობად და მისი დარღვევა არ ათავისუფლებს მხარეს ნაკისრი ვალდებულების შესრულებისაგან. თუკი მოპასუხისათვის ვადას ჰქონდა არსებითი მნიშვნელობა, მისი ინიციატივით აღნიშნული უნდა ასახულიყო ხელშეკრულებაში. ბიუროს მიერ ასეთი პირობის დარღვევის დროს მოპასუხე გათავისუფლდებოდა ნაკისრი ვალდებულების შესრულებისაგან. დამკვეთის მიერ ექსპერტის ობიექტზე დაშვება მოხდა 2016 წლის 11 მაისს, რა დროსაც მოხდა გამოსაკვლევი ობიექტის ადგილზე შესწავლა. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით დამკვეთს არც ამ დროს ჰქონდა დაკარგული ინტერესი დაკვეთის და ექსპერტიზის დასკვნის მიმართ.

მოპასუხის პოზიცია:

7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ექსპერტიზის ბიურომ თავის ბრალით უხეშად დაარღვია 2016 წლის 10 მარტის ხელშეკრულება, რის გამოც მას მიადგა მატერიალური ზიანი. ამდენად, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

8. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები, თუმცა აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის მითითებით, ექსპერტიზის დასკვნის მომზადების ვადა აუცილებელ პირობას წარმოადგენდა, რაც ხელშეკრულებაშიც აისახა, რადგანაც მოპასუხემ, თავის მხრივ, ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდა მესამე პირთან და შემკვეთისათვის შესრულების ჩაბარების მიზნით, კონკრეტულად განსაზღვრული დროისათვის ესაჭიროებოდა ექსპერტიზის დასკვნა. ვინაიდან მოსარჩელემ შეთანხმებულ ვადაში არც დასკვნა მოამზადა და არც ვადის გაგრძელების თაობაზე შეტყობინება არ გაუგზავნა, მოპასუხემ სხვას მოამზადებინა დასკვნა, რითაც დაკარგა ინტერესი მოსარჩელეს მიერ დაგვიანებით შედგენილი დასკვნის მიმართ.

11. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს ნარდობის ხელშეკრულებიდან.

12. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, კვლევის საგანია: მხარეთა შორის გაფორმებული საექსპერტო მომსახურების შესახებ №.. ხელშეკრულების არსებით პირობას შეადგენდა თუ არა ვადა; ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობა გამოწვეული იყო თუ არა ექსპერტიზის ბიუროს მიზეზით და ვადის დარღვევა წარმოდგენდა თუ არა საკმარის საფუძველს, შემკვეთის მიერ ხელშეკრულების მოშლისათვის.

13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 327-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოდავე მხარეთა შორის, ვალდებულების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს 2016 წლის 10 მარტის წერილობითი ფორმით დადებული ნარდობის ხელშეკრულება, სადაც მხარეთა მიერ გათვალისწინებულ იქნა ვალდებულების შესრულების კონკრეტული ვადა. ამ ვადაში ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, ვადის გაგრძელების ინიციატივა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ეკუთნოდა.

14. სსკ-ის 361-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ვალდებულების შესრულების დროდ ითვლება განსაზღვრული მომენტის დადგომა, როცა ვალდებულება უნდა შესრულდეს. ნების ავტონომიის და ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების დროს განსაზღვრავენ მხარეები. თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ერთ-ერთი მხარის მიერ, მაშინ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე. ერთი მხარის მიერ დაწესებული ვადა, მეორე მხარის ინტერესებსაც უნდა ეხმიანებოდეს.

15. სსკ-ის 115-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ, ვინაიდან მხარეთა შორის ხელშეკრულებით განისაზღვრა სამუშაოს შესრულების კონკრეტული ვადა, რაც სრულდებოდა 2016 წლის 25 აპრილს, ამასთან, ვადის გაგრძელების ინიციატივა მოსარჩელეს ეკუთვნოდა, რაც მას არ გამოუვლენია და შეტყობინება რაიმე ფორმით მოპასუხისთვის არ გაუგზავნია, ნების ავტონომიის პრინციპიდან გამომდინარე, სსკ-ის 115-ე მუხლის, 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სწორედ ექსპერტიზის ბიუროს მხრიდან დაირღვა როგორც დამატებითი ვადის განსაზღვრის პირობა, ისე ვალდებულების შესრულების კეთილსინდისიერების პრინციპი. ასეთ ვითარებაში, მოპასუხის მიერ დამატებითი ვადის განსაზღვრის გარეშე ხელშეკრულების მოშლა გამომდინარეობს სსკ-ის 405-ე მუხლის პირველი ნაწილიდან და 405-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ პუნქტიდან, მით უფრო, როდესაც ექსპერტიზის დასკვნის მომზადების დროისათვის – 2016 წლის 16 მაისისათვის მოპასუხეს მოსარჩელის დასკვნის მიმართ ინტერესი აღარ გააჩნდა, ვინაიდან სხვა საექსპერტო დაწესებულებისაგან ასეთი კვლევის შედეგები უკვე მიღებული ჰქონდა.

16. ამდენად, სააპელაციო პალატის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს არ დაეკისრა ექსპერტიზის ხარჯი, გამომდინარეობს კანონის მოთხოვნებიდან და აპელანტის მითითება გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის თაობაზე გაზიარებული ვერ იქნება.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

17. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

18. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სადავო განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა. სააპელაციო სასამართლომ ისარგებლა სსკ-ის 327-ე მუხლით და გაიზიარა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება, რომ ვადა მოცემულ ხელშეკრულებაში წარმოადგენდა ხელშეკრულების არსებით პირობას. ვინაიდან მოსარჩელემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა, მოპასუხეს შეეძლო აღარ გადაეხადა გაწეული საექსპერტო მომსახურების საფასური და გავიდა ხელშეკრულებიდან. სააპელაციო სასამართლომ არასწორი განმარტა სსკ-ის 327-ე მუხლი, რის შედეგადაც მიიღო უკანონო გადაწყვეტილება.

19. მხარის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი ნაკლი იმაში მდგომარეობს, რომ სასამართლომ ჩათვალა მოდალურ ხელშეკრულებაში უკვე არსებული ჩანაწერი ვადის თაობაზე ხელშეკრულების არსებით პირობად, რაც ეწინააღმდეგება სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილს, სადაც არსებით პირობად მიჩნეულია მხოლოდ ხელშეკრულების საგანი და ფასი.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

21. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

22. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოდავე მხარეთა შორის, ვალდებულების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს 2016 წლის 10 მარტის წერილობითი ფორმით დადებული ნარდობის ხელშეკრულება, სადაც მხარეთა მიერ გათვალისწინებულ იქნა ვალდებულების შესრულების კონკრეტული ვადა. ამ ვადაში ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, ვადის გაგრძელების ინიციატორი იყო მოსარჩელე.

23. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ექსპერტიზის დასკვნის მომზადების ვადა აუცილებელ პირობას წარმოადგენდა, რაც ხელშეკრულებაშიც აისახა, რადგანაც მოპასუხე, თავის მხრივ, ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდა მესამე პირთან და შემკვეთისათვის შესრულების ჩაბარების მიზნით, კონკრეტულად განსაზღვრული დროისათვის ესაჭიროებოდა ექსპერტიზის დასკვნა.

24. მოსარჩელემ შეთანხმებულ ვადაში არც დასკვნა მოამზადა და არც ვადის გაგრძელების თაობაზე შეტყობინება არ გაუგზავნა მოპასუხეს, რის გამოც ამ უკანასკნლემა სხვას მოამზადებინა დასკვნა, რითაც დაკარგა ინტერესი მოსარჩელეს მიერ დაგვიანებით შედგენილი დასკვნის მიმართ.

25. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარემ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს არასწორად განმარტა სსკ-ის 327-ე მუხლი და ხელშეკრულებაში უკვე არსებული ჩანაწერი ვადის თაობაზე ხელშეკრულების არსებით პირობად, რაც ეწინააღმდეგება სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილს, სადაც არსებით პირობად მიჩნეულია მხოლოდ ხელშეკრულების საგანი და ფასი.

26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

28. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.

29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია სააპელაციო პალატის იმ მსჯელობის მიმართ, რომ მხარეთა შორის სადავო ურთიერთობა წარმოიშვა ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე.

30. მხარეებმა, ხელშეკრულების სხვა პირობებთან ერთად, განსაზღვრეს სამუშაოს შესრულების კონკრეტული დრო – პერიოდი 2016 წლის 25 აპრილამდე.

31. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეს აღნიშნულ ვადაში, სსკ-ის 361-ე და 115-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით, ვალდებულება არ შეუსრულებია, მოინდომა აღნიშნული შეთანხმებული ვადის გაგრძელება ისე, რომ ამის შესახებ მოპასუხეს არ აცნობა, რაც ასევე ეწინააღმდეგება ნების ავტონომიისა და ვალდებულების შესრულების კეთილსინდისიერების პრინციპებს.

32. ამრიგად, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ სსკ-ის 405-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 405-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ პუნქტის საფუძველზე არსებობდა, მოპასუხის მიერ დამატებითი ვადის განსაზღვრის გარეშე, ხელშეკრულების მოშლის წინაპირობა.

33. მოპასუხის პოზიციას ამყარებს ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ ექსპერტიზის დასკვნის მომზადების დროისათვის – 2016 წლის 16 მაისისათვის მოპასუხეს აღნიშნული დასკვნის მიმართ ინტერესი აღარ გააჩნდა, რადგან სხვა საექსპერტო დაწესებულებისაგან ასეთი კვლევის შედეგები უკვე მიღებული ჰქონდა.

34. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

35. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

36. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

37. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

39. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2017 წლის 7 აგვისტოს №11268 საგადახდო დავალებით გადახდილი 387,92 ლარის 70% – 271,54 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2017 წლის 7 აგვისტოს №11268 საგადახდო დავალებით გადახდილი 387,92 ლარის 70% – 271,54 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე