Facebook Twitter

საქმე №330210016001250962

საქმე №ას-1044-964-2017 5 ოქტომბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ტ. ქ.–ი, ლ. ო.–ი (შემდგომში – მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი“ (შემდგომში – მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, უკანონო ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების მიმართ უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და უკანონო ხელშეშლის აღკვეთის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, სადავო უძრავი ქონება წარმოადგენს მის საკუთრებას. მოპასუხეები უკანონო უფლებენ და საკუთარი ნებით არ ათავისუფლებენ ფართს.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო ფართი გამოთხოვილ იქნა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან, რაც ორმა მოპასუხემ (მოგვიანებით – კასატორებმა) გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ, 2015 წლის 12 ოქტომბერს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებულია მოსარჩელე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს 2013 წლის 29 ივლისის საქართველოს მთავრობის №186 დადგენილება, ასევე, 2012 წლის 13 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება.

7. სადავო უძრავ ქონებას უკანონოდ ფლობენ მოპასუხეები.

8. მოპასუხე (აპელანტი) მხარეები აპელირებენ იმ გარემოებაზე, რომ 2012 წლის 13 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მეშვეობითაც მოსარჩელემ შეიძინა აღნიშნული ქონება, არ არის კანონიერი.

9. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 183-ე და 311-ე მუხლებით, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია სადავო უძრავი ქონების მოსარჩელისადმი კუთვნილებისა და მოპასუხეთა მხრიდან აღნიშნული ქონების მართლზომიერად ფლობის უფლების არქონის ფაქტი.

10. აპელანტებმა სასამართლოს ვერ მიუთითეს რაიმე მტკიცებულებაზე, რაც მათ მიერ სადავო ქონების მართლზომიერ მფლობელობას დაადასტურებდა. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტების განმარტება იმის თაობაზე, რომ სადავო საცხოვრებელი სახლი აშენებულია მათი ფინანსებით და მათი მფლობელობა არის კანონიერი, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება. შესაბამისად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეები სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას არამართლზომიერად ფლობენ.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლითაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს; საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

12. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ანუ ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების მქონე პირის გარეშე.

13. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეს სადავო ნივთზე გააჩნია საკუთრების უფლება და იგი არ არის შეზღუდული აპელანტების მიერ ამ ნივთის მართლზომიერი ფლობის უფლებით, რადგან ისინი არ წარმოადგენენ სსკ-ის 160-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირებს – მართლზომიერ მფლობელებს.

14. სააპელაციო პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია განემარტა, რომ მესაკუთრის უფლებას, თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), შეიძლება დაუპირისპირდეს მფლობელის არგუმენტი ფლობის მართლზომიერების ან სადავო უძრავ ქონებაზე მისი საკუთრების უფლების არსებობის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტებს სადავო უძრავი ქონების ფლობის მართლზომიერების თაობაზე რელევანტური მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

15. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

16. კასატორებმა მიიჩნიეს, რომ სადავო საცხოვრებელი სახლი აშენდა ერთ-ერთი კასატორის მეუღლის მიერ და 1980-იან წლებში საკუთრების უფლებით აღირიცხა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს №15/324 წერილისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2005 წლის 21 ოქტომბრის მიწის ნაკვეთის გეგმის საფუძველზე სახელმწიფო საკუთრებად. აღნიშნული ქონება მოგვიანებით გამიჯნულა იმ საკადასტრო ერთეულად, რომელიც გადაეცა მოსარჩელეს. მითითებული ფაქტის შესახებ კასატორებმა შეიტყეს შსს პოლიციის დეპარტამენტის გაფრთხილებიდან, რომლითაც მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხეთა გამოსახლებას.

17. კასატორთა განმარტებით, მათ სარჩელით მიმართეს საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ამ ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობისა და მათი უფლებების აღიარების შესახებ. სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში. კასატორებს გააჩნიათ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „უ“ პუნქტით გათვალისწინებული უძრავ ქონებაზე საკუთრების მოპოვების წინაპირობები.

18. კასატორებმა აღნიშნეს, რომ მოსარჩელე ადასტურებდა სადავო შენობის მოპასუხეთა მიერ აშენების ფაქტს.

19. ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე მოპასუხეებმა მიმართეს სასამართლოს საქმის წარმოების შეჩერების მოთხოვნით, თუმცა სააპელაციო პალატამ მათი შუამდგომლობა უკანონოდ არ დააკმაყოფილა, ვინაიდან აღნიშნული საქმით უტყუარად დასტურდება მოპასუხეთა საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე, უკიდურეს შემთხვევაში, მოაღნაგის უფლებრივი მდგომარეობა.

20. კასატორებმა აღნიშნეს, რომ გამოსახლებით მათ მიადგებათ ზიანი, რადგან ჰყავთ არასრულწლოვანი ბავშვი და სხვა საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნიათ.

21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

22. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

23. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის 12 ოქტომბერს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებულია მოსარჩელე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს 2013 წლის 29 ივლისის საქართველოს მთავრობის №186 დადგენილება, ასევე, 2012 წლის 13 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება.

24. სადავო უძრავ ქონებას უკანონოდ ფლობენ მოპასუხეები.

25. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მოპასუხეებმა მიიჩნიეს, რომ გააჩნიათ სადავო უძრავი ქონების მართლზომიერად ფლობის უფლება, რადგან შენობა აშენებულია მათი ოჯახის ხარჯებით. ქონების საკუთრებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს დავა სასამართლოში ადმინისტრაციული წესით, რის გამოც მოცემული საქმის წარმოება უნდა შეჩერებულიყო.

26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

28. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.

29. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორებს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთების წინააღმდეგ.

30. სააპელაციო პალატამ მართებულად იხელმძღვანელა სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმადაც მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

31. საკასაციო პალატა სავსებით იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას ვინდიკაციური სარჩელის სამართლებრივი საფუძვლების თაობაზე და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ კანონის არსებითად სწორი განმარტების გზით მართებულად განსაზღვრა ვინდიკაციური სარჩელის აღძვრის სამართლებრივი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; მოპასუხე უნდა იყოს მოსარჩელის კუთვნილი ნივთის მფლობელი და მას არ უნდა გააჩნდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

32. სადავო შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა სამივე აღნიშნული წინაპირობის არსებობა, შესაბამისად, წარმოდგენილი სარჩელი სავსებით კანონიერად დაკმაყოფილდა.

33. ამავდრულად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

34. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

35. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია და კასატორებმა რაიმე სარწმუნო მტკიცებულებით ვერ გააქარწყლეს ის გარემოება, რომ სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას არამართლზომიერად ფლობენ. აპელანტებმა სასამართლოს ვერ მიუთითეს რაიმე მტკიცებულებაზე, რაც მათ მიერ სადავო ქონების მართლზომიერ მფლობელობას ან იმ ფაქტს დაადასტურებდა, რომ სადავო საცხოვრებელი სახლი აშენებულია მოპასუხეთა ხარჯებით.

36. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორთა შუამდგომლობას საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, ვინაიდან არ არსებობს სსსკ-ის 279-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლოს ვალდებულების წარმომშობი საფუძვლები.

37. მითითებული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.

38. აღნიშნული ნორმა საქმის წარმოების შეჩერების აუცილებლობას ითვალისწინებს ისეთ შემთხვევაში, როდესაც განსახილველი დავის გადაწყვეტას სამართლებრივად აფერხებს სხვა სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით განსახილველი საქმის გადაწყვეტა. მოცემულ საქმეზე ამგვარი ხელშემშლელი გარემოების არსებობა არ დადასტურებულა. კასატორის არგუმენტი, რომ მის მიერ აღძრულია ადმინისტრაციული დავა სადავო უძრავი ქონების საკუთრებასთან დაკავშირებით, შეუძლებელს არ ხდის მოცემული დავის გადაწყვეტას.

39. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

40. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

41. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

42. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

43. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

44. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით ს. ქ.–ის მიერ 2017 წლის 4 აგვისტოს №.. საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ტ. ქ.–ისა და ლ. ო.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ტ. ქ.-სა (პირადი №..) და კასატორ ლ. ო.-ს (პირადი №..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით ს. ქ.–ის მიერ 2017 წლის 4 აგვისტოს №.. საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

3. ტ. ქ.-ისა და ლ. ო.-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური