საქმე №030210016001417486
საქმე №ას-1075-995-2017 18 ოქტომბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – ი. ს.–ი (შემდგომში – შეგებებული სარჩელის ავტორი, მოპასუხე), ნ. ა.-ე (შემდგომში – მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ა.-ე (შემდგომში – მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში – მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ივლისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეები ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ და საკუთარი ნებით არ ათავისუფლებენ მის საკუთრებაში აღრიცხულ უძრავ ქონებას.
მოპასუხეებისა და შეგებებული სარჩელის ავტორის პოზიცია:
3. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს, ხოლო შეგებებული სარჩელის ავტორმა მოითხოვა ძირითადი მოსარჩელისათვის 7000 ლარის გადახდის ანაზღაურება.
4. შეგებებული სარჩელის ავტორმა მიუთითა, რომ იმყოფებოდა ქორწინებაში ძირითადი მოსარჩელის ძმასთან. ქორწინების პერიოდში მამის ნაჩუქარი 7000 ლარით სადავო საცხოვრებელ სახლს ჩაუტარა რემონტი, რითაც გაიზარდა სახლის ღირებულება 7000 ლარით. საცხოვრებელი სახლი წარმოადგენდა მისი დედამთილის საკუთრებას, რომლის გარდაცვალების შემდეგ გარდაცვლილის მთლიანი სამკვიდრო მიიღო და დაირეგისტრირა მაზლმა – ძირითადმა მოსარჩელემ. მოპასუხის მეუღლემ უარი განაცხადა დედის სამკვიდროზე ძმის სასარგებლოდ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებულ სარჩელს ეთქვა უარი, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეს წარმოადგენს მოსარჩელე, რომელმაც აღნიშნული უძრავი ნივთი მიიღო მემკვიდრეობით.
8. აღნიშნული საცხოვრებელი სახლი დაკავებული აქვთ მოპასუხეებს.
9. შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ წარმოდგენელი მოწმეების განმარტებით, შეგებებულ სარჩელში მოსარჩელეს მამამ აჩუქა 7000 ლარი, რომელიც მის მეუღლეს უნდა გამოეყენებინა ქორწინებამდე სახლის რემონტზე გაწეული ხარჯის დასაფარად. აღნიშნული თანხის რა ნაწილი მოხმარდა სახლის რემონტს, მოწმეებისთვის უცნობია.
10. ძირითადი მოსარჩელის მიერ წარმოდგენილმა მოწმეებმა მიუთითეს, რომ მოწინააღმდეგე მხარის მეუღლემ ქორწინებამდე გამოცვალა ორი ფანჯარა და ერთი კარი, სხვა სარემონტო სამუშაოები სახლში არ ჩატარებულა.
11. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებით არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 172-ე მუხლის პირველი ნაწილი, 987-ე მუხლის პირველი ნაწილი, 1484-ე მუხლის პირველი ნაწილი, სსსკ-ის 102-ე, 105-ე მუხლები და განმარტა, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობდა სანივთო და უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ურთიერთობიდან.
12. სსკ 976-ე, 986-ე, 987-ე მუხლების თანახმად, უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით, ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობის აღდგენა, ანუ გამდიდრების გათანაბრება. გამდიდრების უსაფუძვლობა კი შეიძლება ემყარებოდეს სხვადასხვა გარემოებებს, მათ შორის მართლზომიერ ქმედებებსაც.
13. უსაფუძვლო გამდიდრების დროს, მნიშვნელობა არა აქვს ბრალს, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ერთი პირის ქონების გადასვლის ფაქტი მეორე პირის საკუთრებაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ასეთ შემთხვევაში, დაზარალებულს აუნაზღაურდება ზიანი იმ ოდენობით, რომლითაც მიმღები გამდიდრდა.
14. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, შეგებებული სარჩელის საფუძვლიანად მიჩნევისათვის უნდა დადასტურდეს ძირითადი მოსარჩელის მიერ მიღებულ სამკვიდრო ქონებაზე მოპასუხის თანხით სარემონტო სამუშაოების გაწევისა და ქონების ღირებულების 7000 ლარით გაზრდის ფაქტი.
15. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ მიღებულ სამკვიდრო ქონებაზე მოპასუხის მხრიდან 7000 ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოების გაწევისა და ამ ქონების ღირებულების 7000 ლარით გაზრდის ფაქტს.
16. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ძირითადი მოსარჩელე წარმოადგენს სადავო საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეს, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა სასარჩლო მოთხოვნა და მოპასუხეები გამოსახლდნენ საცხოვრებელი სახლიდან, სსკ-ის 170-172-ე მუხლების შესაბამისად, დასაბუთებულია.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
17. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
18. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა „ბავშვის უფლებათა“ კონვენცია, რომლის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ და უზრუნველყოფენ მათი იურისდიქციის ფარგლებში მყოფი თითოეული ბავშვის ყველა უფლებას, რომელიც წინამდებარე კონვენციითაა გათვალისწინებული, ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის გარეშე, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, ბავშვის, მისი მშობლებისა და კანონიერი მეურვეების ჯანმრთელობისა და დაბადების მდგომარეობის ან სხვა რამ ვითარების განურჩევლად.
19. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი – სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
20. კასატორის მითითებით, „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტი წევრი ქვეყნებისათვის სამი განსხვავებული სახის ვალდებულებას ადგენს: ა) თუ გადაწყვეტილების მიღებისას ერთმანეთს სხვადასხვა ინტერესები უპირისპირდება, ბავშვის ფუნდამენტური უფლებაა, რომ გარანტირებულად და უპირატესად მისი საუკეთესო ინტერესები შეფასდეს და გათვალისწინებულ იქნეს; ბ) თუ სამართლებრივ ნორმას ერთზე მეტი განმარტება შეიძლება მიეცეს, არჩეულ უნდა იქნეს ის განმარტება, რომელიც ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ყველაზე ეფექტურად ემსახურება (განმარტების ფარგლებს გვთავაზობს ის უფლებები, რომლებიც კონვენციაში და დამატებით ოქმებშია მოცემული); გ) ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება და განსაზღვრა მოითხოვს საპროცესო გარანტიებს. გადაწყვეტილების მიღებისას უნდა შეფასდეს ბავშვის ინტერესებზე ამ გადაწყვეტილების შესაძლო ზეგავლენის შედეგები (დადებითი თუ უარყოფითი) და გადაწყვეტილებაში პირდაპირ უნდა აისახოს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესები უპირატესად შეფასდა და მხედველობაში იქნა მიღებული.
21. „ბავშვის საუკეთესო ინტერესების“ კონცეფცია მიზნად ისახავს კონვენციის მიერ აღიარებული ყველა უფლებით სრულ და ეფექტურ სარგებლობას და ბავშვის კომპლექსურ განვითარებას. არ არსებობს კონვენციაში გათვალისწინებული უფლებების იერარქია. ყველა უფლება ბავშვის საუკეთესო ინტერესებში შედის და არცერთი უფლების უარყოფა არ შეიძლება „ბავშვის საუკეთესო ინტერესების“ ნეგატიური განმარტებით. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-4 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა აუცილებელ საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ და სხვაგვარ ზომას წინამდებარე კონვენციით აღიარებულ უფლებათა განსახორციელებლად. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ ბავშვის უფლებას, დაცული იყოს ეკონომიკური ექსპლუატაციისაგან. ეკონომიკურ ექსპლუატაციაში იგულისხმება ბავშვის შრომითი რესურსის ბოროტად გამოყენება, ასევე მისი ქონებით არამიზნობრივად, ბავშვის ინტერესების საზიანოდ სარგებლობა, ბავშვის ქონების ბავშვის ინტერესების საწინააღმდეგოდ განკარგვა. ბავშვის ქონებით არამიზნობრივი სარგებლობა ფიქსირდება, როდესაც სარგებლობას ბავშვის ქონების შემცირება ან მისი სრული მოსპობა სდევს თან და, ამასთან, ამგვარი სარგებლობის მიზანს ბავშვის ინტერესი არ ამართლებს. ოჯახის ქონებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება, რაღა თქმა უნდა, არაპირდაპირ, თუმცა, მაინც, ბავშვის ინტერესებშია, თუმცა, ოჯახის ქონებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ბავშვის ქონებაზე რისკის გაწევა, მით უფრო, თუ რისკი გაუთვლელი და დაუზღვეველია, ბავშვის ინტერესების საზიანო შედეგის მომტანია. შესაბამისად, ბავშვის ქონება უნდა განიკარგოს მხოლოდ ბავშვის ინტერესებში. ქონების განკარგვა, მათ შორის, ქონების გასხვისება, ბავშვის პირდაპირ ინტერესს შეესაბამება, თუ ბავშვის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესება ბავშვის ისეთ მაღალ ინტერესს შეესატყვისება, როგორიცაა, მისი ჯანმრთელობა, განათლება, უსაფრთხოება და ა. შ. ამდენად, ბავშვის ქონების განკარგვა ბავშვის ინტერესებს შეესაბამება, თუ ქონების განკარგვის შედეგად მიღებული სარგებელი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ხმარდება, ბავშვის სათანადო განათლებას, მის უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას უზრუნველყოფს, ბავშვის ნორმალურ განვითარებას ემსახურება და ა.შ. მითითებული მიზნის განხორციელების გარანტი კი, ზემოაღნიშნული კონვენციის შესაბამისად, სახელმწიფოა. სწორედ სახელმწიფოა ვალდებული, შექმნას იმგვარი საკანონმდებლო ბერკეტი, რომლის შესაბამისადაც, ბავშვის ქონების განკარგვა სპეციალურ, საამისოდ კომპეტენტური ორგანოების ნებართვას საჭიროებს, ხოლო ბავშვის ინტერესის გონივრული შეფასება მათ ზედამხედველობას ექვემდებარება. ამ მიმართებით, საინტერესოა, ის საკანონმდებლო რეგულაცია, რომელსაც ქართული კანონმდებლობა ითვალისწინებს.
22. კასატორმა ყურადღება გაამახვილა სსკ-ის 1198-ე მუხლის მე-4, მე-6 ნაწილებზე და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ბავშვის მამის მიერ განხორციელებულ ქმედებაზე სასამართლოს არ უმსჯელია.
23. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ მოპასუხეს ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, რომელიც დედასთან ერთად ცხოვრობს სადავო სახლში. მოპასუხის მეუღლემ განზრახ დაუთმო სადავო სახლში დედის სამკვიდროდან მისი კუთვნილი წილი მოსარჩელეს, ანუ თავის ძმას იმ მიზნით, რომ მოპასუხე და საკუთარი შვილი გამოესახლებინა ერთადერთი საცხოვრებელი ადგილიდან. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ კასატორსა და მის არასრულწლოვან შვილს საცხოვრებელი სახლი დაკავებული აქვს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. აღსანიშნავია, რომ კასატორი სოციალურად დაუცველთა ბაზაშია რეგისტრირებული შემწეობის მიმღებად, იგი ფაქტობრივად ოჯახური ძალადობის მსხვერპლია და დღესაც მხოლოდ შემაკავებელი ორდერით იცავს თავს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, კასატორის მიერ გაღებული 7000 ლარით სადავო სახლს ჩაუტარდა რემონტი, რამაც გაზარდა მისი ღირებულება. აღნიშნული კი იძლეოდა სააპელაციო საჩივრის, სსკ-ის 1438-ე, 1457-ე, 1466-ე, 1467-ე, 1472-ე მუხლების შესაბამისად, დაკმაყოფილების საფუძველს.
24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
25. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
26. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეს წარმოადგენს მოსარჩელე, რომელმაც აღნიშნული უძრავი ნივთი მიიღო მემკვიდრეობით.
27. აღნიშნული საცხოვრებელი სახლი დაკავებული აქვთ მოპასუხეებს.
28. შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ წარმოდგენელი მოწმეების განმარტებით, შეგებებულ სარჩელში მოსარჩელეს მამამ აჩუქა 7000 ლარი, რომელიც მის მეუღლეს უნდა გამოეყენებინა ქორწინებამდე სახლის რემონტზე გაწეული ხარჯის დასაფარად. აღნიშნული თანხის რა ნაწილი მოხმარდა სახლის რემონტს, მოწმეებისთვის უცნობია.
29. ძირითადი მოსარჩელის მიერ წარმოდგენილმა მოწმეებმა მიუთითეს, რომ მოწინააღმდეგე მხარის მეუღლემ ქორწინებამდე გამოცვალა ორი ფანჯარა და ერთი კარი, სხვა სარემონტო სამუშაოები კი სახლში არ ჩატარებულა.
30. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარემ მიიჩნია, რომ გააჩნია სადავო ფართის ფლობის სამართლებრივი საფუძველი, რადგან აღნიშნულ სახლში, რომელიც იყო მისი დედამთილის საკუთრება, ცხოვრობდა მეუღლესთან და შვილთან ერთად. დედამთილის გარდაცვალების შემდეგ მხარის მეუღლემ უარი განაცხადა სადავო სახლში მის კუთვნილზე წილზე ძმის სასარგებლოდ, რადგან კასატორი და მისი შვილი გამოესახლებინა სახლიდან. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს სადავო უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვაზე მსჯელობისას მხედველობაში უნდა მიეღო მოპასუხის არასრულწლოვანი შვილის ინტერესები, რომელსაც სხვა საცხოვრებელი ადგილი არ აქვს. ამავდროულად, კასატორმა ჩათვალა, რომ არასწორად ეთქვა უარი სადავო უძრავი ნივთის გაუმჯობესებისათვის გაღებული 7000 ლარის ანაზღაურებაზე.
31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
32. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
33. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.
34. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორებს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთების წინააღმდეგ.
35. სააპელაციო პალატამ მართებულად იხელმძღვანელა სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმადაც მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
36. საკასაციო პალატა სავსებით იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას ვინდიკაციური სარჩელის სამართლებრივი საფუძვლების თაობაზე და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ კანონის არსებითად სწორი განმარტების გზით მართებულად განსაზღვრა ვინდიკაციური სარჩელის აღძვრის სამართლებრივი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; მოპასუხე უნდა იყოს მოსარჩელის კუთვნილი ნივთის მფლობელი და მას არ უნდა გააჩნდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
37. სადავო შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა სამივე აღნიშნული წინაპირობის არსებობა, შესაბამისად, წარმოდგენილი სარჩელი სავსებით კანონიერად დაკმაყოფილდა.
38. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
39. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
40. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია და კასატორებმა რაიმე სარწმუნო მტკიცებულებით ვერ გააქარწყლეს ის გარემოება, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას არამართლზომიერად ფლობენ. აპელანტებმა სასამართლოს ვერ მიუთითეს რაიმე მტკიცებულებაზე, რაც მათ მიერ სადავო ქონების მართლზომიერ მფლობელობას ან იმ ფაქტს დაადასტურებდა, რომ სადავო საცხოვრებელი სახლი გარემონტებულია შეგებებული სარჩელის ავტორის ხარჯებით.
41. როგორც ზემოთ აღინიშნა, დადგენილია, რომ სადავო საცხოვრებელი სახლის ამჟამინდელი მესაკუთრე მოპასუხეთა მიერ ფართის ფლობის წინააღმდეგია, შესაბამისად, უძრავი ნივთის წინა მესაკუთრის (შეგებებული სარჩელის ავტორის დედამთილი) პოზიცია აღნიშნული საკითხის მიმართ კასატორების მართლზომიერი მფლობელობის საფუძველი ვერ გახდება.
42. ასევე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ საქმეში წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ სადავო უძრავი ნივთის გაუმჯობესებისათვის 7 000 ლარის გადახდის ფაქტს ვერ ადასტურებს, რადგან აღნიშნული თანხის რა ნაწილი მოხმარდა სახლის რემონტს, შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ მითითებული მოწმეებისთვის უცნობია, ხოლო ძირითადი მოსარჩელის მიერ წარმოდგენილმა მოწმეებმა განმარტეს, რომ შეგებებული სარჩელის ავტორის მეუღლემ ქორწინებამდე გამოცვალა ორი ფანჯარა და ერთი კარი, სხვა სარემონტო სამუშაოები სახლში არ ჩატარებულა.
43. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორების მიერ „ბავშვთა უფლებების კონვენციის“ დანაწესებზე მითითებას, რომელთა შესაბამისად ბავშვთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებასა და დაცვას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, თუმცა აღსანიშნავია, რომ განსახილველი დავა არასრულწლოვანი ბავშვის მშობლებს შორის, კერძოდ, მისი მამის წინააღმდეგ არ მიმდინარეობს, აღნიშნული პირი საქმეში მხარესაც კი არ წარმოადგენს. ამდენად, კასატორების პრეტენზიის ადრესატი სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე (ამავდროულად, ბავშვის მამის ძმა) ვერ გახდება.
44. დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ ჩაითვლება მხარის მითითება, რომ სააპელაციო სასამართლოს ბავშვის მამის მიერ განხორციელებულ ქმედებაზე სასამართლოს არ უმსჯელია. საუბარია ბავშვის მამის მიერ თავისი დედის სამკვიდროში კუთვნილ წილზე ძმის სასარგებლოდ უარის თქმის შესახებ.
45. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოთ მითითებული საკითხი მოცემული დავის ფარგლებს სცდება, შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნა ეხებოდა მხოლოდ სადავო ქონების გაუმჯობესების ხარჯის ანაზღაურებას და ამ უკანასკნელს არ მოუთხოვია ბავშვის მამის იმ ქმედების კანონიერების შეფასება, რომლითაც მამამ უარი განაცხადა დედის სამკვიდროში კუთვნილ წილზე ძმის, ამჟამად ძირითადი მოსარჩელის სასარგებლოდ და, კასატორთა აზრით, უსახლ-კაროდ დატოვა თავისი არასრულწლოვანი შვილი.
46. ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის მოცემულ ეტაპზე უფლებამოსილი არ არის, იმსჯელოს ზემოაღნიშნულ საკითხზე, რადგან კასატორების მითითებული პრეტენზია ცალკე დამოუკიდებელი დავის საგანს წარმოადგენს. შესაბამისად, უძრავი ქონების განკარგვისას არასრულწლოვანი ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და „ბავშვთა უფლებების კონვენციით“ განსაზღვრული მისი უფლებების განხორციელება ბავშვის მამის მიმართ წარდგენილი მოთხოვნის ფარგლებშია შესაძლებელი. მოცემულ შემთხვევაში კი, როგორც ზემოთ განიმარტა, კასატორების მოწინააღმდეგე მხარეა სხვა პირი.
47. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
48. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
49. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
50. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
51. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. ს.–ისა და ნ. ა.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური