Facebook Twitter

საქმე №020210016001475078

საქმე №ას-1088-1008-2017 18 ოქტომბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს „ე.-ა“ (შემდგომში – მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ბ. ს.-ა, ზ. ს.-ა (შემდგომში – მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 8 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – საკუთრების უფლებით სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვეს მათი კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან მოპასუხის კუთვნილი ტრანსფორმატორის გატანის დავალდებულება.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელეების განმარტებით, მათ საკუთრებაში ირიცხება მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია მოპასუხის კუთვნილი ტრანსფორმატორი. მოსარჩელეებმა არაერთხელ მიმართეს მოპასუხეს სადავო ნივთის გატანის მოთხოვნით, თუმცა ეს უკანასკნელი ნებაყოფლობით აღნიშნულ მოთხოვნას არ ასრულებს.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო ტრანსფორმატორი განთავსდა 1997 წელს, მოპასუხე კი არსებობს 2006 წლიდან. გამანაწილებელ საქმიანობას ეწევა 2007 წლიდან. ამასთან, ტრანსფორმატორის განთავსება განხორციელდა მესაკუთრეთა თანხმობით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. ზუგდიდი რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 8 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო პალატამ უდავოდ დაადგინა, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზეც ტრანსფორმატორი და ელექტროგადამცემი ხაზებია განლაგებული, წარმოადგენს მოსარჩელეების საკუთრებას. მანამდე კი მიწა, რომელზეც ტრანფორმატორია განთავსებული წარმოადგენდა მათი წინაპრების, ანუ მამის და ბაბუის საკუთრებას.

7. უდავოა, რომ მოსარჩელეების წინაპრების თანხმობით მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ტრანფორმატორი განთავსდა 1997 წლიდან, რაზეც მოსარჩელეების მამა და ბაბუა სახელმწიფოსგან იღებდნენ გარკვეულ თანხას მიწით სარგებლობისათვის, კერძოდ, თვეში 15 ლარს. ამ ფაქტს არც აპელანტი უარყოფს.

8. სააპელაციო პალატის მითითებით, დავას არ იწვევს, რომ ამჟამად მიწის მესაკუთრეები რაიმე სასყიდელს მათი მიწის სარგებლობისათვის არ იღებენ და უარს აცხადებენ მის გადახდაზე.

9. სააპელაციო პალატა გაეცნო რა პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეთა განმარტებებს და შეკითხვებზე პასუხებს, დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტის/მოპასუხის წარმომადგენელი პირველი ინსტანცის სასამართლოში ყოველთვის მიანიშნებდა მხარის მიერ იჯარისათვის მოთხოვნილი თანხა – 200 ლარი ძალიან ბევრი რომ იყო. ამასთან, მიწის ღირებულებათან დაკავშირებით არანაირი აუდიტის დასკვნა არ შემდგარა. მოპასუხის წარმომადგენელი არ უარყოფს, რომ 2004 წლამდე, მოსარჩელეთა მამის გარდაცვალებამდე სახელმწიფო მათ 15 ლარს უხდიდა თვეში იმ მიწის სარგებლობისთვის, რომელზეც ტრანსფორმატორი დგას. მეტიც, მოპასუხე კომპანიამ ამ მიწის სანაცვლოდ მხარეს 5000 ლარიც კი შეთავაზა, მაგრამ მოსარჩელე არ დაეთანხმა ამ ღირებულებას. რაც შეეხება იჯარის ქირას მისი გადახდის ვალდებულება არ ეკისრება სს ენერგო პრო ჯორჯიას, რადგან მოსარჩელეს ხელშეკრულება აღნიშნულზე არ აქვს დადებული მოპასუხე კომპანიასთან.

10. აპელანტი არც იმ ფაქტს უარყოფს, რომ ტრანფორმატორი მათი საკუთრებაა და დგას მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ პუნქტის საფუძველზე სააპელაციო პალატამ უდავოდ დაადგინა, რომ საქმეში წარმოდგენილია წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 26 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილია შემდეგი უდავო ფაქტობრივი გარემოებები: ა) არ არსებობს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 2647 კვ.მ ნაკვეთიდან იმ 6 კვ.მ-ზე ზედდება, რასაც მოპასუხე თავის საკუთრებად აცხადებდა. ბ) მოპასუხის საკუთრებაში არსებული ტრანსფორმატორი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს უძრავ ნივთად. იგი წარმოადგენს რკინის კონსტრუქციას, რომელიც მყარად არ არის დაკავშირებული მიწასთან და შესაძლებელია მისი გადაადგილება. გ) 1997 წლის 1 იანვარს, ერთი მხრივ, ქალაქ წალენჯიხის მერიასა და, მეორე მხრივ, მოპასუხის (ამჟამად ერთ-ერთი მოსარჩელის) მამას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც ამ უკანასკნლემა თანხმობა განაცხადა, გამოეყო საკარმიდამო ნაკვეთიდან 18 კვ.მ ორი ტრანსფორმატორის დასამონტაჟებლად, ქ.წალენჯიხის მერიამ კი იკისრა ვალდებულება, ადგილობრივი შემოსავლებიდან ყოველთვიურად მისთვის გადაეხადა 15 ლარი. 2647 კვ.მ მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა ერთ-ერთი მოსარჩელის ოჯახის კანონიერ სარგებლობაში არსებულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთს, რომელიც შემდგომ საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ერთ-ერთი მოსარჩელის ბაბუის სახელზე.

12. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია აპელანტის პოზიცია, რომ ტრანფორმატორი მისი საკუთრება არ არის, მას ეკუთვნით მხოლოდ ელექტროგადამცემი ხაზები და ეს საკითხი სასამართლომ არ გამოიკვლია.

13. სააპელაციო პალატის მითითებით, აპელანტის წარმომადგენელი პირველი ინსტანცის სასამართლოში ყოველთვის მიანიშნებდა, რომ სადავო ტრანსფორმატორით მარაგდება კონკრეტულ რაიონში საზოგადოების მნიშვნელოვანი ობიექტების 80%, მისი გადატანითი სამუშაოები მინიმუმ 45 დღეს გაგრძელდება და ამ ხნის მანძილზე ელექტროენერგია გაეთიშებოდა მთელ რაიონში. თუმცა მხარე არ უარყოფდა, რომ თუკი მოხდება სასამართლოს მიერ მოპასუხის დავალდებულება, ტრანსფორმატორს გადაიტანდა ალტერანტიულ ადგილზე. მოპასუხის განმარტებით, ტრანსფორმატორის გადატანის ალტერნატიული გზა ყოველთვის მოიძებნებოდა, უბრალოდ არ იყო აღნიშნულის აუცილებლობა და საჭიროება.

14. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციის დამატებითი №1 ოქმის პირველი მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ საკუთრების უფლება სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა. იგი გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას, საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას.

15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 170-ე მუხლის პირველი ნაწილით რეგლამენტირებულია მესაკუთრის უფლებები, საკუთარი შეხედულებისამებრ კანონით აუკრძალავი ნებისმიერი ფორმით ისარგებლოს (მათ შორის არ ისარგებლოს) საკუთრების ობიექტით და ნორმით გაუთვალისწინებელი ნებისმიერი ჩარევა განხილულ უნდა იქნას საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლად.

16. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მესაკუთრეს ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა და, ამასთან, ამის რაიმე საფუძველი ხელშემშლელს არ გააჩნია. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა. თავის მხრივ, ფაქტის არსებობა დადასტურებული უნდა იყოს სათანადო მტკიცებულებებით.

17. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს, თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა. ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას. საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებით სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას. აღნიშნული კვლევისას სასამართლო, უმთავრესად, ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XIII თავით, რომლის 102-ე მუხლის მეორე ნაწილით რეგლამენტირებულია ნუსხა, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ხოლო ნორმის მესამე ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

18. სსსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ მტკიცებულებების კვლევის და მხარეთა განმარტებების მოსმენის შედეგად განმარტა, რომ მოსარჩელეებმა დაადასტურეს მათ ნაკვეთში მოპასუხის საკუთრებაში არსებული ტრანსფორმატორის განთავსების ფაქტი, რაც ხელს უშლით საკუთრებით სარგებლობაში, ანუ მოსარჩელეები მათი ნებისამებრ ვერ განკარგავენ და ვერ იყენებენ მიწის ნაკვეთს, რომელზეც ტრანსფორმატორია განთავსებული. მტკიცებულებების ანალიზით მოპასუხემ ვერ დაადასტურა, რომ ტრანსფორმატორი მისი არ არის ან/და რომ ტრანსფორმატორი მოსარჩელეების საკუთრებაში არსებულ მიწაზე დგას სამართლებრივი საფუძვლით. ასეთ ფაქტობრივ რეალობაში მოსარჩელეების მოთხოვნა ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე სამართლებრივად საფუძვლიანია. მეტიც, აპელანტმა განმარტა, რომ კანონიერი საფუძვლის გარეშე ფლობს და განკარგავს მოსარჩელის საკუთრებას.

19. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელეებმა უნდა ამტკიცონ რომ მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც ტრანსფორმატორია განთავსებული, კომერციული დანიშნულების მიწაა და ამ მხრივ მიწის გამოუყენებლობით მათ ადგებათ მატერიალური ზიანი, ასევე, მოსარჩელეებმა უნდა დაადასტურონ სათანადოდ, რომ სადავო ტრანსფორმატორი მათ ჯანმრთელობაზე მოქმედებს მავნედ, იგივე სსსკ მე-4, 102-ე, 105-ე მუხლებზე მითითებით მტკიცების ტვირთის სამართლიანი გადანაწილების სტანდარტიდან გამომდინარე, პალატამ განმარტა, რომ მოსარჩელეებმა ეს გარემოება ვერ დაადასტურეს (მატერიალური ზიანის და ჯანმრთელობისათვის მავნე გარემოს არსებობის ფაქტი).

20. აპელანტის წარმომადგენელი როგორც პირველი, ისე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში განმარტავდა, რომ „ელექტრონული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილების თანახმად, ტრანსფორმატორის გატანის ხარჯები უნდა გაიღოს იმ მხარემ, რომელიც მის გადატანას ითხოვდა.

21. სააპელაციო პალატის მითითებით, ზემოაღნიშნული დადგენილების 1.3. მუხლის თანახმად: „ეს წესი გამოიყენება ელექტრული ქსელების პროექტირების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის დროს, ასევე, ელექტროგადამცემი ხაზების მახლობლად სამუშაოთა წარმოებისას.“ 2.1. მუხლის „დ“ და „თ“ ქვეპუნქტებში განმარტენულია: დ) გამანაწილებელი პუნქტი – მოწყობილობათა ერთობლიობა, რომლის დანიშნულებაა ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიღება და განაწილება ერთ ძაბვაზე, გარდაქმნისა და ტრანსფორმაციის გარეშე და რომელიც არ შედის ქვესადგურის შემადგენლობაში; თ) მიწათმოსარგებლე – პირი, რომლის სარგებლობაში ან საკუთრებაში არის ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონაში მდებარე მიწის ნაკვეთი და სხვა უძრავი ქონება. 3.6. მუხლის მიხედვით, ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში მოხვედრილ მიწის ნაკვეთზე დასაშვებია სასოფლო-სამეურნეო და სხვა სამუშაოების წარმოება ამ წესითა და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით. მუხლი 4.1. ა) 1. აკრძალულია ნებისმიერი ქმედება, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობის ნორმალური ფუნქციონირების მოშლა, კერძოდ: ა) ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში შენობა-ნაგებობის, ხიდების, კოლექტორების, გვირაბების, საავტომობილო გზებისა და რკინიგზის რეკონსტრუქცია, ან/და მშენებლობა ელექტროგადამცემი ხაზის დამცავი ღონისძიებების გატარების ან მისი წინასწარი გადატანის გარეშე. ელექტროგადამცემი ხაზის გადატანა ხორციელდება დაინტერესებული პირის ხარჯით, ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის მიერ დადგენილი ტექნიკური პირობების შესაბამისად; მუხლი 14.14. სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური სამუშაოების შესრულების შემდეგ ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირი ვალდებულია საკუთარი ხარჯით აღადგინოს მიწის ან/და გზის საფარი, აანაზღაუროს ამ სამუშაოთა შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი. შესაბამისი სამუშაოს შესრულებამდე 3 დღით ადრე სამუშაოს შესრულების პირობები უნდა ეცნობოს მიწათმოსარგებლეს, ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს. მუხლი 17. მიწათმოსარგებლე ვალდებულია, ხელი არ შეუშალოს ელექტრული ქსელის ხაზობრივ ნაგებობებთან მომსახურე პერსონალისა და ტექნიკის შეუფერხებელ მისვლას.

22. სააპელაციო პალატა გაეცნო ზემოაღნიშნულ დადგენილებას, სადაც არსად არ არის მინიშნება იმაზე, რაზეც აპელანტი აპელირებდა, შესაბამისად, აპელანტის პოზიცია, რომ ტრანსფორმატორი გადატანილ იქნეს მოსარჩელის (ანუ მოთხოვნის ავტორის) ხარჯით ვერ იქნება გაზიარებული.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

23. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

24. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა საკუთრების უფლების არსსა და მისი დაცვის აუცილებლობაზე დასაბუთებულია, თუმცა სასამართლომ იგნორირება გაუკეთა მოპასუხის, ანუ ქსელის მესაკუთრის უფლებებსა და სპეციალურ ნორმას, რომელიც აწესრიგებდა სადავო ურთიერთობებს.

25. მხარემ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინებით დაირღვა არა მხოლოდ მოპასუხის საკუთრების უფლება, არამედ მესამე პირთა (ელექტროენერგიის მომხმარებელთა) ობიექტურად პატივსადები ინტერესები, რაც ქსელის დანიშნულებიდან გამომდინარე, უდავოდ უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული.

26. კასატორმა ჩათვალა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ 1998 წლის 20 ნოემბრის კანონის თანახმად, მოსარჩელეებმა უკანონოდ მოიპოვეს საკუთრების უფლება იმ მიწაზე, სადაც სადავო ტრანსფორმატორია განთავსებული. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის „ა“ და „დ“ პუქნტებით უძრავი ქონებაა ყველა სახის ხაზობრივი ნაგებობა (მათ შორის, ელექტროგადამცემი), იგი ცალკე უფლების ობიექტია და მის მესაკუთრესაც იცავს იგივე კანონმდებლობა. „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობის დაცვის წესის და მათი დაცვის ზონების“ მე-4 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ელექტროგადამცემი ხაზის გადატანა ხორციელდება დაინტერესებული პირის ხარჯით, ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის მიერ დადგენილი ტექნიკური პირობების შესაბამისად. გასაჩივრებული განჩინება კი, მიღებულია ყველა ამ ნორმის დარღვევით.

27. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 170-ე მუხლი. უპირველესად, აღნიშნული ნორმა სასამართლომ კასატორის მიმართ არ გაავრცელა. ამასთან, მოპასუხემ ქსელზე და მოსარჩელეებმა მიწაზე საკუთრების უფლება შეიძინეს უკვე არსებული მდგომარეობით. თავად მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ ნაგებობა დღეს არსებული ფორმით განთავსდა მიწათმოსარგებლის (მათი მამკვიდრებლის) თანხმობით, შეთანხმებული კომპენსაციით და მშენებლობის კანონიერება უდავოა.

28. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

29. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

30. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზეც ტრანსფორმატორი და ელექტროგადამცემი ხაზებია განლაგებული, წარმოადგენს მოსარჩელეების საკუთრებას. მანამდე კი მიწა, რომელზეც ტრანსფორმატორია განთავსებული წარმოადგენდა მათი წინაპრების, ანუ მამის და ბაბუის საკუთრებას.

31. უდავოა, რომ მოსარჩელეების წინაპრების თანხმობით მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ტრანფორმატორი განთავსდა 1997 წლიდან, რაზეც მოსარჩელეების მამა და ბაბუა სახელმწიფოსგან იღებდნენ გარკვეულ თანხას მიწით სარგებლობისათვის, კერძოდ, თვეში 15 ლარს. ამ ფაქტს არც აპელანტი უარყოფს.

32. სააპელაციო პალატის მითითებით, დავას არ იწვევს, რომ ამჟამად მიწის მესაკუთრეები რაიმე სასყიდელს მათი მიწის სარგებლობისათვის არ იღებენ.

33. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარე მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ იგნორირება გაუკეთა მოპასუხის, ანუ ქსელის მესაკუთრის უფლებებსა და სპეციალურ ნორმას, რომელიც აწესრიგებს სადავო ურთიერთობებს. მოსარჩელეებმა უკანონოდ მოიპოვეს საკუთრების უფლება იმ მიწაზე, სადაც სადავო ტრანსფორმატორია განთავსებული და, ასევე, არასწორად განმარტა სსკ-ის 170-ე მუხლი.

34. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

35. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

36. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.

37. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებულ სასამართლო პრაქტიკას სრულიად შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს მიერ სსკ-ის 170-ე და 172-ე მუხლების განმარტება, კერძოდ, 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პალატამ მიიჩნია, რომ საკუთრების უფლება აბსოლუტური უფლებაა, რაც ნიშნავს, რომ ყველა მესამე პირი ვალდებულია, თავი შეიკავოს სხვისი საკუთრების დარღვევისაგან. ამასთან, მესაკუთრის უფლებები შეზღუდულია ან კანონით ან ხელშეკრულებით.

38. სსკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საკუთრების უფლების დაცვის ორი საშუალება არსებობს – ვინდიკაციური სარჩელი და ნეგატორული სარჩელი. ნეგატორულ სარჩელს მხარე აღძრავს მაშინ, როცა სხვისი უკანონო მოქმედების გამო, ხელი ეშლება საკუთრების გამოყენებაში. ამ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსი მესაკუთრეს უფლებას აძლევს, მოსთხოვოს დამრღვევს ხელშეშლის აღკვეთა. თუ მის მოთხოვნას ეს უკანასკნელი არ დაეთანხმება და ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს.

39. მითითებულ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის პრაქტიკა (სუსგ 20.10.2014წ., საქმე №ას-722-684-2013, 23.01.2015წ. საქმე №ას-1176-1120-2014).

40. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მოპასუხემ სადავო ტრანსფორმატორის მოსარჩელეთა კუთვნილ მიწაზე განთავსების სამართლებრივი საფუძვლის არსებობა ვერ დაადასტურა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოცემული დავის საგანს არ წარმოადგენს მოსარჩელეთა მიერ უძრავი ქონების შეძენის კანონიერება, რაზეც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს. შესაბამისად, იმ მოცემულობით, რომლის თანახმადაც მოსარჩელეების კუთვნილ ნაკვეთზე განთავსებულია მოპასუხის მოძრავი ნივთი და ამით მესაკუთრეებს ხელს ეშლებათ მიწით სათანადოდ სარგებლობაში, სააპელაციო სასამართლომ სრულიად კანონიერად გაიზიარა მოსარჩელეთა პოზიცია და დააკმაყოფილა სარჩელი.

41. დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას არ წარმოადგენს მხარის მითითება სააპელაციო სასამართლოს მიერ სპეციალური ნორმების გამოუყენებლობის შესახებ და ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას, რომ მხარის მიერ მითითებულ დადგენილებაში არ არის დათქმა ტრანსფორმატორის გადატანის ხარჯების მოსარჩელისათვის (ანუ მოთხოვნის ავტორისათვის) დაკისრების თაობაზე. შესაბამისად, დასახელებული ნორმის დანაწესი მოპასუხისათვის სასურველი სამართლებრუივი შედეგის მომტანი ვერ იქნება.

42. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

43. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

44. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

45. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

46. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

47. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2017 წლის 27 ივლისს №.. საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ე.-ას“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ სს „ე.-ას“ (საიდენტიფიკაციო კოდი №..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2017 წლის 27 ივლისს №.. საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი