Facebook Twitter

საქმე №330210016001373391

საქმე №ას-1109-1029-2017 18 ოქტომბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ. გ.ი (შემდგომში – მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ. ს.-ე (შემდგომში – მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელემ განმარტა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა და საკუთარ სახელზე აღრიცხა უძრავი ქონება, თუმცა რეალურად ვერ დაეფლა მას, რადგან უძრავ ნივთს ფლობს და თავისი ნებით არ ათავისუფლებს მოპასუხე.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო ამავე წლის 19 დეკემბრის განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა დაინიშნა 2016 წლის 5 ოქტომბერს, 12:00 საათზე.

7. 2016 წლის 18 აგვისტოს მოპასუხეს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 70-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინების გზით ეცნობა სასამართლო სხდომის თაობაზე. მასვე კანონით დადგენილი წესით განემარტა სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ.

8. 2016 წლის 5 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე, მოსარჩელემ იშუამდგომლა გამოუცხადებელი მხარის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე. მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. სადავო საცხოვრებელი ბინა გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეს.

9. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 2016 წლის 5 ოქტომბერს სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო არასაპატიო მიზეზით, რადგან მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომ არ შეეძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება.

10. საპატიო მიზეზის დეფინიციას განამტკიცებს სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი. საქმის განხილვაზე მხარეთა გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებს კი არეგულირებს სსსკ-ის 229-ე მუხლის პირველი ნაწილი.

11. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ მოპასუხე, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და არც თავისი გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე სასამართლოს არ აცნობა. საქმის განხილვაზე მხარის არასაპატიო გამოუცხადებლობას კანონმდებელი უკავშირებს მის მიერ საქმის განხილვისადმი ინტერესის დაკარგვის ვარაუდს. ამავდროულად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება წარმოადგენს გარკვეულ სანქციას ისეთი მხარის მიმართ, რომელიც არაკეთილსინდისიერად არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ საპროცესო მოვალეობებს.

12. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა არსებობდეს 230-ე მუხლის შემადგენლობის ყველა ელემენტი: ა) მოპასუხისათვის საქმის განხილვის შესახებ ინფორმაციის შეტყობინება გონივრულ ვადაში; ბ) მოპასუხის საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობა; გ) გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არარსებობა; დ) მოპასუხის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

13. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავოა, მოპასუხის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზით. შესაბამისად, წარმოდგენილი საკითხის სწორად შესაფასებლად უნდა გაირკვეს, რა სახის გარემოება შეიძლება ჩაითვალოს საპატიოდ.

14. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამ შემთხვევაში ისევე, როგორც ზოგადად სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. მეტიც, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

15. დათქმა – „პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე“ გულისხმობს, რომ სამედიცინო ცნობაში გასაგებად უნდა იკითხებოდეს მხარის ჯანმრთელობის ისეთი მძიმე მდგომარეობის არსებობა, რომელიც რეალურად შეუშლის ხელს მხარეს გადაადგილებაში და სასამართლოსთან კომუნიკაციაში. აღნიშნული ეჭვს არ იწვევს, როდესაც დგინდება მხარისათვის სტაციონარული სამედიცინო მომსახურების გაწევის ფაქტი ან მკურნალი ექიმის რეკომენდაცია წოლითი რეჟიმის დაცვის თაობაზე, თუმცა გასათვალისწინებელია ისეთი შემთხვევაც, როდესაც სამედიცინო დოკუმენტი შეიცავს მხოლოდ პაციენტისათვის დასმულ დიაგნოზს. ეს დიაგნოზი კი, თავისთავად მეტყველებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეზე.

16. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 5 ოქტომბერს დანიშნულ სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელე მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო არასაპატიო მიზეზით. ამდენად, არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების და აღნიშნული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველი, სსსკ-ის 241-ე და 233-ე მუხლების თანახმად.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

17. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. თავისი მოთხოვნის მოტივად კასატორმა მიუთითა, რომ მოსარჩელემ უკანონო გზით ჩაიგდო ხელში სადავო ბინა, შესაბამისად, მისი მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე უსაფუძვლოა.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

19. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

20. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა დაინიშნა 2016 წლის 5 ოქტომბერს, 12:00 საათზე.

21. 2016 წლის 5 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე, მოსარჩელემ იშუამდგომლა გამოუცხადებელი მხარის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.

22. მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო საცხოვრებელი ბინა გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეს.

23. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2016 წლის 5 ოქტომბერს სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო არასაპატიო მიზეზით, რადგან მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ.

24. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მოპასუხის პრეტენზია შეეხება საქმის არსებით ფაქტობრივ გარემოებებს, რის შედეგადაც მხარე მიუთითებს, რომ მოსარჩელემ უკანონო გზით ჩაიგდო ხელში სადავო ბინა, შესაბამისად, მისი მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე უსაფუძვლოა.

25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

27. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.

28. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთების წინააღმდეგ.

29. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

30. საკასაციო პალატა სავსებით იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას ვინდიკაციური სარჩელის სამართლებრივი საფუძვლების თაობაზე და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ კანონის არსებითად სწორი განმარტების გზით მართებულად განსაზღვრა ვინდიკაციური სარჩელის აღძვრის სამართლებრივი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; მოპასუხე უნდა იყოს მოსარჩელის კუთვნილი ნივთის მფლობელი და მას არ უნდა გააჩნდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

31. სადავო შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა სამივე აღნიშნული წინაპირობის არსებობა, შესაბამისად, წარმოდგენილი სარჩელი სავსებით კანონიერად დაკმაყოფილდა.

32. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ მოცემული ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას, შეაფასოს კასატორის არგუმენტი სადავო უძრავ ნივთზე მოსარჩელის მიერ საკუთრების უფლების დანაშაულებრივი გზით მოპოვების შესახებ, ვინაიდან აღნიშნული საკითხის განხილვა სცილდება საკასაციო სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს. სურვილის შემთხვევაში მხარეს შეუძლია, დასახელებული პრეტენზიით მიმართოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს.

33. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს სადავოდ არ გაუხდია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა მისი არასაპატიო მიზეზით საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობის შესახებ.

34. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დასაბუთებულია სააპელაციო პალატის მხრიდან მოპასუხის გამოუცხადებლობის მიზეზების შეფასებისას სსსკ-ის 215-ე მუხლის გამოყენება, განმარტება და აღნიშნული ნორმის საფუძველზე მხარის გამოუცხადებლობის არასაპატიოდ ცნობა.

35. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

36. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

37. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

38. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. გ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური