Facebook Twitter

საქმე №130210016001565803

საქმე №ას-1127-1047-2017 18 ოქტომბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ჩ.-ი“ (შემდგომში – მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. მ.-ი (შემდგომში – მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ ზიანის – 14 064,61 ლარის ანაზღაურების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე აწარმოებს სარკინიგზო გვირაბების მშენებლობას დასავლეთ საქართველოს მიმართულებით. მშენებლობა მიმდინარეობს სამშენებლო ნორმების დარღვევით, რამაც გამოიწვია საცხოვრებელი სახლების დაზიანება. მათ შორის მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი და სასმელი წყლის ჭა დაზიანებულია.

3. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2016 წლის 12 სექტემბრის საცხოვრებელი სახლის დაზიანება ნაწილობრივ გამოწვეულია ფუძე-გრუნტების გაწყლიანების შედეგად, საძირკვლების არათანაბარი ჯდენითი დეფორმაციებით და ნაწილობრივ სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით. ასევე, სახლის უკან მდებარე საყრდენი კედლის დაზიანება გამოწვეულია მისი უხარისხო მოწყობითა და სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით. როგორც საცხოვრებელი სახლის, ისე საყრდენი კედლის აშენების წესი არ შეესაბამება მოქმედ სამშენებლო ნორმებს. ეზოში არსებული სასმელი წყლის ჭის ფერდების ჩამოქცევა გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით. დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით, საცხოვრებელ სახლზე წარმოქმნილი დაზიანებები I –II ხარისხისაა. ასეთ ხარისხში დაზიანებული შენობები შემდგომი ექსპლუატაციისათვის ვარგისია, თუმცა საჭიროებენ დაკვირვებას. ამ მიზნით, ბზარწარმოქმნის ადგილებზე, შენობის შიგა სივრცეში გაიკრას თაბაშირის, ხოლო გარეთ ქვიშა-ცემენტის ხსნარის ყალაურები (მანიშნები) შენობის შემდგომი ხანგრძლივი ექსპლუატაციისათვის აუცილებელია აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარება შესაბამისად დამუშავებული პროექტის მიხედვით. საყრდენი კედლის დაზიანება III ხარისხისაა და მისი შემდგომი ექსპლუატაცია გაძლიერების გარეშე საფრთხის შემცველია.

4. სასმელი წყლის ჭა ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარია. მიყენებული ზიანის ოდენობის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ აღდგენა-გაძლიერების საპროექტო დოკუმენტაციისა და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის შედგენის შემდეგ.

5. 2016 წლის 5 ოქტომბრის აუდიტორული დასკვნის მიხედვით, მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანებით მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 14 064,91 ლარი.

მოპასუხის პოზიცია:

6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ცალსახად ვერ დგინდება დამდგარ ზიანში მხოლოდ მოპასუხის ბრალეულობა, თუმცა შესაგებლით მხარე დაეთანხმა სარჩელში აღნიშნულ გარემოებას, რომ მოსარჩელის სახლისა და ჭის დაზიანება გამოწვეულია გვირაბის მშენებლობის პროცესში მრავალჯერადი აფეთქებებით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

7. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 9000 ლარისა და სასამართლო ხარჯების გადახდა, რაც მოპაუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი და სასმელი წყლის ჭა დაზიანებულია.

10. მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანებით მიღებულმა ზარალმა შეადგინა 14 064,91 ლარი.

11. მოპასუხე აწარმოებს დასავლეთ საქართველოს მიმართულებით სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას და მიმდინარეობს აფეთქებებს.

12. მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ მისათვის მიყენებული ზიანი მხოლოდ მოპასუხის მიერ ნაწარმოები სამშენებლო სამუშაოებისას განხორციელებული აფეთქებებითაა გამოწვეული. მოპასუხე მხარის ბრალეულობა მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანში არის ნაწილობრივი.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) მე-4 მუხლის პირველი ნაწილის, 102-ე მუხლის, 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივ გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და ისინი მიეთითება მათ მიერ. სსსკ ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, არამარტო მოსარჩელეა ვალდებული, ამტკიცოს სარჩელში მოყვანილი გარემოებები, არამედ მოპასუხეცაა ვალდებული დაამტკიცოს მის მიერ შესაგებელში მოყვანილი გარემოებები.

14. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 992-ე, 326-ე მუხლების, 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 409-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დელიქტიდან გამომდინარე სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, 2) იყოს ზიანი, 3) უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის, 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.

15. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც. თავის მხრივ, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.

16. განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 14 064,61 ლარის გადახდის დაკისრება საცხოვრებელი სახლისა და სასმელი წყლის ჭისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით. შესაბამისად, მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებს წარმოადგენდა ფაქტების იმ მტკიცება, რომ დაზიანებული საცხოვრებელი სახლი და სასმელი წყლის ჭა მას ეკუთვნოდა; მოქმედებები, რის შედეგადაც ქონება დაზიანდა სრულად მოპასუხემ განახორციელა; ზიანი, რომელიც დადგა, მიზეზობრივ კავშირშია მოპასუხის მიერ აფეთქებების წარმოებასთან.

17. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2016 წლის 12 სექტემბრის დასკვნაში ექსპერტმა მიუთითა: მოსარჩელის ,საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის დაზიანება ნაწილობრივ გამოწვეულია ფუძე-გრუნტების გაწყლიანების შედეგად, საძირკვლების არათანაბარი ჯდენითი დეფორმაციებით და ნაწილობრივ სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით. ასევე, სახლის უკან მდებარე საყრდენი კედლის დაზიანება გამოწვეულია მისი უხარისხო მოწყობითა და სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ როგორც საცხოვრებელი სახლის, ისე საყრდენი კედლის აშენების წესი არ შეესაბამება მოქმედ სამშენებლო ნორმებს. ეზოში არსებული სასმელი წყლის ჭის ფერდების ჩამოქცევა გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებებით. დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით საცხოვრებელ სახლზე წარმოქმნილი დაზიანებები I –II ხარისხისაა. ასეთ ხარისხში დაზიანებული შენობები შემდგომი ექსპლუატაციისათვის ვარგისია, თუმცა საჭიროებენ დაკვირვებას. ამ მიზნით, ბზარწარმოქმნის ადგილებზე, შენობის შიგა სივრცეში უნდა გაიკრას თაბაშირის, ხოლო გარეთ - ქვიშა-ცემენტის ხსნარის ყალაურები (მანისნები). შენობის შემდგომი ხანგრძლივი ექსპლუატაციისათვის აუცილებელია აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარება შესაბამისად დამუშავებული პროექტის მიხედვით. საყრდენი კედლის დაზიანება III ხარისხისაა და მისი შემდგომი ექსპლუატაცია, გაძლიერების გარეშე, საფრთხის შემცველია. სასმელი წყლის ჭა ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარია.

18. სააპელაციო სასამართლომ დაადგენა, რომ მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი და სასმელი წყლის ჭა დაზიანებულია. აუდიტორული დასკვნის მიხედვით, მიყენებული ზიანის ოდენობამ 14 064,91 ლარი შეადგინა, თუმცა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2016 წლის 12 სექტემბრის დასკვნის მიხედვით, სასმელი წყლის ჭის დაზიანება გამოწვეულია მოპასუხე მხარის მიერ განხორციელებული სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების პროცესში მრავალჯერადი აფეთქებებით; რაც შეეხება საცხოვრებელი სახლის დაზიანებას, ის გამოწვეულია ნაწილობრივ მოპასუხე მხარის მიერ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებით, ნაწილობრივ კი ფუძე გრუნტების გაწყლიანების შედეგად, საძირკვლების არათანაბარი ჯდენითი დეფორმაციებით, ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ როგორც საცხოვრებელი სახლის, ისე საყრდენი კედლის აშენების წესი არ შეესაბამება მოქმედ სამშენებლო ნორმებს.

19. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მტკიცების საგანში შემავალი ყველა ზემოთ დასახელებული ფაქტობრივი გარემოება დაადგინა, შესაბამისად, სააპელაციო წესით განსჯის საგანია ის დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც აპელანტმა სააპელაციო წესით სადავოდ გახადა. სააპელაციო საჩივრის შესაბამისად, აპელანტს სადავოდ აქვს გამხდარი მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა. იგი უთითებს, რომ ექსპერტიზის დასკვნით არ არის დადგენილი, თუ რა ნაწილი არის დაზიანებული მოპასუხის მიზეზით.

20. სააპელაციო სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების კვლევის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენება ნაწილობრივ განპირობებულია მოპასუხის მიერ წარმოებული აფეთქებებით, ხოლო აღნიშნული აფეთქებების შედეგად დამდგარი ზიანი 9000 ლარს შეადგენს.

21. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა, რომ ზიანის ოდენობის სარწმუნოდ დადასტურების მიზნებისათვის მოსარჩელემ აუდიტის დასკვნა წარმოადგინა.

22. მითითებული დასკვნის მიხედვით, ნ. მ.-ის საცხოვრებელი სახლის დაზიანებით მიღებულმა ზარალმა შეადგინა 14 064,91 ლარი. თავის მხრივ, მოპასუხე მხარეს (აპელანტს) არ წარმოუდგენია რაიმე სახის საპირისპირო მტკიცებულება ზიანის ოდენობის განსაზღვრისათვის.

23. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სსსკ-ის 102-ე მუხლით მხარეზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი აპელანტმა ვერ განახორციელა – მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს საწინააღმდეგო მტკიცებულებები ვერ დაუპირისპირა.

24. რაც შეეხება მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობის 9000 ლარით განსაზღვრას, აღნიშნულთან დაკავშირებით საგულისხმოა ის ფაქტი, რომ თავად მოსარჩელე მხარეს ზარალის ოდენობის 9000 ლარამდე შემცირება სადავოდ არ გაუხდია. აღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო საჩივარი მოსარჩელეს არ წარუდგენია, იგულისხმება, რომ კრედიტორი მითითებულ ნაწილში გადაწყვეტილებას დაეთანხმა. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში კრედიტორის სასარგებლოდ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ვერ შეიცვლება, პირველ რიგში, კრედიტორის სააპელაციო საჩივრის არარსებობის გამო, ხოლო, მეორე რიგში, აპელანტის საპროცესო-სამართლებრივი მდგომარეობის გაუარესების დაუშვებლობის გამო (ერთი აპელაციის ფარგლებში აპელანტის მდგომარეობის საუარესოდ შებრუნების დაუშვებლობა).

25. სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით ითხოვს მხარე ზიანის ოდენობის შემცირებას და აღნიშნული ოდენობის სხვა წესით დაანგარიშებას.

26. ამდენად, ერთი მხრივ, ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნით დაანგარიშებული ზიანის ოდენობა საქმეში არსებული სხვა სახის მტკიცებულებით გაქარწყლებული არ არის, თუმცა, ამავდროულად, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მითითებული აუდიტის დასკვნის გაზიარებით აპელანტის მდგომარეობა საუარესოდ არ უნდა შებრუნდეს.

27. საქმეში წარმოდგენილი არ არის დამატებითი მტკიცებულება, რომლითაც სააპელაციო სასამართლო 9000 ლარის დაკისრების უსაფუძვლობაში დარწმუნდებოდა. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ საკუთარი ინიციატივით ექსპერტიზის დანიშვნა დაარღვევდა მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპს, ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილია აუდიტის დასკვნა, რომლის სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი სააპელაციო სასამართლოს არ აქვს, ვინაიდან აღნიშნული დასკვნის გამაქარწყლებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხის ახსნა-განმარტებისა და ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მოახდინა აუდიტის დასკვნით დათვლილი ზიანის ოდენობის კორექტირება (შემცირება).

28. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქმეში წარმოდგენილი იქნებოდა სხვა სარწმუნო მტკიცებულება, რომლითაც გაქარწყლდებოდა აუდიტის დასკვნა, საკითხის სწორად შეფასების მიზნებისათვის სპეციალური ცოდნის აუცილებლობის გათვალისწინებით, სასამართლო სსსკ-ის 162-ე მუხლზე დაყრდნობით, თავად დანიშნავდა ექსპერტიზას, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ერთი მხარის მიერ წარმოდგენილი დასკვნა მეორე მხარემ სარწმუნოდ ვერ გააქარწყლა და არც სააპელაციო სასამართლოს გაუჩნდა დასაბუთებული ვარაუდი აუდიტის დასკვნის არასარწმუნოობასთან დაკავშირებით, შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით, ასეთ ვითარებაში ექსპერტიზა არ უნდა დაინიშნოს, მით უფრო, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ აუდიტის დასკვნით გათვალისწინებული ზიანის ოდენობა მოპასუხის ახსნა-განმარტების საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლომ მნიშვნელოვანწილად შეამცირა, ხოლო აღნიშნული ოდენობის კიდევ უფრო შემცირების პერსპექტივა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, არ არსებობს. აღნიშნული დასკვნის საფუძველს წარმოადგენს თვით მოპასუხის ახსნა-განმარტება და საქმეში არსებული მტკიცებულებები.

29. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ზიანის ოდენობაზე ნაკლები ოდენობა მაინც არ დასტურდება, შესაბამისად, იმ გარემოებებისა და მტკიცებულებების არსებობის პირობებში, რაც საქმეშია წარმოდგენილი, სასამართლომ ზიანის ოდენობას გონივრულად ჩათვალა და საკუთარი ინიციატივით დამატებითი ექსპერტიზის ჩატარება მიზანშეუწონლად მიიჩნია, მით უფრო, რომ დავის სპეციფიკის გათვალისწინებით, ზიანის ზედმიწევნით ზუსტი ოდენობით დადგენა შეუძლებელია. ასეთ ვითარებაში საკითხი სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ შეჯიბრებითობის საფუძველზე უნდა გადაწყდეს.

30. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა არათანაზომიერია მოპასუხის მიერ გამოწვეულ სავარაუდო ზიანთან და იგი უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს დაეკისროს 9 000 ლარის გადახდა.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

31. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

32. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ სათანადოდ არ გამოიკვლია საქმე და პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად არ დაადგინა, რის საფუძველზე დააკისრა მოპასუხეს 9 000 ლარი მაშინ, როდესაც თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ სადავო დაზიანებების დიდი ნაწილი, თუ სრულად არა, გამოწვეულია თავად მოსარჩელის მიზეზით.

33. ამავდროულად, კასატორმა იშუამდგომლა საკასაციო სასამართლოს წინაშე საქმეზე ახალი მტკიცებულების – აფეთქებების მონიტორინგის საერთაშორისო კომპანიის დასკვნის დართვის შესახებ. მხარის მითითებით, აღნიშნული დასკვნით დასტურდება, რომ მოსარჩელის კუთვნილი სახლი არ მდებარეობს აფეთქების ზონაში და მოპასუხის მიერ ჩატარებული აფეთქებები სადავო დაზიანებებს ვერ გამოიწვევდა.

34. საკასაციო საჩივარს დაერთო ახალი მტკიცებულებები 200 გვერდად (ს.ფ. 197-397).

35. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

36. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

37. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი და სასმელი წყლის ჭა დაზიანებულია.

38. მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანებით მიღებულმა ზარალმა შეადგინა 14 064,91 ლარი.

39. მოპასუხე აწარმოებს დასავლეთ საქართველოს მიმართულებით სარკინიგზო გვირაბის მშენებლობას და მიმდინარეობს აფეთქებებს.

40. მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ მისათვის მიყენებული ზიანი მხოლოდ მოპასუხის მიერ ნაწარმოები სამშენებლო სამუშაოებისას განხორციელებული აფეთქებებითაა გამოწვეული. მოპასუხე მხარის ბრალეულობა მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანში არის ნაწილობრივი.

41. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარემ მიიჩნია, რომ გაურკვეველია, რის საფუძველზე დააკისრა მოპასუხეს 9 000 ლარი, რადგან თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით ირკვევა, რომ სადავო დაზიანებები, თუ სრულად არა, უმეტესწილად გამოწვეულია თავად მოსარჩელის მიზეზით.

42. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

43. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

44. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.

45. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსკ-ის 992-ე მუხლის განმარტებასთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარი და სტაბილური პრაქტიკა. მითითებული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

46. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მოხმობილი ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი.

47. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა.

48. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

49. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია სააპელაციო პალატის იმ მსჯელობის საწინააღმდეგოდ, რომ მოსარჩელემ სრულად განახორციელა მის მიერ სარჩელში მითითებული სადავო გარემოებების მტკიცების ვალდებულება და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურა მისთვის მიყენებული ზიანის არსებობა, აღნიშნული ზიანის გამომწვევი მიზეზი და მისი ოდენობა, ხოლო მოპასუხემ ვერანაირი წონადი არგუმენტით ვერ უარყო მოსარჩელის არგუმენტები. მეტიც, შესაგებლით იგი დაეთანხმა კიდეც სარჩელში აღნიშნულ გარემოებას, რომ მოსარჩელის სახლისა და ჭის დაზიანება გამოწვეულია გვირაბის მშენებლობის პროცესში მრავალჯერადი აფეთქებებით.

50. რაც შეეხება საკასაციო საჩივრაში მითითებულ ახალ მტკიცებულებას და შუამდგომლობას საქმეზე მისი დართვის შესახებ, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მხარეთა მიერ მათი მოთხოვნების დასასაბუთებლად და მითითებული ფაქტების დასამტკიცებლად საჭირო მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას, რომლის შესაბამისად მხარეებს მტკიცებულებათა წარდგენა შეუძლიათ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას შესაბამისი წესების დაცვით. გამონაკლის შემთხვევაში, კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობისას, დასაშვებია ახალი მტკიცებულების წარდგენა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოშიც (სსკ-ის 380-ე მუხლი), თუმცა საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას მხარე ასეთ შესაძლებლობას მოკლებულია. აღნიშნულ წესზე გავლენას ვერ მოახდენს მხარის მითითება, რომ მისთვის კონკრეტული გარემოების ან მტკიცებულების არსებობის შესახებ ცნობილი გახდა სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ან დოკუმენტები, რომელთა წარდგენაც მხარეს სურდა, შეიქმნა სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. ამგვარი მტკიცებულებები მოცემული დავის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანი ვერ გახდება. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები 200 გვერდად (ს.ფ. 197-397).

51. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

52. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

53. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

54. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

55. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

56. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2017 წლის 4 აგვისტოს №.. ელექტრონული საგადახდო დავალებით გადახდილი 450 ლარის 70% – 315 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ჩ.–ს“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შპს „ჩ.–ის“ (საიდენტიფიკაციო კოდი №..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2017 წლის 4 აგვისტოს №.. ელექტრონული საგადახდო დავალებით გადახდილი 450 ლარის 70% – 315 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური