საქმე №010217716001657933
საქმე №ას-1137-1057-2017 2 ოქტომბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – შპს „ს.-ი“ (შემდგომში – შპს)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჰ.-ი“ (შემდგომში – განმცხადებელი, მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 მარტის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
განმცხადებლის მოთხოვნა:
1. განმცხადებელმა სასამართლოს მიმართა სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზნით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 დეკემბრის განჩინებით მხარის განცხადებას უარი ეთქვა, რაზეც განმცხადებელმა შეიტანა საჩივარი.
3. ამავე სასამართლოს 2017 წლის 20 იანვრის განჩინებით საჩივარი განჩინების გაუქმების თაობაზე მიჩნეული იქნა დაუსაბუთებლად და საქმის მასალებთან ერთად გაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 მარტის განჩინებით საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა განცხადება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა, განჩინებაში მითითებულ იურიდიულ პირს აეკრძალა გადახდის განვადებით შეძენილი ქონების საფასურის გადახდა, როგორც შპს-ს, ისე ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის.
საჩივრის მოთხოვნა:
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს-მ შეიტანა საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ივლისის განჩინებით საჩივარი ცნობილ იქნა დაუშვებლად და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სსსკ-ის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივრი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
9. აღნიშნული ნორმა ადგენს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე შეტანილი საჩივარი, რომელიც დაუკმაყოფილებლად გაეგზავნა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს, ამ სასამართლოს მიერ განიხილება კერძო საჩივრისათვის დადგენილი წესების შესაბამისად. მითითებული ნორმების მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით (სსკ-ის 420-ე მუხლი). ამასთან, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება (სსკ-ის 419-ე მუხლის მესამე ნაწილი). სსსკ-ის 414-ე მუხლის თანახმად კი, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელი ითვალისწინებს საჩივრის განხილვას ორი ინსტანციის სასამართლოს წესით, შესაბამისად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მოცემულ საკითხზე საბოლოოა და მისი შემდგომი გასაჩივრების შესაძლებლობას კანონმდებელი არ ითვალისწინებს.
11. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 დეკემბრის განჩინებით მხარის განცხადებას სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის შესახებ უარი ეთქვა, რაზეც განმცხადებელმა შეიტანა საჩივარი.
12. ამავე სასამართლოს 2017 წლის 20 იანვრის განჩინებით საჩივარი განჩინების გაუქმების თაობაზე მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და საქმის მასალებთან ერთად გაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 მარტის განჩინებით საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა განცხადება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა.
14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს-მ შეიტანა საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.
15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ივლისის განჩინებით საჩივარი ცნობილ იქნა დაუშვებლად და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, ვინაიდან განცხადება სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის შესახებ წარდგენილ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოში, ზემოთ მოყვანილი ნორმების შესაბამისად, მისი განხილვა უნდა მომხდარიყო მხოლოდ ორი ინსტანციით, ანუ სააპელაციო პალატა საქმეს იხილავდა, როგორც ზემდგომის ინსტანციის სასამართლო. ამდენად, სააპელაციო პალატამ 2017 წლის 24 ივლისის განჩინებით, ერთი მხრივ, მართებულად იხელმძანელა სსსკ-ის 1971, 419-ე და 420-ე მუხლებით, მეორე მხრივ კი, საქმე კანონდარღვევით გაუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს განსახილველად.
17. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა წარმოადგენდა საჩივრის განმხილველ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს, შესაბამისად, მისი განჩინება გადასინჯვას აღარ ექვემდებარებოდა და საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი ვეღარ გახდება.
18. ზემოთ მითითებული მსჯელობის საფუძველზე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 მარტის განჩინებაზე უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ს.-ის“ საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე