საქმე № 010290116700018830
საქმე №ას-1174-1094-2017 11 ოქტომბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „რ.-ი“ (შემდგომში – განმცხადებელი)
მოწინააღმდეგე მხარე – ა. მ.–ი (შემდგომში – მოვალე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საარბიტრაჟო გადაწყვეტყილების აღსრულების განაწილვადება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
განმცხადებლის მოთხოვნა:
1. განმცხადებელმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა, დადგინდა არბიტრაჟის 2016 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულება შემდეგი სახით: მოვალეს განმცხადებლის სასარგებლოდ დაეკისრა 29 570,88 აშშ დოლარის, საარბიტრაჟო შენატანის – 1393,57 ლარისა და წარმომადგენელზე გაწეული ხარჯის – 2590 ლარის გადახდა. თანხის გადახდა დადგინდა მოვალის კუთვნილი, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის გზით.
3. ამავე სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის განჩინებით მოვალის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სააპელაციო პალატის 2017 წლის 15 მარტის განჩინების აღსრულება გადაიდო 3 თვით – 2017 წლის 15 ივნისამდე.
განმცხადებლის მოთხოვნა:
4. მოვალემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ივლისის განჩინებით მოვალის შუამდგომლობა გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის განჩინების აღსრულება განაწილვადდა 9 თვით ვადით, მოვალეს დაეკისრა განმცხადებლის სასარგებლოდ თანხის გადახდა შემდეგი გრაფიკით: 2017 წლის 17 აგვისტომდე – 10 000 აშშ დოლარი და 442 ლარი; 2017 წლის 17 სექტემბრამდე – 2446.36 აშშ დოლარი და 442 ლარი; 2017 წლის 17 ოქტომბრამდე – 2446.36 აშშ დოლარი და 442 ლარი; 2017 წლის 17 ნოემბრამდე – 2446.36 აშშ დოლარი და 442 ლარი; 2017 წლის 17 დეკემბრამდე - 2446.36 აშშ დოლარი და 442 ლარი; 2018 წლის 17 იანვრამდე – 2446.36 აშშ დოლარი და 442 ლარი; 2018 წლის 17 თებერვლამდე – 2446.36 აშშ დოლარი და 442 ლარი; 2018 წლის 17 მარტამდე – 2446.36 აშშ დოლარი და 442 ლარი; 2018 წლის 17 აპრილამდე – 2446.36 აშშ დოლარი და 447.57 ლარი შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 263-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიიჩნია, რომ ნორმის დისპოზიციიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების გადადება თუ მისი განაწილვადება დაიშვება შემდეგ შემთხვევებში: ა) მხარის რთული ქონებრივი მდგომარეობა და/ან სხვა გარემოების არსებობისას. ეს უკანასკნელი დათქმა მოიაზრებს ყველა იმგვარ მოვლენასა და ხდომილებას, რაც ობიექტური შეფასების შემთხვევაში იძლევა იმის დასკვნის საფუძველს, რომ ზემოაღნიშნული ღონისძიების გამოუყენებლობა ზიანის მომტანი იქნება მხარისათვის.
7. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ კანონმდებლობა ადგენს გარკვეულ ბალანსს კრედიტორსა და მოვალის ინტერესებს შორის და კრედიტორის უფლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, დასაშვებად მიიჩნევს მოვალის უფლებების დაცვას, რათა ხელისუფლების ორგანოს ქმედებით (სააღსრულებო ორგანო) მოვალეს არ მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი. ამგვარ საშუალებას წარმოადგენს საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული აღსრულების ერთჯერადად გადადება და განაწილვადება.
8. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა განმცხადებლის განმარტებასა და საქმის მასალებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლითაც დგინდება, რომ მოვალე 2015 წლის 19 დეკემბრამდე კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას და ვალდებულების შეუსრულებლობა დაკავშირებული იყო მის პატიმრობასთან.
9. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოვალეს აქვს მძიმე ფინანსური მდგომარეობა. აღნიშნულზე მეტყველებს თავად ვალდებულების შეუსრულებლობა და დაკისრებული თანხების ამოღების მიზნით მოვალის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის აუქციონზე რეალიზაციის დადგენის ფაქტი. ამასთან, მნიშვნელოვანია, თუ რა გარანტიებს იძლევა მოვალე ვალდებულების განაწილვადების შემთხვევაში მის შესრულებასთან დაკავშირებით. განმცხადებლის მითითებით, მას აქვს შესაძლებლობა, დაუყოვნებლივ გადაიხადოს 10 000 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი თანხის ერთ წელზე განაწილვადებით, მას მიეცემა შესაძლებლობა, ნებაყოფლობით აღასრულოს გადაწყვეტილება. მოვალე თავიდან აიცილებს აუქციონზე ქონების რეალიზაციის შედეგად გამოწვეულ ზიანს, კერძოდ, იმას, რომ შესასრულებელ ვალდებულებაზე ორჯერ და მეტად ძვირადღირებული ქონება არ გაიყიდოს აუქციონის წესით და მოვალის პენსიონერი, ინვალიდი დედა არ დარჩეს ღია ცის ქვეშ. განმცხადებლის განმარტებით, მას სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია. ამასთან, საკუთრებაში აქვს სხვა უძრავი ნივთები (მიწის ნაკვეთი), რომლის რეალიზაციით ნებაყოფლობით შეასრულებს ვალდებულებას.
10. სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა საქმეზე დადგენილი გარემოებები და მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების აღსრულება უნდა განაწილვადდეს, რა პერიოდშიც მოვალეს მიეცემა შესაძლებლობა, ნებაყოფლობით შეასრულოს ვალდებულება, ისე რომ აღნიშნული არ გამოიწვევს კრედიტორისათვის მნიშვნელოვან ზიანს, ხოლო მოვალე თავიდან აიცილებს აუქციონზე ქონების რეალიზაციის შედეგად გამოწვეულ მძიმე შედეგებს.
11. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოვალის ვალდებულება კრედიტორის წინაშე შეადგენს 29570.88 აშშ დოლარსა და 3983.57 ლარს (1393.57+2590).
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის განჩინებით განმცხადებლისშუამდგომლობა გადაწყვეტილების 3 თვის ვადით აღსრულების გადადების შესახებ დაკმაყოფილდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია, შესასრულებელი ვალდებულება განაწილვადდეს 9 თვეზე.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კრედიტორმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
14. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას და არღვევს განმცხადებლის უფლებებს.
15. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ ერთსა და იმავე საქმეზე ორჯერ გამოიყენა სსსკ-ის 263-ე მუხლი. პირველად 2017 წლის 15 მარტს, როდესაც აღსრულება გადაიდო 3 თვით, ხოლო მეორედ 2017 წლის 17 ივლისს, როდესაც მოახდინა გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადება. აღნიშნული ნორმა არ ითვალისწინებს ასეთ შესაძლებლობას, შესაბამისად, გადაწყვეტილების აღსრულების განსხვავებული წესი მხოლოდ ერთჯერადად უნდა იქნეს გამოყენებული.
16. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ №2ბ/2848-16 სამოქალაქო საქმეზე უკვე გაცემულია კანონიერ ძალაში შესული 2017 წლის 15 მარტის განჩინება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების შესახებ და, ასევე, შესაბამისი სააღსრულებლო ფურცელი. აღნიშნული დოკუმენტაცია უკვე წარდგენილია აღსრულების ეროვნულ ბიუროში და აღსრულების პროცესიც დაწყებულია, რაც გულისხმობს, რომ სადავო განჩინება აფერხებს განმცხადებლის მატერიალური და პროცესუალური უფლებების განხორციელებას.
17. მხარის მოსაზრებით, გაურკვეველია, რა მტკიცებულებებით დასტურდება მოწინააღმდეგე მხარის მიერ გასაჩივრებული განჩინებით დაკისრებული თანხის გადახდის რეალური შეუძლებლობა, როგორც დადგენილია აღნიშნული განჩინებით.
18. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ წელიწადნახევარია, რაც მოწინააღმდეგე მხარემ ვალდებულება დაარღვია და ამ დროის განმავლობაში მას არანაირი ქმედითი ღონისძიება არ განუხორციელებია ვალდებულების შესასრულებლად. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არ დაიცვა სსსკ-ის 263-ე მუხლის გამოყენებისას კრედიტორისა და მოვალის ინტერესებს შორის ბალანსი, ვინაიდან გაუმართლებლად იზღუდება კრედიტორის უფლება, დროულად მიიღოს კუთვნილი თანხა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
19. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
20. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სააპელაციო პალატის მიერ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადების კანონიერება.
21. სსსკ-ის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.
22. დასახელებული ნორმა უფლებამოსილებას ანიჭებს სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე გარკვეული დროის მანძილზე გააწილვადოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება ისეთი ობიექტური მიზეზის არსებობისას, როგორიცაა მოვალის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა ან სხვა ყურადსაღები გარემოებები, რომელთა შეფასება და მხედველობაში მიღება სასამართლოს პრეროგატივას წარმოადგენს. ამდენად, გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადება წარმოადგენს კანონმდებლის მიერ დაწესებულ ერთგვარ შეღავათს, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მოვალეს, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადით გაახანგრძლივოს მის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების დაწყების პერიოდი და გამოუსწორებელი ზიანი არ მიადგეს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად.
23. აღნიშნული შეღავათის გავრცელებისას კანონმდებელი ითვალისწინებს ორივე მხარის ინტერესს. სწორედ ამით აიხსენება ზემოთ მითითებული ნორმის დისპოზიციაში საშეღავათო ზღვრული ვადის დაწესება, ხოლო სასამართლო, თავის მხრივ, ირჩევს ისეთ ვადასა და პირობებს, რომლებიც არც კრედიტორის უფლებების გაუმართლებელ შეზღუდვას არ გამოიწვევს.
24. მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ივლისის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოვალის შუამდგომლობა გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადების თაობაზე.
25. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას მოვალის მიმართ საშეღავათო პირობების გამოყენებასთან დაკავშირებით, კერძოდ, რომ მოვალეს აქვს მძიმე ფინანსური მდგომარეობა, რაც დასტურდება დავალიანების ოდენობითა და თანხის ამოსაღებად მოვალის კუთვნილი უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაციის დადგენის ფაქტით.
26. ამავდროულად, მოვალემ მზადყოფნა გამოთქვა, დაუყოვნებლივ გადაეხადა 10 000 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი თანხა დაეფარა ერთ წელზე განაწილვადებით, რითაც მოვალე თავიდან აიცილებდა აუქციონზე ქონების რეალიზაციის შედეგად გამოწვეულ ზიანს, ვინაიდან სარეალიზაციოდ მიქცეული ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატებოდა შესასრულებელ ვალდებულებას, ხოლო მოვალის ოჯახი, მათ შორის, პენსიონერი, ინვალიდი დედა შეინარჩუნებს ერთადერთ საცხოვრებელ ბინას. განმცხადებლის განმარტებით, მას საკუთრებაში აქვს სხვა მიწის ნაკვეთი, რომლის რეალიზაციით ნებაყოფლობით შეასრულებდა ვალდებულებას.
27. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად შეაფასა საქმის ვითარება და მიღებული განჩინებით კრედიტორისა და მოვალის კანონიერ უფლებებს შორის გონივრული ბალანსი არ დარღვეულა.
28. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ სააპელაციო სასამართლოს უფლება არ ჰქონდა, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების მიმართ გამოეყენებინა როგორც აღსრულების გადადება, ისე განაწილვადება, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის განჩინებით მოვალის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სააპელაციო პალატის 2017 წლის 15 მარტის განჩინების აღსრულება გადაიდო 3 თვით – 2017 წლის 15 ივნისამდე.
29. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინების გასაჩივრების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი საქმეში წარმოდგენილი არ არის, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების გადადების კანონიერების საკითხზე და შემოიფარგლება წარმოდგენილი კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების საპროცესო-სამართლებრივი ფარგლებით.
30. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
32. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კერძო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 50 ლარს, ხოლო მოცემულ საქმეზე გადახდილია 150 ლარი, საიდანაც კერძო საჩივრის ავტორს სახელმწიფო ხაზინიდან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 100 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „რ.-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. შპს „რ.-ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მ. ბ.–ისა და შპს „რ.-ის“ მიერ 2017 წლის 28 ივლისს №.. საგადასახადო დავალებით გადახდილი 100 ლარი.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე