საქმე №330210116001432410
საქმე №ას-1195-1115-2017 27 ოქტომბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – კ. ბ.-ე (შემდგომში – მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ა.-ი (შემდგომში – მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა ცვლილების შეტანა ნოტარიუსის მიერ 2016 წლის 14 ივნისს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში და აღსასრულებელი ფულადი ვალდებულებიდან ძირითადი თანხა – 10 000 აშშ დოლარი შემცირდეს 1 700 აშშ დოლარით და განისაზღვროს 8 300 აშშ დოლარით, ხოლო ყოველდღიურად დასარიცხი პირგასამტეხლო – 0.12% შემცირდეს 0.05%-მდე და განისაზღვროს 390 აშშ დოლარით.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 13 იანვარს მოპასუხისაგან ისესხა 10 000 აშშ დოლარი 3 თვის ვადით, 2016 წლის 13 აპრილამდე, ყოველთვიურად 3.37% დარიცხვით. ხელშეკრულებით პირგასამტეხლოს ოდენობად განისაზღვრა 0.12% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მისი კუთვნილი უძრავი ქონება.
3. 2016 წლის 14 ივნისს ნოტარიუსმა მოპასუხის მოთხოვნის საფუძველზე გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა სესხის ძირითადი თანხა – 10 000 აშშ დოლარი, დარიცხული პირგასამტეხლო – 1 080 აშშ დოლარი და სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი – 126.72 ლარი. შემდგომში სააღსრულებო ფურცელში შესული ცვლილების შესაბამისად, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობამ შეადგინა სესხის ძირითადი თანხა – 10 000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო – 936 აშშ დოლარი და სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი – 126.72 ლარი;
4. მოსარჩელის მითითებით, ძირითადი თანხიდან დაფარა სულ 1 700 აშშ დოლარი, რაც არ ასახულა სააღსრულებო ფურცელში. ამავდროულად, დაკისრებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი, უნდა შემცირდეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.05%-ის ოდენობით და განისაზღვროს 390 აშშ დოლარით.
მოპასუხის პოზიცია:
5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებანი, კერძოდ, 2016 წლის 13 იანვარს მხარეებს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხისაგან ისესხა 10 000 აშშ დოლარი, 3 თვის ვადით, 2016 წლის 13 აპრილამდე. სესხი იყო სარგებლიანი და ხელშეკრულების პირველი მუხლის შესაბამისად, სარგებელი შეადგენდა 3.37%-ს.
9. ხელშეკრულების მე-13 მუხლით განსაზღვრული იყო, რომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის ხელშეკრულების დამრღვევი მხარე იხდის პირგასამტეხლოს ძირითადი თანხის 0.12%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე.
10. ხელშეკრულების მე-5 მუხლით მოხდა სესხის უზრუნველყოფა იპოთეკით, კერძოდ, იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება და იპოთეკა დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.
11. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სულ გადაიხადა სესხისათვის გათვალისწინებული პროცენტი – 1 000 აშშ დოლარი. აპელანტმა აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგოდ მიუთითა საქმეში წარმოდგენილ ხელწერილებზე, რომლითაც, მისი მოსაზრებით, დასტურდება, სასამართლოს მიერ დადგენილი 1000 აშშ დოლარის გარდა ,კრედიტორისათვის 700 აშშ დოლარის გადახდა.
12. სააპელაციო პალატამ აპელანტის ზემოაღნიშნული პოზიცია არ გაიზიარა და განმარტა, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) მე-4 და 102-ე მუხლების მიხედვით, ნიშნავს, რომ მხარეებს ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
13. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს (მოსარჩელეს). სამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ დასაშვებ მტკიცებულების სახეს, 429-ე მუხლის საფუძველზე ასეთი შეიძლება იყოს კრედიტორის მიერ გაცემული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც საქმის მასალებში არ მოიპოვება.
14. ამრიგად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ ჩათვალა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხელწერილები ვალდებულების შესრულების და, შესაბამისად, ვალდებულების ნაწილობრივ შეწყვეტის დამადასტურებელ მტკიცებულებად, რადგან ისინი შედგენილია და დადასტურებულია თავად მოსარჩელის ხელმოწერით და არ ადასტურებს კრედიტორის მიერ შესრულების მიღებას.
15. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე მართებულად დაადგინა, რომ გადახდილი 1000 აშშ დოლარი წარმოადგენს სესხის პროცენტს, და არა სესხის ძირითად თანხას. ხელშეკრულების პირველი მუხლის შესაბამისად, სარგებელი სესხისათვის შეადგენდა თვეში 3.37%-ს – ჯამში 1011 აშშ დოლარს, საიდანაც მოსარჩელემ 400 აშშ დოლარი კრედიტორს გადაუხადა ხელშეკრულების დადებისათანავე, ხოლო წარმოდგენილი ქვითრებით დგინდება, რომ მოსარჩელემ კრედიტორს ასევე გადაუხადა 2016 წლის 18 მარტს 300 აშშ დოლარი, ამავე წლის 5 მაისს – 300 აშშ დოლარი. ამდენად, იმ ვითარებაში, როცა გადახდილი თანხა არ აღემატება სესხით სარგებლობისათვის მხარეთა მიერ შეთანხმებულ გადასახდელი პროცენტის რაოდენობას, საფუძველს მოკლებულია აპელანტის მტკიცება, რომ გადახდილი თანხა მიჩნეული უნდა იქნეს სესხის ძირის ნაწილად.
16. ამრიგად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, მხარეებს შორის არსებული სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე, შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა სწორად დაადგინა და მართებულად უთხრა მოსარჩელეს უარი სადავო სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული ვალდებულების, სესხის ძირითადი თანხის – 10000 აშშ დოლარის შემცირებაზე.
17. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა სააღსრულებო ფურცლით განსაზღრული პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობას და მიიჩნია, რომ მისი შემცირების საფუძველი არ არსებობს.
18. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აპელნტის განმარტებით, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირი თანხის 0.12%-ის ოდენობით შეუსაბამოდ მაღალია და ეწინააღმდეგება სასამართლო პრაქტიკას, რომელიც გონივრულად მიიჩნევს 0.05%-ს.
19. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთგზის განმარტა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. საქმე №.ას 848-814-16, №ას-816-767-15, №ას-953-918).
20. ამრიგად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ პირგასამტეხლოს შეუსაბამობა გონივრულ ოდენობასთან შეფასებითი კატეგორია და მისი განსაზღვრა უნდა მოხდეს არა მხოლოდ მხარეთა მიერ გათვალისწინებული საპროცენტო განაკვეთის, არამედ საქმის გარემოებების ყოველმხრივი შეფასების საფუძველზე.
21. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ შესასრულებელი ვალდებულების ოდენობის, დარღვევის ხასიათის (ვალდებულება ნაწილობრივაც არ არის შესრულებული) და პერიოდის გათვალისწინებით, მართებულად მიიჩნია სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა დარღვევის თანაზომიერად და გონივრულად.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
22. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება იმგვარად, რომ ძირითადი სესხი შემცირდეს 1700 აშშ დოლარით, ხოლო პირგასამტეხლო – 546 აშშ დოლარით შემდეგი საფუძვლებით:
23. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა მისი მოთხოვნა პირგასამტეხლოსა და ძირითადი თანხის შემცირების შესახებ. პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა მაღალია და არ შეესაბამება სასამართლო პრაქტიკით დადგენილ 0,05%-ს, ხოლო ძირითადი თანხიდან 1700 აშშ დოლარის გადახდა დასტურდება გადახდის ქვითრებითა და ხელწერილებით.
24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
25. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
26. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის 13 იანვარს მხარეებს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხისაგან ისესხა 10 000 აშშ დოლარი 3 თვის ვადით, 2016 წლის 13 აპრილამდე. სესხი იყო სარგებლიანი და ხელშეკრულების პირველი მუხლის შესაბამისად, სარგებელი შეადგენდა 3.37%-ს.
27. ხელშეკრულების მე-13 მუხლით ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის ხელშეკრულების დამრღვევი მხარისათვის განსაზღვრული იყო პირგასამტეხლო ძირითადი თანხის 0.12%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე.
28. ხელშეკრულების მე-5 მუხლით იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება და იპოთეკა დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.
29. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარემ სადავოდ გადახდა სააპელაციო სასამართლოს მიერ ძირითადი სესხის ოდენობის 1700 აშშ დოლარითა და პირგასამტეხლოს ოდენობის 546 აშშ დოლარით შემცირების მოთხოვნაზე უარის თქმა, რადგან გასაჩივრებული განჩინება პირგასამტეხლოს ნაწილში არ შეესაბამება სასამართლოს პრაქტიკას, ხოლო ძირითადი სესხის თანხის განსაზღვრისას არ იქნა გათვალისწინებული თანხის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
31. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
32. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.
33. კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია ძირითადი სესხის თანხის შემცირებაზე სააპელაციო პალატის მსჯელობის საწინააღმდეგოდ მაშინ, როდესაც გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება აღნიშნულ ნაწილში სრულიად შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილურ პრაქტიკას მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დადასტურების წესთან დაკავშირებით.
34. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილი ურთიერთობის დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას და იგი გაიცემა მოვალეზე.
35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების სადავოობის პირობებში კანონით უზრუნველყოფილია მოვალის შესაძლებლობა, ამტკიცოს ვალდებულების შესრულება. ამავდროულად, აღნიშნული იმაზე მეტყველებს, რომ ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთის მატარებელი მხოლოდ მოვალე შეიძლება იყოს (სუსგ 15.09.2014წ., საქმე №ას-517-490-2014).
36. ზემოთ მითითებული ნორმით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ფაქტის დასადგენად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას. ფულადი ვალდებულების თავისებურებიდან გამომდინარე, მისი შესრულება უნდა დასტურდებოდეს ისეთი სახის მტკიცებულებებით, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს თანხის გადახდის ფაქტზე, მაგალითად, ხელწერილით, თანხის გადარიცხვის დოკუმენტით და სხვა (სუსგ 15.11.2011წ., საქმე №ას-988-1021-2011).
37. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხელწერილები ვალდებულების შესრულების და, შესაბამისად, ვალდებულების ნაწილობრივ შეწყვეტის დამადასტურებელ მტკიცებულებად არ ჩათვალა, რადგან ისინი შედგენილია და დადასტურებულია თავად მოსარჩელის ხელმოწერით და არ ადასტურებს კრედიტორის მიერ შესრულების მიღებას. შესაბამისად, სსკ-ის 429-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულება მოსარჩელემ ვერ წარადგინა.
38. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
39. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
40. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
41. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
42. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
43. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.
44. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.
45. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).
46. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
47. განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ მოვალემ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ფულადი ვალდებულება სრულად არ შეასრულა და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა.
48. სააპელაციო პალატამ შეაფასა წარმოდგენილი საქმის გარემოებები, მხედველობაში მიიღო შესასრულებელი ვალდებულების ოდენობა, დარღვევის ხასიათი და პერიოდი, გაითვალისწინა, რომ მოვალემ ვალდებულების შესრულების ფაქტი კანონით დადგენილი წესით ვერ დაადასტურა და სწორად ჩათვალა, რომ სააღსრულებო ფურცლით პირგასამტეხლოს ოდენობა მართლზომიერად და ადეკვატურად განისაზღვრა.
49. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
50. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
51. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
52. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
53. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
54. სსსკ-ის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ბ. პ.-ის მიერ 2017 წლის 10 აგვისტოს №- საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ. ბ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ კ. ბ.-ეს (პირადი №..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ბ. პ.-ის მიერ 2017 წლის 10 აგვისტოს №.. საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი