3გ-ად-41-კს-03 2 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 22 აპრილის გადაწყვეტილებით ი. ს.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბორჯომის გამგეობის 1999წ. 18 ივნისის დადგენილება. ამავე გადაწყვეტილებით ბორჯომის გამგეობას ქ. ბორჯომში, ... მდებარე 28 კვ.მ. ფართის ინგა ს.-სათვის გადაცემა დაევალა.
2002წ. 20 ნოემბერს ბორჯომის ქონების მართვის სამმართველომ განცხადებით მიმართა საოლქო სასამართლოს და 2002წ. 22 აპრილის გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის განმარტება მოითხოვა, რომლითაც ბორჯომის გამგეობას ქ. ბორჯომში, ... მდებარე ფართი 28 კვ.მ. ოდენობით ი. ს.-სათვის გადაცემა დაევალა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 4 მარტის განჩინებით სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი განმარტა და მიუთითა, რომ ი. ს.-ს მიენიჭა უპირატესი უფლება სადავო ფართზე და აღნიშნა, რომ მას იგი იჯარის უფლებით უნდა გადასცემოდა.
2003წ. 28 მარტს მითითებული განჩინება ი. ს.-მ კერძო საჩივრით გაასაჩივრა და მოითხოვა ქალაქის გამგეობის ბალანსიდან შპს “ბ.-ის” ბალანსზე თვითნებურად გადაცემული სააფთიაქო მაღაზია დაბრუნებოდა ბორჯომის ქალაქის გამგეობას, რათა მას იჯარისა და შესყიდვის უფლებით ესარგებლა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 2 აპრილის განჩინებით სასამართლომ კერძო საჩივარი არ დააკმაყოფილა და საქმის მასალები საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადმოაგზავნა.
2003წ. 19 მაისს ი. ს.-მ განცხადებით მიმართა უზენაეს სასამართლოს და კერძო საჩივრის განუხილველად დატოვება მოითხოვა, რაც სასამართლოს 3 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა.
2003წ. 7 აპრილს თბილისის საოლქო სასამართლოში კერძო საჩივარი წარმოადგინა ბორჯომის ქონების მართვის სამმართველომ და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 4 მარტის განჩინების მე-2 ნაწილის ბათილად ცნობა მოითხოვა შემდეგი საფუძველით:
იგი პროცესზე საპატიო მიზეზების გამო ვერ გამოცხადდა, მიუხედავად ამისა, პროცესი მაინც ჩატარდა. განჩინების მე-2 ნაწილი არ შეესაბამება კანონმდებლობას. “ბ.-ს” და ქალაქის გამგეობას ამ ფართის გადაცემის საფუძველი არ გააჩნია. შპს “ბ.-ა” შედის რაიონის გამგეობის დაქვემდებარებაში სახელმწიფო ქონების მართვის 100%-ანი წილით. გაურკვეველია, რატომ დაადგინა სასამართლომ სადავო ფართის იჯარის ფორმით გადაცემა, როცა ფართის გადაცემის საფუძველი არ არსებობს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 8 აპრილის განჩინებით სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბორჯომის რაიონული სამმართველოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადაიგზავნა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულება, წარმოდგენილი კარძო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბორჯომის რაიონული სამმართველოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს 2003 4 მარტისა და 2003წ. 8 აპრილის განჩინებები შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული 2003წ. 4 მარტის სასამართლო სხდომის ოქმით დასტურდება, რომ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა: სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბორჯომის რაიონული სამმართველო, ქ. ბორჯომის გამგეობა და შპს “ა.-ი”, მაგრამ იქვე აღნიშნულია, რომ მათი გამოუცხადებლობის მიზეზი უცნობია. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ ის საპატიო მიზეზების გამო ვერ გამოცხადდა 2003წ. 4 მარტს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე და სასამართლოს არ ჰქონდა პროცესის ჩატარების უფლება საფუძველს მოკლებულია. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მეორე მოსაზრებას, რომ მოქმედი კანონმდებლობით არც შპს “ბ.-ს” და არც ქალაქის გამგეობას სადავო ფართის გადაცემის საფუძველი არ გააჩნია, იგი დაუსაბუთებულია, ვინაიდან თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 22 აპრილის გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით ქ. ბორჯომის გამგეობას დაევალა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1997წ. 19 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ქ. ბორჯომში, ... მდებარე ფართის 28 კვ.მ-ის ოდენობით ი. ს.-სათვის გადაცემა. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში კი მითითებულია შემდეგი: “სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ ავარიულ სახლში მცხოვრებ მოქალაქე ი. ს.-ს ხელოვნურად ჩაუკეტეს გზა ესარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით – იჯარით აეღო აღნიშნული არასაცხოვრებელი ნაგებობა”. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საოლქო სასამართლომ მართებულად განმარტა ამავე სასამართლოს 2002წ. 22 აპრილის გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბორჯომის რაიონული სამმართველოს კერძო საჩივარი დაუსაბუთებლად უნდა იქნეს მიჩნეული, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 4 მარტის და 8 აპრილის განჩინებები.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ბორჯომის რაიონული სამმართველოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 4 მარტის და 8 აპრილის განჩინებები.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.