საქმე № 010298817700041978
საქმე №ას-1286-1206-2017 20 ოქტომბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – გ. ს.-ი (შემდგომში – საარბიტრაჟო მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ქ.-ი“ (შემდგომში – საარბიტრაჟო მოსარჩელე, განმცხადებელი)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივლისის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
განმცხადებლის მოთხოვნა:
1. განმცხადებელმა სააპელაციო სასამართლოს მიმართა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების – ერთ-ერთი საარბიტრაჟო მოპასუხის უძრავი ქონების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის მოთხოვნით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივლისის განჩინებით განცხადება დაკმაყოფილდა, რაზეც საარბიტრაჟო მოპასუხემ შეიტანა საჩივარი.
3. სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით საჩივარი დაუსაბუთებლობის გამო განსახილველად გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
4. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 1971 მუხლით, 191-ე მუხლის პირველი ნაწილით და განმარტა, რომ საარბიტრაჟო მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას (სარჩელის წარდგენის პერიოდისათის) წარმოადგენს მოპასუხეების (მსესხებლისა და სოლიდარული თავდებები) მიმართ 8 701.58 აშშ დოლარის დაკისრება.
5. მსესხებლის მოპასუხემ ვალდებულებებზე სოლიდარული თავდებობა იკისრეს საჩივრის ავტორმა და სხვა მოპასუხეებმა, რომლებმაც 2016 წლის 13 აპრილს საარბიტრაჟო მოსარჩელესთან გააფორმეს 3 თავდებობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებების 3.1 პუნქტის თანახმად, თავდები იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს მსესხებელთან გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ხელშეკრულების პირველი მუხლის თანახმად, თავდებმა გამსესხებლის წინაშე იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა, რის საფუძველზეც გამსესხებელს უფლება ენიჭება, წაუყენოს თავდებს მოთხოვნა მსესხებლის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც. ამასთან, განმცხადებელი წარმოდგენილ განცხადებაში უთითებდა, რომ არსებითად გაუარესდა მსესხებლის ქონებრივი და ფინანსური მდგომარეობა, რაც ბადებდა საფუძვლიან ეჭვს, რომ ის ვეღარ შეძლებდა არსებული დავალიანების დაფარვას. აღნიშნულის გათვალისწინებით განმცხადებელმა იშუამდგომლა სსსკ-ის 191-ე მუხლის საფუძველზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გატარების თაობაზე, რადგან მიიჩნია, რომ არსებობდა აღნიშნული მუხლის დანაწესით გათვალისწინებული ყველა პირობა.
6. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას სასამართლო იყენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების შეფასების შედეგად გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას.
7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გატარების საკითხის გადაწყვეტისას არსებითი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორია სასარჩელო მოთხოვნის ხასიათი და შინაარსი. იმ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითება, რომლებიც ადასტურებენ ვარაუდს უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების აუცილებლობის შესახებ, ეკისრება განმცხადებელს; ამასთან, საკმარისია მარტოოდენ მითითება ასეთ გარემოებებზე და სავალდებულო არ არის მათი დადასტურება რაიმე მტკიცებულებებით. სასამართლოს დასარწმუნებლად საკმარისია მხოლოდ ალბათობის მაღალი ხარისხით იმ გარემოებების არსებობის ვარაუდი, რომელსაც ემყარება მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების აუცილებლობის შესახებ.
8. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე აკმაყოფილებდა სსსკ-ის 191-198-ე მუხლების მოთხოვნებს და, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ კანონშესაბამისად გამოიყენა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
9. რაც შეეხება წარმოადგენილ საჩივარს საჩივრის, მისი ავტორი ვერ უთითებს იმ გარემოებებზე, რის გამოც უნდა გაუქმდეს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება. საჩივრის ავტორის მხოლოდ ზოგადი მითითება გასაჩივრებული განჩინების დაუსაბუთებლობაზე და იმ გარემოებაზე, რომ მის სახელზე რიცხულ ქონებას არავითარი კავშირი არ გააჩნია დავის საგანთან, ვერ გახდება საჩივრის დაკმაყოფილებისათვის საკმარისი საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
11. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო პალატის მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების კანონიერება.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად იხელმძღვანელა „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით, რომლის თანახმად მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებში, მიუხედავად საარბიტრაჟო განხილვის ადგილისა, სასამართლოს აქვს იგივე უფლებამოსილებანი, რაც სამართალწარმოებაში სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით. სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით.
13. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.
14. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს (მათ შორის საარბიტრაჟო სარჩელის ავტორს), მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.
15. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.
16. ამდენად, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.
17. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს. აღნიშნული საკითხი მით უფრო აქტუალურია, როდესაც საუბარია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე.
18. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საარბიტრაჟო მოსარჩელემ, როგორც კრედიტორმა სარჩელი აღძრა საჩივრის ავტორისა და სხვა ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც წარმოადგენენ მსესხებელსა და სოლიდარულ თავდებებს და მოითხოვა 8701,58 აშშ დოლარის ანაზღაურება. საჩივრის ავტორი წარმოადგენს ერთ-ერთ სოლიდარულ თავდებს. ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ მსგავსი ტიპის დავის დროს მოსარჩელეს სჭირდება მყარი გარანტი იმისა, რომ მომავალში შეძლებს მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. აღნიშნული გარანტიის მიღების შესაძლებლობას ითვალისწინებს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაც.
19. ამდენად, საფუძვლიანია განმცხადებლის მოსაზრება, რომ სამომავლოდ მოსარჩელის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში თანხის ამოსაღებად მოპასუხეთა ქონებაზე აღსრულების მიქცევისაგან თავის არიდების მიზნით არსებობს რეალური საფრთხე, მოპასუხემ გაასხვისოს ან უფლებრივად (იპოთეკით) დატვირთოს უძრავი ქონება.
20. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად დააკმაყოფილდა საარბიტრაჟო მოსარჩელის განცხადება და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველზე საჩივრის ავტორს არ მიუთითებია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ს.-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ივლისისა და 2 ოქტომბრის განჩინებები დარჩეს უცვლელად.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე