საქმე №ას-582-541-2017 3 ნოემბერი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – სს „---ი" (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ნ. კ-ე, გ. გ-ე, მ. ც-ე (მოპასუხეები)
განმცხადებლის მოთხოვნა – საქმის წარმოების შეწყვეტა, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ---მ" სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. კ-ის, გ. გ-ის და მ. ც-ის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე.
2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 7 ოქტომბრის საოქმო განჩინებით დადგინდა შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ---ს" უფლებამონაცვლე - სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ---".
4. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ---ს" სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ნ. კ-ეს, გ. გ-ესა და მ. ც-ეს სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ---ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2014 წლის 4 ოქტომბრის N--- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 28077,91 აშშ დოლარის გადახდა (საიდანაც სესხის ძირი თანხაა 23070 აშშ დოლარი, სესხის პროცენტი 4315,31 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 652,50 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 40,10 აშშ დოლარი); სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ---ს“ წინაშე ნ. კ-ის დავალიანების დაფარვის მიზნით დადგინდა ვ. კ-ის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ ---) სარეალიზაციოდ მიქცევა; სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ---ს“ უარი ეთქვა მოპასუხისათვის გრაფიკით გათვალისწინებული მთლიანი თანხის და საკომისიოს 7774,06 აშშ დოლარის გადასახდელად დაკისრებაზე. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციით ამონაგები თანხა სრულად ვერ დაფარავდა ვალდებულებას, სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვას დავალიანების სრულად დასაკმაყოფილებლად მოვალის კუთვნილი სხვა ქონების რეალიზაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
5. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილებით სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ---ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნ. კ-ის, გ. გ-ის, მ. ც-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შეიცვალა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი მოპასუხისათვის სესხის პროცენტის დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხეებს ნ. კ-ეს, გ. გ-ესა და მ. ც-ეს სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ---ს“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის პროცენტის გადახდა გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 2019 წლის 20 სექტემბრისა; შეიცვალა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი მოვალის კუთვნილი სხვა ქონების რეალიზაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული გადაწყვეტილებით დადგინდა მოვალეთა სხვა ქონების აღსრულებაში მიქცევა იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციით ამონაგები თანხა სრულად ვერ დაფარავდა ვალდებულებას.
7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ნ. კ-ემ, გ. გ-ემ და მ. ც-ემ შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივნისის განჩინებით ნ. კ-ის, გ. გ-ის და მ. ც-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
9. 2017 წლის 1 ნოემბერს სს „---ის“ წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის განუხილველად დატოვება, ასევე ამ საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება. განმცხადებელმა განცხადებას დაურთო 2017 წლის 25 სექტემბრის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება, რომ ორგანიზაციას შეეცვალა საფირმო სახელწოდება და სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ---ს“ ნაცვლად ეწოდა სს „---ი“.
10. 2017 წლის 2 ნოემბერს სს „---ის“ წარმომადგენელმა დაზუსტებული განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქმის წარმოების შეწყვეტა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
11. საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ის საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ XLIX თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამავე თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
14. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმის განხილვისას დაუბრკოლებლად იხელმძღვანელოს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებისათვის გათვალისწინებული საქმის განხილვის მარეგულირებელი იმ საპროცესო ნორმებით, რომლებიც საკასაციო სამართალწარმოების სპეციალური ნორმებით განსხვავებულ რეგულაციას არ ექვემდებარება. თავის მხრივ, საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის რეგულაცია არ შემოიფარგლება მხოლოდ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვით და მასში მითითებული თითოეული საპროცესო მოქმედების განხორციელება მხარეს შეუძლია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე.
15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ამასთან, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
16. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ უარი განაცხადა სარჩელზე, პალატა მიიჩნევს, რომ სს „---ის“ სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს რომ ასევე საფუძვლიანია განმცხადებლის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ.
18. მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 17 აგვისტოს განჩინებით შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ---ს“ წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე ნ. კ-ეს (პ/ნ ---) აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებების - ქალაქ ბორჯომში, ---ის ქ. №---ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთის შენობა-ნაგებობებთან ერთად (დაზუსტებული ფართობი: 1400.00 კვ.მ., საკადასტრო კოდი: ---) და უძრავი ქონების მდებარე, ქალაქი თბილისი, დიღმის მასივი, კვარტალი V, კორპუსი ---, ბინა №--- (საკადასტრო კოდი: ---) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
19. ვინაიდან შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ---მ“ სარჩელზე თქვა უარი და წარმოდგენილ დავაზე წარმოება დასრულდა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზნებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს განმცხადებლის მოსაზრებას, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი, კერძოდ: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მხარეს, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, თუ იქმნება ვარაუდი, რომ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება შემდგომში გაძნელდება ან შეუძლებელი გახდება. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება საჭიროა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და მის აღსრულებამდე.
20. აღნიშნულ მსჯელობას ამყარებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის დანაწესი, რომლის თანახმად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.
21. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „---ის“ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და ნ. კ-ის (პ/ნ ---) საკუთრებაში არსებულ ქალაქ ბორჯომში, ---ის ქ. №---ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთს შენობა-ნაგებობებთან ერთად (დაზუსტებული ფართობი: 1400.00 კვ.მ., საკადასტრო კოდი: ---), უძრავ ქონებას მდებარე, ქალაქი თბილისი, დიღმის მასივი, კვარტალი V, კორპუსი ---, ბინა №--- (საკადასტრო კოდი: ----) უნდა მოეხსნას შეზღუდვა.
22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილს თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე ნორმის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
23. კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ვინაიდან ნ. კ-ის, გ. გ-ისა და მ. ც-ის საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვამდე მოწინააღმდეგე მხარემ (მოსარჩელემ) სარჩელზე თქვა უარი, კასატორებს სრულად უნდა დაუბრუნდეთ მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 300 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 273-ე, 1991-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „---ის" შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. შეწყდეს წარმოება სამოქალაქო საქმეზე - სს „---ის“ სარჩელის გამო ნ. კ-ის, გ. გ-ისა და მ. ც-ის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ;
3. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ სს „---ის“ სარჩელის გამო ნ. კ-ის, გ. გ-ისა და მ. ც-ის მიმართ მიღებული ყველა გადაწყვეტილება;
4. სს „---ის“ შუამდგომლობა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე დაკმაყოფილდეს;
5. გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 17 აგვისტოს განჩინებით მიღებული უზრუნველყოფის ღონისძიება - ქალაქ ბორჯომში, ---ის ქ. №---ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთს შენობა-ნაგებობებთან ერთად (დაზუსტებული ფართობი: 1400.00 კვ.მ., საკადასტრო კოდი: ----); უძრავ ქონებას მდებარე, ქალაქი თბილისი, დიღმის მასივი, კვარტალი V, კორპუსი ---, ბინა №--- (საკადასტრო კოდი: ---) მოეხსნას შეზღუდვა;
6. კასატორებს ნ. კ-ეს (პ/ნ: ---), გ. გ-ეს (პ/ნ: ---) და მ. ც-ეს (პ/ნ: ---) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ შ. კ-ის (პ/ნ: ----) მიერ 2017 წლის 9 ივნისს N0 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 (სამასი) ლარი;
7. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია;
8. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე