Facebook Twitter

საქმე №ას-1228-1148-2017 3 ნოემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შ. კ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ნ. ბ-ე, თ. ღ–ი, მ. ლ-ე, რ. ბ-ე, ნ. ღ–ი, გ. შ–ი, გ. ჩ-ე, ნ. ღ–ი, ლ. გ–ი (მოსარჩელეები)

თავდაპირველი მოპასუხეები - ც. გ–ი, ბ. უ–ი, გ. უ–ი, თ. უ–ი, ნ. ქ-ი, გ. გ–ი, ე. ჯ-ე, ა. ქ-ი, პ. ო-ე, მ. ლ-ე, თ. ჯ

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 ივლისის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – კრების ოქმების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ნ. ბ-ემ, თ. ღ–მა, მ. ლ-ემ, რ. ბ-ემ, ნ. ღ–მა, გ. შ–მა, გ. ჩ-ემ, ნ. ღ–მა და ლ. გ-მა სარჩელი აღძრეს ც. გ–ის, ბ. უ–ის, გ. უ–ის, თ. უ–ის, ნ. ქ-ის, გ. გ–ის, ე. ჯ-ის, ა. ქ-ის, პ. ო-ის, მ. ლ-ის, თ. ჯ-სა და იბა „---“-ის თავმჯდომარის შ. კ-ის მიმართ კრების ოქმების ბათილად ცნობის თაობაზე.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ-. უ–მა, გ. უ–მა, ბ. უ–მა, ე. ჯ-ემ, ნ. ქ-მა, თ. ჯ-მ, მ. ლ-ემ და შ. კ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 ივლისის საოქმო განჩინებით ბ. უ–ის, გ. უ–ისა და ე. ჯ-ის სააპელაციო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო; ამავე საოქმო განჩინებით თ. უ–ის, თ. ჯ-სა და მ. ლ-ის მიმართ მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. უ-ის, თ. ჯ-სა და მ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 ივლისის განჩინებით შ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შ. კ-ემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით შ. კ-ეს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრი და 300 (სამასი) ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შ. კ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით შ. კ-ეს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრი და 300 (სამასი) ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა კასატორის წარმომადგენელს ი. ბ-ს და ჩაბარდა 2017 წლის 18 ოქტომბერს (იხ. ტ. 4, ს.ფ. 324).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული 5 დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს 2017 წლის 19 ოქტომბერს და ამოიწურა 2017 წლის 23 ოქტომბერს.

ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის ბოლო დღეს, 2017 წლის 23 ოქტომბერს, კასატორმა დადგენილი ხარვეზი ნაწილობრივ შეავსო და უზენაეს სასამართლოში ფოსტის მეშვეობით გამოაგზავნა სახელმწიფო ბაჟის, 300 (სამასი) ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (იხ. ტ. 4, ს.ფ. 325-327), თუმცა მას არ წარმოუდგენია დასაბუთებული საკასაციო საჩივარი და არც ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება მოუთხოვია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის მიხედვით სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით. კანონის მითითებული დანაწესი მოქმედებს საკასაციო საჩივარზეც, რადგან ამავე კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კასატორმა საკასაციო სასამართლოს განჩინებით დადგენილი ხარვეზი სრულად არ გამოასწორა და არც საპროცესო ვადის გაგრძელება მოუთხოვია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, არსებობს საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისთვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან შ. კ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, კასატორს სრულად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი 300 (სამასი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე, 396-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შ. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 ივლისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

2. შ. კ-ეს (პ/ნ: ---) დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 23 ოქტომბერს N0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 (სამასი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნ. ბაქაქური