Facebook Twitter

საქმე№ას-1268-1188-2017 3 ნოემბერი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ზ. ტ-ე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ე–ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 8 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება, ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტა, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ლ. ე–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. ტ-ის მიმართ საზიარო უფლების გაუქმებისა და ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების თაობაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, ამასთან შეგებებული სარჩელი აღძრა ლ. ე–ის მიმართ და მოითხოვა მასსა და მოსარჩელეს შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად აღიარება.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ტ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 8 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ზ. ტ-ემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით ზ. ტ-ეს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრი, ასევე სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარისა და 214 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ზ. ტ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით ზ. ტ-ეს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრი, ასევე სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარისა და 214 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა და 2017 წლის 23 ოქტომბერს პირადად ჩაბარდა კასატორს (იხ. ტ. 2, ს.ფ. 232).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული 5 დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს, 2017 წლის 24 ოქტომბერს და ამოიწურა 2017 წლის 28 ოქტომბერს, ხოლო ვინაიდან 28 ოქტომბერი იყო შაბათი, არასამუშაო დღე, კასატორს ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადა ამოეწურა მომდევნო სამუშაო დღეს, 2017 წლის 30 ოქტომბერს.

ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის ბოლო დღეს, 2017 წლის 30 ოქტომბერს, კასატორმა დადგენილი ხარვეზი ნაწილობრივ შეავსო და უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი (იხ. ტ. 2, ს.ფ. 233-239), თუმცა მას არ წარმოუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და არც ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება მოუთხოვია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის მიხედვით სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით. კანონის მითითებული დანაწესი მოქმედებს საკასაციო საჩივარზეც, რადგან ამავე კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კასატორმა საკასაციო სასამართლოს განჩინებით დადგენილი ხარვეზი სრულად არ გამოასწორა და არც საპროცესო ვადის გაგრძელება მოუთხოვია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, არსებობს საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე, 396-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ზ. ტ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 8 ივნისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნ. ბაქაქური