საქმე №ა-3767-შ-103-2017 3 ნოემბერი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – რ. ა.
მოწინააღმდეგე მხარე – ჰ. ნ. ა.
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ლემგოს საოლქო სასამართლოს 2006 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ლემგოს საოლქო სასამართლოს 2006 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით გაუქმდა საქართველოს მოქალაქე რ. ა-სა და გერმანიის მოქალაქე ჰ. ნ. ა-ს შორის შიდერ-შვალენბერგის მმაჩის ბიუროს მიერ 1997 წლის 27 მარტს რეგისტრირებული ქორწინება, რეგისტრაციის ნომრით ---.
2. რ. ა-ის წარმომადგენელმა ს. ქ-ამ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა ლემგოს საოლქო სასამართლოს 2006 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. ლემგოს საოლქო სასამართლოს 2006 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2006 წლის 18 მარტიდან. ამასთან, მხარეები სათანადოდ იყვნენ ინფორმირებულნი საქმის განხილვის თაობაზე.
4. ლემგოს საოლქო სასამართლოს 2006 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებიდან და ნოტარიულად დამოწმებული რწმუნებულებიდან ირკვევა, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით რ. ა-ის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ლემგოს საოლქო სასამართლოს 2006 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
6. ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა 2017 წლის 12 ოქტომბერს და ჩაბარდა 2017 წლის 16 ოქტომბერს. განჩინებით მოწინააღმდეგე მხარეს განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში ჰქონდა აღნიშნულ შუამდგომლობაზე თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ასევე მას შეეძლო მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე. თუმცა, მას განჩინებით განსაზღვრულ ვადაში აღნიშნულ შუამდგომლობაზე აზრი არ გამოუთქვამს, ასევე, არ მოუთხოვია საქმის ზეპირი განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საკასაციო სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რ. ა-ის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ლემგოს საოლქო სასამართლოს 2006 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ლემგოს საოლქო სასამართლოს 2006 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით გაუქმდა საქართველოს მოქალაქე რ. ა-სა და გერმანიის მოქალაქე ჰ. ნ. ა-ს შორის შიდერ-შვალენბერგის მმაჩის ბიუროს მიერ 1997 წლის 27 მარტს რეგისტრირებული ქორწინება, რეგისტრაციის ნომრით ---. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2006 წლის 18 მარტიდან. ლემგოს საოლქო სასამართლოს 2006 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებიდან და ნოტარიულად დამოწმებული რწმუნებულებიდან ირკვევა, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.
10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ლემგოს საოლქო სასამართლოს 2006 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მიხედვით, განქორწინების საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. ა-ს შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ლემგოს საოლქო სასამართლოს 2006 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ლემგოს საოლქო სასამართლოს 2006 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა საქართველოს მოქალაქე რ. ა-სა და გერმანიის მოქალაქე ჰ. ნ. ა-ს შორის შიდერ-შვალენბერგის მმაჩის ბიუროს მიერ 1997 წლის 27 მარტს რეგისტრირებული ქორწინება, რეგისტრაციის ნომრით ---;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე